სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი მანანა დარჩაშვილი 2018 წლის 16-18 მაისს საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოდან მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად პარიზში იყო მიწვეული, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
17 მაისს საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და პარიზის აღმოსავლურ ენათა და ცივილიზაციათა ეროვნული ინსტიტუტის (INALCO) თანამშრომლობით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.
პროფესორმა მანანა დარჩაშვილმა კონფერენციაზე გააკეთა მოხსენება – „მიხაკო წერეთლის მოღვაწეობის ისტორიიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში“. ასევე მონაწილეობდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის თანამშრომლობით, კონფერენციის წინა დღეს, 16 მაისს ლევილის ქართულ მამულში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების პრეზენტაციაში და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაში.
პროფესორ მანანა დარჩაშვილის ვიზიტი სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით განხორციელდა. ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია მიესალმება პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო პროგრამებსა და ღონისძიებებში მონაწილეობას.