(ILSA Georgia) წარმომადგენლების შეხვედრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის (ILSA Georgia) წარმომადგენლების შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

პრეზენტაციაზე განხილული იქნა შემდეგი ხასიათის თემატიკები:

 საერთაშორისო სამართლის ისტორია, არსი და წყაროები;
საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის (ILSA Georgia) ისტორია და მიზნები;
ორგანიზაციული მოწყობა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
ორგანიზაციის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტების საფუძველზე სხვადასხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულ სტუდენტთა სტატისტიკური ანალიზი და სამომავლო პერსპეტივები;
აერთაშორისო სამართლის ლიტერატურა და რესურსებზე წვდომა;

დასკვნითი ნაწილი დაეთმო დისკუსიასა და კითხვა-პასუხის რეჟიმს.

საქართველოს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცა (ILSA Georgia) კვლავაც განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პოპულარაზაციასა და საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურ თანამშრომლობას.

ელიკო წიკლაური-ლამიხის საჯარო ლექცია თემაზე: „ტრანზიციული სამართალი გერმანიის გამოცდილების მიხედვით“.

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა  და  გერმანიის მსოფლიო მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 29 მაისს სტუდენტებისა და პროფერორ-მასწავლებლებისათვის გაიმართა შეხვედრა მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორთან, ყოფილი სსრკ-ს ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელთან,  ქალბატონ ელიკო წიკლაური-ლამიხთან, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ტრანზიციული სამართალი გერმანიის გამოცდილების მიხედვით“.

საჯარო ლექცია გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა მოწვეული სტუმარი და სტუდენტების ყურადღება გაამახვილა მის პროფესიონალიზმზე, როგორც  სამართალში, ასევე, სხვა დარგებში, ქალბატონი ელიკო წიკალური-ლამიხი დაახასიათა, როგორც მისაბაძი პერსონა.

პროფესორმა წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას თავი, სტუდენტების მოტივაციისთვის მცირედი მიმოხილვა გააკეთა თავისი ცხოვრების შესახებ, ისაუბრა  გერმანიაში იურისტ ქალთა ასოციაციის დაფუძნებაზე, ამჟამად გახლავთ გერმანიის ქალთა ორგანიზაციის საპატიო  თავმჯდომარე, ასევე, ანგელა მერკერის ოფისის თავმჯდომარე ქალაქ ბრაიბურგში.                                                      

სტუმარმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს სისხლის სამართლის განვითარების ისტორია, გაიხსენა თინა წერეთელი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი და სხვები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძვით ქართული სისხლის სამართლის ჩამოყალიბებაში. გაახსენა სტუდენტებს გერმანელების მიერ 1981 წელს პირველი კონფერენციის ჩატარება რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ იეშიკს და ზიგფრიდ ლამიხს.

პროფესორმა ევროპისა და აზიის ქვეყნების,  კერძოდ, პოლონეთის, უნგრეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, თურქეთის და კორეის შედარებითი ანალიზის საფუძველზე განმარტა ტრანზიციული განვითარების პროცესი. მიმოიხილა მეორე მსოფლიო ომის შედეგები გერმანიის მაგალითზე, ჩინეთის ეკონომიკური წინსვლის ფაქტორები, აღმოსავლეთ გერმანიის ტოტალიტარიზმიდან კანონის უზენაესობამდე  გადასვლის პროცესი და დანაშაულთან ბრძოლის სხვადასხვა ფაქტორები.

ელიკო-წიკლაური ლამიხმა მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია სიკვდილით დასჯაზე, მკაცრს სასჯელსა და თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე. რასთან დაკავშირებითაც გაიმართა მწვავე დისკუსია, სტუდენტებმა დაუსვეს არაერთი შეკითხვა, პროფესორ-მასწავლებლემა სთხოვეს სტუმარს საქართველოს მაგალითზე რეკომენდაციები შემოეთავაზებინა როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე მართლმსაჯულების სისტემის თვალსაზრისითაც.

პროფესორმა ელიკო წიკლაური-ლამიხმა მადლობა გადაუხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას, ასეთი შეხვედრის ორგანიზებისათვის და გამოხატა მზადყოფნა მემორანდუმი ფარგლებში, სამომავლო, აქტიური თანამშრომლობისა მაქს პლანკის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. პროფესორი მადლობელი დარჩა სტუდენტების ასეთი აქტიურობით და  მათ ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა.

სტუდენტები ერთობ კმაყოფილნი დარჩნენ ნაყოფიერი და საინტერესო საჯარო ლექციით, მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ელიკო წიკლაურ-ლამიხს და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას, რომ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას დაესწრონ მსგავსი სახის საჯარო ლექციებს.

ელიკო წიკლაური-ლამიხის საჯარო ლექციას თემაზე: „ტრანზიციული სამართალი გერმანიის გამოცდილების მიხედვით“.

განცხადება !

29 მაისს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) გაიმართება შეხვედრა ყოფილი სსრკ-ს ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელთან, მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორთან ქალბატონ ელიკო წიკლაური-ლამიხთან, რომელიც  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ტრანზიციული სამართალი გერმანიის გამოცდილების მიხედვით“.

 

დასწრება თავისუფალია !

დოქტორ მიხაელ კილხლინგის საჯარო ლექცია

2017 წლის 25 მაისს 12:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ოქტორ მიხაელ კილხლინგთან, რომელმაც  წაიკითხა საჯარო  ლექცია თემაზე:  „მიგრანტები, როგორც მსხვერპლნი: ვიქტიმოლოგიური პერსპექტივები ადამიანთა ვაჭრობისა და კონტრაბანდის კუთხით“.

დოქტორი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხაელ კილხლინგი არის მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი, მან ასევე, სტუდენტებს განუმარტა, რომ სამართლის ფაკულტეტი აგრძელებს მოწვეულ პროფესორთა საჯარო ლექციათა ციკლს.

დოქტორმა მიხაელ კილხლინგმა მოხსენება გააკეთა ტრეფიკინგის წარმომავლობის წყაროებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ტრეფიკინგის გამომწვევ საფრთხეებზე და რისკებზე. სტუდენტებს წარუდგინა მსხვერპლთა ამომწურავი კლასიფიკაცია და მათი დაყოფა განახორციელა სხვადასხვა კატეგორიებად. ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო სიახლეზე და განმარტა ტრეფიკინგის თანამსხვერპლის დეფინიცია. დეტალურად გააცნო სტუდენტებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და მათი აღმოფხვრის შესაძლო გზები.

სტუდენტებისათვის აღნიშნული თემატიკა მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მათ არაერთი შეკითხვით მიმართეს სტუმარს. თავის მხრივ, დოქტორი მიხაელ კილხლინგი კმაყოფილი დარჩა საჯარო ლექციის ასეთი დაინტერესებისათვის და მეტი დრო დაუთმო სტუდენტებს, ვიდრე ეს განსაზღვრული ჰქონდა. მათ ყველა კითხვას სრულყოფილად გასცა პასუხი და ქართველი სტუდენტებით აღფრთოვანებულმა მადლობა გადაუხადა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტის დეკანს ირაკლი გაბისონიას მოწვევისა და შეხვედრის ორგანიზებისთვის.

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ 2017 წლის 25 მაისს  გაიმართა ერთობლივი საერთაშორისო  კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.

კონფერენცია გახსნა სტუს-რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და მომხსენებლებს სთხოვა მოხსენების წარდგენა.

პირველი მოხსენება გააკეთა, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტმა, თემაზე:  „თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები სისხლის სამართალში. განუსაზღვრელი შესაძლებლობები და მორალი რისკების პირობებში“. მოხსენებისას პროფესორი შეეხო იმ ასპექტებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე, განიხილა ტერორისტული ძალადობის ფაქტები, ტრანსასაზღვრო დანაშაულები და კიბერდანაშაული. ისაუბრა ისეთ ჩარევაზე ადამიანის უფლებებში, რომელსაც ვერც კი ამჩნევენ ადამიანები. მიმოიხილა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მოიყვანა თემატიკასთან დაკავშირებული მაგალითები და დასკვნის სახით საზოგადოებას  გაუზიარა საკუთარი შეხედულება .

მეორე მომხსენებლად კონფერენციაზე გამოვიდა სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე: „ფარული გამოძიება სპეცსამსახურების საქმიანობაში და ადამიანის უფლებები“ მან განიხილა სპეცსამსახურების უფლებამოსილების მინიჭებისა და ამ კუთხით ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკა, აღნიშნა, რომ „სპეცსამსახურებისათვის უფლებამოსილების გაზრდა აპრიორში არ უნდა ნიშნავდეს ადამიანის უფლებების დარღვევას“  კონფერენციის მონაწილეებს გააცნო რამდენიმე ქვეყნის მაგალითი და იქ განხორციელებული ცვლილებები. ყურადღება გაამახვილა სპეცსამსახურების დამსახურებებზე, მიღწევებსა და შესაძლებლობებზე, ამ კუთხით წარმოადგინა გარკვეული რეკომენდაციები და სთხოვა გერმანულ დელეგაციას ქართველ მეცნიერებთან ერთად ემუშავათ აღნიშნულ პრობლემატიკაზე.

მაკა კვაჭაძე, რომელიც წარმოადგენდა უზენაეს სასამართლოს მიესალმა სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის, მან მოკლედ მიმოიხილა ევროპული დირექტივები, რომლის შესრულებას ახორციელებს საქართველოს შესაბამისი უწყებები, კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და შეეხო მართლმსაჯულების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების გარკვეული ასპექტები.

პროფესორმა პეტერ იურგენ გრაფმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ტელეკომუნიკაციების ოპერატიულ ვიდეო-აუდიო ინფორმაციის მოპოვება/გამოყენების შესაძლებლობები და საზღვრები, გლობალური ტერორისტული საფრთხეების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში“, რომლის დროსაც მოიყვანა კონკეტული მაგალითები,  ყურადღება გაამახვილა აუდიო- ვიდეო საშუალებებზე, როგორც ინფორმაციის მოპოვების საშუალებებსა  და ტერორისტული საფრთხეების მაპროვოცირებელ ფაქტორებზე.

თეოდორ ლამიხმა და ელიკო წიკლაურმა-ლამიხმა  ერთობლივად მიმოიხილეს „დარკნეტი/ ვაჭრობა ვირტუალურ სივრცეში და რეალური დანაშაულობა“-სთან დაკავშირებული პრობლემატიკა. თეოდორ ლამიხმა განმარტა სხვადასხვა ქსელები, რომლებიც არიან ინფორმაციის ტრანსფერები, ახსნა ქსელში მუშაობის თემატიკა, თაღლითური პროგრამები,კრიპტოგრაფიული გაყალბებისაგან დაცვის ტექნოლოგია.  სრულად მიმოიხილა დარქნეტის საფრთხეები და არსებული პრაქტიკა, დანაშაულის გამოვლენის და აღკვეთის საშუალებები.

ოთარ ზუმბურიძე ისაუბრა თემაზე: „საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ასპექტები და ციფრული უთანასწორობა“ განიხილა ინფორმაციული კომუნიკაციების განვითარების ინდექსი, ტენდენცია გერმანიასა და საქართველოს შორის,ინფორმაციის განვითარების ინდექსი რეგიონისათვის, კერძოდ რუსეთი, ყაზახეთი, საქართველო და სხვა ქვეყნების მაგალითზე. ასევე, ისაუბრა ეკონომიკისა და განათლების განვითარების საჭიროებაზე.

კახა საბანაძე, რომელიც არის სტუ-ს დოქტორანტი და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე გააკეთა მოხსენება თემაზე: „სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რეფორმა – პროგრესული ნაბიჯი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის სფეროში“. დეტალურად მიმოიხილა ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა 2012 წლის შემდგომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში, აღწერა უსაფრთხოების სისტემის დემოკრატიზაციის პროცესი,  ისაუბრა პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე და შსს-ში განხორციელებულ სხვა ცვლილებებზე.

დოქტორ ვოლფრამ შედლერი, რომელიც იყო  გერმანიის გენერალური პროკურატურის პროკურორი გააკეთა მოხსენება თემაზე:“დამნაშავის პიროვნებაზე წვდომა GPS სისტემების საკონტროლო სამაჯურის საშუალებით პიროვნების, როგორც პრევენციული ასევე, რეპრესიული კონტროლი (გერმანული გამოცდილება)“.მან დეტალურად აღწერა ელექტრონულ ხელბორკილთან იგივე წვივსამაგრთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები, მოიყვანა გერმანიის სტატისტიკა წვივსამაგრით მოსარგებლე პირთა შესახებ,  განიხილა შედეგები და სამომავლო პერსპექტივებიც მოახსენა კონფერენციის მონაწილეებს.

აღნიშნული კონფერენციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის, პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელმაც სთხოვა სტუმრებს საკუთარი შეხედულებები გაემხილათ მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა დაკავების პერიოდთან  და ეჭვმიტანილის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა გერმანიის ყოფილ პროკურორთან. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება: ირაკლი გაბისონია, ჯემალ ჯანაშია, ვასილ კვირიკაშვილი, გურამ ნაჭყებია და სხვები.

დისკუსიის შემდგომ მოხსენება გააკეთა გიორგი ღლონტმა, რომელმაც ტექნიკური პროგრესი და დანაშაულობათა დინამიკა მიმოიხილა შედარებითი ანალიზის საფუძველზე. წარმოადგინა რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკა და ტრეფიკინგის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, რომელმაც აღნიშნა, რომ ფაკულტეტმა ერთი წლის თავზე შეძლო ასეთი ღირებული, ძვირფასი სტუმრების მასპინძლობა, მათთან მემორანდუმის გაფორმება და საერთაშორისო კონფერენციის უნაკლოდ ჩატარება. გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის და დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ფაკულეტეტის საქმიანობისა და იგი აუცილებლად შექმნის სტუ-ს ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს.

 

 

პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

 

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილისა  და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორს ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა სტუ-ს გიორგი ნიკოლაძის დარბაზში, სადაც მოწვეული იყო არაერთი  საპატიო სტუმარი, მათ შორის ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, განათლების და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, გერმანიის კონსული, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან ქალბატონი მაკა კვაჭაძე, პროკურატურის წარმომადგენელი ალექსანდრე იმედაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქალბატონო ნინო ტრაპაიძე  და სხვები.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს ჩამობრძანებისათვის. ბატონმა არჩილმა  პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის ღვაწლზე დეტალურად ისაუბრა, აღნიშნა, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-გერმანულ თანამშრომლობას. საზოგადოებას გააცნო, რომ „დღეს იგი არის კლევითი ცენტრის დირექტორი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის გზა, რომელიც მან განვლო სანამ მსოფლიოში აღიარებული ექპერტი გახდებოდა“.

პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი 1997 წლიდან ხელმძღვანელობს  საერთაშორისო  და მსოფლიო სისხლის სამართლის მაქს/პლანკის კვლევით ცენტრს, რომელიც არის  მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ცენტრი.  1978 წლიდან მოყოლებული საქართველოსთან მაქს/პლანკის ინსტიტუტთან  სამეცნიერო კვლევითი ურთიერთობები სულ უფრო ღრმავდებოდა და  პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის დამსახურებით კი განსაკუთრებულად ინტენსიური გახდა.

პროფესორი ალბრეხტი არის ევროპარლამენტის და ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტი.  იგი არის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი და მრავალი წამყვანი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. მათ შორის კემბრიჯის, პეკინის, ბუდაპეშტის, ბელგრადის, ლიუბლინის, პოლონეთის, მონღოლეთის და საქართველოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის  უნივერსიტეტის  ხშირად იწვევენ საქართველოს პარლამენტის საკანანომდებლო კომისის საქმიანობაში,  ასევე, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოები სამეცნიერო კონსულტაციებისათვის. პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტის   ინიციატივით საქართველოში ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კონფერენცია, სადისკუსიო  მრგვალი მაგიდა და საზაფხულო სკოლა.

 

უცხოელ სტუმრებს მიესალმა ქ. თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია, რომელმაც აღნიშნა ქალაქში განხორციელებული ის პროექტები, რომლებიც გერმანელებთან თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. მათ შორის, “Tbilisi Morgenstadt”-ის პროექტი, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის გერმანელ ექსპერტებს და  ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა, გერმანელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ დოკუმენტის მომზადებაში. მერმა იმედი გამოთქვა, რომ სტუმრები დაათვალიერებდნენ ქალაქ თბილისის ისტორიულ და ულამაზეს ადგილებს და კიდევ ესტუმრებოდნენ ამ ქალაქს, როგორც სამეცნიერო თანამშრომლობის მიზნით, ასევე თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობისათვის.

დაჯილდოვების ღონისძიებამ მეტად ემოციურად ჩაიარა, რადგან სტუ-ს რექტორმა საპატიო დოქტორი შემოსა  მანტიით და ქუდის ნაცვლად ყაბალახით. რაც იმით ახსნა, რომ „ჩვენ ქართველები ვართ ევროპელები, ასევე ქართველები ვართ ქართველები და სწორედ ამიტომ, ევროპული მანტიით და ქართული, ტრადიციული ქუდით „ყაბალახით“„ შემოსა  ჰანს იორგ  ალბრეხტი. არჩილმა ფრანგიშვილმა გერმანული დელეგაციის ყველა სტუმარს უსახსოვრა ყაბალახი და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ ტრადიციებს. აღნიშნულმა ფაქტმა გერმანელი სტუმრები აღაფრთოვანა.

პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტმა მადლობა გადაუხადა სტუ-ს რექტორს დაჯილდოვებისათვის და დამსწრე საზოგადოებას დაფასებისათვის.

 

 

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის გაფორმდა მემორანდუმი

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა  გამოხატა მადლიერება აღნიშნული თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გერმანელ და ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობა ეფუძნება 35 წლიან მოღვაწეობას, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორს ჰანს იორგ ალბრეხტს.

გერმანულმა მხარემ, კერძოდ კი ჰანს იორგ ალბრეხტმა ყურადღება გაამახვილა ქართველ მეცნიერთანამშრომელთა დამოკიდებულებაზე სამართლისა და სხვა დარგთა შორისი მეცნიერებისადმი, ქართველ მეცნიერებს წარმატება უსურვა და მათი პოტენციალის გამოყენების სათანადო ადგილად მიიჩნია მაქს პლანკის კვლევითი ცენტრი.

მოწვეულმა საპატიო სტუმარმა განათლების და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ ბატონ თამაზ მარსაგიშვილმა ისაუბრა გერმანელ და ქართველ მეცნიერებს შორის განხორციელებულ არაერთ სამეცნიერო პროექტზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელიც პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტმა   წლების მანძილზე განახორციელა მეცნიერებაში. ისაუბრა იმ უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელიც არსებობს მაქს პლანკის ინსტიტუტში, კვლევითი ინსტიტუტის როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედოვნა, რომ მათი გამოცდილება იქნება სტუ-ს ახალგაზრდა მეცნიერებისათვის მისაბაძი.

მემორანდუმის საფუძველზე სტუ-ს სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ახალგზარდა მეცნიერებს ექნებათ შესაძლებლობა იმოღვაწონ მაქს პლანკის ინსტიტუტში, აქტიურად ჩაერთონ  კვლევითი ცენტრის საქმიანობაში და თავიანთი კვალი დატოვონ გერმანულ თუ ქართულ იურისპრუდენციაში. თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება ერთობლივი სამეცნიერო პრაქტიკული კვლევითი ღონისძიებები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია  მოხარულია, რომ ფაკულტეტის საქმიანობის შედეგად სტუდენტებს მიეცემათ მსგავსი შესაძლებლობა. იგი გულითადად ულოცავს  სტუდენტებს და უსურვებს ამ შესაძლებლობის ღირსეულად გამოყენებას პროფესიული წინსვლისათვის.

სტუ გერმანულ დელეგაციას მასპინძლობს

 

 25-26 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია გერმანიის ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და ამავე ინსტიტუტის პროფესორები. გერმანული დელეგაციას წარმოადგენდნენ:

პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი-გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი,

პროფესორი პეტერ იურგენ გრაფი-გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილე.

დოქტორ ვოლფრამ შედლერი- გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი, ადვოკატი.

 დოქტორ მიხაელ კილხლინგი- მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი- Chairperson of the European Forum For Restorative Justice.

ელიკო წიკლაური-ლამიხი, ყოფილი სსრკ-ს ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.

თეოდორ ლამიხი- მაქს პლანკის ინსტიტუტის დოქტორანტი.

ღონისძიება იყო საიუბილეო და იგი მიეძღვნა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია ისიც, რომ  საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელი გერმანიის წლად გამოცხადდა.  ამავე წელს შესრულდა გერმანელების საქართველოში დასახლების 200 წელი და თანამშრომლობის 35 წელი.

გერმანელი სტუმრების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება ხუთი ეტაპისაგან შედგებოდა:

  1. მემორანდუმის გაფორმება საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.
  2. საზღვარგარეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორისათვის ჰანს იორგ ალბრეხტისათვის სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება
  3. ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, ზღვარი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის“.
  4. dოქტორ მიხაელ კილხლინგის საჯარო ლექცია თემაზე:  „მიგრანტები, როგორც მსხვერპლნი: ვიქტიმოლოგიური პერსპექტივები ადამიანთა ვაჭრობისა და კონტრაბანდის კუთხით“.
  5. გერმანული დელეგაციის სტუმრობა ბოლნისში, გერმანულ სოფელში