მეორე კურსის სტუდენტი ნინო ხუციშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ  ნინო ხუციშვილს,  რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე.

  მოგესალმებით ნინო, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე ?

 გამარჯობა, მე ვარ ნინო ხუციშვილი, 19 წლის. დავამთავრე ქ.თბილისის 87-ე საჯარო სკოლა. სკოლასთან ერთად დავდიოდი სხვადასხვა წრეებზე, გავდიოდი ოლიმპიადებზე და ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში, მაქვს სხვადასხვა დიპლომები და სიგელები. ასევე 11 წელი დავდიოდი ცეკვაზე.

       რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?

სკოლის ასაკიდანვე მაინტერესებდა სამართალი, რადგან იგი ყოველდღიურ ცხოვრებასთან ახლოს იყო. მე-11 კლასიდან კი უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ სამართალზე ჩავაბარებდი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამაზე ნაწილობრივ გავლენა იქონია იმან, რომ ჩემს დეიდას აქვს დამთავრებული ამ უნივერსიტეტში იურიდიული  ფაკულტეტი და ბავშვობიდან მახსოვს თუ როგორი კმაყოფილი იყო. ასევე ჩემი  მასწავლებლისგანაც ვიცოდი რომ მაღალი დონის იყო ეს ფაკულტეტი ამ უნივერსიტეტში.

  1. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?

საკმაოდ მაღალია სწავლების დონე. ამ უნივერსიტეტს ჰყავს არაჩვეულებრივი ლექტორები, რომლებიც ყველანაირად გიწყობენ ხელს რომ მიაღწიო შენთვის სასურველ შედეგს და გაძლევენ სტიმულს, ასევე ნებისმიერ დროს მზად არიან დაგეხმარონ.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ აქტიურია ფაკულტეტის თვითმმართველობა, რომელიც ყველა სტუდენტს უწყობს ხელს განვითარდეს. პირველ კურსზე ვიყავი საქართველოს პროკურატურაში ჩატარებულ ტრენინგზე თემაზე ‘’ოჯახური ძალადობა’’ , ნამყოფი ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში თემაზე ‘’საკონსტიტუციო სამართალწარმოება’’.  გავიარე სტაჟირება იუსტიციის სახლშიც ასევე ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებს და ღონისძიებებს..

  1. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?

მომავალში ჩემი თავი წარმომიდგენია ადვოკატად, ასევე მსურს მქონდეს საკუთარი საადვოკატო ბიურო.

  1. ყველაზე მეტად რა მოგწონთ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკაში ?

აუცილებლად დავასახელებდი საჯარო ლექციათა ციკლს, ძალიან მომწონს რომ უნივერსიტეტი იწვევს ცნობილ პიროვნებებს და ამით მეტ ინტერესს იწვევს სტუდენტებში. საჯარო ლექციებს ატარებენ როგორც უცხოეთის სასწავლებლიდან მოწვეული პროფესორები ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისეთი პრაქტიკოსების მოწვევაც როგორიც არის მაგალითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და სხვები.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

სტუ-ს სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს უამრავ შესაძლებლობებს. პირველკურსელებს ვურჩევდი, რომ გამოიყენონ ეს ყველაფერი, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებებსა და აქტივობებში, რომლებიც  მისცემს ცოდნას და დააინტერესებს მათ. ასევე ვუსურვებ წარმატებას ყველას, რადგან მათ ჯერ კიდევ წინ აქვთ ის სიამოვნება რომ გაიგონ თუ როგორ კარგ ფაკულტეტზე ჩააბარეს, რადგან ეს უნივერსიტეტი აფასებს მათ შრომას.

საჯარო ლექცია თემაზე:   “ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფაქტორი”

2017 წლის 19 დეკემბერს 14:00საათზე  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ასისტენტ-პროფესორი ბაქარ მაცაბერიძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე:   “ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფაქტორი”.

კონსტანტინე ჩოკორაიას საჯარო ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო ცვლილებები, სიახლეები და პრობლემები“

2017 წლის 14 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასისტენტ-პროფესორმა, კონსტიტუციონალისტმა  კონსტანტინე  ჩოორაიამ  წაუკითხა  საჯარო ლექცია თემაზე: საკონსტიტუციო ცვლილებებისიახლეები და პრობლემები“.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარუდგინა სტუდენტებს სტუმარი  და საინტერესო  ლექციის ჩატარება უსურვა.

სტუმარმა თავდაპირველად, მადლობა გადაუხადა დეკანს მოწვევისათვის და ცნობილ კონსიტიციონალისტს ემერიტუს-პროფესორს ავთანდილ დემეტრაშვილს მისი როგორც კონსტიტუციონალისტის ჩამოყალიბების საქმეში გაწეული შრომისთვის.

ლექცია გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიული ასპექტების, მიმდინარე ცვლილებების ძირითადი საკითხების, საპრეზიდენტო და საპარლამენტო მოდელის დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ. აქტიური კითხვების შედეგად წამოიჭრა საკითხი საარჩევნო სისტემის და მის ირგვლივ შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით.

საჯარო ლექცია საინტერესოდ წარიმართა, სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს სტუმარს და ასევე, პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილის სთხოვეს საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ვინაიდან, იგი გახლდათ ამ საკონსტიტუციო კომისიის წევრიც.

საჯარო ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო ცვლილებები, სიახლეები და პრობლემები“

 14 დეკემბერს 12:00 საათზე  909ბ აუდიტორიაში სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის კონსტიტუციონალისტი  კონსტანტინე  ჩოკორაია  წაიკითხავს  საჯარო ლექციას თემაზე:  „საკონსტიტუციო ცვლილებები, სიახლეები და პრობლემები“.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოადგილის ვიზიტი

2017 წლის 13 დეკემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან ბატონ ზაზა თავაძესთან და  თავმჯდომარის მოადგილესთან ქალბატონ ლალი ფაფიაშვილთან.

შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და შეხვედრის წარმართვა სთხოვა სტუ-ს სპიკერს პროფესორ ჯემალ გახოკიძეს. მან ასევე სტუმრებს მოკლედ გააცნო ფაკულტეტის კვლევითი საქმიანობის შესახებ.

სტუმრებს მიესალმა და საკუთარი მოხსენება წარმოადგინა სტუ-ს სპიკერმა პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, რომელმაც ისაუბრა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, საზოგადოებას წარუდგინა სახელმძღვანელო-კვლევის შედეგი ჩინეთსა და ჰონკონგის შესახებ, ყურადღება გაამახვილა  აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ასპექტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა სასამართლოს როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე,  განმარტა სტრუქტურა, მოსამართლეთა წარდგენის წესი, ვადა და სხვა ღირებული საკითხები, რომლებიც აქტიურად არის დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციის შესრულებასთან. ასევე, შეეხო ნეგატიური მართლმსაჯულების პრინციპებს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

აუდიტორიაში მსჯელობა გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. ფაკულტეტის დოქტორანტმა დიმიტრი საბულუამ,  რომელიც სწორედ აღნიშნულ თემას იკვლევს დისკუსი გამართა მოსამართლეებთან, ასევე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა და დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა მოწვეულ სტუმრებს.

გამოიცა პროფესორ ზურაბ მელქაძის სახელმძღვანელო

2017 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით გამოიცა პროფესორ ზურაბ მელქაძის სახელმძღვანელო: ,,კორუფციული ხასიათის სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების თავისებურებები”.

ნაშრომში განხილულია კორუფციული ხასიათის ყველაზე გავრცელებული დანაშაულების: სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და ქრთამის აღების გამოვლენის, თავიდან აცილების და აღკვეთის პროცესში გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების თავისებურებები,ასევე  ნაჩვენებია, რომ მმართველობის სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სახის კორუფციული სამოხელეო დანაშაული უარყოფითად აისახება სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე და რეალურად ემუქრება ქვეყნის ეკონომიკურ საფუძვლებს.. გამოკვლევაში მოცემულია ყველა ის ძირითადი კონცეპტუალური საკითხი, რომელიც განხილულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყებას ახლავს თან. კერძოდ, აღნიშნულ საქმეებზე დასადგენი გარემოებები, ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს სამოხელეო დანაშაულთა გამოვლენას და მისი ჩამდენი პირების მხილებას. ავტორის მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე შემოთავაზებულია გამოძიების სრულყოფისათვის და ერთიანი საგამოძიებო პრაქტიკის დასანერგად აუცილებელი პროცესუალური და ოპერატიული საქმიანობის ორგანიზაციული რეკომენდაციები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და მოადგილის ვიზიტი სტუ-ში.

13 დეკემბერს, ოთხშაბათს 12:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა თავაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი .

 

რა? სად? როდის?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 23 დეკემბერს ფაკულტეტის სტუდენტთათვის გაიმართება ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სწავლების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ამ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe8aHh1EI5TTK8CzuumrZO62S635Lgx25N5JcNIPw2VGT16cw/viewform

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები კრიმინალისტიკის ლაბორატორიას გაეცნენ.

 

 2017 წლის 6 დეკემბერს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ევროპული განათლების აკადემიის კონტრაქტორი საერთაშორისო ეკონომიკურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და შრომის სოციალური ურთიერთობების და ტურიზმის აკადემიის სტუდენტები ესტუმრნენ .  სტუდენტებს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში  გაცნობითი შეხვედრა ჩაუტარდათ. მოისმინეს ინფორმაცია კრიმინალისტიკის ლაბორატორიაშია არსებული მოწყობილობების შესახებ,  ლაბორატორიის ფუნქციებსა და მუშაობის მეთოდიკაზე.

სტუ პროფესიული პროგრამის კრიმინალისტიკის ოთხივე საფეხურის კურსდამთავრებულმა სტუდენტმა ლაშა ძაგანიშვილმა პირველკურსელებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა.  გააცნო თითის კვლების აღების მეთოდიკა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.

სტუდენტები  დაინტერსდნენ სისხლის სამართლის მიმართულებით და მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს.