სტუდენტთა ვიზიტი მართლმსაჯულების სასახლეში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ, სადაც მართლმსაჯულების სასახლე დაათვალიერეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლისგან მოისმინეს ისტორიული ფაქტების შესახებ.  სტუდენტებმა მუზეუმში ის ნივთები და ატრიბუტები ნახეს, რომელიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული.

„მართლმსაჯულების მუზეუმი“ ორი დარბაზისგან შედგება: საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.

სტუდენტების აღფრთოვანება გამოიწვია მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულმა ისტორიულმა „N1 დარბაზ“-მა , სადაც იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.

მსგავსი შემეცნებითი ექსკურსიები მომავალშიც განხორციელდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით.

 

სტუდენტთა ლექცია-პრეზენტაცია

2017 წლის 21 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტმა ანა ტაკაშვილმა და მეორე კურსის სტუდენტმა  მარიამ მკლავიშვილმა  ლექტორის პროფესორ ჯემალ გაბელიას ხელმძღვანელობით ჩაატარეს ლექცია-პრეზენტაცია სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში ამავე ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტთათვის.

სტუდენტ-მომხსენებლებმა წარმოადგინეს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, კერძოდ, ქმედების შემადგენლობა. განმარტეს დანაშაულის სისტემა, ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობები. უმოქმედობის მიზეზობრიობა, განზრახვა. მოიშველიეს კაზუსები და დასაბუთებულად უპასუხეს მსმენელთა შეკითხვებს.

ლექციას ესწრებოდა ამავე ფაკულტეტის ასისტენტი სისხლის სამართლის სპეციალისტი ლელა წიკლაური და სხვა სტუდენტები, რომლებმაც აქტიურად დაუსვეს შეკითხვები პრეზენტატორებს, რაზედაც მათი ხელმძღვანელის დახმარებით მიიღეს ამომწურავი პასუხები.

აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს ლექტორის ახალ ინიციატივას, რომელიც მიიღებს მუდმივ სახეს. ყოველივე კი ემსახურება მიზნად, იმას რომ სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძინონ იურისტისთვის საჭირო ნიშან-თვისებები, კერძოდ, აუდიტორიასთან ურთიერთობა, გამოსვლის ხელოვნება, პრეზენტაბელურობა და სხვა.

 

ავთანდილ დემეტრაშვილის საიუბილეო ღონისძიება

2017 წლის 21 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ემერიტუს-პროფესორის ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა, ასევე, გაიმართა მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ღონისძიება გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მიულოცა იუბილე და მადლობა გადაუხადა ავთანდილ დემეტრაშვილს ფაკულტეტზე გაწეული შრომისათვის.

პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილმა დაათვალიერა გამოფენილი ფოტოები და თითოეულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება.

გამოფენის შემდგომ მოეწყო ფილმის ჩვენება.

დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი, რომელზეც იუბილარის საპატივცემლოდ გამოხატული იყო საქართველოს კონსტიტუცია.

 

 

 

ნესტან კირთაძის მეორე საჯარო ლექცია

2017 წლის 20 დეკემბერს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორ ნესტან კირთაძე წაიკითხა საჯარო  ლექცია თემაზე: „საქართველოს გეოპოლიტიკური ალგორითმები“ .

ლექცია გახსნა და სტუმარს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, რომელმაც გაიხსენა პირველი საჯარო ლექცია რომელიც პროფესორმა ნესტან კირთაძემ ჩაატარა და სწორედ იმიტომ რომ სტუდენტები აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩატარდება მეორე საჯარო ლექციაც. აღნული ლექციები მიიღებს ყოველთვიურ სახეს და ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა თვეში ერთხელ დაესწრონ მათთვის ძალზედ საინტერესო პროფესორის ლექციებს.

საჯარო ლექცია მიეძღვნა საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეფასებას, მიმდინარე მოვლენებზე გამახვილდა ყურადღება და ხაზი გაესვა იერუსალიმის ამჟამინდელ მდგომარეობას.

საჯარო ლექციას ასევე ესწრებოდნენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან.

 

 

ჩვენს გუნდს „საუკეთესო  მოპასუხის“ წოდება მიენიჭა.

 

არასამთავრობო  ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით 2017 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე.

იმიტირებული სასამართლო პროცესი მოიცავდა 2 ეტაპს (დარეგისტრირებული გუნდების გადარჩევა გუნდის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო ნაწილის მიხედვით და ზეპირი რაუნდი) და ითვალისწინებდა გამარჯვებულის გამოვლენას 3 ნომინაციაში: საუკეთესო მოსარჩელე გუნდი,  საუკეთესო მოპასუხე გუნდი  და  გამორჩეული მონაწილე.

ზეპირ რაუნდში ერთმანეთს დაუპირისპირდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით გამოვიდნენ ჩვენი სტუდენტები ლია ნახუცრიშვილი, სალომე ნემსიწვერიძე, რეზო აბზიანიძე, სოფიკო დარჩია და მალხაზ რაშოიანი.

რის შედეგადაც გუნდის გუნდურობიდან და აქტიურობიდან გამომდინარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს მიენიჭა საუკეთესო მოპასუხის წოდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი წარმოადგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელსაც ედავებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მათი შვილის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ულოცავს ჩვენს სტუდენტებს მორიგ წარმატებას და მადლობას უხდის აქტიურობისა და შრომისათვის.

ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 2017 წლის 18 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება განიხილეს.

ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ წარმოადგინა მოხსენება წინა წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთვის ფაკულტეტის მენეჯერს სთხოვა წარმოედგინა პროექტი.

მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ მუხლობრივად გაიარა ყველა საკითხი ფაკულტეტის საბჭოს წინაშე და მოახსენა მათ კონკრეტულ ასპექტებში თანხების შემცირებებისა და  ზრდის შესახებ.

თავისმხრივ, ფაკულტეტის საბჭოს  წევრებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები და დაამტკიცეს 2018 წლის ბიუჯეტი.

მეოთხე კურსის სტუდენტი თათია დოლიძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ  თათია დოლიძეს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსზე.

უპირველესყოვლისა მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ, რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი, მე ვარ თათია დოლიძე, ვსწავლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსზე.

  1. გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე ?

არც ისე დიდი ხანია  რაც გამოვედი იმ ასაკიდან რასაც ბავშვობა ჰქვია. არასდროს ვყოფილვარ ჩვეულებრივი ბავშვი არ მიყვარდა თამაში,  ყოველთვის ვცდილობდი რამე ახალი შემეცნო და  გამეგო, ყოველთვის გამოვირჩეოდი სამართლიანობით, ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები კი ჩემს გამზრდელ ბაბუას უკავშირდება, რომლის დამსახურებაა დღეს მე რომ  სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობ.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, სიმართლე გითხრათ ჩემი მიზანი ყოველთვის დაბადებიდან იყო და არის,  რომ გავხდე ძლიერი იურისტი და სწორედ რომ ხაზგასმით მიზანია და არა ოცნება. ამიტომაც ჩემთვის მთავარი იყო ჩამებარებინა იურიდიულზე, სტუ იქნებოდა ეს თუ სხვა უნივერსიტეტი თავიდან მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, მაგრამ აქ მოხვედრის შემდეგ მივხვდი რა დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს სადაც შენ, შენი ცხოვრების მიზანს უნდა მიაღწიო გახდე პროფესიონალი სამართალმცოდნე იურისტი, დღეს შემიძლია სიამაყით და თამამად გითხრათ რომ ძალიან გამიმართლა როდესაც  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და მე დღეს თუ რამით ვამაყობ ერთ-ერთი ეს არის რომ მე სტუ-ს სტუდენტი ვარ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას რატომ ჩავაბარე სამართალზე ვფიქრობ პლატონის ამ  გამონათქვამით შევძლებ გიპასუხოთ ,,სიმართლეს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.’’ მე მომხრეც ვარ სიმართლის და ასევე აუცილებლად უპირობოდ მისი დამცველი.

  1. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს მოტივირებულ სტუდენტს მაღალ კვალიფიციურ განათლებას ის სხვა უნივერსიტეტებიდან განსხვავდება ინოვაციურობით მუდმივად გვთავაზობს სიახლეებს. ეს არის სალექციო თუ სასემინარო საათები, სხვადასხვა  შემეცნებითი აქტივობები. უამრავი ლექტორი, სემინარის ხელმძღვანელი შემიძლია დაგისახელოთ მართლაც რომ დიდი ძალისხმევას, ენერგიას დებს რომ სტუდენტს ჩამოუყალიბოს სწორი სამართლებრივი ხედვა და მისცეს მაღალი იურიდიული განათლება,სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებიდან განსხვავება შეიძლება იყოს რომ სხვა უნივერსიტეტებში უმეტესწილად ჯგუფური მეცადინეობები მიმდინარეობს შეფასების კრიტერიუმიც სხვა აქვთ სტუ-ში უმეტესწილად ზეპირი მეტყველებით, პრეზენტაციებით და სამეცნიერო თვალსაზრისით მუშაობით ხდება სასემინარო საათების წარმართვა რაც ძალიან კარგია.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

სკოლიდანვე ვიყავი აქტიური მოსწავლე, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა აქტივობებში ვმონაწილეობდი დებატებში, ინტელექტუალურ თამაშებში, როგორიც არის „რა, სად, როდის’’, ვთანამშრომლობდი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტშიც აქტიურად ვარ ჩაბმული სხვადასხვა აქტოვობაში, ახლა გავიდივარ სტაჟირებას იურდიული კლინიკა ,,ჩემი ადვოკატ“-ში’.

  1. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?

ჩემი თავს თვალნათლივ ვხედავ სისხლის სამართალში, თავდაჯერებულ, ძლიერ იურისტად. ყოველთვის დავიცავ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებს და თავისუფლებებს როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს..

  1. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?

არ არსებობს თანამდებობა რომელზეც მე ვოცნებობ, იმიტომ რომ საერთოდ არ ვოცნებობ J მე მაქვს მიზანი და  ძალისხმევას არ დავიშურებ ამ მიზნის მისაღწევად. ასევე ვიზიარებ ზიგმუნდ ფროიდის აზრს ”ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები“. ნამდვილად ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები და ეს არის ყველა თანამდებობაზე მნიშვნელოვანი J

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს გამორჩეული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი ჰყავს.  ძნელია მათ შორის ვინმეს გამორჩევა, ისინი ყოველთვის მზად არიან  მოუსმინონ სტუდენტს, გაიგონ სტუდენტის აზრი ამა თუ იმ საკითხის მიმართ, რა პრობლემები აქვთ, რა უჭირთ და ყოველთვის მზად არიან ჩვენ დასახმარებლად, აქვე ვისარგებლებ შესაძლებლობით და ფაკულტეტის  ხელმძღვანელობას და აკადემიურ პერსონალს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ხელშეწყოფიბისთვის, მეგობრული დამოკიდებულებისა თუ პროფესიონალური მიდგომებისთვის რომელსაც ისინი იჩენენ ჩვენთან მიმართებით.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

ეს არ არის სწორი მიდგომა საკითხისადმი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში მცირედი პრობლემები არსებობს, მაგრამ მთავარია რომ ფაკულტეტის ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი ძალ-ღონეს არ იშურებს უკეთესი შედეგისთვის. დღესდღეობით ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს აქვს ის დონე რომლითაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ქვეყნის სხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებს და ეს  წარმატებით გამოსდის კიდეც ..

  1. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?

ფაკულტეტი როგორც ზემოთ ვთქვი გვანებივრებს სიახლეებით. გამოვყოფდი საჯარო ლექციას საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს თავჯდომარე ბატონ ზაზა თავაძესთან და თავჯდომარის მოადგილე ქალბატონ ლალი ფაფიაშვილთან. მნიშვნელოვანი ლექცია ჩატარდა რომელსაც სამართალმცოდნეების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის პირები მათთვის და ჩვენთვის კიდევ უფრო გასაგები გახდა, თუ რა ორგანოა საკონსტიტუციოს სასამართლო (იურისტებმა კარგად ვიცით J) რა არის მისი საქმიანობის ძირითადი სფერო, რის საფუძველზე იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციოს სასამართლო. აღნიშნულ ლექციაზე კითხვები დაისვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა სისხლის სამართლის 273 მუხლს. საკმაოდ ამომწურავად გაეცა ყველა დასმულ კითხვას პასუხი,  ერთმნიშვნელოვნად ბოლოს ჩატარებულ ღონისძიებათაგან გამოვყოფდი ზემოთ ხსენებულს ლექციას.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

უპირველესყოვლისა ვუსურვებ წარმატებებს, ჩვენ მომავალი კოლეგები ვართ და საერთო საქმე უნდა ვაკეთოთ ვემსახუროთ სამართალს, მინდა ვურჩიო მათ რომ გამოიყენონ ყველა ის რესურსი რასაც უნივერსიტეტი მათ აძლევთ, რაც შეიძლება მეტი მუშაობა საკუთარ თავთან, იყვნენ მოტივირებულები, გახსოვდეთ რომ თქვენ აირჩიეთ ის პროფესია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი აკისრია კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენ იურისტებს შესაძლებელია მოგვიწიოს ადამიანის ბედ-იღბალის გადაწყვეტა და ეს არ არის შორეული პერსპექტივა. ამიტომ მეგობრებო, რაც შეიძლება მეტი მუშაობა, მეტი ცოდნის მიღება რომ ჩვენით სამშობლომ იამაყოს.

 

 

 

ზაალ სარაჯიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ლობიზმი, როგორც ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმი”

2017 წლის 16 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად კი დიასპორული ინვესტიციების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტმა  ზაალ სარაჯიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ლობიზმი, როგორც ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმი”.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ  ირაკლი გაბისონიამ,  რომელმაც წარადგინა  სტუმარი და ხაზი გაუსვა იმას, რომ სტუდენტების  სურვილის შემთხვევაში ფაკულტეტის ადმინისტრაცია კვლავ ითანამშრომლებს ზაალ სარაჯიშვილთან და მოიწვევს მას საჯარო ლექციის ჩასატარებლად.

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ლობიზმის საქმიანობის ისტორიაზე, ლობისტის სამართლებრივ გარანტიებსა და საქმიანობის ფორმებზე,  მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, მათ შორის, მოიშველია სტატისტიკა აშშ-ის ლობისტების რაოდენობის და მათზე დახარჯული თანხების შესახებ.   განმარტა ლობისტური საქმიანობის რეგლამენტაცია, მეთოდები და ფორმები. ასევე, ჩამოაყალიბა ლობისტური საქმიანობის მთავარი ელემენტები, ღირსებები და ნაკლოვანებები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები, მათ შორის, მიიღეს რჩევები თუ როგორ არის შესაძლებელი ჩამოყალიბდე კარგ ლობისტად.

 

ზაალ სარაჯიშვილის საჯარო ლექცია თემაზე:  “ლობიზმი, როგორც ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმი”.

16 დეკემბერს 13:00საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციას წაიკითხავს  დიასპორული ინვესტიციების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი ზაალ სარაჯიშვილი თემაზე:  “ლობიზმი, როგორც ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმი”.