მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გელაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ გიორგი გელაშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის  სამართლის  სპეციალობის  მეოთხე   კურსზე.

 მოგესალმებით, გიორგი,  გვიამბეთ   ცოტა  რამ   თქვენს   შესახებ

მოგესალმებით,  პირველ  რიგში  მადლობა  ინტერვიუსთვის,  რაც  შემეხება მე როგორც იცით ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის სპეციალობით და ვარ მეოთხე კურსზე.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?

სამართალზე  სწავლა,  ჯერ  კიდევ  ადრეულ  ასაკში  მქონდა  გადაწყვეტილი.  ბავშობიდან  ვერ  ვიტან  უსამართლობას,  ამიტომ  საკუთარ  თავს  სამართალს  ვუკავშირებ.  რაც  შეეხება  სტუ-ში  ჩაბარებას,  გაგონილი  მქონდა,  რომ  ძლიერი  სამართლის  სკოლა  ჰქონდა  და ამიტომაც  გადავწყვიტე  აქ ჩაბარება,  საბედნიეროდ  იმედები  გამიმართლდა  და  დარწმუნებით  შემიძლია  ვთქვა,  რომ დღეს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ძლიერი  ფაკულტეტია ,  რომელიც  ასევე  ძლიერი  და  პროფესიონალი  პროფესორ-მასწავლებლებით  არის  დაკომპლექტებული.   ბევრმა  ლექტორმა  დიდი  გავლენა  იქონია  ჩემზე  და  დიდი  წვლილი  შეიტანა  ჩემს  პროფესიულ  განვითარებაში ,  მინდა  განსაკუთრებული  მადლობა  მოვუხადო  ქალბატონებს:  მარინა  გლოველს, ნინო  ხოლუაშვილს,   ციალა  გლოველს,  ბატონებს ირაკლი  მინაშვილს,  ლევან  ოსიძეს  და  თემურ  დარსანიას.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

საკმაოდ  აქტიური  სტუდენტური  ცხოვრება  მაქვს,  შეძლებისდაგვარად  ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომელიც დამეხმარება საკუთარი თავის ზრდაში როგორც პროფესიულად, ასევე ზოგადად.  ვარ  თვითმმართველობის  წევრი,  ასევე  საბჭოს  წევრი,  გარდა  უნივერსიტეტისა  ვარ  მსოფლიოში   ერთ- ერთი  უმსხვილესი,  საერთაშორისო,    სტუდენტური  ორგანიზაციის   “აისეკის”  (Aiesec)  წევრი,  რომელსაც   საქართველოში  ბევრი  პროექტი  განუხორციელებია  და  მიხარია,  რომ  მეც  ვყოფილვარ  ერთ-ერთი  მასშტაბური  პროექტის  მენეჯერი, რომელიც  ემსახურებოდა  ქართველ  სტუდენტებში  ინგლისური  ენის  შესწავლასა  და  გაღრმავებას.   ამ  წელს  ასევე  ვიმყოფებოდი  იტალიაში,  სტუდენტური  გაცვლითი  პროგრამით.   შარშან  გავხდი  გამარჯვებული  პროექტში  “საქართველოს  ჩემპიონატი  სისხლის  სამართლის  იმიტირებულ  პროცესში ” .  ამჟამად  ვარ  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  აპარატის,  სისხლის  სამართლის  საქმეთა  საგამოძიებო,   წინასასამართლო  სხდომისა  და  არსებითი  განხილვის  კოლეგიის  სტაჟიორი. ამჟამინდელ პოზიციას ვიკავებ ჩემი შრომის შედეგად, კონკურსის ეტაპები წარმატებით გავიარე სასამართლოში, რაშიც უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ფაკულტეტმა.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზე?

აუცილებლად  უნდა  აღინიშნოს,  რომ  ფაკულტეტის  დეკანი,  ბატონი  ირაკლი  გაბისონია , საკუთარი   საქმის  უბადლო  შემსრულებელია,   მას  აქვს  ყველა  ის  თვისება  რაც  ნამდვილ  ლიდერს  უნდა  გააჩნდეს .  ძალიან  კარგია ,  როდესაც  იცი , რომ  გყავს  ისეთი  დეკანი ,  რომელიც  ყოველთვის  მზად  არის  მეგობრულად  მიგიღოს  და  დახმარების  ხელი  გამოგიწოდოს.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

ვურჩევ  დასაწყისიდანვე  დაისახონ  მიზნები , იყვნენ  მოტივირებულები  და  ყოველ  დღე  მცირე  წვლილი  მაინც  შეიტანონ  მიზნის  მიღწევისკენ ,  მიიღონ  ცოდნა ,  ვინაიდან  ეს  ყველაზე  ძლიერი  იარაღია

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply