რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი საგაზაფხულო სკოლა თემაზე: “International Relations, Governance and Society Spring School”

2018 წლის 15-18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი Sapienza University of Rome რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს ერთობლივ საგაზაფხულო სკოლას თემაზე: International Relations, Governance and Society Spring School.
საგაზაფხულო სკოლას წარუძღვებიან რომის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები Andera Carteny, Gabriel Natalizia, Romina Gurashi, Neno Gabelia.

სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 20 აპრილიდან 3 მაისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc_FVudqBugzZw1Ge0Lbc_-JLIl-sfXBi-8eIrDl4f-qerkSw/viewform  და law@gtu.ge და neno.gabelia@uniroma1.it (ორივე მეილზე) გამოაგზავნონ cv.

სავალდებულოა Subject-ში მიუთითოთ საგაზაფხულო სკოლა
სამუშაო ენა: ინგლისური

სავალდებულო მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა
სკოლის მსმენელებს გადაეცემათ რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორენოვანი სერტიფიკატი
საგაზაფხულო სკოლაში სტუდენტთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წერილობითი დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების წესით, უპირატესობა მიენიჭებათ მაღალი საფეხურის სტუდენტებს.

 ირაკლი თაბორიძის საჯარო ლექცია

2018 წლის 19 აპრილს  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის დოქტორანტმა  ირაკლი თაბორიძემ  საჯარო ლექციათა კურსის სახელმწიფო და სამართლის სწავლების” ფარგლებში ჩაატარა პირველი საჯარო ლექცია თემაზე: „რომაული სახელმწიფო და სამართლებრივი აზროვნება“

ფაკულტეტზე აღნიშნული საჯარო ლექციათა კურსი უკვე თვეზე მეტია ხორციელდება და  სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრნონ მოწვეული პროფესორების ლექცია-სემინარებს სახელმწიფოსა და სამართლის  სწავლებისა და სეკულარიზაციისა  თეორიების შესახებ.

დოქტორანტმა ირაკლი თაბორიძემ ისაუბრა რომაელი მეცნიერებისა და პოლიტიკოსების მოღვაწეობის შესახებ  და მიმოხილა ციცერონის სწავლება სახელმწიფოს მმართველობის ოპტიმალური ფორმისა და სამართლის კუთხით, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები მოწვეულ სტუმარს, რაზედაც ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს.

 

სტაჟირება კომპანია “მოგო”-ში

კომპანია „მოგო“, აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ვადაგადაცილებული სესხების მართვის დეპარტამენტის იურიდიულ განყოფილებაში , თბილისში.
„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს
ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს
ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში,
ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,
იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/
სტაჟირების პერიოდი – 3 თვე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-4 კურსის სტუდენტებს;
 კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
 ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
 გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
 თქვენზე მორგებულ/მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
 პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
 ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ 2018 წლის 25 აპრილამდე
მისამართზე – Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია,
რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებებს

დისკუსია თემაზე „არა ძალადობას“

2018 წლის  19 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის გაიმართა დისკუსია თემაზე: „არა ძალადობას“.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა საზოგადოების მოვალეობის მნიშვნელობას ძალადობის წინააღმდეგ და სთხოვა სტუდენტებს წარმოადგინონ საკუთარი შეხედულებები აღნიშნული პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა მიმოიხილა მიმდინარე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული ასპექტები, ისაუბრა განათლების დონის ამაღლების საკითხზე და რეალობასთან მიმართებაში გარკვეული რეკომენდაციები გააცნო სტუდენტებს.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დამსწრე სტუდენტების უმეტესობამ დააფიქსირა მოსაზრებები მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით და წამოაყენეს რეკომენდაციები ძალადობის პრევენციის კუთხით.

მსჯელობის შედეგად  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით დაიგეგმა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც დეკლარაციის სახით მოამზადებს სარეკომენდაციო წინადადებებს ძალადობის აღმოფხვრის თვალსაზრისით. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ასევე ჩამოყალიბდნენ  აღნიშნულ თემაზე სტუდენტური ვორქშოფის ჩატარების შესახებ.

დისკუსია თემაზე “არა ძალადობას”

2018 წლის 19 აპრილს 13 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია თემაზე ,,არა ძალადობას“. ღონისძიება ხორციელდება ფაკულტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში.

დასწრება თავისუფალია

სტუდენტური მრგვალი მაგიდა თემაზე: „მსოფლიო კონსტიტუციები“

2018 წლის 17 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებმა გამართეს მრგვალი მაგიდა თემაზე: „მსოფლიო კონსტიტუციები“.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარმატებები უსურვა პირველკურსელებს. როგორც დეკანმა აღნიშნა: „აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ტარდება ფაკულტეტზე არსებულ საჯარო სამართლის ლაბორატორიაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუცია არის დაცული“.

პირველკურსელებმა სანდრო გოძიაშვილმა და ამილ გუსეინოვმა დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ ენაზე გააცნეს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის კონსტიტუციების შესახებ. მომხსენებლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ასევე, ლიტვის, პოლონეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები. ისაუბრეს ისტორიაზე და მიმოიხილეს ამჟამინდელი კონსტიტუციური მოდელები. ზემოაღნიშნული ქვეყნების კონსტიტუციების ირგვლივ გაიმართა  დისკუსია მომხსენებლებსა და დამსწრე სტუდენტებს შორის. პირველკურსელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ასისტენტი სოფო დემეტრაშვილი.

ღონისძიება შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მოუწოდა სტუდენტებს მსგავსი აქტიურობისკენ.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ შედეგების შეჯამება

2018 წლის 13 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გაფართოებული საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია. როგორც მან აღნიშნა  „ფაკულტეტზე აქტუალურ საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, ამ დროისთვის დასრულდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის,  ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“, პროექტის ხელმძღვანელი იყო პროფესორი მაია ყიფიანი, პროექტის წევრები: პროფესორები ირაკლი გაბისონია და ციალა გლოველი, ტექნიკური უზრუნველყოფა: მარინა ჩხარტიშვილი და დავით სამარღანიშვილი. პროექტი ხორციელდებოდა ერთი წლის მანძილზე 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე. ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ პროექტის ხელმძღვანელს პროფესორ მაია ყიფიანს  პროექტის ანგარიშის წარსადგენად გადასცა სიტყვა.

პროფესორმა მაია ყიფიანმა წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია, მან  აღნიშნა, რომ  „ოჯახში ძალადობის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი  აქტუალური საკითხია და საჭიროებს მიზეზების საფუძვლების შესწავლას“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური მეცნიერული კვლევა, საჭირო მასალის მოძიება-გადამუშავება, დამხმარე სახელმძღვანელოს ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ შექმნა და გამოცემა. აგრეთვე, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის ,,მსოფლიო და გენდერის“ ჩატარება, რომელშიც 72 მეცნიერ-მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.  გამოიცა კონფერენციის შრომების კრებული, რომელშიც დაიბეჭდა 45 სამეცნიერო სტატია. სამეცნიერო მუშაობის გარდა, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა სხვა ღონისძიებებიც: სტუდენტური ვორქშოფები თემაზე-,,გენდერი და მსოფლიო“ და ,,დისკრიმინაცია“, სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები; საიას წარმომადგენელმა სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე ,,ფემიციდი“;  ბაკურიანში გაიმართა ზამთრის სკოლა ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და XXI-ე საუკუნის გამოწვევები“.

სხდომაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დამხმარე სახელმძღვანელოს ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ განხილვამ: გაიმართა მწვავე დისკუსია ნაშრომთან დაკავშირებით.  პროფესორებმა  ხმათა უმრავლესობით მოიწონეს წარმოდგენილი ნაშრომი, დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა და ავტორებს უსურვეს შემდგომი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული მიმართულებით.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა შაყულაშვილმა გამოცემულ წიგნს მისცა რეკომენდაცია სასწავლო პროგრამაში გამოიყენებოდეს როგორც  დამხმარე სახელმძღვანელო.

 

პირველი სტუდენტური კონფერენცია „საჯარო სამართლის აქტუალური საკითხები“

2018 წლის 14 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა პირველი  სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „საჯარო სამართლის აქტუალური საკითხები“.

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანი ირაკლი გაბისონია, რომელმაც წარმატებები უსურვა მომხსენებლებს და მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეობისათვის.

კოფნერენციის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნა 65 ნაშრომი, რომელთაგანაც 2 საფეხურიანი შერჩევის შემდგომ შეირჩა 16 ნაშრომი. 14 აპრილს კი აღნიშნული ნაშრომები წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციებსი სახით.     სტუდენტთა ნაშრომები შეეხებოდა საერთაშორისო, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებს. მათ შორის, განათლების სამართალს, საპოლიციო სამართალს, გამოხატვის უფლებას, საარჩევნო კვოტებს და გენდერული თანასწორობას, ევროსასამართლოსადმი მიმართვის სტანდარტებს, რუსეთ-საქართველოს ომს  და სხვა თემებს.

შესაბამისმა საკონფერენციო კომისიამ შეაფასა სტუდენტთა ნაშრომები და გამოვლინდა ხუთი საუკეთესო თემის ავტორი, მათ შორის იყვნენ: სტუ-ს, თსუ-ს და იბსუს სტუდენტები: ბორენა ყურაშვილი, ონისე ადამია,  გივი კაკუშაძე და ლიკა კრიჟაშვილი,  ირაკლი ბუთურიშვილი და ნანა შამათავა,  ნუგზარ გრიგალაშვილი და მარიამ კუტალაძე.

კონფერენცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, მადლობა გადაუხადა კომისიას მუშაობისთვის და მომხსენებლებს ასეთი საინტერესო თემის წარმოდგენისთვის.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიამ ჯიქიამ კონფერენციის მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები და კონფერენციის ნაშრომთა კრებული, რომელიც დაიბეჭდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით.

 

 

 

 

 

პროფესორ მაია ყიფიანისა და ასოცირებული პროფესორის ემილია ალავერდოვას ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით პროფესორი მაია ყიფიანი და ასოცირებული პროფესორი ემილია ალავერდოვი 2018 წლის 29 მარტიდან 7 აპრილამდე იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან ფრანცისკოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს  სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში  გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ფემინიზმი, განათლება, პოლიტიკა“.  აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა ფაკულტეტზე  არსებული  სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში. პროფესორებმა კონფერენციაზე წარადგინეს  ორი  მოხსენება ,,გენდერული ასპექტი ქართულ პოლიტიკაში“ და ,,გენდერული თანასწორობის საკითხი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში“. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე პოსტაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის პროფესორები იყვნენ წარმოდგენილნი, მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია, პრეზენტატორებს დაუსვეს შეკითხვები და პროფესორებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ხაზგასასმელია, რომ კონფერენციის კოორდინატორმა პროფესორმა პოლიტიკის მეცნიერებებში ელისაბედ ჯეი ფრიდმანმა, ნება დართო  პროფესორებს მათთვის საინტერესო სამეცნიერო სტატიები თარგმნონ ქართულ ენაზე და გამოსცენ.

პროფესორი მაია ყიფიანი და ასოცირებული პროფესორი ემილია ალავერდოვი  აშშ-იში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე, იმყოფებოდნენ ქალაქ ნიუ იორკში გაერთიანებული ერების ცენტრალურ ოფისში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ,,ქალების ჩართულობა სოფლის მეურნეობაში“.

ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევითი პროექტის ,,გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“, სრულყოფილად შესრულებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო უახლესი კვლევების შედეგებისა და სამეცნიერო ნაშრომების შესწავლა-გადამუშავება, რომლის საშუალება პროფესორებს კონფერენციაში მონაწილეობის საფუძველზე მიეცათ.

სამართლის  სკოლის  კურსდამთავრებულთა კლუბის  პრეზენტაცია

2018 წლის 21 აპრილს 14:00 საათზე  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი  კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გაიზიარა საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება და დეკანის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი, ვინაიდან, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს  კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, მათი დასაქმების ხელშეწყობა და ახალგაზრდა მეცნიერებთან სამეცნიერო თანამშრომლობა.

კურსდამთავრებულთა კლუბის დამფუძნებლები პრეზენტაციაზე იწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის,  პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.