გამოიცა პროფესორ ზურაბ მელქაძის სახელმძღვანელო

2017 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით გამოიცა პროფესორ ზურაბ მელქაძის სახელმძღვანელო: ,,კორუფციული ხასიათის სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების თავისებურებები”.

ნაშრომში განხილულია კორუფციული ხასიათის ყველაზე გავრცელებული დანაშაულების: სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და ქრთამის აღების გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის პროცესში გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების თავისებურებები,ასევე  ნაჩვენებია, რომ მმართველობის სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სახის კორუფციული სამოხელეო დანაშაული უარყოფითად აისახება სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე და რეალურად ემუქრება ქვეყნის ეკონომიკურ საფუძვლებს.. გამოკვლევაში მოცემულია ყველა ის ძირითადი კონცეპტუალური საკითხი, რომელიც განხილულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყებას ახლავს თან. კერძოდ, აღნიშნულ საქმეებზე დასადგენი გარემოებები, ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს სამოხელეო დანაშაულთა გამოვლენას და მისი ჩამდენი პირების მხილებას. ავტორის მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე შემოთავაზებულია გამოძიების სრულყოფისათვის და ერთიანი საგამოძიებო პრაქტიკის დასანერგად აუცილებელი პროცესუალური და ოპერატიული საქმიანობის ორგანიზაციული რეკომენდაციები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და მოადგილის ვიზიტი სტუ-ში.

13 დეკემბერს, ოთხშაბათს 12:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა თავაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი .

 

რა? სად? როდის?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 23 დეკემბერს ფაკულტეტის სტუდენტთათვის გაიმართება ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სწავლების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ამ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe8aHh1EI5TTK8CzuumrZO62S635Lgx25N5JcNIPw2VGT16cw/viewform

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები კრიმინალისტიკის ლაბორატორიას გაეცნენ.

 

 2017 წლის 6 დეკემბერს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ევროპული განათლების აკადემიის კონტრაქტორი საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და შრომის სოციალური ურთიერთობების და ტურიზმის აკადემიის სტუდენტები ესტუმრნენ .  სტუდენტებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში  გაცნობითი შეხვედრა ჩაუტარდათ. მოისმინეს ინფორმაცია კრიმინალისტიკის ლაბორატორიაშია არსებული მოწყობილობების შესახებ,  ლაბორატორიის ფუნქციებსა და მუშაობის მეთოდიკაზე.

სტუ პროფესიული პროგრამის კრიმინალისტიკის ოთხივე საფეხურის კურსდამთავრებულმა სტუდენტმა ლაშა ძაგანიშვილმა პირველკურსელებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა.  გააცნო თითის კვლების აღების მეთოდიკა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.

სტუდენტები  დაინტერსდნენ სისხლის სამართლის მიმართულებით და მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს.

 

კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტის წიგნის პრეზენტაცია რომში.

2017 წლის 5 დეკემბერს იტალიაში, კერძოდ რომის პირველ უნივერსიტეტში მოეწყო ნაშრომის პრეზენტაცია  − ,,ფედერალიზმი, როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი გზა“. წიგნის პრეზენტაციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი იტალიაში, ბატონო კახა სიხარულიძე. ელჩმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებზე და მათი მოგვარების გზებზე.  დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, პროფესორი რობერტო პასკა დი მალიანო, რომელიც გახლავთ რომის ფონდაციონე ლა საპიენცას პრეზიდენტი. ასევე აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს წიგნის თანაავტორებმა, რომინა გურაშმა და ნენო გაბელიამ. ბოლოს შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა გაბრიელ ნატალიციამ, რომელიც არის მკვლევარი რომის “ლინქ ქამფუს” უნივერსიტეტში.

წიგნის ავტორი ნენო გაბელია,  როგორც ექსპერტი  ეწეოდა აქტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტში. ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ჯემალ გახოკიძის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ,,იურისტში“ გამოქვეყნდა გამოხმაურება ზემოთქმული ნაშრომის შესახებ, სადაც მაღალი შეფასება მისცა ავტორისეულ მიგნებებსა და დასკვნებს.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ულოცავს ქალბატონ ნენოს ნაშრომის პრეზენტაციას და უსურვებს წარმატებებს. ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას მომავალში  სამართლისა და პოლიტიკის ინსტიტუტში ერთობლივი თანამშრომლობისათვის.

 

ფაკულტეტზე სადოქტორო თემის წინასწარი დაცვა გაიმართა  

2017 წლის 5 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სადოქტორო ნაშრომთა წინასწარი დაცვა გაიმართა.

შესაბამისი კომისიის წინაშე წარდგა ორი კანდიდატი: იოსებ ბაღათურია და ედიშერ ჯაფარიძე.

პირველმა მომხსენებელმა იოსებ ბაღათურიამ კომისიის წინაშე წარმოადგინა თემა „სააღსრულებო სისტემა საქართველოში“, მან აქტიურად იმსჯელა ისტორიულ-სამართლებრივ ასპექტებზე, მიმოიხილა საზღვარგარეთის ქვეუნებში დამკვიდრებული სტანდარტები და საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინა კომისიის წევრებს. მოხსენების შემდგომ საკუთარი შეხედულება დააფიქსირეს რეცენზენტებმა. ასევე, დაუსვეს კრიტიკული და აქტუალური შეკითხვები წარმოდგენილ საკითხთან მიმართებაში.

მეორე მოხსენება წარმოადგინა ედიშერ ჯაფარიძემ თემაზე: „ქართული ემიგრაცია მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში“,  რომელმაც ძირეულად ისაუბრა ემიგრაციის როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში, მიგრანტთა სოციალურ მდგომარეობაზე და სხვა მნიშვნელოვან რიგ საკითხებზე.

წინასწარი დაცვის დასასრულს ორივე კანდიდატმა დაიმსახურა დადებითი შეფასება და კომისიის წევრებმა ურჩიეს მათ ასეთივე შემართებით გააგრძელონ საკვლევ თემაზე მუშაობა.

 

ნაშრომთა კრებული – საქართველოს კონსტიტუციის თანამედროვე გამოწვევები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ნაშრომთა კრებულში გამოსაქვეყნებლად.

 თემატიკა:

  1. პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებასთან დაკაშირებული აქტუალური საკითხები
  2. მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები
  3. პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციათა გამიჯვნა საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულებით
  4. ტერიტორიული მოწყობის პრობლემა საქართველოს კონსტიტუციაში
  5. ორპალატიანი პარლამენტის მომავალი საქართველოში
  6. მმართველობის ფორმასთან დაკავშირებული საკითხები
  7. ადამიანის ძირითადი უფლებები და კონსტიტუციური ცვლილებები

  ტექნიკური მოთხოვნები სტატიებისათვის

სტატია უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა); იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიით ერთ ეგზემპლარად ქართულ და ინგლისურ ენაზე; აწყობილი უნდა იყოს შრიფტით – Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.), ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 9.

გვერდების რაოდენობა – 10-15 გვერდი.

სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს.

წყაროები ციტირებული უნდა იყოს შემდეგნაირად (ციტირების წესის დაუცველობის შემთხვევაში სტატია ვერ გამოქვეყნდება კრებულში):

ა) წიგნი: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, ნაშრომის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი (მაგ.: ლ. ალექსიძე, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თბ., 2010, 15.);

ბ) საჟურნალო სტატია: ავტორის სახელის ინიციალი და გვარი, სტატიის დასახელება იტალიკით, ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი, გამოცემის წელი, მითითებული გვერდი. მაგ.: ქ. პოლმანი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლევების ზოგიერთი პერსპექტივა, ქართული სამართლის მიმოხილვა, I, 2001, 83;

 წიგნის, ჟურნალის და სტატიის სახელწოდების მითითება ხდება დედნის ენაზე. უცხოენოვანი  წიგნის დასახელება არ ითარგმნება ქართულ ენაზე.

გ) საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გადაწყვეტილებები მიეთითება შემდეგნაირად: საქმის სახელი ქართულ და ორიგინალის ენებზე იტალიკით, გადაწყვეტილების მიღების თარიღი და პუნქტი. მაგ. ბრონდა იტალიის წინააღმდეგ (Bronda v. Italy), 1998 წლის 9 ივნისი, 21-ე პუნქტი;

დ) სასურველია, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული მითითება ინტერნეტ წყაროზე. თუ წყარო, რომელსაც იშველიებს ავტორი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ინტერნეტით, აუცილებელია, მიეთითოს არა სრული ბმული, არამედ ძირითადი გვერდი.

ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 მარტი, 2018 წელი.

ნაშრომის გადმოგზავნა უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: publiclaw@gtu.ge

 აღნიშნული ნაშრომი გაივლის რეცენზირებას; რეცენზენტის დადებითი წერილობითი პასუხის შემდგომ მოხდება აღნიშნული ნაშრომის კრებულში გამოქვეყნება.

 

გიწვევთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „საჯარო სამართლის აქტუალური საკითხები“ – მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი გიწვევთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „საჯარო სამართლის აქტუალური საკითხები“ – მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციის თარიღი: 1 აპრილი, 2018

კონფერენციის ადგილი: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება შემდეგი მიმართულებით:

  1. კონსტიტუციური სამართალი
  2. ადმინისტრაციული სამართალი
  3. საერთაშორისო სამართალი

 

სამუშაო ენა:

  • ქართული
  • ინგლისური

მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
  • მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გამოაგზვანონ სამეცნიერო ნაშრომის თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე. პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შესახებ თითოეულ აპლიკანტს გაეგზავნება წერილობითი დასტური მითითებულ ელ-ფოსტაზე.
  • მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა 2017 წლის 1 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ საკონფერენციო ნაშრომი ქართულ ან  ინგლისურ ენაზე.
  • ერთ სტუდენტს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა.
  • ნაშრომი შეიძლება იყოს შესრულებული ერთი ან ორი ადამიანის მიერ.
  • თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი – Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 9;
  • სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული ყოველი გვერდის ბოლოს;
  • ციტირება უნდა განხორციელდეს მითითების სტანდარტის მიხედვით, რომელიც გაეგზავნება მეორე ეტაპზე გადასულ ყველა მონაწილეს მითითებულ ელ-ფოსტაზე;
  • ინტერვალი – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9

ინფორმაცია მონაწილეებისათვის:

  • კონფერენციის მონაწილება ნაშრომები დაიბეჭდება საკონფერენციო კრებულში;
  • კონფერენციაში მონაწილეებს დაურიგდებათ სერტიფიკატები;

თეზისები და ნაშრომები გადმოგზავნილ იქნეს publiclaw@gtu.ge  მისამართზე.

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი დაშბაში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაზაზე არსებული ეკომოლაშქრეთა კლუბი  დეკანის ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერითა და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის დაფინანსებით ესტუმრა წალკის მუნიციპალიტეტს, რომლის ფარგლებშიც ეკომოლაშქრეებმა მოინახულეს დაშბაში  არსებული ორი სოფელი.

ლაშქრობა იყო შემოქმედებით-შემეცნებითი, სადაც გიდი ეკომოლაშქრეებს აცნობდა ადგილის მნიშვნელობასა და როლს ქართულ კულტურაში. ლაშქრობის ფარგლებში დაასუფთავეს სოფელში არსებული ორივე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები, საკმაოდ ნაყოფიერად დასრულდა კამპანია „ლაშქრობა-დასუფთავებისთვის“.

კლუბის ორგანიზებით ასევე ჩატარდა ფოტოკონკურსი, გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, გაეცნენ ადგილობრივი, მოსახლეობის მდგომარეობას და მათ უიმედობას  თუ სამომავლო პერსპექტივებს. მათი აზრით, „დაიცვა გარემო ეს შინაგანი კულტურის შედეგია, რომელიც გაქვს ან არ გაქვს“ .

და ბოლოს გვაქვს საინტერესო შეოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან, მათ შორის, სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი მემორანდუმს აფორმებს „შპს ეკომოლაშქრეთა კლუბთან“, სადაც აქტიურად ითანამშრომლებენ სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი, ილიაუნისდა თსუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბები, რაც ფართომაშტაბიანი აქტივობების განხორცილებას შეუწყობს ხელს.

სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბი მადლობას უხდის დეკანს ბატონ ირაკლი გაბსონიას თანადგომისთვის, „ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ როგორც ბატონი ირაკლის, ასევე ადმინისტრაციის მხარდაჭერას მსგავსი აქტივობების განხორციელებლად“ განაცხადა კლუბის დამფუძნებელმა ირინა მიქავამ.