შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით

დაინტერესებული ხართ შვედეთში განათლების მიღებით

2017 წლის 16 ნოემბერს, 14:00-ზე შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 101- აუდიტორია (პირველი კორპუსის საკონფერენციო დარბაზი).

შეხვედრის მიზანია სტუდენტებს გააცნოს SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship), ასევე შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები
აღნიშნული სტიპენდიები მოიცავს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორი სწავლებას, შესაბამისად, საინტერესო იქნება როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, ასევე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ

პროექტი ხორციელდება SI-სა და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით

შვედური ინსტიტუტი(SI) არის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო, რომელიც სახალხო დიპლომატიის საშუალებით ხელს უწყობს შვედეთის სახელმწიფოს, მისი ღირებულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას. ამ მიზნით SI მსოფლიოს მასშტაბით არაერთ საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტს აფინანსებს

SI- კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა და მისი მიზანია, შექმნას პლატფორმა, რომელიც შვედური განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. SI-ის მხარდაჭერით 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 
საკონტაქტო პირი: თამარ პაპავაძე, SI- კურსდამთავრებულთა ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი. ელფოსტა: t.papavadze@gmail.com ან ეწვიეთ SI- ვებგვერდს https://si.se/

„პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 112–ე აუდიტორიაში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერილი  პროექტით „პროფესიული ეთიკის განვითარება“ გათვალისწინებული „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია

მონაწილეობა მიიღეს:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

პრეზენტაცია გახსნა და საზოგადოებას მიესალმა მამუკა თავხელიძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“   წარადგინა მალხაზ ბაძაღუამ – პროექტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი

სიტყვით გამოვიდნენ:

გიორგი აბაშიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

ირაკლი გაბისონია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ჟურნალის „კრიმინოლოგი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;

გიორგი ხატიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი;

თემურ ფაჩულია – პროექტის მონაწილე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ვეფხვია გვარამია – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

ლევან ხიტაშვილი – პროექტის ასისტენტი;

გივი ლობჟანიძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიციის თადარიგის გენერალ–მაიორი;

იგორ კვესელავა – საქართველოს პოლიტიკისა და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც პროფესორ მალხაზ ბაძაღუას გადასცა საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის – აკადემიკოსის დიპლომი;

რომან შენგელია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელომწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარი კონსულტანტი, ჟურნალის „კრიმინოლოგი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი;

მანანა ხვედელიძე – დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანადამფუძნებელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, პოლკოვნიკი;

პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ცენტრის გახსნასა და პროექტის განხილვაში მონაწილეობისათვის და საინტერესო მოსაზრებებისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

პროფესორ ვალტერ იეშკეს საჯარო ლექცია

2017 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გერმანელმა პროფესორმა ვალტერ იეშკემ ჩაატარა საჯარო ლექცია.

ვალტერ იეშკე,  გახლავთ კლასიკური გერმანული ფილოსოფიის უბადლო სპეციალისტი, ის ხელმძღვანელობს ჰეგელის აკადემიის გამოცემას, ასევე ჰეგელის არქივს გერმანიაში ბოხუმის რურის უნივერსიტეტში. პროფესორ ვალტერ იეშკემ დაამთავრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი  ფილოსოფიისა და რელიგიური ისტორიის დარგში. დასაფასებელია მისი სამეცნიერო მოღვაწეობა  გამოცემული აქვს არაერთი ღირებული ფილოსოფიური ნაშრომი, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში, მათ შორისაა, სახელმძღვანელო „კლასიკური გერმანული ფილოსოფია ჰეგელისგან“. 2014 წელს იგი არჩეულ იქნა ჩრდილოეთ Rhine-Westphalian მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამართლის ასევე საერთაშორისო ურთიერთობების და ფილოსოფიით დაინტერესებული სტუდენტები.

პროფესორ ვალტერ იეშკემ განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებ ი როგორიცაა კანტისეული სიზუსტე, ბუნებითი სამართალი, ზნეობრიობის ფორმები და კრიტერიუმები, ბუნებითი მდგომარეობა, სამოქალაქო საზოგადოების უფლებები და ღირებულებები. განმარტა კანტის ზნეობის მეტაფიზიკური საფუძვლები და ისაუბრა თავისუფალი ნების გამოვლინებსი თანამედროვე ფორმებზე.

მეოთხე კურსის სტუდენტი თორნიკე ლიპარტაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის ის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ თორნიკე ლიპარტაშვილს,  რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსზე.

მოგესალმებით, თორნიკე, გაცანით მკითხველს.

პირველ რიგში, მოგესალმებით. მადლობას გიხდით რომ ვარ თქვენი რესპოდენტი. მე ვარ თორნიკე ლიპარტაშვილი ვსწავლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?

სკოლაში სწავლის პერიოდიდან გადაწყვეტილი მქონდა ჩამებარებინა სამართალზე. რადგან საკუთარ თავს სწორედ აღნიშნულ პროფესიაში ვხედავდი და ვხედავ. ვაცნობიერებდი რაოდენ დიდი იყო კონკურენცია, მაგრამ არასდროს მეშინოდა გამოწვევების, პირიქით გამოწვევები მაძლევს სტიმულს გავხდე უფრო მოტივირებული და ვაკეთო საკუთარი საქმე მეტი შემართებით. რაც შეეხება უნივერსიტეტს, მიუხედავად იმისა რომ ჩემი პირვანდელი მიზანი არ იყო სტუ_ში ჩაბარება, ახლა ვფიქრობ რომ სწორედ იმ ადგილას მოვხდი სადაც უნდა მოვხვედრილიყავი. ახლა რომ მომეცეს არჩევანი თუ რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ეს აუცილებლად იქნებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

  1. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ბევრი ინოვაციური პროექტი, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს განვითარდნენ პროფესიულად. ასევე უპირატესობად მიმაჩნია სწავლების ჯგუფური მეთოდი, ვფიქრობ, აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტებს უშუალო კომუნიკაცია იქონიონ ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან. ასევე ვფიქრობ რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საგნები სწავლების კურსის მიხედვით ზუსტი თანმიმდევრობით არის გადანაწილებული, რაც მნიშვნელოვანია კვალიფიციური განათლების მიღებისთვის.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტვობის შესახებ?

ჩემი სტუდენტური აქტივობები იწყება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან (ISIE-აიესაი, LSG-ლსგ), რომლებიც არაფორმალურ განათლებას სთავაზობდნენ სტუდენტებს. აღნიშნულ ორგანიზაციებში შესაძლებლობა მომეცა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა მიმეღო. ასევე სტუ_ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტებში ხშირად ვმონაწილეობ. მათგან გამოვყოფ საზაფხულო სკოლას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, თემაზე: ”საკონსტიტუციო სამართალწარმოება”. ასევე გამოვყოფ სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებულ იურიდიული კონსულტაციების  პრაქტიკას. ამ ეტაპზე ვარ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სტაჟიორი.

  1. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?

საოცნებო თანამდებობა ჯერ  არ მაქვს. ამ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მოვახდინო საკუთარი თავის განვითარება, რაც ვფიქრობ წარმატების მომტანი იქნება ჩემთვის.

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის დეკანი და მთელი ადმინისტრაცია მომართულია,  სტუდენტებს შეგვიქმნან გარემო, სადაც შევძლებთ მივიღოთ მაღალკვალიფიციური განათლება და განვითარდეთ პროფესიულად.  გარდა ამისა ადმინისტრაცია ყოველთვის იზიარებს სტუდენტის ზოგად თუ ინდივიდუალურ პრობლემებს და ცდილობს დაეხმაროს მათ.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ “სრულყოფილება” არარსებობს. ერთადერთი რაც ხარვეზად მიმაჩნია და პრობლემას ქმნის სტუდენტებში ეს არის ცხრილები. ყველა სტუ_ს სტუდენტმა იცის თუ როგორ ხდება აღნიშნული ცხრილების შედგენა. ვფიქრობ რომ, ფაკულტეტის ადმინისტრაციამ თავად უნდა შეადგინოს სასწავლო ცხრილები.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

პირველკურსელებს ვურჩევ რომ იყვნენ მაქსიმალურად მოტივირებულნი, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი თავის განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის, რაც აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება მათთვის.

 

 

 

 

მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გელაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ გიორგი გელაშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის  სამართლის  სპეციალობის  მეოთხე   კურსზე.

 მოგესალმებით, გიორგი,  გვიამბეთ   ცოტა  რამ   თქვენს   შესახებ

მოგესალმებით,  პირველ  რიგში  მადლობა  ინტერვიუსთვის,  რაც  შემეხება მე როგორც იცით ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის სპეციალობით და ვარ მეოთხე კურსზე.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?

სამართალზე  სწავლა,  ჯერ  კიდევ  ადრეულ  ასაკში  მქონდა  გადაწყვეტილი.  ბავშობიდან  ვერ  ვიტან  უსამართლობას,  ამიტომ  საკუთარ  თავს  სამართალს  ვუკავშირებ.  რაც  შეეხება  სტუ-ში  ჩაბარებას,  გაგონილი  მქონდა,  რომ  ძლიერი  სამართლის  სკოლა  ჰქონდა  და ამიტომაც  გადავწყვიტე  აქ ჩაბარება,  საბედნიეროდ  იმედები  გამიმართლდა  და  დარწმუნებით  შემიძლია  ვთქვა,  რომ დღეს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ძლიერი  ფაკულტეტია ,  რომელიც  ასევე  ძლიერი  და  პროფესიონალი  პროფესორ-მასწავლებლებით  არის  დაკომპლექტებული.   ბევრმა  ლექტორმა  დიდი  გავლენა  იქონია  ჩემზე  და  დიდი  წვლილი  შეიტანა  ჩემს  პროფესიულ  განვითარებაში ,  მინდა  განსაკუთრებული  მადლობა  მოვუხადო  ქალბატონებს:  მარინა  გლოველს, ნინო  ხოლუაშვილს,   ციალა  გლოველს,  ბატონებს ირაკლი  მინაშვილს,  ლევან  ოსიძეს  და  თემურ  დარსანიას.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

საკმაოდ  აქტიური  სტუდენტური  ცხოვრება  მაქვს,  შეძლებისდაგვარად  ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომელიც დამეხმარება საკუთარი თავის ზრდაში როგორც პროფესიულად, ასევე ზოგადად.  ვარ  თვითმმართველობის  წევრი,  ასევე  საბჭოს  წევრი,  გარდა  უნივერსიტეტისა  ვარ  მსოფლიოში   ერთ- ერთი  უმსხვილესი,  საერთაშორისო,    სტუდენტური  ორგანიზაციის   “აისეკის”  (Aiesec)  წევრი,  რომელსაც   საქართველოში  ბევრი  პროექტი  განუხორციელებია  და  მიხარია,  რომ  მეც  ვყოფილვარ  ერთ-ერთი  მასშტაბური  პროექტის  მენეჯერი, რომელიც  ემსახურებოდა  ქართველ  სტუდენტებში  ინგლისური  ენის  შესწავლასა  და  გაღრმავებას.   ამ  წელს  ასევე  ვიმყოფებოდი  იტალიაში,  სტუდენტური  გაცვლითი  პროგრამით.   შარშან  გავხდი  გამარჯვებული  პროექტში  “საქართველოს  ჩემპიონატი  სისხლის  სამართლის  იმიტირებულ  პროცესში ” .  ამჟამად  ვარ  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  აპარატის,  სისხლის  სამართლის  საქმეთა  საგამოძიებო,   წინასასამართლო  სხდომისა  და  არსებითი  განხილვის  კოლეგიის  სტაჟიორი. ამჟამინდელ პოზიციას ვიკავებ ჩემი შრომის შედეგად, კონკურსის ეტაპები წარმატებით გავიარე სასამართლოში, რაშიც უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ფაკულტეტმა.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზე?

აუცილებლად  უნდა  აღინიშნოს,  რომ  ფაკულტეტის  დეკანი,  ბატონი  ირაკლი  გაბისონია , საკუთარი   საქმის  უბადლო  შემსრულებელია,   მას  აქვს  ყველა  ის  თვისება  რაც  ნამდვილ  ლიდერს  უნდა  გააჩნდეს .  ძალიან  კარგია ,  როდესაც  იცი , რომ  გყავს  ისეთი  დეკანი ,  რომელიც  ყოველთვის  მზად  არის  მეგობრულად  მიგიღოს  და  დახმარების  ხელი  გამოგიწოდოს.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

ვურჩევ  დასაწყისიდანვე  დაისახონ  მიზნები , იყვნენ  მოტივირებულები  და  ყოველ  დღე  მცირე  წვლილი  მაინც  შეიტანონ  მიზნის  მიღწევისკენ ,  მიიღონ  ცოდნა ,  ვინაიდან  ეს  ყველაზე  ძლიერი  იარაღია

 

ჩვენმა სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა როლი მოირგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში „ნაფიც მსაჯულები სასამართლო პროცესისთვის“, სადაც არჩეული იქნა ჩვენი სამი სტუდენტი  ანა ტაკაშვილი, მანანა სალთხუციშვილი და თათია ხაჭვანი.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო შემდგომ დაესწრნენ  სასამართლო პროცესებს  უზენაეს სასამართლოში. სტუდენტმა მოირგეს ნაფიც მსაჯულთა როლი. პროექტის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

 

 

 ვალტერ იეშკეს ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  მიმდინარე წლის 13 ნოემბერს დაგეგმილია უცხოელი პროფესორის  ვალტერ იეშკეს (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ინსტიტუტი. გერმანია)   ვიზიტი საქართველოში.

პროფესორი – ვალტერ იეშკე 14 და 15 ნოემბერს ჩაატარებს  საჯარო ლექცია-სემინარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტთათვის კერძოდ:

14 ნოემბერს 13:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროფესორი ვალტერ იეშკე წაიკითხავს ლექციებს და გამართავს დისკუსიებს – თემაზე -სახელმწიფოსა და სამართლის სწავლება პუფენდორფთან, ტომაზიუსთან და კრისტიან ვოლფთან;

15 ნოემბერს 13:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხავს ლექციებს და გამართავს დისკუსიებს თემაზე -რელიგიის ფილოსოფია, ადამიანის ძირითადი უფლებები.

აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრება სასურველია როგორც სამართლის, ისე ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.

 

ირაკლი მინაშვილის წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაცია

 გა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2017 წლის 16 ნოემბერს  16:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  გაიმართება ირაკლი მინაშვილის წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების“  პრეზენტაცია.