კურსდამთავრებული გვანცა ძნელაძე

ამჟამად წარმოგიდგენთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულ გვანცა ძნელაძეს.

  1. გვანცა, მოგესალმებით, ჩვენი რუბრიკისთვის მეტად საინტერესო რესპოდენტი ბრძანდებით, რა არის ის რაც გამოგარჩევთ სხვა სტუდენტებისაგან?

მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ საშუალება მომეცით გავმხდარიყავი თქვენი მეტად საინტერესო რუბრიკის სტუმარი. მე არ ვთვლი რომ სხვა სტუდენტებისგან რამით გამოვირჩევი , მე ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ, ვისაც უყვარს თავისი პროფესია, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული.

  1. თქვენ დაამთავრეთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კერძო სამართლის მიმართულებით, რამ განაპირობა თქვენთვის სტუ-ს არჩევამ მით უფრო მაშინ, როდესაც სხვა უნივერსიტეტის ბაკალავრი ხართ?

თქვენ სწორად აღნიშნეთ, მე თსუ-ს ბაკალავრი ვარ, ხოლო როდესაც გადავწყვიტე, რომ სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში მსურდა დავიწყე სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის-პროფესორების ძებნა და ჩემთვის ყველაზე სასურველი სტუ აღმოჩნდა, რადგან თამამად მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო ლექტორები კითხულობენ ლექციებს მაგალითად ბატონი ირაკლი გაბისონია, ზვიად გაბისონია, რომან შენგელია. ზაზა რუხაძე, ქეთევან ჯინჭარაძე და სხვანი…ხოლო მოგეხსენებათ პროფესორების ცოდნის და კვალიფიკაციის დონე განაპირობებს ხარისხიან სწავლებას, რასაც ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სტუ-ს არჩევისას.

  1. რით გამოარჩევდით ჩვენს ფაკულტეტს? რა მოგცათ აქ სწავლებამ? 

კიდევ განვმეორდები და ვიტყვი რომ ჩვენი ფაკულტეტი გამოირჩევა საუკეთესო, მაღალი კვალიფიკაციის და ცოდნის მქონე პროფესორებით. გარდა ამისა,  ფაკულტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის ეხმარება სტუდენტებს დასახული მიზნის მიღწევაში, მე არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩვენი დეკანის ბატონი ირაკლი გაბისონიას დიდი წვლილი ჩემი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში, სწორედ მისი ხელშეწყობით და რეკომენდააციით შევძელი დამემთავრებინა ეკონომიკის მაგისტრატურა რენმინის უნივერსიტეტში და შემდგომ სამართლის სადოქტორი პროგრამაზე შანხაი ძიაო ტონგის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა  გადავუხადო მას და მის მთელ მის გუნდს გაწეული დახმარებისთვის.

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს ფაკულტეტზე სწავლისას იძენ არამარტო ცოდნას, არამედ ხდები ერთი დიდი ოჯახის წევრი, რომელიც ყოველთვის გვერდში გიდგას და შენი წარმატების მონაწილე ხდება.

  1. რატომ გადაწყვიტეთ გესწავლათ ჩინეთში და არა მაგალითად რომელიმე ევროპის ქვეყანაში?

როდესაც გადავწყვიტე რომ სამართლის გარდა ეკონომიკაც ძალზედ მაინტერესებდა დავიწყე ტოპ პროგრამების და უნივერსიტეტების მოძებნა, აღმოჩნდა რომ ჩინეთის უნივერსიტეტები მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ რეიტინგებში, მოგეხსენებათ ჩინეთი ეკონომიკის სასწაულებრივი ზრდით  მსოფლიო ეკონომიკაში მეორე ადგილზეა და აღნიშნულ სფეროს,  შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ჩინეთში წასვლა, რადგან სწავლის მაღალ დონეს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელიბა აქვს . გარდა ამისა, ჩინური უძველესი კულტურაც ყოველთვის მიზიდავდა. პეკინში რენმინის უნივერსიტეტში სწავლებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გარდა მაღალი დონის სწავლებისა, უნივერსიტეტი ყველანაირად ორიენტირებული იყო  სტუდენტისთვის ღირსეული პირობების შეექმნაზე, როგორც სამეცნიერო საქმიანობის ისე საცხოვრებლის მხრივ, სპეციალურად სტუდენტებისთვის აშენებული და ყველანაირად კეთილმოწყობილია საცხოვრებელი კამპუსები, რათა სტუდენტს არ აწუხებდეს ყოველდღიური საზრუნავი და მთლიანად ორიენტირებული იყოს სწავლაზე. ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა წითელ დიპლომზე დავამთავრე, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი, მითუმეტეს, რომ  ახალი დარგი იყო ჩემთვის, მაგრამ დაუღალავი შრომა ყოველთვის ფასდება. სამართლის სადოქტორო პროგრამაზე, რომ გადავწყვიტე სწავლა, სხვა ქვეყანაზე აღარც მიფიქრია და ჩავაბარე გამოცდები ერთ-ერთ ტოპ უნივერსიტეტში შანხაი ძიაო ტონგში.

 

  1. გვიამბეთ თქვენი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ?

სტუ-ში სამაგისტრო თემა დავიცავი თემაზე “ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი “, რადგან ჩინეთში ვსწავლობდი მინდოდა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე კერძოდ, ინვესტიციებზე დამეწერა და დავიცავი თემა “China’s outward foreign direct investment in Georgia ”  და ავიღე წითელი დიპლომი. ამჟამად ვსწავლობ სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და დაინტერესებული ვარ საინვესტიციო სამართლით, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ახალი დარგია და სათანადოდ შესწავლილი არ არის, ვმუშაობ თემაზე “The impact of international investment law on the legal framework of Georgia and foreign investors’ right “.

  1. რით ხართ ამჟამად დაკავებული ჩინეთში, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენი საქმიანობის შესახებ?

როგორც ავღნიშნე, ამჟამად ვსწავლობ სამართლის სადოქტორო პროგრამაზე შანხაი ძიაო ტონგის უნივერსიტეტში და ვმუშაობ თემაზე “The impact of international investment law on the legal framework of Georgia and foreign investors’ right “.  გარდა ამისა, ვწერ სხვადასხვა სამეცნიერო სტატიებს ინვესტიციებთან დაკავშირებით. აგრეთვე, მიწევს კონფერენციებში მონაწილეობა, ერთი სიტყვით ამჟამად მთლიანად სამეცნიერო საქმიანობით ვარ დაკავებული.

 

  1. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში?

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დანამდვილებით გეტყვით, რომ კვლავ სამეცნიერო საქმიანობით ვიქნები დაკავებული, რადგან აღნიშნული სადოქტორო პროგრამა  4 წლიანია. ხოლო რა იქნება მას შემდგომ არ ვიცი, ცხოვრებაში არასდროს არაფერი დამიგეგმავს, ყოველთვის თვითონ მიჩვენებს გზას..

  1. მოგვიყევით, იმ ტრენინგებზე, სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის ღონისძიებებზე, რომ ელშიც მიგიღიათ მონაწილეობა ?

ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ავღნიშნავდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გამარათულ საერთაშორისო არბიტაჟისადმი მიძღვნილ კონფერენციას აგრეთვე, მათ მიერვე ორგანიზებულ სასერტიფიკატო პროგრომას საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში, რომელშიც მინაწილეობამაც როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდილება მომცა. პეკინში ყოფნისას სტაჟირებას გავდიოდი უმსხვილეს კომპანიაში China International Economic Cooperation and Investment Inc. საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში,სადაც მომიწია აგრეთვე კვლევის ჩატარება ინგლისურ ენაზე თემაზე “international trade process and risk control “რომელიც გენერალური მენეჯერის დავალებით ჩინურად თარგმნეს და ფირმის პუბლიკაციის სახით დაბეჭდეს. აგრეთვე  ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლისას მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში მაგალითად,  საქართველოს წარმოვადგენდი “one belt one road ”  პროექტის ფარგლებში გამართულ ეკონომიკის სკოლის კონფერენციაზე, სადაც მოხსენება გავაკეთე საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე საქართველოში, ასევე მოხსენებით ანუ პრეზენტაციით გამოვედი ინვესტორებისთვის გამართულ სემინარზე “International Technology transfer & the Belt and Road investment opportunity ” რომელიც გაიმართა china council for the promotion of international trade. კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას იგივე ჩვენი საქართველოს საელჩოს ჩინეთში ორგანიზებულ ღონისძიებებში ეს კულტურული საღამები იქნებოდა თუ ეკონომიკური.

  1. როგორია საქართველოსთან დაკავშირებით თქვენი გეგმები?

ჩემი ქვეყნის დიდი პატრიოტი ვარ, სადაც საშუალება მომეცემა სულ ჩვენს კულტურაზე, ისტორიაზე, ხალხზე ვსაუბრობ, როდესაც თემის არჩევის თავისუფლება მაქვს სულ ვცდილობ ვწერო საქართველოს საინვესტიციო თუ სხვა შესაძლებლობებზე. როგორ უკვე ავღნიშნე ჩემი ეკონომიკის სამაგისტრო თემაც ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ეხებოდა საქართველოში, რათა ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და სტარტეგიული მნივნელობა წარმომეჩინა,  სადოქტორო თემასაც ქართულ საინვესტიციო სამართალზე ვწერ, რადგან როგორც უკვე ვახსენე საქართველოში ახალი დარგია და სათანადოდ შესწავლილი არ არის. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში და მსოფლიო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა შეიქმნას ამ სფეროში ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, როგორც ხედავთ ჩემი გეგმები მხოლოდ საქართველოსკენ არის მიმართული. სწავლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები და სადაც საჭირო ვიქნები იქ გავაგრძელებ საქმიანობას, მიმაჩნია, რომ თითოეული ქართველი ვინც საზღვარგარეთ სწავლობს-მოღვაწეობს უნდა დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში  და ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიღებული აქვს უცხოეთში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას უნდა მოახმაროს.

  1.  რას ურჩევთ ჩვენი ფაკულტეტის პირველკურსელებს?

პირველკურსელებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მიზანსწრაფულები. ამისთვის,  კი დაუღალავი შრომა და სწავლაა საჭირო,  მერწმუნეთ ეს ყოველთვის დაგიფასდებათ და დასახულ მიზანს მიაღწევთ აუცილებლად. შეგხვდებათ ასევე   ბევრი წინააღმდეგობა, სირთულეც, მაგრამ არ დანებდეთ „ესეც გაივლის“, გახსოვდეთ „რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“ .

 

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply