საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და გენდერი“-4 გაიმართა

2017 წლის 16 ნოემბერს სტუ-ს საკონფერენციო დარბაზში სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მსოფლიო და გენდერი“.  კონფერენციას ორგანიზება გაუწია  სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა პროფესორ მაია ყიფიანმა, რომელიც ცენტრის ფარგლებში მეოთხედ ატარებს საერთაშორისო დონის კონფერენციას.

კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა, რომელმა მიულოცა  მონაწილეებს კონფერენციის გახსნა, ისაუბრა გენდერთან დაკავშირებული თემის აქტუალობაზე და წარმატებები უსურვა ფაკულტეტს. ასევე, მადლობა გადაუხადა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, მან მადლობა გადაუხადა პროფესორ მაია ყიფიანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა  მონაწილეებს.

ასევე სიტყვით გამოვიდნენ რევაზ მიშველაძე, იგორ კვესელავა და სხვა პროფესორები, რომლებმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს გენდერულ პრობლემასთან მიმართებაში.

 კონფერენციის სამუშაო პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი იყო. მომხსენებლებმა ძალზედ მნიშვნელოვანი თემები წამოჭრეს, სულ 59 მომხსენებელი წარდგა საზოგადოების წინაშე, მათი განხილვა კონფერენციის ფორმატში კი საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის.

კონფერენციის ასპარეზი გაზარდა იტალიიდან მომხსენებლების ჩართვამ.  დოქტორმა რომინა გურაშმა და დოქტორანტმა ნენო გაბელიამ საზოგადოებას გააცნეს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი კვლევის შედეგები.

პროფესორ ირაკლი გაბისონიამ ასევე ისაუბრა ოჯახში ძალადობის პრობლემების შესახებ და მოიშველია არაერთი სტატისტიკა, განმარტა ოჯახური ძალადობის ასპექტები და პრევენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კონფერენციის დასასრულს პროფესორ მაია ყიფიანმა შეაჯამა მოხსენებები, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და სამომავლო გეგმებზეც ორიოდე სიტყვით ისაუბრა.  აღნიშნული კონფერენცია მომავალ წელსაც გაიმართება ისევ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply