ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილის და წარმომადგენლის შეხვედრა

2017  წლის  15 ივნისს პროექტის “შეხვდი დამსაქმებლის ” ფარგლებში  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და ამავე ცენტრის წარმომადგენელი გიორგი  ცქიტიშვილი.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ პროფესორმა ჯემალ გაბელიამ, ხოლო შეხვედრას უძღვებოდა ამავე ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი იგორ კვესელავა.

თავდაპირველად სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე წარსდგა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს, როგორც ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე. ევროინტეგრაციის  დადებით და უარყოფით ასპექტებზე და საერთო ეროვნული კონსესუსის აუცილებლობაზე. მოუწოდა ახალგაზრდობას მიიღონ ყოველმხრივი ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის შესახებ  და ამის შემდგომ ჩამოიყალიბონ სწორი ხედვა ევროპული ღირებულებების, კულტურისა და ტრადიციებთან დაკავშირებით. გაითავისონ ყველა ის მითი, რომელიც მომდინარეობს პრორუსული გზიდან და არგუმენტების საშუალებით დაუპირისპირდნენ მათ. გიორგი ფარეშიშვილმა სიტყვის  დასასრულს გამოთქვა იმედი, რომ სწორედ თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც ევროპულ გზაზე წამყვან როლს შეასრულებთ.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ცქიტიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ყველა ის  საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა საქართველოში ევროკავშირისკენ სწრაფვის გზაზე. გამახვილდა ყურადღება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმაზე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებების დაცვაზე და იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებულ სხვა არაერთ ცვლილებაზე. მიმოიხილა 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია, მის მიზნები და სტრატეგიის სამიზნე ჯგუფები.

სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ეპიფანე გვენეტაძე, რომელმაც სტუდენტებს მოუწოდა  ევროპული გზით იარონ ქართული ტრადიციების და კულტურის  გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული მოხსენებების შემდგომ სტუმრებს შეკითხვებით მიმართეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა. მათი შეკითხვები შეეხებოდა ევროული და ქართული კულტურის, ტრადიციის სამომავლო განვითარებას, ჩარევას ევროპული სახელმწიფოებისგან, სამომავლო გეგმებს, პრიორიტეტებს, ტოლერანტობას, რეადმისიის პროცესს, ემიგრაციას  და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply