უშენობის ორმოცი დღე…

დრო ჩქარი ტემპით მიდის, დროში განფენილი ტკივილი კი არ გვავიწყდება, არადა ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, რაღაც არ გვჯერა, ან კი როგორ უნდა დაგვავიწყდეს სახელოვანი ქართველი მეცნიერის, იურისტის, ბატონ გურამ ნაჭყებიას გარდაცვალება. ულმობელმა დრომ თქვენი მეორმოცე დღეც გაგვითენა. პატიოსნების ეტალონად მიიჩნევდნენ, მაგრამ მაინც სხვაგვარი დავინახეთ როცა მის პატარა, მყუდრო ბინაში გამოსათხოვრად მივედით. მართლაც როგორ პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ცხოვრობდა ლამაზად, შინაარსაიანად! შთამბეჭდავად! დააფასეს და მოუწყევს საოცარი გაცილება, იყო ნელი სვლა საბურთალოს სასაფლაოსკენ. სინდისს, პატიოსნებას, ქართული მეცნიერების ღირსებას და ნამუსს სევდით მიყვებოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულნი… იშვიათად მინახავს ისეთი მწარე გამოთხოვების ცერემონიალი, საყოველთაო აღიარება და ამდენი გულწრფელი ცრემლი, როგორიც ახლდა ბატონი გურამ ნაჭყებიას უკანასკნელ გზაზე გაცილებას. მას ღირსეულად მიაგეს პატივი კოლეგებმა, მთავრობამ და ხალხმა. მორიდებული, მოწამეობრივი სიცოცხლით იცხოვრა ამ განათლებულმა კაცმა. მთლიანად დაიხარჯა მშობლიური ქვეყნისათვის, თავისი საქმისათვის. თავის ოჯახს და ახლობლებს დაუტოვა დიდი ავტორიტეტი და ტკივილი. მატერიალური კი არაფერი, მის პიროვნებაში მუდამ სულიერება სჭარბობდა მატერიალურს.

არიან ადამიანები რომლებიც ჯერ სამყაროს უკვდებიან და მერე საკუთარ თავს, გურამ ნაჭყებია ერთ-ერთი იყო მათ შორის, კაცი აუწონავი ღიმილით, სავსე, იმედიანი კაცი, მის გვერდით ყოველთვის სხვა იყო დედამიწა, უღალატო, ძლიერი, კეთილი, მუდამ მომღიმარი და მაინც ღრმად სევდიანი, ფარულად რომ ილანდებოდა მის თბილ თვალებში.. რა იყო ეს სედვა, ადამიანად ყოფნისა თუ არყოფნის სევდა. უფრო ალბათ სევდა და ტვირთი იყო ადამიანად ყოფნისა… ადამიანობისა რაზეც უარი არასდროს უთქვამს და ბოლომდე კაცად, ადამიანად დარჩა… ის უკვე აღარ არის… ბატონი გურამის თბილი ღიმილით აღარ აივსება არც თბილისის ხმაურიანი ქუჩები, არც მეგობრების ერთგული გარემო და არც ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კედლები, ასე რუდუნებითა და სიყვარულით რომ ეფერებოდა, სადაც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იყო მოსული, სტატია მოიტანა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „იურისტ“-ში გამოსაქვეყნებლად, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი აღმოჩნდა..

ყოველთვის აღელვებდა საზოგადოება და საქვეყნო სატკივარი, მუდამ იქ იყო სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა. იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ნაღდი კაცი, ასე მოგმართავდნენ მეგობრები და ეს გიხაროდა…. ჩვენც შემოგხაროდით, ახლა კი… შენი საფლავი გახდა ჩვენი შეხვედრის ადგილი.. ჩვენო მეგობარო არასოდეს მიეცემი დავიწყებას სანამ თქვენი მეგობრები, თქვენი აღზრდილი ახალგაზრდები ამქვეყნად დადიან… შენ იყავი სულგრძელი, ყველას შემწყნარებელი და მიმტევებელი. მტრობა, ჯავრი, შურისძიება შორს იყო შენგან.

სიხარულს ვერ მალავდი, როდესაც ამა წლის 31 მარტს, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მე-6 სართულზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას აუდიტორია გაიხსნა, სიტყვითაც გამოხვედი, ლექსიც კი მიუძღვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ამავე აუდიტორიაში ლითონის ფირფიტაზე ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელები. მათ შორის პირველ ადგილს იკავებს გურამ ნაჭყებია. დღეს ამ წარწერას ტკივილი მოაქვს, თითქოს მასში თავმყორილია სიკვდილის ფასიც, ტკივილიც, გარდაუვალობაც, ეს წარწერა მუდამ შეგვახსენებს რომ ჩვენმა ფაკულტეტმა დაკარგა ძალა, იმედი, სიკეთე და რაც მთავარია გულიანი და კარგი კაცი, რომლისთვის ადამიანად ყოფნა ბოლომდე უფრო დიდ სევდად დარჩა, ვიდრე არ ყოფნა.

რა დასანანია, რომ ყოველივე ამას წარსული დროის ელფერი დაჰკრავს, მომავალში კი საიმედოდ რჩება თქვენი ბრძნული რჩევა-დარიგება, არაერთი სახელმძღვანელო, იურიდიულ ლიტერატურაში გამოქვეყნებული უამრავი სტატია თუ ესსე.

„ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს ოდესმე ის შეწყდებაო“ ფრანც კაფკა წერდა, თუმცა მთავარია არა ის, რომ ცხოვრება ზოგადად წყდება, არამედ ის თუ ვისი სიცოცხლე სრულდება, ბატონი გურამის სიკვდილი ვერასოდეს ასოცირდება ცხოვრების აზრთან, რადგან ის ჩვენ აქ დარჩენილებს მოგვიკვდა, ჩვენ დაგვაკლდა, ჩვენ წაგვერთვა, ერთ-ერთი უშვიათესად კეთილშობილი კაცი ამ ცივსა და მიუსაფარ სამყაროში.  სწორედაც შენზე შეიძლება ითქვას, რომ მიაღწიე მეცნიერების მნიშვნელოვან მწვერვალებს, ბოლომდე დაიხარჯე ყველასათვის და ყველაფრისათვის.

შენ განვლე შენი ცხოვრების გზა, აღბეჭდე ნავალი და არაფერი შეედრება იმ ხელთუქმნელ ძეგლს, რომელიც შენ დაგვიტოვე ყველას შენს მიერ გავლილ გზაზე. წარუშლელი იქნება შენთან ერთად გატარებული წლები,  უშენობის ორმოცი დღე ცრემლიანი და ტკივილიანი იყო შენი დიდი სამეგობროსთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ამაყი სული,  ჩვენო მეგობარო…

 

ირაკლი გაბისონია, ჯემალ გახოკიძე, შოთა ფაფიაშვილი, რომან შენგელია, ლევან იზორია, ნუკრი გელაშვილი, ივანე ჯაგოდნიშვილი, ჯემალ გაბელია, იგორ კვესელავა, მალხაზ ბაძაღუა, ქეთი ქოქრაშვილი, ქეთი ჯინჭარაძე, ნონა თოდუა, ირინა აქუბარდია, ზაზა რუხაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, მიხეილ მამნიაშვილი, ავთო ხაზალია, ვეფხვია გვარამია, გიმზერ ალანია, ვაჟა აბაკელია, ციალა გლოველი, კარლო ბზიშვილი, ალექსანდრე ტალიაშვილი, გიორგი გორაძე, დავით სოლომნიშვილი.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply