მესამე კურსის სტუდენტი ბაჩო კვირკველია

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რაც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ ბაჩო კვირკველიას რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე.
1. მოგვიყევით რამე თქვენი ბავშვობის შესახებ?
მოგესალმებით. დავიბადე და გავიზარდე ჩხოროწყუს რაიონში. ჩემი ბავშვობის წლები მთლიანად ამ ადგილთან არის დაკავშირებული. დავამთავრე ამავე რაიონის, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა, სკოლაში სწავლის წლები საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, მყავდა შესანიშნავი პედაგოგები და ძალიან კარგი კლასელები, რომლებთანაც ბევრი ტკბილი მოგონება და ახლო მეგობრობა მაკავშირებს.
2. რატომ გადაწყვიტეთ სტუ–ში ჩაბარება? თან სამართალზე?
სამართალზე ჩაბარება ჩემი ბავშვობის ერთგვარი ოცნება იყო. გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა უმეტესწილად იქონია მამის პროფესიულმა ფაქტორმა, რომელიც ასევე სამართალმცოდნე გახლდათ. სწორედ ამის გამო ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ.
თავიდანვე მქონდა გარკვეული სახის წარმოდგენა სტუში მიმდინარე სასწავლო პროცესზე და აკადემიურ პერსონალზე, რამაც გარკვეული როლი ითამაშა არჩევანი შემეჩერებინა ამ უნივერსიტეტზე.
3.რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამისგან?
ამ უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტის ფაკულტეტისგან განასხვავებს ინოვაციურობა, მუდმივი სიახლეები, ფაკულტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად განვითარდნენ პროფესიულად და ჩამოყალიბდნენ წარმატებულ იურისტებად.
4. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ.?
2017 წლის მარტის თვეში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯფუფი დეპარტამენტის დაფინანსებით და ხელშეწყობით გავემგზავრეთ ნიდერლანდების სახელმწიფოში, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ უტრეხტში გამართულ გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში, ვიყავით ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC) და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICTJ). ყოველივე ზემოთხსენებულმა არაჩვეულებრივი გამოცდილება შემძინა და ეს მოგზაურობა ჩემთვის ასევე გახდა ერთგვარი სტიმული იმისა, რომ რაც შეძლება მეტს მივაღწიო კარიერულად და მოვახერხო საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაცია.
5.სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?
გადაწყვეტილი მაქვს სასწავლო პერიოდის დამთავრების შემდგომ კერძო სამართლის სფეროში დავკავდე საადვოკატო საქმიანობით. ამავდროულად მაქვს სურვილი სათანადო ხარისხის დაცვის შემდგომ შევუდგე საგანმანათლებლო საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში.
6.რომელია თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?
როგორც ასეთი, კონკრეტულ თანამდებობაზე არ ვოცნებობ. არ მაქვს იმის განზრახვა რომ სამომავლოდ საჯარო სამსახურში დავკავდე, თუნდაც რაიმე სახის მაღალი თანამდებობით. მინდა ჩემი თავის რეალიზაცია კერძო სფეროში განვახორციელო როგორც წარმატებულმა ადვოკატმა და სამომავლოდ გამაჩნია სურვილი დავაფუძნო საკუთარი იურიდიული ფირმა.
7. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით?.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ყავს გამორჩეული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სტუდენტების ხელშეწყობას. ფაკულტეტის დეკანის – ბატონი ირაკლი გაბისონიას ხელმძღვანელობით ფაკულტეტი დღითიდღე ვითარდება და მეტ შესაძლებლობებს აძლევს სტუდენტებს ჩამოყალიბდნენ როგორც პროფესიონალი კადრები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გამოირჩევა სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულებით და პროფესიონალური მიდგომით.
8. რა არის ის რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?
ფაკულტეტზე მიმდინარე ყოველი ცვლილება და ინოვაცია ჩემთვის პირადად მისაღები და მოსაწონია და როგორც ამ ფაკულტეტის სტუდენტი ამ ყველაფრით კმაყოფილი და ამაყი ვარ. დარწმუნებული ვარ იმაში რომ ფაკულტეტის წინსვლის პროცესი ასეთი მზარდი ტემპით გაგრძელდება.
9.რამ განაპირობა თქვენი წარმატებული სტუდენტობა?
უპირველესად ეს ოჯახის დამსახურებაა, რადგანაც ისინი მაქსიმალურად გვერდში მიდგანან. მეც პიროვნულად არ მაქვს იმის უფლება, რომ მათ იმედები გავუცრუო. ასევე ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალსა და ფაკულტეტის შიგნით არსებულ მეგობრულ გარემოს.
10. რას ურჩევთ სტუს პირველკურსელებს?
უპირველეს ყოვლისა, ყველა პირველკურსელს ვულოცავ ამ ფაკულტეტის სტუდენტობას და წარმატებებს ვუსურვებ მათ არჩეულ პროფესიაში.
მინდა იცოდნენ, რომ ეს არის ფაკულტეტი, სადაც მათი შრომა და მონდომება აუცილებლად დაფასებული იქნება.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply