2017 წლის 5-10 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ტარდება მეორე შუალედური გამოცდები. აღნიშნული პროცესი მეტად გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანია. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილების თანახმად, შექმნილია დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად მკაცრად გამოცდების ჩატარებას, ამავე დროს, სრულიად არის დაცული ყველა სტუდენტის უფლება.
აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ სტუდენტმა შეძლოს მშვიდ გარემოში, თანაბარ პირობებში დაწეროს საგამოცდო საკითხი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას და ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტზე დამტკიცებულია გამოცდის მსვლელობისას სტუდენტთა ქცევის წესები:
1. სტუდენტი ვალდებულია ცხრილში მითითებული განრიგის მიხედვით, გამოცხადდეს საგამოცდო ოთახში. დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. სტუდენტის დაგვიანების ფაქტი ფიქსირდება სტუდენტის მიერ საგამოცდო წესების დარღვევის უწყისში;
2. სტუდენტი ვალდებულია, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან /და სტუდენტის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
3. აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა;
4. წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, გამოცდის დაწყების შემდეგ ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან, გადალაპარაკებისა და გადაწერის მცდელობის დაფიქსირებისთანავე სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან;
5. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აკრძალულია აუდიტორიიდან გასვლა წერის სრულად დამთავრებამდე;
6. საგამოცდო წესების დამრღვევი სტუდნეტისათვის გამოცხადებული თითოეული ზეპირი გაფრთხილება ფორმდება საგამოცდო წესების დარღვევის შესაბამის უწყისში, ხოლო სტუდენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება შესაბამისი ოქმით.
მკაცრი წესების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას პრეტენზია, დამკვირვებლის, საგამოცდო საკითხის და გამოცდის მსვლელობის მიმართ, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტის საჩივარს განიხილავს შესაბამისი საგამოცდო კომისია და გამოიტანს გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სტუდენტს მიეცემა შესაძლობლობა დამატებით დაწეროს გამოცდა.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას დამოკიდებულება მკაფიო და ცალსახაა. დაცული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების უფლებები. აუცილებელია ყველა სტუდენტი იმყოფებოდეს თანაბარ და სამართლიან გარემოში. ლექტორის შეფასება პირდაპირპროპორციული უნდა იყოს სტუდენტის ნაშრომისა.
Monthly Archives: June 2017
აკადემიკოს რევაზ მიშველაძის წიგნის „სჯანი კულტურასა და პოლიტიკაზე“ და სამეცნიერო ნაშრომთა ოცდახუთტომეულის პრეზენტაცია
2017 წლის 2 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ნობელის პრემიის დომინანტთან, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან, რუსთაველის პრემიის ლაურეატთან, აკადემიკოს რევაზ მიშველაძესთან, მისი ახალი წიგნის „სჯანი კულტურასა და პოლიტიკაზე“ და სამეცნიერო ნაშრომთა ოცდახუთტომეულის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.
პრეზენტაცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონამ, რომელმაც რევაზ მიშველაძე დაასახელა, როგორც ცოცხალი ლეგენდა, იგი სტუ-ს კულტუროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ. პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ სიტყვა გადასცა რევაზ მიშველაძეს, რომელმაც უდიდესი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ასეთი დაინტერესებისათვის. მან მცირედ მოახსენა მისი მიღწევების შესახებ. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოახერხა ოცდახუთტომეული სახელმძღვანელოს გამოცემა.
სიტყვა გადაეცა სტუ-ს სპიკერს, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს, რომელმაც მადლობა გადაუხადა რევაზ მიშველაძეს მისი შემოქმედებისა და ღვაწლისათვის. მან აღნიშნა, რომ ბევრი რამ წაუკითხავს მისი ნაშრომებიდან და ვერ დამალა კმაყოფილება თითოეულზე. სიტყვის დასასრულს მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ბატონი რევაზ მიშველაძე არის პასუხისმგებლობითა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე პიროვნება.
სიტყვით გამოვიდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი იგორ კვესელავა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რევაზ მიშველაძის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე. გაიხსენა უნივერსიტეტის პერიოდი. აღნიშნა, მისი წვლილი ვეფხისტყაოსნის გადაწერის საქმეში.
ცნობილი მეცნიერი, პროფესორი სოსო სიგუა გამოვიდა სიტყვით და რევაზ მიშველაძეს შემოქმედებითი გმირი უწოდა, ისაუბრა მის მიერ შექმნილ ნოველებზე და განსაკუთრებით გამოყო ბოლო წლებში გამოცემული რამდენიმე მათგანი. ყურადღებაა გაამახვილა ნაშრომზე „ციყვი ბორბალში“ , რომელიც ამ ეტაპზე წარდგენილია ნობელის პრემიაზე. დასასრულს რევაზ მიშველაძის ახლებული სიუჟეტები და ეროვნული სულისკვეთება შეაქო.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, პროფესორმა ვაჟა აბაკელიამ ავტორი შეაფასა, როგორც ცოცხალი კლასიკოსი, პიროვნება რომელსაც ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება გააჩნია და მის მიერ არჩეული ლიტერატურული ჟანრი და წერის სტილი შეადარა მსოფლიოში ცნობილი მწერალის ჩეხოვის ხელწერას.
ავტორს კიდევ ერთი ნაშრომის გამოცემა მიულოცეს მურმან თავდიშვილმა, ავთანდილ სონღულაშვილმა, ასევემ მისმა სტუდენტმა გვანცა წახნაგიამ, დეტალურად გააცნო საზოგადოებას ავტორის ბიოგრაფია, შეეხო მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს, მადლობა გადაუხადა სტუ-ს რომ მისცა საშუალება მსგავსი ლექტორისგან მიეღო დაუვიწყარი გამოცდილება, როგორც პროფესიული , ასევე ცხოვრებისეული თვალსაზრისით.
რევაზ მიშველაძემ ყურადღება გაამახვილა ახლად შექმნილი ფაკულტეტის წინსვლაზე, გადადგმულ ნაბიჯებსა და სამეცნიერო კუთხით დაგეგმილ თუ ჩატარებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, კულტუროლოგიის კვლევითი ცენტრის შექმნის მნიშვნელობა გააცნო სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
უდიდესი მადლობა გადაუხადა სტუ-ს რექტორს არჩილ ფრანგიშვილს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს იგორ კვესელავას, ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს პროფესორ ჯემალ გაბელიას, სიტყვით გამომსვლელებსა და დამსწრე საზოგადოებას, რომლებსაც ავტორმა უსახსოვრა ოცდახუთტომეული.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქ. ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2017 წლის 20-22 მაისს უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია იმყოფებოდა. იგი მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე მისი ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აღნიშნულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. მიღწეულ იქნა შეთანხმება იურიდიულ ფაკულტეტსა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტს შორის მჭირდო თანამშრომლობის თაობაზე და დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო სასწავლო ღონისძიებები.
თანამშრომლობის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოხდება უახლესი თანამედროვე, მაღალი დონის კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოს შექმნა უკრაინელი კოლეგების მონაწილეობით. ასევე, დაგეგმილია ქართულ იურიდიულ სივრცეში შემოტანილ იქნეს უახლესი კრიმინოლოგიური დარგის „საკრალური კრიმინოლოგიის სწავლება“. შესაბამისი სილაბუსისა და სახელმღვანელოს შექმნა ამ საგანში უკრაინელ პროფესორებთან ერთად დასრულებულია. მივლინების ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია გაეცნო აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, კონსტიტუციური, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის კათედრების მუშაობის სპეციფიკას.
უკრაინის ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ვალენტინა ზაიცევამ გამოთქვა სურვილი, მიხეილ გაბუნიამ წაუკითხოს აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს 1 თვიანი სალექციო კურსი ქართული კრიმინოლოგიის მიღწევების შესახებ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ხელმძღანელობასთან შეთანხმებით.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას და ასოცირებული პროფესორის მიხეილ გაბუნიას მიერ მომზადებული სამეცნიერო სტატია „კრიმინოლოგიური შეხედულებანი სამართალსა და სამართლიანობაზე“ გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა კრებულში.
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლოდ დაგეგმილია უკრაინელ პროფესორთა ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას შეხედულებით აღნიშნული მემორანდუმი მისცემს სტუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამატებით შესაძლებლობებს, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით.
ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.