საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ 2017 წლის 25 მაისს  გაიმართა ერთობლივი საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

კონფერენცია გახსნა სტუს-რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და მომხსენებლებს სთხოვა მოხსენების წარდგენა.

პირველი მოხსენება გააკეთა, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტმა, თემაზე:  „თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები სისხლის სამართალში. განუსაზღვრელი შესაძლებლობები და მორალი რისკების პირობებში“. მოხსენებისას პროფესორი შეეხო იმ ასპექტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე, განიხილა ტერორისტული ძალადობის ფაქტები, ტრანსასაზღვრო დანაშაულები და კიბერდანაშაული. ისაუბრა ისეთ ჩარევაზე ადამიანის უფლებებში, რომელსაც ვერც კი ამჩნევენ ადამიანები. მიმოიხილა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მოიყვანა თემატიკასთან დაკავშირებული მაგალითები და დასკვნის სახით საზოგადოებას  გაუზიარა საკუთარი შეხედულება .

მეორე მომხსენებლად კონფერენციაზე გამოვიდა სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე: „ფარული გამოძიება სპეცსამსახურების საქმიანობაში და ადამიანის უფლებები“ მან განიხილა სპეცსამსახურების უფლებამოსილების მინიჭებისა და ამ კუთხით ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკა, აღნიშნა, რომ „სპეცსამსახურებისათვის უფლებამოსილების გაზრდა აპრიორში არ უნდა ნიშნავდეს ადამიანის უფლებების დარღვევას“  კონფერენციის მონაწილეებს გააცნო რამდენიმე ქვეყნის მაგალითი და იქ განხორციელებული ცვლილებები. ყურადღება გაამახვილა სპეცსამსახურების დამსახურებებზე, მიღწევებსა და შესაძლებლობებზე, ამ კუთხით წარმოადგინა გარკვეული რეკომენდაციები და სთხოვა გერმანულ დელეგაციას ქართველ მეცნიერებთან ერთად ემუშავათ აღნიშნულ პრობლემატიკაზე.

მაკა კვაჭაძე, რომელიც წარმოადგენდა უზენაეს სასამართლოს მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის, მან მოკლედ მიმოიხილა ევროპული დირექტივები, რომლის შესრულებას ახორციელებს საქართველოს შესაბამისი უწყებები, კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და შეეხო მართლმსაჯულების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების გარკვეული ასპექტები.

პროფესორმა პეტერ იურგენ გრაფმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ტელეკომუნიკაციების ოპერატიულ ვიდეო-აუდიო ინფორმაციის მოპოვება/გამოყენების შესაძლებლობები და საზღვრები, გლობალური ტერორისტული საფრთხეების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში“, რომლის დროსაც მოიყვანა კონკეტული მაგალითები,  ყურადღება გაამახვილა აუდიო- ვიდეო საშუალებებზე, როგორც ინფორმაციის მოპოვების საშუალებებსა  და ტერორისტული საფრთხეების მაპროვოცირებელ ფაქტორებზე.

თეოდორ ლამიხმა და ელიკო წიკლაურმა-ლამიხმა  ერთობლივად მიმოიხილეს „დარკნეტი/ ვაჭრობა ვირტუალურ სივრცეში და რეალური დანაშაულობა“-სთან დაკავშირებული პრობლემატიკა. თეოდორ ლამიხმა განმარტა სხვადასხვა ქსელები, რომლებიც არიან ინფორმაციის ტრანსფერები, ახსნა ქსელში მუშაობის თემატიკა, თაღლითური პროგრამები,კრიპტოგრაფიული გაყალბებისაგან დაცვის ტექნოლოგია.  სრულად მიმოიხილა დარქნეტის საფრთხეები და არსებული პრაქტიკა, დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთის საშუალებები.

ოთარ ზუმბურიძე ისაუბრა თემაზე: „საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ასპექტები და ციფრული უთანასწორობა“ განიხილა ინფორმაციული კომუნიკაციების განვითარების ინდექსი, ტენდენცია გერმანიასა და საქართველოს შორის,ინფორმაციის განვითარების ინდექსი რეგიონისათვის, კერძოდ რუსეთი, ყაზახეთი, საქართველო და სხვა ქვეყნების მაგალითზე. ასევე, ისაუბრა ეკონომიკისა და განათლების განვითარების საჭიროებაზე.

კახა საბანაძე, რომელიც არის სტუ-ს დოქტორანტი და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე გააკეთა მოხსენება თემაზე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა – პროგრესული ნაბიჯი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის სფეროში“. დეტალურად მიმოიხილა ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა 2012 წლის შემდგომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში, აღწერა უსაფრთხოების სისტემის დემოკრატიზაციის პროცესი,  ისაუბრა პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე და შსს-ში განხორციელებულ სხვა ცვლილებებზე.

დოქტორ ვოლფრამ შედლერი, რომელიც იყო  გერმანიის გენერალური პროკურატურის პროკურორი გააკეთა მოხსენება თემაზე:“დამნაშავის პიროვნებაზე წვდომა GPS სისტემების საკონტროლო სამაჯურის საშუალებით პიროვნების, როგორც პრევენციული ასევე, რეპრესიული კონტროლი (გერმანული გამოცდილება)“.მან დეტალურად აღწერა ელექტრონულ ხელბორკილთან იგივე წვივსამაგრთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები, მოიყვანა გერმანიის სტატისტიკა წვივსამაგრით მოსარგებლე პირთა შესახებ,  განიხილა შედეგები და სამომავლო პერსპექტივებიც მოახსენა კონფერენციის მონაწილეებს.

აღნიშნული კონფერენციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის, პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც სთხოვა სტუმრებს საკუთარი შეხედულებები გაემხილათ მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა დაკავების პერიოდთან  და ეჭვმიტანილის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა გერმანიის ყოფილ პროკურორთან. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება: ირაკლი გაბისონია, ჯემალ ჯანაშია, ვასილ კვირიკაშვილი, გურამ ნაჭყებია და სხვები.

დისკუსიის შემდგომ მოხსენება გააკეთა გიორგი ღლონტმა, რომელმაც ტექნიკური პროგრესი და დანაშაულობათა დინამიკა მიმოიხილა შედარებითი ანალიზის საფუძველზე. წარმოადგინა რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკა და ტრეფიკინგის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, რომელმაც აღნიშნა, რომ ფაკულტეტმა ერთი წლის თავზე შეძლო ასეთი ღირებული, ძვირფასი სტუმრების მასპინძლობა, მათთან მემორანდუმის გაფორმება და საერთაშორისო კონფერენციის უნაკლოდ ჩატარება. გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის და დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ფაკულეტეტის საქმიანობისა და იგი აუცილებლად შექმნის სტუ-ს ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს.

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply