საჯარო ლექცია თემაზე: „ფემიციდი- გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა“

2017  წლის 15 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის კლინიკისა და გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა  საჯარო ლექცია თემაზე: „ფემიციდი- გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა“, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საჯარო ლექცია წაიკითხა   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა თამარ დეკანოსიძემ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ღონისძიების ორგანიზატორები  სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი მაია ყიფიანი და სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი მაკა აბულაძე.

თამარ დეკანოსიძემ საჯარო ლექციაზე განიხილა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის,  განსხვავება მკვლელობასა და ფემიციდს შორის, სახელმწიფოს ვალდებულებები ფემიციდთან ეფექტური ბრძოლისთვის, როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ ფემიციდი და რა საშუალებებით უნდა მოვახდინოთ პრევენცია.

მომხსენებელმა თამარ დეკანოსიძემ მოიყვანა კონკრეტული  ფაქტები, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა სალომე ჯორბენაძის მკვლელობისა და ხანუმ ბაირამოვას თვითმკვლელობის საქმეებზე, დაასახელა ის მიზეზები, რამაც გამოიწვია უმძიმესი დანაშაული. ნაჩვენები იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი სალომე ჯორბენაძეს მკვლელობის შესახებ. აღნიშნა, რომ ამ საქმეზე საია-მ არაერთი პროცესი მოიგო.

დეტალურად მიმოიხილა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სახეები, სასჯელთა დადგენის პროცედურები, სახელმწიფოში არსებული დანაშაულის შემაკავებელი მექანიზმების ჯეროვნად ვერ გამოყენების შესახებ, აგრეთვე პრევენციისა და არასრულწლოვანთა ქორწინების პრობლემატიკა. აღნიშნული საკითხები სტუდენტებისთვის ერთობ საინტერესო აღმოჩნდა, დაისვა მრავლი შეკითხვა.

სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ყიფიანმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციის ჩატარებისათვის და სტუდენტებს აქტიური  ჩართულობისთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply