მესამე კურსის სტუდენტი გვანცა რევაზიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ გვანცა რევაზიშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე
1. მოგესალმებით, გვანცა, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს მკითხველს და გვიამბოთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე ?
მოგესალმებით, მე გახლავართ გვანცა რევაზიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მოკლედ გეტყვით რომ ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, თუ არ ჩავთვლით იმას რომ, ბავშვისთვის ზედმეტად ადრეული ასაკიდანვე დასახული მაქვს მიზნები, რომელთა მისაღწევად ძალ-ღონეს არ დავიშურებ.
2. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?
არ შემიძლია არ ავღნიშნო,თბილისის N24 საჯარო სკოლა, სადაც 12 წელი ვსწავლობდი, ამ სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში, რადგან სკოლაში თეორიული სწავლების გარდა დიდ ყურადღებას უთმობდნენ სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ ღონისძიებებს. სწორედ სკოლის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობისას, რომელმაც დამაახლოვა იურისპრუდენციასთან, მივხვდი რომ სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში იურიდიული მიმართულებით მსურდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რაც შეეხება იმას თუ რატომ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეტყვით რომ თავიდანვე ვიცოდი რომ ვიქნებოდი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და უპირატესობა მხოლოდ 2 სახელმწიფო უნივერსიტეტს მივანიჭე და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
3. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?
მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ აქტიური სტუდენტური ცხოვრება მაქვს, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კერძოდ კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომ მაძლევს შანსს მივიღო მეტი ცოდნა და გამოცდილება. ვფიქრობ, თეორიული ცოდნის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, ამიტომ აქტიურად ვარ ჩაბმული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღონისძიებებში, რომელთა უმეტესობაც პრაქტიკული ხასიათისაა. (იმიტირებული პროცესები, საჯარო ლექცია-სემინარები, დისკუსიები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა)

4. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?
„ოცნების თანამდებობა“ ბავშვობიდან უცვლელია, მინდა გავხდე მოსამართლე და ამ ოცნებას აუცილებლად ვაქცევ რეალობად.
5. სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის მერე?
5 წლის შემდეგ სამართლის როგორც ბაკალავრის ხარისხის ისე მაგისტრის ხარისხის დიპლომი მექნება. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის სასწავლო პროგრამაზე ვაპირებ, მომწონს აუდიტორიასთან თანამშრომლობა და არ გამოვრიცხავ ლექციების წაკითხვას მომავალში .
6. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.
ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზე გეტყვით, რომ ის თანამშრომლობს სტუდენტებთან, ისმენს მათ რჩევებს, წინადადებებს და გულისხმიერად ეკიდება მათ პრობლემებს. ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ იცის რომ უმთავრესი არიან სტუდენტები და სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ალბათ, არ ვიქნები პირველი ვინც იტყვის რომ დეკანთან, დეკანის მოადგილესთან სტუდენტებს ძალიან უშუალო დამოკიდებულება აქვს, ასევე, დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. ეს კი ძალიან აადვილებს სტუდენტისთვის სტუდენტურ ცხოვრებას.
7. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?
პირველ რიგში, მინდა მივულოცო პირველკურსელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებით გადასვლა. მათ ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ სტუდენტური წლები, მიიღონ ყველა სირთულის გამოწვევა, რადგან სირთულეების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. მინდა გითხრათ, გაგიმართლათ რომ ხართ სტუ-ს სტუდენტები, რადგან საშუალება გექნებათ ურთიერთობა გქონდეთ და მომავალი პროფესია შეგასწავლონ სტუ-ს კვალიფიციურმა ლექტორებმა. იყავით მოტივირებულები, მიზანდასახულნი და შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ!

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *