საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა იწყებს ქართული საუნივერსიტეტო სივრცისთვის უპრეცედენტო სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ შერჩეული კვალიფიციური იურისტები მოქალაქეებს გაუწევენ უფასო კონსულტაციას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, მოამზადებენ სარჩელებს და წარმოადგენენ განმცხადებელთა ინტერესებს ევროპულ სასამართლოში.
სტრატეგიული სამართალწარმოების მიზნებისათვის საქმეთა მოძიება მოხდება პროაქტიულადაც- მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ არასწორი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, რაც ადამიანის უფლებათა სისტემურ და განმეორებით დარღვევებს იწვევს. ეს იქნება ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობა უნივერსიტეტის ბაზაზე თეორიული კურსის პარალელურად დაეუფლონ იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოებისათვის.სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის აღნიშნული პროექტი იქნება სავალდებულო, ხოლო პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ჩაერთვებიან პროექტში როგორც დაკვირვებლები.