სტუ-სა და სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი გაფორმდა ერთის მხრივ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის ლევან კლიმიაშვილის და მეორეს მხრივ სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძის მიერ.

მემორანდუმის გაფორმების შედეგად სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიყოველდღიურ საქმიანობაში. კერძოდ, სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კურსს და სტაჟირებას.  მიიღებენ მონაწილეობას თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ  სხვადასხვა სახის ღონისძიებებში და სხვა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი და  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სტუდენტებს უზრუნველყოფს უახლესი საერთაშორისო სამეცნიერო და იურიდიული ლიტერატურით.

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ს თანამშრომლობისათვის, აღნიშნა, რომ იგი მეორედ იმყოფება ტექნიკურ უნივერსიტეტში და აღფრთოვანებულია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტთა  აქტიურობით. გამოთქვა იმედი, რომ მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროპასთან.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მოხარულია რომ გაფორმდა მემორანდუმი. ვინაიდან,  მსგავსი თანამშრომლობა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს ანიჭებს დამატებით შესაძლებლობებს აიმაღლონ  უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, მიიღონ პრაქტიკულო გამოცდილება და განივითარონ დამატებითი შესაძლებლობები.

 

მემორანდუმის გაფორმება სტუ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის

 

2017  წლის 29 დეკემბერს 12:00 საათზე  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერა სტუ-ს რექტორმა აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა და  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ  გრიგორ გიორგაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდა სტუ-ს სპიკერი პროფესორ ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, სამინისტროდან მოწვეული სტუმრები და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებთან ერთად.

თავდაპირველად, სტუ-ს რექტორმა აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა მიულოცა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი და გამოთქვა იმედი უკეთესი მომავლის, შემდგომ სიტყვა გადასცა  სტუმარს.

მინისტრის მოადგილემ გრიგორ გიორგაძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს და მიულოცა ყველას ახალი წელი. სტუდენტებს ესაუბრა სამინისტროს საქმიანობის შესახებ, მოისმინა შეკითხვები და ამომწურავად უპასუხა თითოეულ მათგანს.

ღონისძიების დასასრულს ხელმწომწერმა პირებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, მიულოცეს ერთმანეთს და გამოთქვეს იმედი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის.

 

 

 

 

ზამთრის სკოლის დახურვა  

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით  2017 წლის 24-27 დეკემბერს გაიმართა ზამთრის სკოლა თემაზე: „ადამიანის ძირითადი უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები“.  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლა განხორციელდა სტუ-ს გენდერული ცენტრისა და  ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ახალგაზრდა იურისტთა კლუბის ინიციტივით. რაც ფაკულტეტის ადმინისტრაციისგან კერძოდ კი ფაკულტეტის დეკანის,  პროფესორ ირკლი გაბისონიას მხრიდან სრულად იყო მოწონებული და მხარდაჭერილი.

მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სკოლის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივი იყო, კერძოდ რამდენიმე პროფესორმა ჩაატარა ლექცია მსმენელებისთვის, მათ შორის, პროფესორებმა ქეთევან ჯინჭარაძემ, მაია ყიფიანმა, ციალა გლოველმა და ლელა წიკლაურმა. ასევე, ზამთრის სკოლის ფორმატში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში და სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები განსახილველ საკითხებთან მიმართებაში.

ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონიალს უძღვებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც ზამთრის სკოლის მსმენელებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სერტიფიკატები, მადლობა გადაუხადა ინიციტივისა და აქტიურობისთვის და სთხოვა რომ სამომავალოდაც გამოჩინონ სურვილი.

ზამთრის სკოლის ფორმატში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

 

2017 წლის 24-27 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის ფარგლებში მესამე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა,  ზამთრის სკოლის მსმენელების მიერ დაკომპლექტდა მოსარჩელე და მოპასუხე მხარეთა გუნდები. მათ  ლექტორის მიერ  გადაეცათ  კაზუსი, რომელიც მხარეებმა მცირე დროის მიუხედავად შეისწავლეს, წარმოადგინეს სარჩელი და გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.

მხარეებმა საკმაოდ დაძაბული პოლემიკისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი,  სამმა მოსამართლემ კი თავის მხრივ დაწერა გადაწყვეტილება და მხარეებს წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამართლის სპეციალობის სტუდენტები ასევე საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალობის სტუდენტები. აღნიშნული ფორმატი  ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა ვინაიდან, მსგავსი სახით გუნდების ჩამოყალიბებამ მეტი შესაძლებლობა მისცა ზამთრის სკოლის მსმენელებს.

პროფესორ ჯემალ გახოკიძის მისალოცი წერილი პატრიარქს

სტუ-ს სენატის სპიკერმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ ჯემალ გახოკიძემ  უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის შესრულებასთან დაკავშირებით  მისალოცი წერილი ინტერნეტ-სივრცეში გამოაქვეყნა სახელწოდებით „ერის სულიერი წინამძღოლი“, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ჩვენი ფაკულტეტი სრულიად იზიარებს ამ სიხარულს და უერთდება მილოცვებს.

„ერის სულიერი წინამძღოლი

ხუთი წლის იყო ჩემი შვილიშვილი ლუკა, როცა ჟურნალ ,,თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე ვინ არის პატრიარქი, განუცხადა _ ,,პატრიარქი ღმერთმა გამოუგზავნა ქართველებსო”. სრული ჭეშმარიტებაა.

1999 წელს რუის-ურბნისობის დღესასწაულზე შევხვდით პატრიარქს მე და ჩემი მეუღლე ციცინო. მოგვეფერა და ბრძანა: თქვენი ტკივილი განუზომელიაო. მეუღლემ ცრემლმორეულმა თქვა: მე ვინა ვარ, თვით დედა ღვთისმშობელს . . ., პარტიარქმა დუმილის შემდეგ ბრძანა: ასეთი რამ ჩემთვის არც ერთ შვილგარდაცვლილ დედას არ უთქვამსო. ჩვენ იქიდან დამშვიდებული წამოვედით. რამდენი ტკივილიანი, მგლოვიარე ადამიანებისთვის მიუცია პატრიარქს ნუგეში და იმედი მომავლისა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი ოჯახიც.

2003 წელს მე და ჩემი მეგობრები ლადო ჭანტურია, ზურაბ აბაშიძე და თემურ გამცემლიძე სტუმრად ვიყავით ქ. მოსკოვში რუსეთის პატრიარქთან ალექსი II-სთან. იგი ავადმყოფობდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც გვიმასპინძლა. საუბრისას ილია II-ის შესახებ ბრძანა: `ის არა მარტო სწავლაში იყო პირველი (მათ ერთად უსწავლიათ), არამედ დღესაც ჩვენ შორის პირველიაო”. ალექსი II-ის ამ სიტყვებმა უდიდესი სიამაყის გრძნობა მოგვანიჭა ყველას.

ჩემი თაობა და მომდევნო თაობები, მიუხედავად განვლილი უმძიმესი, ურთულესი და, შეიძლება ითქვას, ტრაგიზმით აღსავსე პერიოდისა, მაინც ბედნიერია და ამ ბედნიერების შემოქმედი სწორედ საქართველოს პატრიარქია. ჩვენ ვცხოვრობთ ილია II-ის ეპოქაში და მისი ღვაწლის შესაფასებლად არც მემატიანე და არც მეისტორიე გვჭირდება.

ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ხილულია.

თქვენო უწმინდესობავ!
როცა დადგა ჟამი დანგრეული, ხშირ შემთხვევაში, მიწასთან გასწორებული, გაფანტული ეკლესია-მონასტრების თავმოყრის, აღდგენის, აღორძინებისა და ახლის აშენების,
თქვენ ითავეთ ეს საქმე;

თქვენ აუგეთ ქართველ ხალხს წმიდა სამების საკათედრო
ტაძარი _ ქართული მართლმადიდებლობის მარადიულობის, სიძლიერისა და სიამაყის სიმბოლო.

თქვენმა გადაწყვეტილებამ ყოველი ოჯახის მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის შესახებ, ათასობით ოჯახს უბიძგა გამრავლებისაკენ. ამ მოწოდების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასი მრავალშვილიანი ოჯახი შეემატა;

თქვენ აჩუქეთ ხალხს ოცდამეერთე საუკუნის ქართული საოცრება იმედის ხატი _ უბრწყინვალესი ხატქმნილება სამების ტაძართან ერთად;

მალე კიდევ ერთი სასწაულის მომსწრენი გავხდებით, როცა აიგება მახათას მთაზე წმიდა სავანეში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.

მე მომიწია სახელმწიფო უშიშროების მინისტრად მუშაობა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და თანხმობის (ფართო გაგებით) ყველაზე დიდი დარაჯი ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია და მისი მწყემსმთავარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანდება.

ბრძნულია და ფასდაუდებელი უწმინდესის მიერ გადადგმული ნაბიჯები განდგომილი რეგიონების: აფხაზეთის და ოსეთის მოსაქცევად.

ქრისტიანობა ჩვენთვის არა მარტო სარწმუნოებაა, არამედ ჩვენი მამული, ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია.

სრულიად საქართველოსთან ერთად ჩემი ოჯახი ზეიმობს თქვენს ბერად აღკვეცის, პატრიარქად აღსაყდრების და დაბადების საზეიმო დღეებს.

გისურვებთ! კიდევ მრავალი წელი ისმოდეს თქვენი ლოცვები საქართველოს გაბრწყინებისათვის.

უწმინდესო და უნეტარესო!

ილია ჭავჭავაძე ერის მამაა, თქვენ ერის სულიერი წინამძღოლი ბრძანდებით. თქვენ ლოცავთ მთელ საქართველოს. მთელი საქართველო გლოცავთ თქვენ.

P.შ. ერთ-ერთი ტრაპეზის დროს მომეცა საშუალება ჩვენი პატრიარქისათვის მომეთხრო რუსეთის პეტრიარქის ალექსი II-ის შეფასება მისი პიროვნებისა და სასულიერო აკადემიაში მისი განსაკუთრებული წარმატებების შესახებ. ტრაპეზს ესწრებოდა რამდენიმე სასულიერო პირი და ბატონი ლაშა ჟვანია. შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს პატრიარქი არ მისმენდა. თუმცა, როდესაც დავასრულე ამბავი, მომიტრიალდა პატრიარქი და ღიმილით მითხრა: ,,ალბათ, ალექსი II, როდესაც ჩემს სწავლის ამბავს შეეხო აკადემიაში, გულისხმობდა ბოლოდან პირველ ადგილს“.

უდიდესი მოკრძალებით
ციცინო და ჯემალ გახოკიძეები

 

  ზამთრის სკოლის მეორე დღე

2017 წლის 25 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის მეორე სამუშაო დღე  გაიმართა. თავდაპირველად ზამთრის სკოლის მონაწილეებმა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით აირჩიეს სამი მოსამართლე, რისთვისაც დასჭირდათ არჩევნების ორი ტურის ჩატარება, საბოლოოდ, კი ზამთრის სკოლის მსმენებელმა იმიტირებული სასამართლოს პროცესისთვის აირჩიეს  სტუდენტები : ბაჩო კვირკველია, თორნიკე კაპანაძე და  მაკა ბენაშვილი, რომლებიც მოირგებენ მოსამართლის როლს.

მეორე სესიაზე ზამთრის სკოლის მსმენელებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძემ თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართალი“.

თავდაპირველად, პროფესორმა გააკეთა ზოგადი მიმოხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი პრაქტიკის შესახებ, ისაუბრა  ხელისუფლების დანაწილების თეორიაზე და მის რეალურ შინაარსზე, ხელისუფლების დანაწილების კუთხით ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის მმართველობის ზოგად მახასიათებლებზე, სახელმწიფოებრივი ფუნქციის როლზე და ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ დილემებზე.

ზოგადი მიმოხილვის შემდგომ პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძემ წარმოადგინა ძირითადი თემა, რომელიც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი და მნიშვნელობა, გადაწყვეტილებათა აღსრულების მექანიზმის მახასიათებლები,  განცხადებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, მოსამართლე არჩევის ასპექტები, ტერიტორიული იურისდიქცია  და სხვა. განმარტა სუბსიდიურობის პრინციპი და აბსტრაქტული კონტროლის  აკრძალვა.

ზამთრის სკოლის გახსნითი ღონისძიება ბაკურიანში გაიმართა

 

2017 წლის 24 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის  გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ზამთრის სკოლა თემაზე: „ადამიანის ძირითადი უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები“ იმართება  24-27 დეკემბერს ბაკურიანში.  ზამთრის სკოლა სრულიად დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან.

ღონისძიების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა სტუ-ს გენდერული კვლევითი ცენტრი და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდა იურისტთა კლუბი.

ზამთრის სკოლაში 38 სტუდენტი და 5 პროფესორი იღებს მონაწილეობას, რომლებიც სტუდენტებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან ასპექტებზე ჩაუტარებენ ლექციებს, ასევე სტუდენტები გამართავენ პრეზენტაციას მათთვის საინტერესო თემატიკაზე, დასკვნით დღეს კი გაიმართება იმიტირებული პროცესი ადამიანის უფლებათა  დაცვის სამართალში, სადაც ზამთრის სკოლის მონაწილეები მოირგებენ როგორც მოსარჩელისა და მოპასუხის როლს, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა მანტიებს.  მნიშვნელოვანია რომ ზამთრის სკოლის დღის წესრიგი მოიცავს მრავალფეროვან შესაძლებლობას სტუდენტმა გაიფართოვოს თვალსაწიერი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ახალგაზრდა მეცნიერის სალომე ფიფიას სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში

2017 წლის 1-15 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მოწვევით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი სალომე ფიფია იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ქ. ბრიუსელში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კვლევა ევროკავშირის საბჭოს ბიბლიოთეკასა და კვლევით ცენტრში. კვლევის პროცესში დამუშავებული იქნა ისეთი უნიკალური მასალა (წიგნები, სტატიები, ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტაცია, ანგარიშები და ა.შ), რაც არ არის ხელმისაწვდომი სხვა ბიბლიოთეკებსა თუ ინტერნეტ-სივრცეში. კვლევის შედეგად შექმნილი ანალიტიკური სტატია წარმოადენს სალომე ფიფიას სადისერტაციო  ნაშრომის ერთ-ერთ ღირებულ ნაწილს. ასევე, მნიშვნელოვანია რომ  ამ სტატიის ელექტრონული ვერსია  განთავსდა ევროკავშირის საბჭოს ბიბლიოთეკის რესურს-სივრცეში და ხელმისაწვდომი იქნება სხვა მკვლევარებისთვისაც.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობით და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც დაფინანსდა ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სამეცნიერო კვლევის დაფინანსებას და მათ მხარდაჭერას.