2018 წლის 3 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს მობრძანებისათვის. სტუ-ს რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე და ხაზი გაუსვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის შედეგებს და იმ ტენდენციებს, რომელსაც ანვითარებს ფაკულტეტი ახალი დარგების ჩამოყალიბების კუთხით, როგორიცაა: საინჟინრო სამართალი, საგამოძიებო სამართალი, ტრანსპორტის სამართალი და სხვ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს კანცლერი, პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, ფაკულტეტის მენეჯერი ანა ფუტკარაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხებზე. ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საქმიანობაზე, კერძოდ, საზედამხედველო ფუნქციაზე და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაზე. ვიცე-სპიკერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტს შორის სამეცნიერო თვალსაზრისით თანამშრომლობის აუცილებლობას, მისი თქმით „პარლამენტი ძლიერდება, როდესაც უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობს, ვინაიდან, ყველა კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს უნდა ეფუძნებოდეს ძლიერ კვლევით საქმიანობას და სწორედ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა და ფუნდამენტური კვლევა განაპირობებს აღნიშნულს“. თამარ ჩუგოშვილმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს: გენდერულ კვოტირებაზე, საარჩევნო სისტემაზე, პარლამენტის წევრთა ოდენობაზე, საპენსიო სისტემის შემოღებაზე და სხვ.
თამარ ჩუგოშვილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ საჩუქრად გადასცა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები.