საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „„სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე, რეგიონში არაფრის მომცემი თამაშის გადალახვის გზები“ ჩატარდა

2018  წლის 15 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტთან და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩატარდა  ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სამხრეთ კავკასია საერთაშორისო არენაზე, რეგიონში არაფრის მომცემი თამაშის გადალახვის გზები“.

კონფერენცია გახსნა  სტუ-ს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

კონფერენციას ესწრებოდა, სტუმრებს მიესალმა და მოხსენება გააკეთა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნია მსგავსი კონფერენციების ჩატარება და ისეთი თემების განხილვა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაახლოებს იტალია-საქართველოს ურთიერთობებს. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ასევე, ხაზი გაუსვა ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რომი ლა საპიენცას უნივერსიტეტების თანამშრომლობას და წარმატებები უსურვა მათ საერთო საქმეში.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ რომის ლა საპიენცას და რომის ლინქ ქამფუს უნივერსიტეტების დელეგაციის წევრები: ანდრეა კარტნეი, გაბრიელ ნატალიცია და ნენო გაბელია, რომლებმაც მიმოიხილეს თემები: „ეთნიკურობა და ნაციონალიზმი  დასავლეთსა  და აღმოსავლეთს შორის, ინტეგრაცია და დეგრარირება ევროპასა და ევრაზიაში“ „საერთაშორისი  პოსტ-საბჭოთა ცვლილები, დროში და სივრცეში:  რუსეთის  და სამხრეთ კავკასიის აუტორიტეტის დაბრუნება” „ფედერალიზმი, როგორც აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მოგვარების საშუალება“.

კონფერენციის მონაწილეებმა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს,მათ შორის,  „მშვიდობიანი ეკონომიკა კონფლიქტების დარეგულირებისათვის“, „გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი საფუძვლები და დეოკუპაციის პერსპექტივები“სამხრეთ კავკასია, როგორც  საერთაშორისო ინტერესების გზაჯვარედი“ და სხვ.

კონფერენცია შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და  ასეთი საინტერესო მოხსენებებისთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply