ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2017 წლის 13 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უძღვებოდა.

უპირველეს ყოვლისა, დეკანმა  ფაკულტეტის საბჭოს გააცნო მიმდინარე  საკადრო ცვლილებები და მათ კიდევ ერთხელ წარუდგინა საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ასევე, დეკანის წარდგენით ფაკულტეტის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება  კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორების დამტკიცების თაობაზე;

მეორე საკითხად საბჭომ განიხილა დეკანის შუამდგომლობა საინჟინრო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის  ჩამოყალიბების შესახებ. დეკანმა დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული პროექტის მიზნებზე, შესაძლებლობებსა და აუცილებლობაზე.  სტუ-ს სპიკერმა პროფესორ ჯემალ გახოკიძემ მოუწონა დეკანს ეს ინიციატივა და გამოთქვა საკუთარი შეხედულება ამ პროექტის მნიშვნელობაზე. საბჭოს შეფასებით ეს იქნება ყველაზე ღირებული, წარმატებული და საქართველოში პირველი სასწავლო პროგრამა, რომელსაც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი განახორციელებს.

საბჭოს წინაშე წარსდგა პროფესორი ავთანდილ კიკნაძე, რომელმაც წარმოადგინა დებულება ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, ყურადღება გაამახვილა სრულიად პროექტის ღირებულებაზე და კონკრეტულად გააცნო დამსწრე საზოგადოებას კვლევითი ცენტრის საქმიანობის სფერო, მიზნები და ამოცანები.

დეკანმა ასევე წარმოადგინა შემდგომი ინფორმაცია: პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილთან ერთად განხორციელდება პროექტი „სამართლიანობის ფილოსოფია“, რომლის ფარგლებშიც გამოქვეყნდება არაერთი სამეცნიერო ნაშრომი,  ასევე, პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის პროექტი, სამომავლოდ შეიქმნას სახელმძღვანელო „სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის საფუძვლები“ და  საფაკულტეტთაშორისო  ცენტრის დაფინანსების თაობაზე.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ რამდენიმე საკითხი დააყენა ფაკულტეტის საბჭოს წინაშე, კერძოდ: 1. ინტერდისციპლინარული სადოქტორო პროგრამის შემუშავების შესახებ, ისაუბრა მიზნებსა და ამოცანებზე, ხაზი გაუსვა თანამშრომლობას  ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის. ასევე, დამტკიცდა  სტუ-ს ინტერდისციპლინარული სასწავლო-კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო- პოლიტიკა- კულტურა“-ს ინიციატივით დაგეგმილი უცხოელი პროფესორის  თეო კობუშის ვიზიტი სტუ-ში, რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექცია-სემინარებს.

ასევე განხილულ იქნა ფაკულტეტის სოციალური პროექტი, რომელიც უკვე მეორედ ხორციელდება. დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, აქვთ მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა. ფაკულტეტის საბჭოზე ასევე დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები პროფესორებმა ჯემალ გახოკიძემ, ჯემალ გაბელიამ, იგორ კვესელავამ და სხვებმა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply