დასრულებული პროექტის „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“ ანგარიში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე ხორციელდებოდა პროექტი „ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“,რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი მაია ყიფიანი, პროექტის წევრები იყვნენ: პროფესორები ირაკლი გაბისონია და ციალა გლოველი, ტექნიკური უზრუნველყოფა კი: მარინა ჩხარტიშვილი და დავით სამარღანიშვილი.

პროექტის ხელმძღვანელის შეფასებით პროექტის ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური მეცნიერული კვლევა, საჭირო მასალის მოძიება-გადამუშავება, დამხმარე სახელმძღვანელოს ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ შექმნა და გამოცემა. აგრეთვე, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის ,,მსოფლიო და გენდერის“ ჩატარება, რომელშიც 72 მეცნიერ-მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.  გამოიცა კონფერენციის შრომების კრებული, რომელშიც დაიბეჭდა 45 სამეცნიერო სტატია. სამეცნიერო მუშაობის გარდა, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა სხვა ღონისძიებებიც: სტუდენტური ვორქშოფები თემაზე-,,გენდერი და მსოფლიო“ და ,,დისკრიმინაცია“, სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები; საიას წარმომადგენელმა სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე ,,ფემიციდი“;  ბაკურიანში გაიმართა ზამთრის სკოლა ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და XXI-ე საუკუნის გამოწვევები“.

პროექტის ამოცანა მდგომარეობდა საქართველოს მაგალითზე ოჯახის ინსტიტუტის ტრანსფორმაციის შესწავლაში, სამოქალაქო განათლების ამაღლების მიზნით, ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად შესაბამისი ცოდნის მიწოდება-განმტკიცებაში. პროექტი კი მიზნად ისახავდა ისტორიის ჭრილში ოჯახური ძალადობის საკითხების შესწავლას, თანამედროვე ეპოქაში აღნიშნული პრობლემის რეალური სურათის წარმოჩენას.  სტუ-ს სტუდენტთა შორის მოქალაქის როლისა და ადამიანის უფლებების გაცნობიერებას.

აღნიშნული ამოცანებისა და მიზნების შესასრულებლად პროექტის მონაწილე პირებმა  მოიძიეს ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, მოახდინეს  კლასიფიცირება, შესწავლა, დამუშავება, დახარისხება და სახელმძღვანელოს სახით გამოცემა.

პროექტის დასასრულს გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“,  2018 წლის 13 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გაფართოებულ საბჭოს სხდომაზე განიხილეს.  პროფესორებმა  ხმათა უმრავლესობით მოიწონეს წარმოდგენილი ნაშრომი, დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა და ავტორებს უსურვეს შემდგომი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული მიმართულებით.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა შაყულაშვილმა გამოცემულ წიგნს მისცა რეკომენდაცია სასწავლო პროგრამაში გამოიყენებოდეს როგორც  დამხმარე სახელმძღვანელო.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply