საინჟინრო სამართალი, როგორც სასწავლო პროგრამა …

 

2017 წლის 18 ოქტომბერს სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიერ წარდგენილი პროექტი „საინჟინრო სამართალი“.

პროექტი დამტკიცდა, ვინაიდან სტუ, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი ტექნიკური უნივერსიტეტი, მუდმივად ისწრაფვის განახლებისა და სიახლეების დანერგვისაკენ. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ახალი სასწავლო პროგრამების შემოღება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბაზრის მოთხოვნებზე.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს კომბინირებულ საბაკალავრო პროგრამას, კერძოდ სამართლისა და ინჟინერიის ერთობლივი პროგრამა, რომელიც დაინერგება ცალკე სასწავლო პროგრამის „საინჟინრო ეკონომიკის“სახით.

საინჟინრო მეცნიერებისა და სამართლის ერთობლივი პროგრამა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არ დანერგილა არცერთ პოსტსაბჭოთა სივრცის უნივერსიტეტში. მაშასადამე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კერძოდ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იქნება პირველი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის, დანერგავს და წარმატებით განახორციელებს აღნიშნულ კომბინირებულ საგანმანათლებლო კურსს.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მოცემული კურსი წარმატებით არის დანერგილი სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვებგვერდის მიხედვით, ეს არის სამართლისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ერთობლივი კურსი, რომელიც მოიცავს სწავლებას და ტექნიკური საგნების სიღრმისეულ ცოდნას.

პროექტის განხორციელების მიზნით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც დაფინანსებულია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუჯეტიდან.

აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელს წარმოადგენს სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, პროექტის მენეჯერები იქნებიან: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე.  დაკომპლექტებულია ასევე სამუშაო ჯგუფი, ხარისხის ექსპერტი და ტექნიკური პერსონალი. მათი ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეიქმნება ისეთი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომლის დასრულების შემდგომ სტუდენტს ექნება ორმაგი დიპლომი, როგორც ინჟინერის ასევე, სამართლის მიმართულებით. ასევე, შედგენილია პროექტის ბიუჯეტი რომელიც სამი ხარჯვითი ნაწილისაგან შედგება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისი მატერიალური და ინტელექტუალური ბაზა, რათა სათანადო მომზადების შემდეგ მოხდეს „საინჟინრო სამართლის“ როგორც ცალკე სასწავლო პროგრამის დანერგვა.  კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს  როგორც: იურისტი ეკოლოგიური სამართლის, ტექნოლოგიური კანონმდებლობისა და სპეციალური სისხლის სამართლის სფეროებში, საინჟინრო კორპორაციების კონსულტანტი, იურისტკონსულტი ან მენეჯერი და ა.შ. მათ განუვითარდებათ კრიტიკული და ანალიტიკური  უნარ-ჩვევები ინდუსტრიაზე ძლიერი აქცენტებით, რაც აუცილებელია ინჟინერიასა და სამართალს შორის რთული კავშირების გასაგებად.კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ უმაღლესი პროფესიული იურიდიული განათლების სრული კურსი საინჟინრო მეცნიერებების კვალიფიკაციასთან ერთად.

კურსი მოიცავს 264 კრედიტს, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ უმაღლესი განათლება ცალკე ტექნიკური მეცნიერებების ბაკალავრის და ცალკე სამართლის ბაკალავრის ხარისხით.

აღნიშნული პროექტი ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას და აკადემიური დეპარტამენტის წარმომადგენლების მეირ შემუშავდა იურიდიულ მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის გამო ისეთ სფეროებში, რომლებშიც საჭიროა რთული ტექნიკური საკითხების ცოდნა. ასეთი სპეციალისტების დიდი მოთხოვნილებაა, როგორც კერძო იურიდიულ ფირმებში, ისე მანქანათმშენებლობაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება როგორც უშუალოდ საინჟინრო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, ასევე შეიქმნება სპეციალური ლიტერატურა ქართველის მეცნიერების მიერ, ითარგმნება უცხოური ლიტერატურა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ჩამოყალიბდება სრულყოფილი სასწავლო პროგრამა.

ჩვენ ამაყნი ვართ, რადგან საფუძველი ჩაეყარა, უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს დაუმკვიდრებს ღირსეულ სახელს საგანმანათლებლო სფეროში. ვინაიდან, აღნიშნული პროექტი ემსახურება საერთო მიზანს, ისეთი პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ არცერთ უნივერსიტეტს არ გააჩნია.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply