მეორე კურსის სტუდენტი მარიამ მკალავიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად, წარმოგიდგენთ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტს მარიამ მკალავიშვილს.

მოგესალმებით, გაეცანით, ჩვენს მკითხველს.

თავდაპირველად მოგესალმებით,მადლობას გიხდით,რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი. მე ვარ მარიამ მკალავიშვილი,ვსწავლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე.

1.    რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

სტუ-ში ჩაბარება არ მქონდა გამიზნული, მთავარი იყო სამართალზე მესწავლა. ახლობლებისგან მქონდა გაგებული, რომ ძალიან კარგი სწავლება იყო და ნამდვილად კმაყოფილი ვარ არსებული სიტუაციით. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა.

2.    მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

პირველივე დღიდან ჩართული ვარ საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში.  პირველ კურსზე ლექტორის გიორგი გორაძის ინიციატივით სტუდენტები ვიყავით  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც დავესწარით საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი აქტუალური საქმის განხილვის პროცესს. ძალიან საინტერესო იყო და ბევრი რამ შევისწავლე სტრასბურგში ყოფნისას. ასევე, ვიყავით ჰოლანდიაში. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც კოდდიუარის პრეზიდენტის სასამართლო  პროცესი მიმდინარეობას. აქტიურად ვარ ჩართული უნივერსიტეტის საქმეებში. ამ ეტაპზე ვარ ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტში და ვაკეთებ მაქსიმუმს,რომ ჩემი წვილილი შევიტანო ფაკულტეტის განვითარებაში. ახლახანს განვახორციელეთ პროექტი  „ზამთრის სკოლა“, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა ნასწავლი თეორიული მასალა გამოგვეყენებინა პრაქტიკაში. ჩავატარეთ იმიტირებული პროცესი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალში, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჩაგვიტარდა ტრენინგები და მოგვეცა საშუალება უფრო მეტი რამ გვესწავლა. ძალიან მადლობელი ვარ ფაკულტეტის ხელმძღვანელობის, რომ სტუდენტს ხელს უწყობს და ასე ეხმარება.

3.    ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით ?

ჩვენი ფაკულტეტი ძალიან ბევრ და საინტერესო ღონისძიებებს ახორციელებს.
ასე კონკრეტულად არ გამოვყოფ რომელიმეს, ყველა ღონისძიება სტუდენტის ინტერესებს არის მორგებული, მაგრამ აღსანიშნავია ახალი წამოწყება „შეხვდი დამსაქმებელს“., რომლის ფარგლებშიც ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ მოიწვია პროკურორები და პროკურატურის თანამშრომლები, რომლებმაც გაგვაცნეს თავიანთი შემოთავაზებები. ეს პროექტი კიდევ გაგრძელდება და მოწვეული იქნებიან სხვა დამსაქმებლებიც, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტს ცოდნის შესაბამისად დასაქმდეს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა ფაკულტეტის მხრიდან და ჩემი აზრით, შედეგიანიც იქნება.

4.    როგორც ვიცით, ერთი წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ ფაკულტეტი არის ძალიან ძლიერი. სტუდენტს უქმნის ყველა პირობას იმისათვის რომ ისწავლოს კარგ გარემოში. მიიღოს უმაღლესი განათლება და დასაქმდეს.
კეთდება მრავალი პროექტი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას,რომ კარგად განვავითაროთ ჩვენი პროფესიული უნარ-ჩვევები. ჩვენი ფაკულტეტი ერთი წელია რაც შეიქმნა და იმდენი შეძლო უკვე, რაც დიდი ხნის შექმნილმა ფაკულტეტებმა ვერ შეძლეს, ეს ყოველივე კი ფაკულტეტის დეკანის და აკადემიური პერსონალის დამსახურებაა.

5.    მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც  ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს  ხარისხიანი უმაღლესი განათლება, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.

6.    რამდენად დიდია თქვენს წარმატებაში ფაკულტეტის როლი?

მე რომ სხვაგან მესწავლა ალბათ ამდენ შესაძლებლობას ვერ მივიღებდი, როგორც უკვე აღვნიშნე, უამრავი შესაძლებლობა აქვს ფაკულტეტზე სტუდენტს ჩამოყალიბდეს პროფესიონალად და მხოლოდ ინფორმაციული ცოდნით არ შემოიფარგლოს სტუდენტისთვის  ცოდნის მიცემა ერთია, თუმცა მნიშვნელოვანია თუ როგორ გაუმყარებ ამ ცოდნას,მთავარია უნივერსიტეტს შეეძლოს მოგამზადოს შრომის ბაზრისთვის და ჩამოგიყალიბოს ის უნარ-ჩვევები, რაც გჭირდება დასაქმებისთვის
7.    რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

ბატონ ირაკლის ვეტყოდი, რომ არის საუკეთესო დეკანი საუკეთესოთა შორის, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტუდენტებს ბევრი რამ გაუკეთდეთ,  სულ გვერდში უდგას თავის სტუდენტებს. მადლობა მას ამისთვის.

8.    დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით წლევანდელ პირველკურსელებს?

პირველ რიგში,ვულოცავ ყველა პირველკურსელს,რომ მოხვდნენ ჩვენთან. ისწავლეთ და გააკეთეთ საკუთარი თავის მაქსიმუმი. არ დაიშუროთ დრო სწავლისთვის. ჩაერთეთ ფაკულტეტის ორგანიზებულ პროექტებში და იყავით აქტიური სტუდენტები. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ აუცილებლად დაგიფასდებათ შრომა. წარმატებებს გისურვებთ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებსაც არ ექნებათ მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური (1125 ლარი) გადახდილი ა/წ 23 იანვრამდე, შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.

ფაკულტეტის მენეჯერის აპარატი

გამოიცა სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის მიერ დამტკიცებულ სამეცნიერო პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“, რომლის  ავტორებიც არიან პროფესორები: სტუ-ს სპიკერი პროფესორი, ჯემალ გახოკიძე,  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია,  პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, პოლიკარპე (თემურ) მონიავა.

წიგნი გამოიცა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მხარდაჭერით.

`საგამოძიებო სამართალი~ ავტორთა კოლექტივის მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული საგამოძიებო საქმიანობის შედეგია, რომელსაც არქიტექტონიკისა თუ განხილულ საკითხთა თემატიკის მრავალფეროვნებით ანალოგი არ გააჩნია, რადგან: მოიცავს გამოძიებასთან დაკავშირებით ისტორიულ  მემკვიდრეობას და დღეს არსებულ რეალობას, როგორც ქართულ ისე საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში; დეტალურად არის წარმოჩენილი გამოძიების ორგანოებისა და გამომძიებლის სტატუსით აღჭურვილ (გამომძიებელი, პროკურორი, ბრალდებული), ასევე გამოძიებასთან ასოცირებულ სუბიექტთა (მაგ. ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ჩართულ ჟურნალისტთა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის) საქმიანობის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მოწესრიგებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, `სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ კანონით და სხვა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით;

აღნიშნული სახელმძღვანელოს და ზოგადად პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან,  კვლევის შედეგი ასახული იქნება  სასწავლო სილაბუსებში, ასევე,   საგამოძიებო სამართლის, როგორც არჩევითი საგნის სწავლების შესაძლებლობა მიეცემათ სამართლის მიმართულების სტუდენტებს.

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის

ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

პირველი ეტაპი:

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა –2018 წლის 05 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით;
    2. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა –2018 წლის 12 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით.

მეორე ეტაპი:

  1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა ვადა –2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთმდე;
    2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა – 2018 წლის 18 იანვრის 12:00 საათიდან 01 თებერვლის 18:00 სთმდე; 
    3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა – 2018 წლის 06 თებერვალი.

მესამე ეტაპი:

  1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა –2018 წლის 06-07-08 თებერვალი;
    2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა –მიმღები უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები; 
    3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა – მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები.

მეოთხე ეტაპი:

  1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა –2018 წლის 06 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;
    2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა – 2018 წლის 15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით; 
    3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

მეხუთე ეტაპი:

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა –2018 წლის 2 მარტის ჩათვლით;
    2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 5 მარტის ჩათვლით; 
    3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით; 
    4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით; 
    5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების (თანდართული ელექტრონული ვერსიით) ცენტრში წარდგენის ვადა – 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით; 
    6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა – სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა.
  2. http://eqe.ge/geo/static/39/mobility/rules–procedures

სოციალური პროექტის მეორე ეტაპი განხორციელდა

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და შუამდგომლობით   ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტთა დაფინანსების შესახებ. დეკანმა ხაზი გაუსვა სოციალური პროექტის მნიშვნელობას და სთხოვა ფაკულტეტის საბჭოს გამოიჩინოს კეთილი ნება და უზრუნველყონ ფინანსური და ოჯახური პრობლემების მქონე სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გარკვეული ოდენობით დაფინანსება.

        საბჭომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ წინადადებას და გამოთქვა მზადყოფნა მსგავსი სოციალური პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.აღნიშნული პროექტი უკვე მეორედ ხორციელდება და მეორე ეტაპზე  დაფინანსდა 21 სტუდენტი, დაფინანსებული თანხის ოდენობამ შეადგინა 13342 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სოციალური პროექტის პირველ ეტაპზე, 2017 წელს დაფინანსდა 26 სტუდენტი, რომელთაც არ შეეძლოთ მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სწავლის საფასურის გადახდა, თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 16100 ლარი.
 დეკანის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა მსგავსი მასშტაბური დახმარება სტუდენტებს უკვე მეორედ გაუწია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სოციალური პროექტები სამომავლოდაც დაფინანსდება.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი სტუდენტების მხარდაჭერა, რომლებიც გამოირჩევიან წარჩინებული სწავლით. თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა.

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში პროკურორებთან შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 13 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით განხორციელდა პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა  სტუდენტთა შეხვედრების  ორგანიზება მომავალ დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში უპირველესად, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები მოიწვიეს.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ მიზნები და  ამოცანები. დეკანი მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისათვის და სტუდენტებს სთხოვა აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა პროექტის მუშაობაში.

ამავე პროექტის ფარგლებში, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის მიერ დამტკიცებულ სამეცნიერო პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ფარგლებში გამოცემული  სახელმძღვანელოების „საპროკურორო სამართალი“ და „საგამოძიებო სამართალი“-ს პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა, სადაც ავტორებმა მათ შორის, ჯემალ გახოკიძემ და ირაკლი გაბისონიამ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ნაშრომზე მუშაობისას გამოვლენილი სამართლებრივ ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმებს და პროკურორებს სთხოვეს მიმოეხილათ მათ წინაშე წარმოდგენილი ნაშრომი.

პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ მოიწვია 25-მდე პროკურორი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის იყვნენ: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი – ნინო აღლემაშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი – შოთა ტყეშელაშვილი, ვაკე – საბურთალოს რაიონული პროკურორი – შოთა რიჟამაძე, მთავარი პროკურატურის ფინანსური პოლიციის ზედამხედველობის პროკურორი მიხეილ სადრაძე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი- ემზარ გაგნიძე, მთავარი პროკურატურის ფინანსური პოლიციის ზედამხედველობის პროკურორი – გიორგი მიქელაძე, თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორი- დავით გუმბერიძე, სამხედრო პოლიციის ზედამხედველი პროკურორი – გიორგი კვინიკაძე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი- ჯემალ ლომსაძე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი- ბერდია სიჭინავა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი – ნიკოლოზ დგებუაძე, ვაკე – საბურთალოს პროკურორის მოადგილე – სოსო სალთხუციშვილი, ისანი სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე-ალექსანდრე ფოცხვერაშვილი, ქალაქის პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილე – იოსებ ხუციშვილი, ვაკე- საბურთალოს პროკურორი – ირაკლი მინაშვილი, გლდანი-ნაძალადევის პროკურორი- ეკა ესაკია,  ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი – სალომე შენგელია, პროკურორი გიორგი მექვაბიძე, პროკურორი ქეთევან გუმბურიძე, პროკურორი პაპუნა კერესელიძე, პროკურორი ზაზა სუხიშვილი და პროკურორი ირინა ჩოჩია.

თითოეული მოწვეული პროკურორო წარდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე, მათ ისაუბრეს პროკურორობამდე განვლილ გზაზე, მოუწოდეს ახლაგაზრდებს ენთუზიაზმით მუშაობისაკენ, განუმარტეს პროკურატურაში მუშაობის დაწყების წინაპირობები. სტუდენტმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს  პროკურორებისგან.

პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა პრაქტიკოს იურისტებსა და ფაკულტეტზე მოღვაწე მეცნიერებს შორის, პროფესორებმა გააცნეს შეხედულებები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, პროკურატურის თანამშრომლებმა კი თავის მხრივ, მოისმინეს სამეცნიერო თვალსაზრისით გამოვლენილი რეკომენდაციები და ერთობლივი მუშაობის ფორმატით მუშაობის სურვილი გამოთქვეს.  ფაკულტეტის მიზანი აღნიშნული შეხვედრის ორგანიზების მდგომარეობდა გარდა სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასაქმებისა  სისხლის სამართლის მოდულის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  სასწავლო პროგრამების შეფასებასა და განხილვაში, რადგან ფაკულტეტზე სამომავლოდ უფრო დახვეწილი და პრაქტიკული კომპონენტებით დატვირთული პროგრამები შეიქმნას.

პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა, რომელიც წარმატებით დასრულდა და შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებს ფაკულტეტი პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დამსაქმებლის მოწვევას.

 

 

13.01.2018

 

 

 

ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2018 წლის 12 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უძღვებოდა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განიხილეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მინიჭება ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ღია კონკურსის წესით შერჩეულ იქნა ოთხი სტუდენტი: გიგა ძირკველიშვილი, ბაჩანა კვირკველია, ირინა მიქავა, ანრი ჩოგოვაძე.

საბჭომ მეორე საკითხად იმსჯელა დეკანის ინიციატივაზე ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შეფასებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, განხორციელებული კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის, სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დაწესდეს გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობისა და ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო. ფაკულტეტის საბჭომ  მოიწონა აღნიშნული ინიციატივა და ასევე, ერთხმად დაუჭირეს მხარი დეკანის შუამდგომლობას გურამ ნაჭყებიას სახელობის ჯილდო მიენიჭოს პროფესორ ჯემალ გაბელიას, ახალგაზრდა მეცნიერებში მალხაზ ჩიტაიას, ასევე ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო გადაეცემა პროფესორ იგორ კვესელავას, ახალგაზრდა მეცნიერებში გიორგი კალანდაძეს.

საბჭომ ასევე განიხილა ფაკულტეტისა და სამართლის კლინიკის დებულების ცვლილებები, განიხილეს განცხადებები და მიმოიხილეს წინასწარი პროექტები.

 

 

 

დაიწყო შერჩევა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული პროცესისთვის

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტებს აძლევს შანსს მიიღონ მონაწილეობა იმიტირებულ პროცესში ნაფიც მსაჯულად, რომელიც გაიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის მიმართულებით.

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულად მონაწილეობა მოიცავს – დასწრებას  სასამართლო პროცესზე, როგორც ნაფიცი მსაჯული და მიმდინარე საქმეზე შესაბამისი ვერდიქტის გამოტანას.

შერჩეულ ნაფიც მსაჯულებს იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვამდე ჩაუტარდებათ ერთ დღიანი ტრეინინგი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე.

იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამოვლინდება საუკეთესო ნაფიცი მსაჯული, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. თითოეულ ნაფიც მსაჯულს გადაეცემათ წიგნები და სიმბოლური საჩუქრები.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა მოხდება აპლიკაციის  საფუძველზე.

აპლიკაციების მიღება იწარმოებს 10 იანვრიდან და გაგრძელდება 14 იანვრის 23:00 საათამდე.

ნაფიც მსაჯულად იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველმა  სტუდენტმა ელექტრონულ მეილზე iuridiuliganatleba@yahoo.com  უნდა გამოგზავნოს ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა, რომელშიც უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ სურს იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა.

მონაწილეები შეირჩევნიან აპლიკაციის საფუძველზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

საკონტაქტო პირები:

მაკა აბულაძე 595961900;

ნიკა ასვანუა- 598579350.

Download (DOCX, 38KB)

პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით დაიწყო პროექტი „შეხვდი დამსაქმებელს“, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სტუდენტთა შეხვედრების  ორგანიზება მომავალ დამსაქმებლებთან.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს წარმატებული სტუდენტების დასაქმების  ხელშეწყობას. დამსაქმებელსა და სტუდენტს შორის კომუნიკაციის დამყარების უზრუნველყოფას.

პროექტის ფარგლებში მოწვეული იქნებიან როგორც საჯარო სამსახურის ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ისინი თავად გააცნობენ სტუდენტებს მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს, მოისმენენ სტუდენტთა შეკითხვებს და ერთობლივად დაგეგმავენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას.

პროექტის „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში პროკურორებთან შეხვედრა გაიმართება  

 

2018  წლის 13 იანვარს 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებთან.