2019 წლის 24-26 მაისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში”, რომელიც მიეძღვნა ფრანგი ექიმი-ანთროპოლოგის – პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგიის“ შემოღების 140 წლისთავს.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
24 მაისს აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრები: სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი, პროფესორი, დოქტორი ვიტალი კვაშისი, (აშშ), ტეხასის უნივერსიტეტი, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი პროფესორი, დოქტორი მიანჰუნ რო, პროფესორი, (აშშ), ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი დოქტორი ჯი-სან ლი სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.
25 მაისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კონფერენციაზე განიხილეს კრიმინოლოგიის სხვადასხვა ასპექტები, კერძოდ: „აქსიოლოგიისა და კრიმინოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხები“; „ნულოვანი ტოლერანტობის“, როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკის გავლენა გამოძიების ფორმებსა და მეთოდიკაზე“; „კრიმინოლოგიასა და მართლმსაჯულებაში სამხილებზე დაფუძნებული პრაქტიკის ცვლილების მოდელი“; „კრიმინოლოგიის თეორიის ზოგიერთი პრობლემა“; „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის კრიმინოლოგიური ასპექტები“; „ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია: სამართლებრივი მიდგომები და შედარებითი ანალიზი“; „კრიმინოლოგიური აზროვნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ჭრილში“; „მართლმსაჯულება და მართლმსაჯულების სისტემა აშშ-ში“; „ტრანსნაციონალური დანაშაულობის განვითარების ძირითადი ტენდენციები“ და სხვ.