სტატუსის  აღდგენის ან/და დამატებით სემესტრში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

 სტუდენტის სტატუსშეჩერებულ ან/და დამატებით სემესტრში/სემესტრებში სწავლის გაგრძელების მსურველ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტს განცხადებით (911ა ოთახი) და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. სტატუსის შეჩერების ბრძანების ქსეროასლი (დეკანატი 902ა ოთახი)
  2. აკადემიური მოსწრების ბარათი(დეკანატი 902ა ოთახი)
  3. ანგარიშის ამონაწერი ბუღალტერიიდან (ადმინისტრაციული კორპუსის 210 ოთახი)
  4. სწავლების საფასურის ¼ (562,50 ლარი) გადახდის ქვითარი
  5. განცხადება (911ა ოთახი)

სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი  პოლიციის აკადემიაში  

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული-პროფესორის ნინო გოგნიაშვილის ორგანიზებით მესამე კურსის სტუდენტები სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შემეცნებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, კერძოდ, შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიასა და პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებზე.

აკადემიაში ვიზიტისას სტუდენტები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკასა და ძირითად პრინციპებს გაეცნენ და მოისმინეს მათთვის საინტერესო საკითხები.

სტუდენტებმა დაათვალიერეს  აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები .

სტუდენტების ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა  პოლიცის აკადემიის საქმიანობის ადგილზე გაცნობას და სამართლებრივი კულტურის ამაღლებას

 

 

 

სტუდენტური ვორქშოფი  თემაზე: „დისკრიმინაცია“ ჩატარდა

2018 წლის 9 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა სტუდენტური ვორქშოფი თემაზე: „დისკრიმინაცია“

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა მაია ყიფიანმა, ხოლო სტუდენტებს მოწვეული სტუმრები წარუდგინა სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ციალა გლოველმა.

სტუდენტურ ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მრჩეველი დევნილთა უფლებებში მერი კოჭლამაზაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და ვორქშოფის ორგანიზატორებს მოწვევისათვის.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პროფესორებმა მაია ყიფიანმა და ციალა გლოველმა ასევე, სტუდენტებმა: ანა ტაკაშვილმა, თორნიკე კაპანაძემ და თომა ხაბეიშვილმა.

ვორქშოფში მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სამართლის სპეციალობის 23 სტუდენტი,  რომლებმაც პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს შემდეგი თემები: „ადრეული და იძულებითი ქორწინება“, „ბულინგი“, „გენდერული დისკრიმინაცია“, „სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია“, „პატიმრების დისკრიმინაცია“, „გენდერული დისკრიმინაცია შრომით უფლებებში“, „სსმ პირების დისკრიმინაცია“, „რელიგიური დისკრიმინაცია“, „რელიგიური უმცირესობები“, „ეიჯიზმი“, „დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით“, „ბავშვთა დისკრიმინაცია“, „მტკიცების ტვირთის სტანდარტი დისკრიმინაციის საქმეებზე“ და „რასობრივი დისკრიმინაცია“.

სტუდენტური ვორქშოფის დასასრულს წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სტუდენტებმა ამომწურავად უპასუხეს შეკითხვებს, დაისახეს სამომავლო გეგმები და წარმოადგინეს საკუთარი რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებმა  მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები, მადლობა გადაუხადეს მსგავსი ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვეს თითოეულ მათგანს.

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდება  

 

 2018  წლის 10 თებერვალს 14:00საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძე

 

 

წიგნის „International Law and International Relations“ თარგმნა და გამოცემა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობასთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს მიეცა უფლება კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნის (Beth A. Simmons, Richard H. Steinberg, International Law and International Relations) თარგმნასა და გამოცემაზე. ზემოაღნიშნული წიგნი შეირჩა ფაკულტეტის ორივე მიმართულების გათვალისწინებით, რადგან მასში განხილულია როგორც საერთაშორისო სამართლის აქტუალური პრობლემები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე ტენდენციები.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი (მარიამ ჯიქია, მაია გამსახურდია, იგორ კვესელავა, ქეთევან ჯინჭარაძე და მაია ამირგულაშვილი), რომელიც უზრუნველყოფს წიგნის თარგმნასა და რედაქტირებას. პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 9 თვით (2017 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 ივნისამდე).
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 39100 ლარს და მისი დაფინანსება ხდება სამათლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკუტლეტის ბიუჯეტიდან.

პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია

2018წლის 5 თებერვალს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით   საჯარო სამართლის ლაბორატორიაში     აფხაზეთის მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, საერთაშორისო სამართლის დოქტორმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით გეფერიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – “თანამედროვე საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალური პრობლემები“.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარუდგინა სტუდენტებს მოწვეული პროფესორი დავით გეფერიძე და ხაზი გაუსვა ფაკულტეტის მიზანს გაუწიოს პოპულარიზაცია საერთაშორისო საჰაერო სამართლის სწავლებას.

პროფესორი დავით გეფერიძე მოხსენებისას შეეხო ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა: თანამედროვე საერთაშორისო საჰაერო სამართლის ცნების და არსის განსაზღვრის პრობლემები, საერთაშორისო საჰაერო სამართლის წყაროები, პრინციპები და სამართლებრივი რეჟიმი. ხაზი გაუსვა საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების საშუალებებსა და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების საქმიანობას.

პრეზენტაციის შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს  საერთაშორისო საჰაერო სამართალში პასუხისმგებლობის საკითხზე და სხვა აქტუალურ პრობლემებზე.  აღნიშნული საჯარო ლექცია შედგა და იგი საინტერესო აღმოჩნდა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სამართლის მიმართულების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

საჯარო ლექციას ესწრებოდა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,  სამართლის დოქტორი, პროფესორი ავთანდილ ხაზალია, რომელიც მიესალმა სტუდენტებს და   ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე და მის მნიშვნელობაზე. მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას ბატონ ირაკლი გაბისონიას და ბატონ ჯემალ გაბელიას სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის.

მოწვეულმა პროფესორმა დავით გეფერიძემ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სახელმძღვანელო „საერთაშორისო საჰაერო სამართალი“

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ფარგლებში ნოტარიუსებთან შეხვედრა გაიმართა

 

2018  წლის 3 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტშეხვდი დამსაქმებელსფარგლებში  ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორმასწავლებლებს შეხვდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები: მეგი მაღალდაძე და მანანა გოგაშვილი, ქ. თბილისის ნოტარიუსები დავით ოყროშიძე, ოთარ გოლოძე, ლალი ჯანუყაშვილი და თამილა გოგატიშვილი.

შეხვედრა  გახსნა და სტუმრებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც გააცნო სტუმრებს პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნოტარიუსტთა პალატის საქმიანობაზე.

დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი, ახალგაზრდა ნოტარიუსი მანანა გოგაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ნოტარიუსტთა პალატაში განხორციელებულ რეფორმებზე, სანოტარო მედიაციასა და სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის თაობაზე.

ნოტარიუსებმა: დავით ოყროშიძემ, ოთარ გოლოძემ, ლალი ჯანუყაშვილმა და თამილა გოგატიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილეს სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე,  სამემკვიდრეო საქმეებზე და საქორწინო ხელშეკრულებებზე.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამართლის  საბაკალავრო, სამაგისტრო სასწავლოპროგრამების, სილაბუსების მოდიფიკაციასთან  დაკავშირებით, ნოტარიუსებმა გამოთქვეს რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.

საქართველოს ნოტარიუსტთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანმა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს საჩუქრად გადასცა უახლესი იურიდიული ლიტერატურა.

ფაკულტეტის სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები ნოტარიუსებს, გამოთქვეს სურვილი ნოტარიუსობის და მოისმინეს უშუალო რჩევები მათგან.

შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ.