კურსდამთავრებული თიკო ხუციშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას გაიცანი სტუდენტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ, თიკო ხუციშვილს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

მოგესალმებით, თიკო, პირველ რიგში, გილოცავთ მაგისტრატურაზე ჩაბარებას.

  • გამარჯობა, დიდი მადლობა მოლოცვისათვის. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც იმ პერიოდში მივიღე. გარემომ, რომელიც აქ დამხვდა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს კი, ბედნიერი ვარ, რომ იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჰქვია.

 

  1. როგორი იყო თქვენი ბაკალავრობის პერიოდი, გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?
  • როგორც უმრავლესობამ, მეც საოცრად დაბნეული სახით შევაბიჯე პირველად უნივერსიტეტში. ამ პერიოდში ბოლომდე არ მქონდა გააზრებული რას ნიშნავდა სტუდენტობა, თუმცა, დროთა განმავლობაში შეიცვალა ეს მდგომარეობა, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები (ჯგუფელების/კურსელების და ლექტორების სახით) და უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა მინდოდა საბოლოოდ. უნივერსიტეტში გვაქვს სამართლის კლინიკა,  რომელმაც საშუალება მომცა  გამევლო პრაქტიკა/სტაჟირება საჯარო სამსახურებში,  ასევე მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ ტრენინგებში. სწორედ ეს ყველაფერია მიზეზი იმისა, რომ გადავწყვიტე  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა, ახლა უკვე სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
  1. რამდენად გაძლევთ ფაკულტეტი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას?
  • საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაცხადა სტაჟირება წარჩინებული სტუდენტებისათვის, რის თაობაზეც ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სამართლის კლინიკამ მომაწოდა. მან საშუალება მომცა გამევლო პრაქტიკა/სტაჟირება არაერთ საჯარო სამსახურში. ჩემი პირველი პრაქტიკა იყო სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრში – „ჩემი ადვოკატი“, რომელმაც უნივერსიტეტში ნასწავლი თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გაამყარა. ამასთან, სამართლის კლინიკის დახმარებით, 2016 წელს ვიყავი ბათუმის საზაფხულო სკოლაში, რომლის თემა იყო „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“. სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგ- სემინარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე დავესწარი საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ საინტერესო პროცესებს.

 

  1. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?
  • შესაძლებელია გარკევეული ზედაპირული ცოდნა გქონდეს შენი მომავალი პროფესიის შესახებ, თუმცა, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ოთხი წლის განმავლობაში მივიღე,რთულია შევადარო რაიმეს. ამ დროის მანძილზე ურთიერთობა გაქვს შენს კოლეგებთან, რომლებსაც უდიდესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება აქვთ და რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ გასწავლონ ყველაფერი, რათა ჩამოყალიბდე სრულფასოვან პიროვნებად და იურისტად. საბოლოოდ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ფაკულტეტმა ჩემს განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. ძალიან მომწონს გარემო-რომელიც საზოგადოების სრულფასოვან წევრად გაგრძნობინებს თავს. აკადემიური პერსონალი-რომელიც  პირველივე დღიდან ემსახურება და იცავს სტუდენტის ინტერესებს, ხელს უწყობს მას პროფესიულ განვითარებაში და აძლევს უამრავ შანსს გახდეს წარმატებული, არამარტო უნივერსიტეტის შიგნით არამედ მის გარეთაც.

 

  1. რატომ აირჩიეთ სტუ, თან ორჯერ?
  • მარტივია ამ კითხვას გასცე პასუხი, მაშინ როდესაც შეხება გაქვს ამ უნივერსიტეტთან. აქ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები პროფესიისკენ და აქედან გრძელდება კიდევ, რადგან სწორედ მან მომცა უამრავი შანსი და საშუალება გამხდარიყო ჩემი სტუდენტური წლები ნაყოფიერი და შედეგიანი. დარწმუნებული ვარ ასევე გაგრძელდება მაგისტრატურაზეც, რისთვისაც მზად ვარ. რამდენჯერმე მოვიპოვე პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია,რაც დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის.

 

  1. რას გვეტყოდით ახალი დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას შესახებ?

თავდაპირველად, მასთან შეხვედრა მომიწია, როგორც სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მაშინაც კი მხოლოდ სტუდენტის ინტერესებზე ფიქრობდა, მახსოვს არაერთხელ დაგვხმარებია, როდესაც  თხოვნით თუ საჩივრით მივდიოდით. უშუალო და პირდაპირია, მომთხოვნიცაა თუმცა სამართლიანი. ძალიან მიხარია, რომ ის არის დღეს ჩვენი დეკანი , რადგან დარწმუნებული ვარ ფაკულტეტი მისი ხელმძღვანელობით ძალიან წარმატებული იქნება. 

  1. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

პირველ რიგში,  ვულოცავ მათ  ჩაბარებას! ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ 4 წლიან სტუდენტურ ცხოვრებას. ვურჩევ, რომ მალე ჩამოყალიბდნენ თუ რა სურთ სამომავლოდ, რათა მაქსიმალური ძალებით დაიწყონ წინსვლა წარმატებისაკენ!

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply