30 ოქტომბერს, 13:00 საათზე სამართლის კლინიკა სიანფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 915 ა-აუდიტორიაში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან კლინიკის საქმიანობას და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას. დასწრება თავისუფალია.

სამართლის კლინიკა საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 915 ა-აუდიტორიაში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან კლინიკის საქმიანობას და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას. დასწრება თავისუფალია.

სტუდენტური ვორქშოფი “ მსოფლიო და გენდერი“

2017 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტური ვორქშოფი  “ მსოფლიო და გენდერი“.

სამუშაო ენა: ქართული

ვორქშოფის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (კოსტავას ქ. 77, თბილისი).

რეგისტრაციის ვადა: 5 ნოემბერი, 2017 წ.

ვორქშოფის ფარგლებში განსახილველი თემები:

  • ქალი და პოლიტიკა;
  • გენდერული თანასწორობის სამართლებრივი რეგულირების პრობლემატიკა;
  • გენდერი: პარადიგმები და დილემები.

ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ CV 2017 წლის 5 ნოემბრამდე შემდეგ ელ-მისამართზე: kipianimaia@gmail.com.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfp74bQ_m1dJgxMfLsxuIRkcCMWb5wJGqTaD0Hf1ixcR_qNjQ/viewform 

 

 

 

მეოთხე კურსის სტუდენტი ანა ცერაძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ ანა ცერაძეს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსზე.

მოგესალმებით ანა, გაგვაცანით თქვენი თავი….

მოგესალმებით, მე გახლავართ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტი, ანა ცერაძე. ვსწავლობ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საჯარო მიმართულებაზე. პირველ რიგში, მადლობა მინდა მოგიხადოთ თქვენი რუბრიკის სტუმრად არჩევისათვის, რისი მეშვეობითაც მომეცა საშუალება გავაცნო და გავუზიარო სტუ-ს სტუდენტებს გამოცდილება, რომელიც სწორედ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მივიღე.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სამართალის სპეციალობაზე ჩაგებარებინათ?

მიუხედავად იმისა, რომ პირველი განათლებით პედაგოგი ვარ და მაქვს საჯარო სკოლაში შვიდწლიანი სამუშაო გამოცდილება, ყოველთვის მინდოდა იურიდიული განათლებაც მქონოდა. 27 წლის ასაკში ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და ჩემი სანუკვარი ოცნება ახდა. უნივერსიტეტში სწავლების დროს მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან სტუ, უპირველეს ყოვლისა, არსებობს სტუდენტებისათვის, აძლევს მას სიღრმისეულ ცოდნას კვალიფიციური ლექტორების მეშვეობით. გარდა ამისა, ფაკულტეტის დეკანი და ადმინისტრაცია მზად არის მოუსმინოს სტუდენტებს, გაიგოს თითოეულის აზრი და გაითვალისწინოს ის.

  1. როგორია თქვენი სტუდენტური ცხოვრება?

ჩვენს ფაკულტეტზე ხშირად იმართება საჯარო ლექციები, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვესწრები. გამოვყოფდი რამოდენიმე მათგანს, რომლებიც ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო: ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი სტუ-ში, ელიკო-წიკლაური ლამიხის საჯარო ლექცია, ამერიკელი მოსამართლეები სტუმრობა და გამოცდილების გაზიარება სტუდენტებისათვის, საჯარო ლექცია თემაზე: „ფემიციდი- გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა“ და ა.შ. ბაკალავრიატში სწავლების პერიოდში II კურსიდან მოყოლებული-დღემდე ვარ პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი. გავიარე პრაქტიკული კურსი სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკაში, ტრენინგი „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი საშუალებები“. ერთ-ერთ ჩემ წარმატებულ ნაბიჯად მიმაჩნია ესეების კონკურსი „მასწავლებელი კონსტიტუციაზე“, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, სადაც გადმომეცა სერტიფიკატი.

  1. რას აპირებთ, სწავლის დასრულების შემდგომ?

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, აუცილებლად ვაპირებ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში და ცალსახად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ეს სწორედ სტუ-ს მაგისტრატურის სასწავლო პროგრამა იქნება. ვფიქრობ, არცერთი სხვა უნივერსიტეტი ვერ მომცემს იმაზე მეტს ვიდრე მე დღეს ვღებულობ ამ გარემოში.

  1. მომავლის პროფესიული ხედვაც გაგვიმხილეთ

სამომავლო გეგმების შესახებ ვიტყვი, რომ მინდა ძველი და ახალი პროფესია ერთმანეთს დავუკავშირო და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა გავაგრძელო, ამისათვის ვიცი, რომ წინ მელოდება გრძელი და რთული გზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავს გავართმევ ყველაფერს, რადგან მხარს მიჭერენ და მამხნევებენ ჩემი უსაყვარლესი სტუ-ს ლექტორები და მადლობას ვუხდი მათ ამისათვის. ჩემი ყოველი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ მათი დამსახურებაა.

  1. რას უსურვებდით პირველკურსელებს?

მინდა ყველას ვუსურვო წარმატებული სასწავლო წელი და ვუთხრა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია, უფრო მეტიც, ეს აუცილებლობაა -მთავარი მონდომებაა.

მესამე კურსის სტუდენტი მართა ამირანაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ, სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მესამე კურსის სტუდენტს მართა ამირანაშვილს.

  1. მოგესალმებით, გაეცანით ჩვენს მკითხველს.

        მოგესალმებით, მე ვარ მართა ამირანაშვილი სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მადლობა მინდა გითხრათ, რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი.  სულ რაღაც ორი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მომიწევდა ინტერვიუს მიცემა, როგორც  ერთ-ერთ წარმატებულ სტუდენტს და ეს ჩემთვის მართლაც სასიხარულოა.

2 რატომ გადაწყვიტეთ რომ გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი?

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მირჩევდნენ ჩამებარებინა ჟურნალისტიკაზე, საბოლოოდ არჩევანი მაინც იურიდიულ ფაკულტეტზე შევაჩერე, და ვფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რაც შეეხება უნივერსიტეტს სიმართლე გითხრათ თავიდან არ მიფიქრია ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარება, თუმცა უპირატესობა მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტებს მივანიჭე, რის შედეგადაც გავხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი.

3.გვიამბეთ თქვენი  სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

      ჩემი სტუდენტური ცხოვრება სწორედ  ისეთია როგორიც ყოველთვის  წარმომედგინა, აქტიური და საინტერესო. ამ ორი წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება შევხვედროდი მაღალი   კვალიფიკაციისა და განათლების მქონე  პროფესორებს, მიმეღო მათგან ცოდნა და გამოცდილება.  უნივერსიტეტის საშუალებით შევიძინე  არაჩვეულებრივი მეგობრები ჯგუფელების, კურსელებისა და პროფესორ-მასწავლებლების  სახით. სწავლის პირველივე დღიდან  ვცდილობ არ გამოვტოვო არცერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ტრენინგი, პროექტი თუ ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის როგორც მომავალი იურისტისთვის. აგრეთვე ვცდილობ სისტემატიურად დავესწრო ფაკულტეტის მიერ გამართულ  საჯარო ლექციებსა და შეხვედრებს, სადაც განიხილება აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები.

  1. არაერთ პროექტში მიგიღია მონაწილეობა და იქნებ ამის შესახებაც მოგვიყვეთ?

    სტუდენტობის პირველივე წელს მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო საზაფხულო სკოლის პროექტში „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში,  გარდა ამისა პროექტის ფარგლებში  გავიცანი ჩემი მომავალი მეგობრები და მათთან ერთად გავატარე შვიდი მართლაც რომ შთამბეჭდავი  დღე.  აგრეთვე გავიარე 6 თვიანი სტაჟირება უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში, სადაც შესაძლებლობა მქონდა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და კლიენტებისათვის გამეწია იურიდიული კონსულტაცია. არ შემიძლია უღრმესი მადლობა არ გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს ლექტორს  თამარ კაპანაძეს, რომლმაც მომცა შესაძლებლობა, რომ  დავსწრებოდი თელავის რაიონულ სასამართლოში მის მიერ ჩატარებულ პროცესებს და თავად გამხდარიყავი მოწმე იმისა თუ რაოდენ მძიმე და საპასუხისმგებლოა იყო მოსამართლე.

  1. რას ეტყოდით ფაკულტეტის ადმინისტრაციას და პირველ რიგში დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

     დიდი მადლობა მინდა ვუთხრა  ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ირაკლი გაბისონიას რომელიც  ყოველთვის ცდილობს  გვერდში დაუდგეს სტუდენტებს და გაითვალისწინოს მათი ინტერესები. სწორედ რომ მისი დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით მოხდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გამოყოფა, რომელიც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. აგრეთვე მადლობას ვუხდი ფაკულტეტის ადმინისტრაციას რომლის თითოეული წევრი მუდამ მზადყოფნაშია დახმარება გაუწიოს სტუდენტებს. აბიტურიენტი რომ ვიყო, აუცილებლად   ავირჩევდი  ტექნიკურ უნივერსიტეტს.  პირველ რიგში იმიტომ რომ, ჩვენი უნივერსიტეტი არის ადგილი სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს რეალური შესაძლებლობა განვითარდეს, მიიღოს ცოდნა და, რა თქმა უნდა, მიაღწიოს დასახულ მიზანს. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, რომელიც დაკომპლექტებულია უშუალო და მეგობრული ადამიანებით, სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს თავისუფალ და კომფორტულ გარემოში მიიღოს განათლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც სტუდენტისათვის.

6. რას ელით ბაკალავრიატის სწავლების დარჩენილი ორი წლიდან და აპირებთ თუ არა მაგისტრატურაში ჩაბარებას?

ვისურვებდი რომ შემდგომი ორი წელიწადი ისეთივე წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს , როგორიც განვლილი ორი კურსი იყო. ვფიქრობ რომ ფაკულტეტი როგორც ყოველთვის შემოგვთავაზებს  სიახლეებს და მეც ვეცდები  მაქსიმალურად ჩავერთო ახალ გამოწვევებში. მიუხედავად იმისა, რომ მომავალს არასდროს ვგეგმავ და ყოველთვის ვცხოვრობ აწმყოთი, მოხარული ვიქნებოდი რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტიც გავმხდარიყავი.

7. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

    პირველ რიგში მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო სტუდენტობა და ვუსურვო წარმატება. მე მათ ვურჩევ, რომ არ დაკარგონ არცერთი წამი და ნაყოფიერად გამოიყენონ სტუდენტობის 4 წელიწადი. სიზარმაცის გამო არ  გააცდინონ   ლექციები, შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღონ ყველა ღონისძიებასა და პროექტში, რომელიც მათ პროფესიულ  განვითარებასა და წინსვლას შეუწყობს ხელს.  და ბოლოს მინდა ვუთხრა, რომ მათ ნამდვილად  გაუმართლათ რადგან მოხვდნენ იქ , სადაც  შრომა და მონდომება აუცილებლად ფასდება და მოდის დიდი წარმატება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიო და გენდერი”

2017 წლის 16 ნოემბერს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ მსოფლიო და გენდერი ”.

კონფერენციის თემა: “მსოფლიო და გენდერი

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული

კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:

  1. ქალი და პოლიტიკა;
  2. გენდერული თანასწორობა და კანონი;
  3. გენდერი: პარადიგმები და დილემები.

 კოფერენციაზე მუშაობის ფორმები:

  • მოხსენებით გამოსვლა;
  • დაუსწრებელი მონაწილეობა.

კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი (სტატია) გამოაგზავნეთ 2017 წლის 2 ნოემბრამდე,  ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: kipianimaia@gmail.com, პროფესორ მაია ყიფიანის სახელზე.

მოთხოვნა:

სტატია გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით თქვენთვის სასურველ ენაზე, არაუგვიანეს 2017 წლის 2 ნოემბრისა. ქართულ და რუსულ  ენებზე წარმოდგენილ სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 200 სიტყვისა.

სტატიის   მოცულობა – არაუმეტეს 7 გვერდისა

შრიფტი (ფონტი)— Times New Roman, 12pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის),  AcadNusx 12 pt (ქართული ენისთვის).

მინდორი (Margins) — ზედა –  2 სმ,  ქვედა – 2,5 სმ, მარცხნივ –  3 სმ, მარჯვნივ –  2 სმ.

 

 

 

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „პროფესიული ეთიკის განვითარება“ .

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“ მიზნად ისახავს  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას მიაწოდოს   ცოდნა პროფესიული ეთიკის შესახებ და გამოუმუშაოს შესაბამისი უნარ–ჩვევები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ეს დაეხმარებათ, როგორც პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად,  ისე ყოფით ცხოვრებაში.

პროექტის მიზანია სტუდენტები და მსმენელები დაეუფლონ ზოგადი და პროფესიული ეთიკის საფუძვლებს, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურების საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ამ სამსახურებში პროფესიული ეთიკისა და ქცევის თანამედროვე სტანდარტებს და გამოუმუშავდეთ  შესაბამისი უნარ–ჩვევები;

პროექტის ამოცანებია:

  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, ,,პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის’’ გახსნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მეცნიერები და პრაქტიკოსები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეები, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
  • პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში მომზადდება:
  • საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების თარგმანი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სასწავლო კურსის პროგრამა ,,პროფესიულ ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“;
  • სახელმწიფო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლებისათვის მოკლევადიანი სპეციალური კურსი ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’;
  • სახელმძღვანელო ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’.
  • მოკლევადიანი (3 დღიანი) სპეციალური სასწავლო კურსის ჩატარება დაინტერესებული უმაღლეს საგანმანათლებლო და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისათვის.
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებშისასწავლო კურსის  პროგრამის ,,პროფესიული ეთიკა საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში’’ და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია–განხილვა;
  • საზოგადოების ყურადღების გამახვილება, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეების ეთიკურ სტანდარტებზე და ამ მიზნით საინფორმაციო მასალების: კრებულის, ბანერისა და პლაკატის გამოცემა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელება;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო და დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულებების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობა, სხვადასხვა დარგში, პროფესიული ეთიკისა და ქცევის წესების სტანდარტების ჩამოყალიბების მიზნით.

ასევე, გამოიცა საინფორმაციო კრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან თანამშრომლობით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, „პროფესიული ეთიკის განვითარების“ პროექტის ფარგლებში.