🏅2018 წლის 28 დეკემბერს 12:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში იუსტიციის სამინისტროს კრიმინოლოგიური კვლევების ცენტრის წამყვანი ექსპერტი, ევროპის კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრი თემურ გუგუშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „კრიმინოლოგიის განვითარების ისტორიის მიმოხილვა“
Author Archives: gabela23
ზამთრის სკოლა 2018
2018 წლის 22-25 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით პირველკურსელთათვის დაბა ბაკურიანში გაიმართა ზამთრის სკოლა თემაზე: ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები“.
22 დეკემბერს პროფესორებმა ქეთევან ჯინჭარაძემ, მაია ყიფიანმა, ციალა გლოველმა და ნანა ნიორაძემ გახსნეს ზამთრის სკოლა და სტუდენტებს გააცნეს დღის წესრიგი.
პროფესორმა მაია ყიფიანმა ჩაატარა ლექცია თემაზე: დისკრიმინაცია, პროფესორმა ქეთევან ჯინჭარაძემ სკოლის მსმენელებს ჩაუტარა ლექცია თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მიხედვით“, სტუდენტებმა მოისმინეს პროფესორ ციალა გლოველის მოხსენება შრომით დისკრიმინაციასა და 21-ე საუკუნის გამოწვევაზე, ხოლო ნანა ნიორაძემ გააცნო სტუდენტებს ბავშვთა დისკრიმინაციის პრობლემატიკა საქართველოში.
საინტერესო ლექციების შემდგომ სკოლის მსმენელები გადანაწილდნენ ჯგუფებში, რომლებსაც ჰყავდათ მენტორები მეოთხე კურსის სტუდენტები: ანა ტაკაშვილი და ნათია ჩილაჩავა. ორივე ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაციები კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით.
ზამთრის სკოლა დაიხურა 25 დეკემბერს. პროფესორებმა შეაჯამეს სტუდენტთა აქტივობები და სკოლის მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პროფესორ გიორგი ცერცვაძის საჯარო ლექცია
2018 წლის 25 დეკემბერს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით იურიდიული ფირმის “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” J&T Consulting მმართველმა პარტნიორმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ცერცვაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმა“
საჯარო ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, პროფესორმა ისაუბრა მედიაციის წარმოშობაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში, მიმოიხილა მედიაციის არსი და თანამედროვე გამოწვევები. აქტიურად უპასუხა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს მედიიაციის საკანონმდებლო რეგულაციებზე. პროფესორმა გიორგი ცერცვაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ მედიატორს და ხაზი გაუსვა მედიაციის პროცესის დადებით და უარყოფით ასპექტებს.
საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა გიორგი ცერცვაძესა ასეთი მაღალი კლასის ლექციის ჩატარებისთვის და გამოხატა დიდი სურვილი სამომავლო თანამშრომლობის.
სტუდენტების ვიზიტი მართლმსაჯულების მუზეუმში
2018 წლის 24 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ქ-ნ მზია თოდუას შეხვდნენ. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. შეხვედრაზე სტუდენტებმა ქ-ნ მზია თოდუას დაუსვევს მათთვის საინტერესო კითხვები. ამავე დღეს სტუდენტებმა მართლმსაჯულების სასახლე დაათვალიერეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლისგან მოისმინეს ისტორიული ფაქტების შესახებ. სტუდენტებმა მუზეუმში ის ნივთები და ატრიბუტები ნახეს, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული. „მართლმსაჯულების მუზეუმი“ ორი დარბაზისგან შედგება: საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში. სტუდენტების აღფრთოვანება გამოიწვია მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულმა ისტორიულმა „N1 დარბაზ“-მა , სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებში მარიამ ჯიქიამ გაიმარჯვა
2018 წლის 24 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები გაიმართა.
არჩევნებში გაიმარჯვა პროფესორმა, მარიამ ჯიქიამ, რომელიც გამოირჩევა მაღალი დონის პროფესიონალიზმით, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის გერმანულს, ინგლისურს, იტალიურს, პორტუგალიურს, რუსულს; სხვადასხვა პერიოდში იყო მოწვეული მკვლევარი რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია), მაქს-პლანკის ინსტიტუტში (გერმანია), ბასკეთის უნივერსიტეტში (ესპანეთი), სალერნოსა და ლუისის უნივერსიტეტში (იტალია),სადაც პერიოდულად უძღვებოდა სხვადასხვა სალექციო კურსს და სამეცნიერო პროექტს. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო; არის 8 სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე (5 საერთაშორისო), 11 სამეცნიერო გრანტის მფლობელი (6 საერთაშორისო; 5 ადგილობრივი), მიღებული აქვს 16 საერთაშორისო სტიპენდია (11 სასწავლო და 5 სამეცნიერო).
ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ საბჭოს წევრებს წარუდგინა წლიური ანგარიში, ფაკულტეტზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგებზე. დეკანმა მიმოიხილა პრაქტიკული-სამეცნიერო კვლევითი პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ფარგლებში ჩატარებული პირველი სასამართლო პროცესი, მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს, პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს პირველი წარმატებული პროცესისთვის და მომავალი ინგლისურენოვანი პროცესებისათვის მენტორების შერჩევაზე გაამახვილა ყურადღება.
პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ ასევე შეაჯამა სამეცნიერო პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ შედეგები და საბჭოს წევრებს გადასცა საგამოძიებო სამართლის წიგნი მეორე, რომელიც სწორედ პროექტის ფარგლებში გამოიცა.
საბჭომ დაამტკიცა პროფესორ-მასწავლებლების მიერ წარდგენილი ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სამართალზე, რომელშიც ჩაერთვებიან უცხოეული პროფესორები.
ფაკულტეტის საბჭომ მოისმინა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილე კანდიდატის სამოქმედო გეგმა.
საბჭომ ასევე იმსჯელა სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ
21 დეკემბერს 16:00 საათზე 904 ბ აუდიტორიაში ჩატარდება ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
დღის წესრიგი
- სასწავლო ინდივიდუალურ გრაფიკზე გადასვლის სურვილის მქონე სტუდენტთა განცხადებების განხილვა(მომხს: ს.ფიფია დ. გიორგობიანი);
- დეკანის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ(ი.გაბისონია);
- დამხმარე პერსონალზე პრემიის გაცემის საკითხის განხილვა(ი.გაბისონია);
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატის სამოქმედო პროგრამის მოსმენა (მ.ჯიქია);
- სამეცნიერო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენა;(ი.გაბისონია)
- საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (ი.გაბისონია)
- მიმდინარე საკითხები;
საგამოძიებო სამართლის წიგნი მეორე გამოიცა
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “საგამოძიებო სამართლის” ფარგლებში საგამოძიებო სამართლის წიგნი მეორე გამოიცა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“
2018 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“, რომლის ორგანიზატორები არიან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სტუ-ს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“🇬🇪️🇨🇳️.
🇬🇪️🇨🇳️კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა და ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ გახსნეს.
სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე პროფ. ვუ ხონ ვეი და სტუ-ის ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ავთანდილ კიკნაძე, ჩინეთიდან სკაიპჩართვით კონფერენციას მიმართა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ.
საერთაშორისო კონფერენცია – “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ ორი დღის მანძილზე მუშაობდა. მისი თემატიკა მოიცავდა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ისტორიული და ეკონომიკური ასპექტები, თანამედროვე პროცესები ჩინეთის საზოგადოებაში, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები – პრობლემები და პერსპექტივები.🇬🇪🇨🇳