მათ, ვინც იურისტის პრესტიჟული პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა შესალებლობას აძლევს შეიძინოს ის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაეხმარება წარმატებული იურიდიული კარიერის შექმნაში.
პროგრამის განხორციელებაში, ცნობილ ქართველ და უცხოელ თეორეტიკოს მოღვაწეებთან ერთად, ჩართულები არიან წარმატებული პრაქტიკოსი იურისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს, უშუალო და პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეს ადამიანებთან- რომლებიც განსაზღვრავენ და ქმნიან ქვეყნის სამართლებრივ სისტემასა და საფუძვლებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ ყველა იმ სასწავლო კურსის შესწავლასა და პრაქტიკული უნარის გამომუშავებას, სამართლებრივი ტექნიკის ფუნდამენტური მეთოდებისა და სამართლებრივი არგუმენტაციის პრინციპების, ასევე სამართლის ღირებულებითი და ეთიკური საფუძვლების შესწავლას. ამავდროულად, სწავლების სოკრატისეული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტის მიერ სამართლებრივი საკითხების კარგად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებას, სამართლებრივი არგუმენტების ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას.
სამართლის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ეროვნულ სამართალზე. სავალდებულო საგნებთან ერთად, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს არასავალდებულო საგნები საერთაშორისო, სისხლის, საჯარო და კერძო სამართლის სფეროებიდან. ამასთან ერთად, პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ინგლისურენოვან არჩევით საგნებს. აღნიშნული საგნების უკეთ დაუფლების მიზნით, კურსი ითვალისწინებს ინგლისური ენისა და იურიდიული ინგლისურის გაძლიერებულ სწავლებას. პროგრამის ნაწილია ინტერდისციპლინარული მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლის მეცნიერებასთან ახლოს მდგომი ან ფუნქციურად დაკავშირებული არაიურიდიული დისციპლინების შესწავლას.