გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ ანა ცერაძეს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსზე.
მოგესალმებით ანა, გაგვაცანით თქვენი თავი….
მოგესალმებით, მე გახლავართ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტი, ანა ცერაძე. ვსწავლობ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საჯარო მიმართულებაზე. პირველ რიგში, მადლობა მინდა მოგიხადოთ თქვენი რუბრიკის სტუმრად არჩევისათვის, რისი მეშვეობითაც მომეცა საშუალება გავაცნო და გავუზიარო სტუ-ს სტუდენტებს გამოცდილება, რომელიც სწორედ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მივიღე.
- რატომ გადაწყვიტეთ სამართალის სპეციალობაზე ჩაგებარებინათ?
მიუხედავად იმისა, რომ პირველი განათლებით პედაგოგი ვარ და მაქვს საჯარო სკოლაში შვიდწლიანი სამუშაო გამოცდილება, ყოველთვის მინდოდა იურიდიული განათლებაც მქონოდა. 27 წლის ასაკში ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და ჩემი სანუკვარი ოცნება ახდა. უნივერსიტეტში სწავლების დროს მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან სტუ, უპირველეს ყოვლისა, არსებობს სტუდენტებისათვის, აძლევს მას სიღრმისეულ ცოდნას კვალიფიციური ლექტორების მეშვეობით. გარდა ამისა, ფაკულტეტის დეკანი და ადმინისტრაცია მზად არის მოუსმინოს სტუდენტებს, გაიგოს თითოეულის აზრი და გაითვალისწინოს ის.
- როგორია თქვენი სტუდენტური ცხოვრება?
ჩვენს ფაკულტეტზე ხშირად იმართება საჯარო ლექციები, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვესწრები. გამოვყოფდი რამოდენიმე მათგანს, რომლებიც ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო: ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი სტუ-ში, ელიკო-წიკლაური ლამიხის საჯარო ლექცია, ამერიკელი მოსამართლეები სტუმრობა და გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისათვის, საჯარო ლექცია თემაზე: „ფემიციდი- გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა“ და ა.შ. ბაკალავრიატში სწავლების პერიოდში II კურსიდან მოყოლებული-დღემდე ვარ პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი. გავიარე პრაქტიკული კურსი სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკაში, ტრენინგი „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი საშუალებები“. ერთ-ერთ ჩემ წარმატებულ ნაბიჯად მიმაჩნია ესეების კონკურსი „მასწავლებელი კონსტიტუციაზე“, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, სადაც გადმომეცა სერტიფიკატი.
- რას აპირებთ, სწავლის დასრულების შემდგომ?
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, აუცილებლად ვაპირებ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში და ცალსახად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ეს სწორედ სტუ-ს მაგისტრატურის სასწავლო პროგრამა იქნება. ვფიქრობ, არცერთი სხვა უნივერსიტეტი ვერ მომცემს იმაზე მეტს ვიდრე მე დღეს ვღებულობ ამ გარემოში.
- მომავლის პროფესიული ხედვაც გაგვიმხილეთ
სამომავლო გეგმების შესახებ ვიტყვი, რომ მინდა ძველი და ახალი პროფესია ერთმანეთს დავუკავშირო და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა გავაგრძელო, ამისათვის ვიცი, რომ წინ მელოდება გრძელი და რთული გზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავს გავართმევ ყველაფერს, რადგან მხარს მიჭერენ და მამხნევებენ ჩემი უსაყვარლესი სტუ-ს ლექტორები და მადლობას ვუხდი მათ ამისათვის. ჩემი ყოველი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ მათი დამსახურებაა.
- რას უსურვებდით პირველკურსელებს?
მინდა ყველას ვუსურვო წარმატებული სასწავლო წელი და ვუთხრა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია, უფრო მეტიც, ეს აუცილებლობაა -მთავარი მონდომებაა.