მესამე კურსის სტუდენტი მარიამ რობაქიძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ მარიამ რობაქიძეს,  რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე.

  1. მოგესალმებით მარიამ, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე .

ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ შეიძლება ითქვას რომ ყოველთვის ვიცოდი თუ რა მინდოდა, გარკვეული მიზნები და ამოცანები მქონდა დასახული.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, მაშინ როცა უკვე დამთავრებული გქონდათ სხვა უნივერსიტეტი?

ყოველთვის მინდოდა იურიდიული განათლებაც მქონოდა, რადგან მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ კარგი ბიზნესმენი იურიდიულ საკითხებშიც  უნდა ერკვეოდეს. ზოგადად ვფიქრობ რომ კომპლექსური განათლება აუცილებელია თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ადამიანისთვის წარმატების მისაღწევად.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე კონკრეტულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მისი არაერთგვაროვანი რეპუტაციიდან გამომდინარე მაინც ვფიქრობ, რომ სტუდენტების იმ კატეგორიას, რომელსაც სწავლა უნდა ეს უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აძლევს ამის საშუალებას. მეტიც, წარმატებული სტუდენტები მეტად დაფასებულნი არიან და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია უჩნდებათ სწავლისადმი.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტვობის შესახებ?

ნამდვილად მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება მაქვს. პირველი კურსიდან ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, იყო ეს ბიზნეს მარათონი, სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი კონკურსი, თი-ბი-სი ბანკისა და უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი პროექტი მარკეტინგსა და პიარში, სხვადასხვა სტაჟირებები და სამსახურები კერძო თუ საჯარო სექტორში. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც უცბად გამახსენდა კიდევ იყო ბევრი რამ რომლის ჩამოთვლასაც არ დავიწყებ.

  1. რა გაგიკეთებიათ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ფორმატში?

ფაკულტეტის ფორმატში ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთკვირიან ტრენინგზე. რომელიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისთვის. ასევე, გავხდი კონსტიტუციონალიზმის ცენტრის წევრი. გული მწყდება რომ ჩემი მოუცლელობის გამო კიდევ ბევრი  შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან და საინტერესო პროექტი გამოვტოვე.

  1. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამჟამად ვროცლავის უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე. საქართველოში დაბრუნებისთანავე ვაპირებ დასაქმებას და სწავლის გაგრძელებას.

  1. როგორ ხედავთ თქვენს თავს 5 წლის მერე?

5 წლის შემდეგ მინიმუმ ორი ბაკალავრის და ორი მაგისტრის დიპლომი მექნება, ეს რაც ზუსტად ვიცი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ადგილას ვიქნები დასაქმებული, სადაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შევძლებ.  უფრო შორს თუ წავალთ,  ჩემს თავს რომელიმე დიდი კომპანიის ბიზნეს იურისტად ვხედავ.

  1. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?

ოცნების თანამდებობა 8 წლიდან უცვლელი მაქვს, ბავშვობიდან პარლამენტის თავჯდომარეობაზე ვოცნებობდი და ჯერ-ჯერობით აზრი არ შემიცვლია.

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

არც ისე ცოტა უნივერსიტეტთან მქონია შეხება და მინდა გითხრათ რომ ასეთი გულისხმიერი ხელმძღვანელობა არ შემხვედრია. ნებისმიერ საკითხზე და პრობლემაზე შეგიძლია უპრობლემოდ  მიხვიდე, მოგისმენენ, ყველანაირად შეეცდებიან დაგეხმარნონ.  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღავნელობა არაა მიუწვდენელი სტუდენტებისთვის. რაც მიმაჩნია რომ უმთავრესია წარმატებული მმართველობისთვის. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ისინი არ მოგიგვარებენ.  სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით აქ ადამიანური ურთიერთობები ბევრად მაღლა დგას.

  1. 9. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

პირველ რიგში, დაივიწყონ ის ფაქტი რომ “გეპეი”-ში სწავლა არაა. გაიაზრონ ის რომ 4 წელიწადში უნდა ისწავლონ ის რითაც შემდეგ ცხოვრება მოუწევთ. გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა რასაც ფაკულტეტი სთავაზობს. იაქტიურონ,  რაც შეიძლება მეტი გამოცდილება და ცოდნა დააგროვონ ამ წლების მანძილზე, რადგან შემდეგ ამის დრო აღარ  ექნებათ. და ბოლოს გაერთეთ, ძალიან მაგარია STU-დენტი რომ ხარ 😉

 

 

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply