2018 წლის 26 აპრილს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო-იტალიის ურთიერთობები“
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ელჩს მობრძანებისთვის და მცირედი საჩუქრები გადასცა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სახელით.
იტალიის ელჩს საქართველოში მიესალმა სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს კანცლერი, პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი.
პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ იტალიის ელჩს გააცნო იმ თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ამყარებს რომის „ლა საპიენსას“ და „ლინქ-ქამფუს“ უნივერსიტეტებთან და მოიწვია აღნიშნული უნივერსიტეტებისა და სტუ-ს მიერ ერთობლივად დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც 15-18 მაისს გაიმართება.
იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლმა ჩაატარა ლექცია საქართველო-იტალიის ურთიერთობების შესახებ, ისაუბრა იტალიის სამართლებრივი კულტურის თაობაზე და სტუდენტებს გააცნო იტალიის საელჩოს მიერ დაწესებული სტიპენდიები, რომლის მოპოვებაც შეუძლიათ, როგორც მაგისტრებს ასევე, დოქტორანტებს.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ იტალიის ელჩს გააცნო ფაკულტეტის ახალი ხედვა ინჟინერ-იურისტის სასწავლო პროგრამის დამკვიდრების შესახებ.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ნათია ლაცაბიძემ და დოქტორანტმა ნათია სულავამ, ასევე, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს იტალიის ელჩს საქართველოში და საინტერესო და ამომწურავი პასუხები მიიღეს ანტონიო ენრიკო ბარტოლისგან.