საქართველოს იურიდიულ მენციერებათა აკადემიამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის ზოგიერთი პრობლემა“

 

2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში საქართველოს იურიდიულ მენციერებათა აკადემიამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის ზოგიერთი პრობლემა“.

აღნიშნული კონფერენციის უმთავრესი მიზანი იყო დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა და სათანადო სამეცნიერო პრაქტიკული რეკომენდაციების ჩამოყალიბება, კანონშემოქმედებითი საქმიანობის, საგამოძიებო-სასამართლო რეფორმის სწორად წარმართვისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული იურისდიქციის აღდგენის რამოდენიმე შესაძლო რეკომენდაციის განხილვა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მთავრობის, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და, საზოგადოების წარმომადგენლები.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა, რომელმაც  კონფერენციის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგი, ისაუბრა ახლად დაარსებული აკადემიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე  და აღნიშნა, რომ აკადემიის წევრთა შორის არიან სამართლის ყველა დარგის უმაღლესი სამეცნიერო ხარისხისა და წოდების მქონე პირები, რომლებსაც ამავე დროს აქვთ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება.

ამასთან, ხაზი გაუსვა განსახილველი თემატიკის აქტუალობასა და მნიშვნელობას კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა  საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელმაც  დადებითად შეაფასა ახლად დაარსებული აკადემიის საქმიანობა, აღნიშნა, რომ  აკადემიას ნამდვილად შესწევს უნარი გარკვეული წვლილი შეიტანოს საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობაში. განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა აკადემიის მიერ საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „იურისტი“ -ს დაფუძნებას და მისი პირველი ნომრის გამოცემას დადებითად შეაფასა ჟურნალში განთავსებული სტატიები, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიისა და ნინო გოგნიაშვილის წიგნზე “კრიმინალისტიკა“ კრიტიკული რეცენზიის დროულ და დასაბუთებულ გამოქვეყნებაზე. აგრეთვე, სტუდენტთა დასახმარებლად პროფესორ შოთა ფაფიაშვილის საინტერესო ლექციაზე. მისი აზრით, აკადემიის საქმიანობა ჟურნალში კარგად არის გაშუქებული და მჯერა, რომ აკადემის წევრთა ძალისხმევა უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლის მეცნიერბისა და პრაქტიკის განვითარებას.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა აფხაზეთის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე და აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი იგორ კოპალიანი, რომლებმაც გამოთქვეს სრული მზადყოფნა, ითანამშრომლონ იურიდიული მეცნიერების აკადემიასთან, რაც მათი აზრით, დიდად შეუწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერმა იურიდიულ  და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა,  გენერალ ლეიტენანტმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე, “აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს სახელმწიფოში“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტთა დარეგულირებაში. ამასთანავე, ხაზი გაუსვა სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას. შეეხო რა დღევანდელ სიტუაციას ცხინვალსა და სოხუმში აღნიშნა, რომ თავიდანვე მოხდა კონფლიქტის ეთნიზირება, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ მას უფრო პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე-ეთნიკური, რადგან აღნიშნულით პოლიტიკური ძალები იყვნენ დაინტერესებულნი. დასასრულს, ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მოგვარების მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე.

მოხსენების შემდეგ გაიმართა ცხარე კამათი. თემის ირგვლივ დაისვა მრავალი შეკითხვა, გამოითქვა მოსაზრებები და კამათში აქტიურად ჩაება კონფერენციის ყველა მონაწილე, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე მოხსენებით თემაზე: „კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ერთი საკითხის შესახებ“ წარდგა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ზაურ ჯინჯოლავა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის შემდგომი სრულყოფის საკითხებზე. აღნიშნა, რომ პარლამენტი იღებს არა კანონპროექტს, არამედ კანონს. ეს საკითხი მან არაერთხელ დასვა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, მაგრამ დღემდე საუბარია კვლავ არა კანონზე, არამედ კანონპროექტზე. რაც მისი აზრით, არასწორია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი კატეგორიული მოსაზრება.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა გურამ ნაჭყებიამ, რომან შენგელიამ, ავთანდილ ხაზალიამ და მიხეილ მამნიაშვილმა.

„საქართველოში ნარკომანიისა და ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკის შედარებითი ანალიზი“- მოხსენებით გამოვიდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებზე. წარმოადგინა სურათი თუ რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს ნარკოტიკების ლეგალიზებამ. „ჩვენ არ გვაქვს წინასწარ განსაზღვრული რეცეპტები“- განაცხადა მან. საჭიროა შემუშავდეს სიცოცხლისუნარიანი რეკომენდაციები. აღნიშნული საკითხისადმი მიდგომა უნდა იყოს პრაგმატული. მომხსენებლის მიმართ კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან  ადგილი ჰქონდა  კრიტიკულ შეკითხვებს და წინააღმდეგობრივი შეხედულებების ჩამოყალიბებას.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა დურმიშხან ჩიტაშვილმა ისაუბრა მეცნიერთა როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში და ამ მიმართებით წამოაყენა კონკრეტული  წინადადებები.

დასასრულს, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა შეაჯამა კონფერენციის მუშაობის შედეგები. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფოს სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას კონფლიქტების დარეგულირების, საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფისა და ნარკომანიასთან ბრძოლის გაძლიერების საქმეში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply