ფაკულტეტის სამი წლის იუბილესადმი მიძღვნილი  ღონისძიება

 

2019  წლის 25 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 3 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, გერმანიის მაქს პლანკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი,  პროფესორი ზვიად გაბისონია, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი,  პროფესორი დიმიტრი გეგენავა, ფაკულტეტის  საბჭოს წევრები და სხვა.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონია, რომელმაც მიუცოლა ყველას იუბილე და 3 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო დამსწრე საზოგადოებას.  ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე. მოეწყო პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების  გამოფენა,  სტუმრებს წარედგინათ ყველა ის ნაშრომი, რომელიც სამეცნიერო საქმიანობის შედეგად ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ავტორობით ფაკულტეტის დაფინანსებით გამოიცა. ყურადღება გამახვილდა რამდენიმე ახლადგამოცემულ ნაშრომზე, კერძოდ: ს. ხიზანშვილის, ი. გაბისონიას, ა. ტალიაშვილის ავტორობით გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „სამართლიანობა, პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“. დეკანმა ასევე აღნიშნა,  რომ „ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტურ ცხოვრებაში და მათ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, მოდელირებებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვა პროექტებში. სტუდენტთა ჯგუფები ფაკულტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის,  „პოლიტიკა სამსჯავროს“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა ისაუბრა პროექტის შესახებ. ფაკულტეტის საბჭომ მხარი დაუჭირა დეკანის ინიციატივას  საზეიმოდ დაწესებულიყო პროფესორ ზიგფრიდ ლამიხის სახელობის სტიპენდია, რომელიც გადაეცემა ფაკულტეტის საუკეთესო სამართლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს.

ღონისძიებაზე დაჯილდოვნენ ფაკულტეტის საბჭოს მიერ გამოვლენილი 4 სამაგისტრო ნაშრომის ავტორები: ლარისა ლიპარტელიანი, ზურა გოგშელიძე, ნიკოლოზ გურეშიძე, თამარ ბარამია, რომლებსაც გადაეცათ ფაკულტეტის დაფინანსებით გამოცემული ნაშრომები და სიგელები.

შეხვედრაზე  ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის, რომელიც ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს.

 

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply