დოქტორანტი დიმიტრი საბულუა

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტს დიმიტრი საბულუას.

  1. მოგესალმებით დიმიტრი, გაეცანით ჩვენს მკითხველს.

 

პასუხი:    მოგესალმებით და მივესალმები თქვენს ერთობ საჭირო და დროულ რუბრიკას. საჭიროს, რადგან როგორც მეპურემ უნდა დააგემოვნოს მის მიერ გამომცხვარი პური და დარწმუნდეს მის ოსტატობაში, ასევე პედაგოგმაც უნდა გაიცნოს და შეიცნოს მისი სტუდენტი, რომლის აზროვნებაც, გარკვეულწილად მისი შრომის პროდუქტია. მე გახლავართ, დიმიტრი საბულუა, 32 წლის, განათლებით იურისტი, მყავს მეუღლე და 7 წლის სოფიო საბულუა. მიყვარს პოეზია, მუსიკა, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და თამადობა. ასევე მაინტერესებს ფსიქოლოგია, ისტორია და აზროვნების დიალექტიკური მეთოდი.

 

  1. მოგვიყევით თქვენი ცხოვრებისეული მოვლენები? სად სწავლობდით

 

პასუხი:   მე 1985 წლის 7 იანვარს დავიბადე აფხაზეთის ავტ. რესპუბლიკის ქ. გალში,    მაგრამ ცნობილი ძმათა ომის გამო იქ გაზრდა აღარ დამცალდა და 1993 წლიდან ვცხოვრობ ქ. თბილისში.

2006 წელს დავამთავრე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით), მაგისტრის ხარისხით.    ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს.    

 

  1. კარიერული წინსვლის შესახებ რას გვეტყვით?

 

პასუხი:   2006-2008 წწ ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში“ იურისტ-კონსულტად, სადაც იურიდიულ დახმარებას ვუწევდით ძირითადად დევნილ მოსახლეობას.  2007 წელს მივიღე ადვოკატის სერტიფიკატი სისიხლის სამართლის სპეციალიზაციით. შემდგომ პერიოდში ვეწეოდი თვითგანათლებასა და მცირე სამეწარმეო საქმიანობას.

 

  1. რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით სტუ-ს დოქტორანტი?

პასუხი:   თვითგანათლების პროცესში, დამებადა სურვილი ჩემი ცოდნა და ინტერესები   ფართო სამეცნიერო წრისთვის გამეზიარებინა. ამ პერიოდისთვის სტუ-ს ჰქონდა  გამოცხადებული სადოქტორო პროგრამაზე მიღება. მივედი, ჩავაბარე გამოცდები,              გავიარე გასაუბრება და დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ თითქმის   საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის დოქტორანტი გახლავართ. ამასთან გულწრფელად გეტყვით, რომ აქაურ პროფესორ-მასწავლებლებზე, მათ  მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე ბევრი რამ მქონდა გაგებული.ზოგიერთ მათგანს პირადადაც ვიცნობდი

მინდა გითხრათ, რომ სწავლის დაწყებისთანავე ამ ყველაფერში 100%-ით დავრწმუნდი. აქ დამხვდა უაღრესად თბილი და მეგობრული გარემო, სადაც სტუდენტის აზრს პატივს სცემენ და ანგარიშს უწევენ, მიისწრაფიან რა სიახლისა და პროგრესისკენ. ამის დასტურია, თუნდაც ამ რუბრიკის არსებობა. ყოველივე ამისთვის  მინდა გულითადი მადლობა ვუთხრა ჩემი ფაკულტეტის პროფესორებს: ბ-ნ ირაკლი გაბისონიას,  ბ-ნ ჯემალ გაბელიას, ბ-ნ იგორ კვესელავას, ბ-ნ ზურაბ კვენეტაძეს.ქ-ნ ლია მეტრეველს (უმშვენიერესს ქალბატონს), ქ-ნ სალომე ხიზანიშვილს, ქ-ნ მაია ამირგულაშვილს და სხვებს ვისთანაც მქონდა და მექნება ურთიერთობა ამ ადამიანების ენთუზიაზმი და საქმისადმი სიყვარული ყოველთვის მეტი იყო, ვიდრე მათი დაფასება.

  1. რაში მდგომარეობს თქვენი სადოქტორო თემა?

 

პასუხი:   ჩემი სადოქტორო თემა ეხება ისეთ აქტუალ თემას, როგორიცაა კანაფის მცენა რე და მისი ლეგალიზაციის დადებითი და უაროფითი მხარეები. საქმე ის გახლავთ, რომ დღეს ფართო  საზოგადოების მიერ ეს მცენარე და მისი მოხმარება  დემონიზირებულია და მისი მომხმარებელი მაშინათვე ნარკომანად ცხადდება.არადა, თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დიდი ხანია ასე არ   თვლიან და გონივრული რეგულაციებით გაცილებით, ვიმეორებ გაცილებით  მეტ სარგებელს იღებენ ვიდრე ზიანს.

თემაში განხილულია ამ მცენარის მრავალსაუკუნოვანი (ჯერ კიდევ ჩ.წ. აღ-მდე 3000 წელი) ისტორია, მისი უებარი სამედიცინო პოტენციალი ( 33 და მეტი სახის დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა) და სამრეწველო პოტენციალი (დაწყებული ნაყინიდან, ფორმულა 1-ის საწვავით დამთავრებული) პოტენციალი.

აღწერილია რა ვითარებაა საკანონმდებლო კუთხით ამ საკითხში მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში და რა რეალობა გვაქვს და რას უნდა ველოდოთ საქართველოში.  დამეთანხმებით, განსახილველი თემა ძალზედ საინტერესო და რაც მთავარია  ინფორმაციუილი ხასიათის მქონეა, რდგან დღევანდელმა საზოგაფდოებამ ძალზედ ცოტა რამ იცის ამ მცენარის სარგებლის შესახებ, რასაც სამწუხაროდ არაერთი ადამიანის ბედი და ჯანმრთელობა ემსხვერპლა სრულიად უსამართლოდ. უცოდინრობა კი ყოველგვარი ბოროტების თავი და თავია.

6. თემა ნამდვილად აქტუალურია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღები იქნება თქვენი მოსაზრებები და რამდენად დაუჭერენ მას მხარს?

 

პასუხი:   სავსებით ბუნებრივი კითხვაა და პასუხიც ძალზედ მარტივია. ევროკავშირისკენ  სწრაფვისთვის და არამარტო ამიტომ, ამ საკითხებზე  საუბარი უკვე დაწყებულია

ფართო საზოგადოებაში და უფრო და უფრო მეტი ადამიანი თვლის, რომ ამ მცენარის მოხმარება კრიმინალი არ არის. ამასთან ჩემი მიზანი არაა. ვინმეს მხარდაჭერის მოპოვება მე უბრალოდ ვამბობ და ვცდილობ მეცნიერულად დავასაბუთო, რომ ამ მცენარეს ზიანზე მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია და რომ ამ მცენარის გამო ადამიანის დასჯა უფრო მავნებელია, ვიდრე თვითონ ეს მცენარე.

 

  1. რაში მდგომარეობს ფაკულტეტის უარყოფითი მხარე?

 

პასუხი:   ფაკულტეტის უაროფით მხარეზე საუბრისას გამოვყოფდი, ძირითადად ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს, ლექციების ცხრილის ორგანიზებას, სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული ნორმების შესახებ დოქტორანტების არასაკმარის ინფორმირებულობას, პროგრამაში მიმდინარე პროცესების და და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და სხვა.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფაკულტეტზე აღნიშნული პროგრამა  ჩამოყალიბების პროცესშია და მსგავსი ხარვეზები სრულებითაც არაა გასაკვირი  და იმედია ისინი უმოკლეს ვადაში იქნება აღმოფხვრილი.

 

  1. თქვენი გეგმებიც გაგვიმხილეთ?

პასუხი:   რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, ამ ეტაპისათვის მე ცალსახდ მაქვს გადაწყვე    ტილი, ჩემი მომავალი სამეცნიერო მოღვაწეობა დავუკავშირო სტუ-ს და ჩემი            მოკრძალებული წვლილი შევიტანო მის განვითარებასა და წინსვლაში.

ჩვენი პროფესორ-ასისტენტის წარმატება

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და აკადემიური პერსონალი ულოცავს ჩვენს პროფესორ-ასისტენს ქეთევან ცინცაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დაკავებას.

ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ  ქეთევან ცინცაძე 2005-2009 წლებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით (გრანტით) სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;ასევე, 2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

აღსანიშნავია, რომ მას  2017 წლის სექტემბრიდან – ღია კონკურსის საფუძველზე 4 წლის ვადით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე უკავია პროფესორ-ასისტენტის აკადემიური თანამდებობა

 

 

პროფესორ ნესტან კირთაძის საჯარო ლექცია

2017 წლის 22 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაუკითხა ისტორიის დოქტორმა, მოწვეულმა პროფესორმა,  ყოფილი საქართველოს პარლამენტის წევრმა ნესტან კირთაძემ.

საჯარო ლექცია გახსნა და სტუმარი წარუდგინა სტუდენტებს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონია, მან მიულოცა სტუდენტებს ქალბატონი ნესტან კირთაძის საჯარო ლექციაზე დასწრების შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ფაკულტეტი კვლავ აქტიურად გააგრძელებს სტუდენტების მოთხოვნისამებრ მათთვის სასურველი პროფესორების მოწვევას. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი იგორ კვესელავა.

სტუმარმა აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა თემა: საქართველოს დამოუკიდებლობა და საერთაშორისო ურთიერთობები“. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ როგორც სამართლის ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები. მცირე დროის მიუხედავად პროფესორმა დააინტერესა სტუდენტები, მათი ყურადღებაა გაამახვილა ძალზედ მნიშვნელოვან ფაქტებზე, უამბო მათ ის, რასაც სახელმძღვანელოებში ვერ ამოიკითხავენ. საქართველოს ისტორიის ცოცხალი მაგალითების მოსმენამ კი სტუდენტებში უაღრესად დადებითი ემოციები გამოიწვია.

შეხვედრა ემოციურად და საინტერესოდ წარიმართა, სტუდენტები აქტიურად უსვამდნენ შეკითხვებს და შეხვედრის დასასრულს მადლობა გადაუხადეს პროფესორ ნესტან კირთაძეს ასეთი შთამბეჭდავი საჯარო ლექციის ჩატარებისთვის და გამოთქვეს იმედი, რომ მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ მას.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია და აკადემიური პერსონალი მადლობას უხდის პროფესორ ნესტან კირთაძეს უაღრესად საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისთვის.

 

სამართლის კლინიკის ორგანიზებით იმიტირებულ პროცესში მონაწილეებთან პირველი შეხვედრა ჩატარდა

21 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით ჩატარდა პირველი შეხვედრა სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

კურსის ფარგლებში ჩატარდება 10 შეხვედრა, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან სასამართლოში იურისტის გამოსვლის ტექნიკას, სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევებს, ხოლო დასასრულს  მონაწილე სტუდენტების მონაწილეობით 2017 წლის დეკემბერში გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროექტში მონაწილეობას იღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გასაუბრებით შერჩეული სტუდენტები. მოსამზადებელი კურსის სალექციო ნაწილს გაუძღვება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე.

 

 

სამშვიდობო განათლების ცენტრი შეიქმნა.

2017 წლის 20 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივით განიხილეს საკითხი ფაკულტეტზე „სამშვიდობო განათლების ცენტრი“-ს შექმნის შესახებ.

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე შეიქმნას ახალი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმოქმედებს თვითდაფინანსების პრინციპით.

ცენტრის მიზნებია: საქართველოში სამშვიდობო განათლების ხელშეწყობა, სამშვიდობო სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და საზოგადოებაში სამშვიდობო ფასეულობათა დანერგვა, ამ მიზნების მისაღწევად საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამშვიდობო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის შექმნა, სამშიდობო აქტივიზმის პოპულარიზაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისება და ხელშეწყობა, სამშვიდობო განათლების სასწავლო პროგრამების შემუშავება, სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა, მოძიება და სხვა.

ფაკულტეტზე არჩევნების კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა.

2017 წლის 20 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივით  განიხილეს საკითხი ფაკულტეტზე „არჩევნების კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრი“-ს  შექმნის შესახებ.

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე შეიქმნას ახალი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ არჩევნების განვითარებისათვის  დაკვეთილი კვლევების დაფინანსებით მიღებული ფულადი სახსრებით.

ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: არჩევნებთან დაკავშირებულ საკიხებზე სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე მუშაობა, საკანონმდებლო ხარვეზების კვლევა, მათი აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების და საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება და სხვა.

პირველკურსელი თამთა მაისურაძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ თამთა მაისურაძეს,  რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის პირველ კურსზე.

  1. გთხოვთ, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.

პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი. მე ვარ თამთა მაისურაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენდი, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მიმართულებით.

  1. გვიამბეთ სკოლის წლების შესახებ

2005 წელს დავიწყე ჩემი სასკოლო მოღვაწეობა. პირველივე დღიდან ენთუზიაზმით და დიდი მოლოდინებით ჩავერთე სასწავლო პროცესში. უნდა ავღნიშნო, რომ N149 სკოლა ჩემთვის იყო არა მხოლოდ განათლების მიღების დაწესებულება, არამედ პიროვნული ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი საწყისი.  მოსწავლეობის პერიოდი დატვირთული იყო არა ერთი აქტივობით, რადგან სკოლაში თეორიული სწავლების გარდა დიდ ყურადღებას უთმობდნენ სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ ღონისძიებებს, რომლებშიც, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყავი ჩართული და საკმაო დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა. არაერთხელ მივიღე მონაწილეობა ისეთ ინტელექტუალურ თამაშში, როგორიცაა „რა? სად? როდის?“, აგრეთვე აქტიურად ვეუფლებოდი სადებატო ხელოვნებას და არა მხოლოდ ჩემი სკოლის ინიციატივით გამართულ დებატებში ვიღებდი მონაწილეობას, არამედ სკოლათა შორის შეჯიბრებებშიც.

  1. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

პირველ რიგში ვიტყვი იმას,  რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე. საერთოდ ვთვლი, რომ ყველა ადამიანს თავის მოწოდება აქვს, ჩემი მოწოდება კი იყო ვყოფილიყავი სამართლის სტუდენტი, მომავალი იურისტი და სამართალდამცავი, რის ახდენაშიც მეხმარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩემი მეგობრებისგან საკმაოდ ხშირად მესმოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის შესახებ, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და იძლეოდა სამართლის განხრით განათლების და განვითარების საკმაოდ კარგ საშუალებას. ასევე გაგონილი მქონდა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის შესახებ, რამაც სიმართლე გითხრათ ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვარ დღეს სტუ-ს სტუდენტი ესეც არის.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. პროფესიონალებით სავსე გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან ცოდნით, კვალიფიკაციით და სტუდენტებთან მიდგომით. მათ ნამდვილად იციან როგორ დააინტერესონ და სწავლის სურვილი გაუჩინონ სტუდენტს.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

გამომდინარე იქიდან, რომ სულ  2 (ორი) თვეა მქვია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი უარყოფითი მხარის დანახვა ალბათ თქვენც დამეთანხმებით ცოტა რთულია, მაგრამ მაინც შევცვლიდი სასწავლო ცხრილებს. ვისურვებდი ლექციებს და სემინარებს შორის არსებული ფანჯრები არ არსებობდეს.

  1. მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩავირიცხე სტუ-ში და გავხდი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დიდი ოჯახის წევრი, ბევრი მსმენია  იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს, ეს იქნება სამეცნიერო კონფერენციები, გაცვლითი თუ სასტაჟიორო პროგრამები, საზაფხულო სკოლები, ვორქშოფები და კიდევ უამრავი რამ. მე პირადად უკვე მივიღე მონაწილეობა ფაკულტეტის მიერ მოწყობილ სტუდენტურ ვორქშოფში „მსოფლიო და გენდერი“, ასე ვთქვათ ჩემი დებიუტი იყო და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

არ დამავიწყდება ჩემი პირველი შთაბეჭდილება ბატონ ირაკლისთან პირველი შეხვედრისას. უშუალო, კომუნიკაბელური, მეგობრული და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული. ვამაყობ, რომ მყავს ისეთი დეკანი, როგორიც ბატონი ირაკლია.

  1. დაბოლოს, რა ურჩევ შენს კურსელებს?

მეც პირველკურსელი ვარ, აქედან გამომდინარე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ შეგეშინდეთ პირველივე შესაძლებლობისთანავე თქვენი თავის გამოვლენის. არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ იმაზე რომ პირველკურსელობა არის ბარიერი და არ შეგიძლიათ აკეთოთ ის რაც სხვებს შეუძლიათ. ვეტყვი იმას, რომ არ გამოტოვონ არც ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მათ ნამდვილად ანიჭებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. იყავით მოტივირებულები, მიზანმიმართულები და იფიქრეთ იმაზე, რომ არ არსებობს ბარიერები, რომლის გადალახვაც შეუძლებელია.

 

დაიწყო სტატიების მიღება სამეცნიერო ჟურნალში “სახელმწიფო და სამართალი”.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა დაარსა სამეცნიერო ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“ .

მზადდება ჟურნალის პირველი ნომერი, გთხოვთ მოგვაწოდოთ სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე, მოცულობით არაუმეტეს 18 ნაბეჭდი გვერდი A4; შრიფტი აკადნუსხური -12, ინტერვალი – 2. ნაშრომს უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

სტატიები გთხოვთ მიაწოდოთ 914 ოთახში ქალბატონ სალომე ღურწკაიას.

ჟურნალის ელექტორნული ფოსტის მისამართია: stateandlaw1@gmail.com

 

ფაკულტეტზე სამეცნიერო ჟურნალი “სახელმწიფო და სამართალი” დაფუძნდა.  

2017  წლის  20  ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განიხილეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო  რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული  ჟურნალის „სახელმწიფო და სამართალი“-ს  დაფუძნება.

აღნიშნულთან  დაკავშირებით  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ წარუდგინა საბჭოს წევრებს დებულება და ჟურნალის დაარსების მიზნებზე გაამახვილა ყურადღება. გააცნო  ჟურნალის რედაქტორისა და რედკოლეგიის წევრების შესახებ ინფორმაცია.

ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“-ს  მთავარ რედაქტორს წარმოადგენს პროფესორი იოსებ ბაჩიაშვილი და  პასუხისმგებელი მდივანი პროფესორი ქეთევან ჯინჭარაძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები იქნებიან პროფესორები: ირაკლი გაბისონია, ჯემალ გაბელია, ჯემალ გახოკიძე, ქეთევან ქოქრაშვილი, ალექსანდრე ტალიაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი, თეოდორე ნინიძე, ზაზა რუხაძე, ალფრედ კურატაშვილი და  უცხოელი პროფესორები: ვალტერ იეშკე (გერმანია), ელიკო წიკლაური-ლამიხი, ელენე გრაჩოვა, მიხეილ მოკეტლიშვილი, ვალერი ბაკუმენკო.

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს შემოთავაზებულ წინადადებაზე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე დაფუძნდეს საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“.

 

 

ნესტან კირთაძის საჯარო ლექცია

20 დეკემბერს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორ ნესტან კირთაძე წაიკითხავს საჯარო  ლექციას თემაზე: „საქართველოს გეოპოლიტიკური ალგორითმები“ .