ზამთრის სკოლის ფორმატში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

 

2017 წლის 24-27 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის ფარგლებში მესამე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა,  ზამთრის სკოლის მსმენელების მიერ დაკომპლექტდა მოსარჩელე და მოპასუხე მხარეთა გუნდები. მათ  ლექტორის მიერ  გადაეცათ  კაზუსი, რომელიც მხარეებმა მცირე დროის მიუხედავად შეისწავლეს, წარმოადგინეს სარჩელი და გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.

მხარეებმა საკმაოდ დაძაბული პოლემიკისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი,  სამმა მოსამართლემ კი თავის მხრივ დაწერა გადაწყვეტილება და მხარეებს წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამართლის სპეციალობის სტუდენტები ასევე საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალობის სტუდენტები. აღნიშნული ფორმატი  ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა ვინაიდან, მსგავსი სახით გუნდების ჩამოყალიბებამ მეტი შესაძლებლობა მისცა ზამთრის სკოლის მსმენელებს.

პროფესორ ჯემალ გახოკიძის მისალოცი წერილი პატრიარქს

სტუ-ს სენატის სპიკერმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ ჯემალ გახოკიძემ  უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის შესრულებასთან დაკავშირებით  მისალოცი წერილი ინტერნეტ-სივრცეში გამოაქვეყნა სახელწოდებით „ერის სულიერი წინამძღოლი“, რომელსაც უცვლელად  გთავაზობთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ჩვენი ფაკულტეტი სრულიად იზიარებს ამ სიხარულს და უერთდება მილოცვებს.

„ერის სულიერი წინამძღოლი

ხუთი წლის იყო ჩემი შვილიშვილი ლუკა, როცა ჟურნალ ,,თბილისელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე ვინ არის პატრიარქი, განუცხადა _ ,,პატრიარქი ღმერთმა გამოუგზავნა ქართველებსო”. სრული ჭეშმარიტებაა.

1999 წელს რუის-ურბნისობის დღესასწაულზე შევხვდით პატრიარქს მე და ჩემი მეუღლე ციცინო. მოგვეფერა და ბრძანა: თქვენი ტკივილი განუზომელიაო. მეუღლემ ცრემლმორეულმა თქვა: მე ვინა ვარ, თვით დედა ღვთისმშობელს . . ., პარტიარქმა დუმილის შემდეგ ბრძანა: ასეთი რამ ჩემთვის არც ერთ შვილგარდაცვლილ დედას არ უთქვამსო. ჩვენ იქიდან დამშვიდებული წამოვედით. რამდენი ტკივილიანი, მგლოვიარე ადამიანებისთვის მიუცია პატრიარქს ნუგეში და იმედი მომავლისა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი ოჯახიც.

2003 წელს მე და ჩემი მეგობრები ლადო ჭანტურია, ზურაბ აბაშიძე და თემურ გამცემლიძე სტუმრად ვიყავით ქ. მოსკოვში რუსეთის პატრიარქთან ალექსი II-სთან. იგი ავადმყოფობდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც გვიმასპინძლა. საუბრისას ილია II-ის შესახებ ბრძანა: `ის არა მარტო სწავლაში იყო პირველი (მათ ერთად უსწავლიათ), არამედ დღესაც ჩვენ შორის პირველიაო”. ალექსი II-ის ამ სიტყვებმა უდიდესი სიამაყის გრძნობა მოგვანიჭა ყველას.

ჩემი თაობა და მომდევნო თაობები, მიუხედავად განვლილი უმძიმესი, ურთულესი და, შეიძლება ითქვას, ტრაგიზმით აღსავსე პერიოდისა, მაინც ბედნიერია და ამ ბედნიერების შემოქმედი სწორედ საქართველოს პატრიარქია. ჩვენ ვცხოვრობთ ილია II-ის ეპოქაში და მისი ღვაწლის შესაფასებლად არც მემატიანე და არც მეისტორიე გვჭირდება.

ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ხილულია.

თქვენო უწმინდესობავ!
როცა დადგა ჟამი დანგრეული, ხშირ შემთხვევაში, მიწასთან გასწორებული, გაფანტული ეკლესია-მონასტრების თავმოყრის, აღდგენის, აღორძინებისა და ახლის აშენების,
თქვენ ითავეთ ეს საქმე;

თქვენ აუგეთ ქართველ ხალხს წმიდა სამების საკათედრო
ტაძარი _ ქართული მართლმადიდებლობის მარადიულობის, სიძლიერისა და სიამაყის სიმბოლო.

თქვენმა გადაწყვეტილებამ ყოველი ოჯახის მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის შესახებ, ათასობით ოჯახს უბიძგა გამრავლებისაკენ. ამ მოწოდების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასი მრავალშვილიანი ოჯახი შეემატა;

თქვენ აჩუქეთ ხალხს ოცდამეერთე საუკუნის ქართული საოცრება იმედის ხატი _ უბრწყინვალესი ხატქმნილება სამების ტაძართან ერთად;

მალე კიდევ ერთი სასწაულის მომსწრენი გავხდებით, როცა აიგება მახათას მთაზე წმიდა სავანეში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.

მე მომიწია სახელმწიფო უშიშროების მინისტრად მუშაობა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და თანხმობის (ფართო გაგებით) ყველაზე დიდი დარაჯი ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია და მისი მწყემსმთავარი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანდება.

ბრძნულია და ფასდაუდებელი უწმინდესის მიერ გადადგმული ნაბიჯები განდგომილი რეგიონების: აფხაზეთის და ოსეთის მოსაქცევად.

ქრისტიანობა ჩვენთვის არა მარტო სარწმუნოებაა, არამედ ჩვენი მამული, ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია.

სრულიად საქართველოსთან ერთად ჩემი ოჯახი ზეიმობს თქვენს ბერად აღკვეცის, პატრიარქად აღსაყდრების და დაბადების საზეიმო დღეებს.

გისურვებთ! კიდევ მრავალი წელი ისმოდეს თქვენი ლოცვები საქართველოს გაბრწყინებისათვის.

უწმინდესო და უნეტარესო!

ილია ჭავჭავაძე ერის მამაა, თქვენ ერის სულიერი წინამძღოლი ბრძანდებით. თქვენ ლოცავთ მთელ საქართველოს. მთელი საქართველო გლოცავთ თქვენ.

P.შ. ერთ-ერთი ტრაპეზის დროს მომეცა საშუალება ჩვენი პატრიარქისათვის მომეთხრო რუსეთის პეტრიარქის ალექსი II-ის შეფასება მისი პიროვნებისა და სასულიერო აკადემიაში მისი განსაკუთრებული წარმატებების შესახებ. ტრაპეზს ესწრებოდა რამდენიმე სასულიერო პირი და ბატონი ლაშა ჟვანია. შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს პატრიარქი არ მისმენდა. თუმცა, როდესაც დავასრულე ამბავი, მომიტრიალდა პატრიარქი და ღიმილით მითხრა: ,,ალბათ, ალექსი II, როდესაც ჩემს სწავლის ამბავს შეეხო აკადემიაში, გულისხმობდა ბოლოდან პირველ ადგილს“.

უდიდესი მოკრძალებით
ციცინო და ჯემალ გახოკიძეები

 

  ზამთრის სკოლის მეორე დღე

2017 წლის 25 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის მეორე სამუშაო დღე  გაიმართა. თავდაპირველად ზამთრის სკოლის მონაწილეებმა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით აირჩიეს სამი მოსამართლე, რისთვისაც დასჭირდათ არჩევნების ორი ტურის ჩატარება, საბოლოოდ, კი ზამთრის სკოლის მსმენებელმა იმიტირებული სასამართლოს პროცესისთვის აირჩიეს  სტუდენტები : ბაჩო კვირკველია, თორნიკე კაპანაძე და  მაკა ბენაშვილი, რომლებიც მოირგებენ მოსამართლის როლს.

მეორე სესიაზე ზამთრის სკოლის მსმენელებს საჯარო ლექცია ჩაუტარა პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძემ თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სამართალი“.

თავდაპირველად, პროფესორმა გააკეთა ზოგადი მიმოხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი პრაქტიკის შესახებ, ისაუბრა  ხელისუფლების დანაწილების თეორიაზე და მის რეალურ შინაარსზე, ხელისუფლების დანაწილების კუთხით ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის მმართველობის ზოგად მახასიათებლებზე, სახელმწიფოებრივი ფუნქციის როლზე და ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ დილემებზე.

ზოგადი მიმოხილვის შემდგომ პროფესორ ქეთევან ჯინჭარაძემ წარმოადგინა ძირითადი თემა, რომელიც მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი და მნიშვნელობა, გადაწყვეტილებათა აღსრულების მექანიზმის მახასიათებლები,  განცხადებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, მოსამართლე არჩევის ასპექტები, ტერიტორიული იურისდიქცია  და სხვა. განმარტა სუბსიდიურობის პრინციპი და აბსტრაქტული კონტროლის  აკრძალვა.

ზამთრის სკოლის გახსნითი ღონისძიება ბაკურიანში გაიმართა

 

2017 წლის 24 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლის  გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ზამთრის სკოლა თემაზე: „ადამიანის ძირითადი უფლებები და 21-ე საუკუნის გამოწვევები“ იმართება  24-27 დეკემბერს ბაკურიანში.  ზამთრის სკოლა სრულიად დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან.

ღონისძიების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა სტუ-ს გენდერული კვლევითი ცენტრი და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდა იურისტთა კლუბი.

ზამთრის სკოლაში 38 სტუდენტი და 5 პროფესორი იღებს მონაწილეობას, რომლებიც სტუდენტებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან ასპექტებზე ჩაუტარებენ ლექციებს, ასევე სტუდენტები გამართავენ პრეზენტაციას მათთვის საინტერესო თემატიკაზე, დასკვნით დღეს კი გაიმართება იმიტირებული პროცესი ადამიანის უფლებათა  დაცვის სამართალში, სადაც ზამთრის სკოლის მონაწილეები მოირგებენ როგორც მოსარჩელისა და მოპასუხის როლს, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა მანტიებს.  მნიშვნელოვანია რომ ზამთრის სკოლის დღის წესრიგი მოიცავს მრავალფეროვან შესაძლებლობას სტუდენტმა გაიფართოვოს თვალსაწიერი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ახალგაზრდა მეცნიერის სალომე ფიფიას სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში

2017 წლის 1-15 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მოწვევით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი სალომე ფიფია იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით ბელგიაში, ქ. ბრიუსელში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კვლევა ევროკავშირის საბჭოს ბიბლიოთეკასა და კვლევით ცენტრში. კვლევის პროცესში დამუშავებული იქნა ისეთი უნიკალური მასალა (წიგნები, სტატიები, ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტაცია, ანგარიშები და ა.შ), რაც არ არის ხელმისაწვდომი სხვა ბიბლიოთეკებსა თუ ინტერნეტ-სივრცეში. კვლევის შედეგად შექმნილი ანალიტიკური სტატია წარმოადენს სალომე ფიფიას სადისერტაციო  ნაშრომის ერთ-ერთ ღირებულ ნაწილს. ასევე, მნიშვნელოვანია რომ  ამ სტატიის ელექტრონული ვერსია  განთავსდა ევროკავშირის საბჭოს ბიბლიოთეკის რესურს-სივრცეში და ხელმისაწვდომი იქნება სხვა მკვლევარებისთვისაც.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობით და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც დაფინანსდა ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სამეცნიერო კვლევის დაფინანსებას და მათ მხარდაჭერას.

სტუდენტთა ვიზიტი მართლმსაჯულების სასახლეში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ, სადაც მართლმსაჯულების სასახლე დაათვალიერეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლისგან მოისმინეს ისტორიული ფაქტების შესახებ.  სტუდენტებმა მუზეუმში ის ნივთები და ატრიბუტები ნახეს, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.

„მართლმსაჯულების მუზეუმი“ ორი დარბაზისგან შედგება: საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.

სტუდენტების აღფრთოვანება გამოიწვია მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულმა ისტორიულმა „N1 დარბაზ“-მა , სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.

მსგავსი შემეცნებითი ექსკურსიები მომავალშიც განხორციელდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით.

 

სტუდენტთა ლექცია-პრეზენტაცია

2017 წლის 21 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტმა ანა ტაკაშვილმა და მეორე კურსის სტუდენტმა  მარიამ მკლავიშვილმა  ლექტორის პროფესორ ჯემალ გაბელიას ხელმძღვანელობით ჩაატარეს ლექცია-პრეზენტაცია სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში ამავე ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტთათვის.

სტუდენტ-მომხსენებლებმა წარმოადგინეს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, კერძოდ, ქმედების შემადგენლობა. განმარტეს დანაშაულის სისტემა, ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობები. უმოქმედობის მიზეზობრიობა, განზრახვა. მოიშველიეს კაზუსები და დასაბუთებულად უპასუხეს მსმენელთა შეკითხვებს.

ლექციას ესწრებოდა ამავე ფაკულტეტის ასისტენტი სისხლის სამართლის სპეციალისტი ლელა წიკლაური და სხვა სტუდენტები, რომლებმაც აქტიურად დაუსვეს შეკითხვები პრეზენტატორებს, რაზედაც მათი ხელმძღვანელის დახმარებით მიიღეს ამომწურავი პასუხები.

აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს ლექტორის ახალ ინიციატივას, რომელიც მიიღებს მუდმივ სახეს. ყოველივე კი ემსახურება მიზნად, იმას რომ სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძინონ იურისტისთვის საჭირო ნიშან-თვისებები, კერძოდ, აუდიტორიასთან ურთიერთობა, გამოსვლის ხელოვნება, პრეზენტაბელურობა და სხვა.

 

ავთანდილ დემეტრაშვილის საიუბილეო ღონისძიება

2017 წლის 21 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ემერიტუს-პროფესორის ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა, ასევე, გაიმართა მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მიულოცა იუბილე და მადლობა გადაუხადა ავთანდილ დემეტრაშვილს ფაკულტეტზე გაწეული შრომისათვის.

პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილმა დაათვალიერა გამოფენილი ფოტოები და თითოეულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება.

გამოფენის შემდგომ მოეწყო ფილმის ჩვენება.

დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი, რომელზეც იუბილარის საპატივცემლოდ გამოხატული იყო საქართველოს კონსტიტუცია.

 

 

 

ნესტან კირთაძის მეორე საჯარო ლექცია

2017 წლის 20 დეკემბერს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორ ნესტან კირთაძე წაიკითხა საჯარო  ლექცია თემაზე: „საქართველოს გეოპოლიტიკური ალგორითმები“ .

ლექცია გახსნა და სტუმარს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც გაიხსენა პირველი საჯარო ლექცია რომელიც პროფესორმა ნესტან კირთაძემ ჩაატარა და სწორედ იმიტომ რომ სტუდენტები აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩატარდება მეორე საჯარო ლექციაც. აღნული ლექციები მიიღებს ყოველთვიურ სახეს და ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა თვეში ერთხელ დაესწრონ მათთვის ძალზედ საინტერესო პროფესორის ლექციებს.

საჯარო ლექცია მიეძღვნა საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეფასებას, მიმდინარე მოვლენებზე გამახვილდა ყურადღება და ხაზი გაესვა იერუსალიმის ამჟამინდელ მდგომარეობას.

საჯარო ლექციას ასევე ესწრებოდნენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან.