მაგისტრატურის სტუდენტი გიორგი მექვაბიძე

 გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ გიორგი მექვაბიძეს,    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტს

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?
  • მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი მექვაბიძე, 2012-2016 წლებში ვსწავლობდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. 2016 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, სისხლის სამართლის სპეციალობით.
  1. როგორი იყო თქვენი ბაკალავრობის პერიოდი, გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

სტუდენტობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. მივიღე დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა,  წარჩინებით დავამთავრე ბაკალავრი, ვიყავი სტიპენდიანტიც. სტუდენტურ ცხოვრებაში თავიდანვე აქტიურად ჩავერთე, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ტრენინგებსა და პროექტებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და იმიტირებულ პროცესებში, განსაკუთრებით გამოვყოფ არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის იმიტირებულ პროცესს.

სტუდენტური პროექტის “Start Living Healthier-ის” ფარგლებში ლიტვის ქალაქ კაუნასში ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, უცხოენოვანი პროექტები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ენობრივი რესურსის ჩამოყალიბებაში, სწორედ ამ მხრივ იყო ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეული.

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებ რა გვეტყვით?

ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა დაიწყო ახალგაზრდა კრიმინოლოგთა  ჯგუფში, სადაც მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 2015 წლის მაისში სტაჟირება დავიწყე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამის შემდგომ რამდენიმე თვით ვიმუშავე კანცელარიაში.  2016 წლის ოქტომბრიდან ვმუშაობდი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ვმუშაობდი ჯერ მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ -ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში. ახლახან კი დავინიშნე ისანი-სამგორის რაიონის სტაჟიორ-პროკურორად.

  1. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

რა თქმა უნდა, ფაკულტეტმა დიდი როლი ითამაშა. მივიღე თეორიული ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში წარმატებით ვიყენებ. გავიცანი ბევრი წარმატებული იურისტი და შევიძინე ახალი მეგობრები. მინდა აღვნიშნო, რომ აბიტურიენტობის პერიოდში არცერთი წამით არ მიყოყმანია, ვიცოდი რომ ეს იყო საქმე, რომელსაც მთელი სულით და გულით მოვეკიდებოდი. ამან განაპირობა ჩემი შემდგომი წარმატებები. ჯერ ის ფაკულტეტი უნდა გიყვარდეს სადაც სწავლობ, რომ შეიყვარო ის პროფესია, რომელიც მომავალში შენს სამსახურად იქცევა.

 

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებთან შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. წარმატებულმა ამერიკელმა იურისტებმა საკმაოდ კარგი რჩევები მოგვცეს და საკუთარი გამოცდილებები გაგვიზიარეს სტუდენტებს.

  1. რატომ აირჩიეთ სტუ?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი, ამასთანავე, ჩემი მეგობრებიდან ვისაც კი ჰქონია შეხება სტუ-სთან ყველამ დადებითად შეაფასა ფაკულტეტი და ლექტორები, რამაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა ჩემი არჩევნის ჩამოყალიბებაში. სამართლისა და საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტი საკმაოდ აქტიურად ცდილობს სტუდენტებს მიაწოდოს არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ დაეხმაროს მათ შეხვდნენ დამსაქმებლებს.

  1. როგორც ვიცით, ერთი წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ჩემი აზრით, უფრო  განვითარდა ფაკულტეტი და გამოცოცხლდა სტუდენტური ცხოვრება. ბევრი კარგი, სტუდენტებზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდა, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენთვის.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

მიმაჩნია რომ თეორიულ ცოდნას ერთიორად განამტკიცებს პრაქტიკა. საჭიროა მეტი პრაქტიკული კურსის, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციებში სტაჟირებების გავლის, შეტანა სასწავლო გეგმაში.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

ბატონ ირაკლის პირველ რიგში მადლობას ვუხდი ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ვურჩევ, რომ არ დაკმაყოფილდეს მიღწეული შედეგით და მუდამ იბრძოლოს უნივერსიტეტის უფრო განვითარებისათვის და მაქსიმალურად გაიზიაროს ის გამორჩეულად საინტერესო და კარგი იდეები, რომლებსაც სტუდენტები სთავაზობენ.

  1. რითი ხართ დაკავებული?

 

ამჟამად ჩემი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურს ვუთმობ, პროკურორობა ისეთი ადვილი არ არის, როგორიც გარედან ჩანს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო სახელმწიფო ბრალმდებელი და წარმოადგენდე თითოეულ მოქალაქეს. საღამოს საათებში კი უნივერსიტეტში მაგისტრატურის ლექცია-სემინარებზე დავდივარ. თავისუფალ დროს ვცდილობ მეგობრებთან ერთად ვილაშქრო და საქართველოს ლამაზი მთა-ბარი შემოვიარო, ამაზე კარგი განტვირთვა არაფერია.

  1. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

პირველ რიგში არ უღალატოთ საკუთარ თავს და მერე იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა სათანადო განათლება მოეცათ თქვენთვის. არასდროს დაზოგოთ საკუთარი თავი, შეეცადეთ უფრო მეტი ისწავლოთ, თუმცა როცა სწავლას ვამბობ არ ვგულისხმობ მხოლოდ თეორიულ ცოდნას, ვინაიდან აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც ძალიან წაადგება მათ სტაჟირების გავლისას. შრომისმოყვარე ადამიანები ყოველთვის აღწევენ საწადელს, თუ საკუთარ თავს დააჯერებთ იმაში, რომ შენ შეგიძლია და აუცილებლად გააკეთებ, დამერწმუნეთ ყველაფერი გამოგივათ. არასდროს დანებდეთ, რადგან ცხოვრება არის ბრძოლა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყო გამარჯვებული.

 

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply