ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე თომა ხაბეიშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რაც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ თომა ხაბეიშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსზე.
1. მოგესალმებით, თომა, გვიამბეთ თქვენს შესახებ?
მოგესალმებით, მე ვარ თომა ხაბეიშვილი, დავიბადე ქალაქ თბილისში, ვსწავლობდი 133-ე საჯარო სკოლაში, რომელიც დავამთავრე წარჩინებით. 2014 წელს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება ?
პირველ რიგში, გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მინდოდა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში მესწავლა. ასევე, ჩემი მეგობრები სწავლობდნენ აქ. ამიტომაც, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მქონდა უნივერსიტეტის შესახებ და ეს სრულიად აზრიანი გადაწყვეტილება იყო ჩემის მხრიდან. აუცილებლად უნდა დავამატო, რომ დღესაც ზუსტად იგივე არჩევანს გავაკეთებდი.
3. როგორც ვიცით, ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე ხართ, გააცანით მკითხველს თქვენი თავი ამ კუთხით?
2015 წელს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტური გამგეობის მიერ დავინიშნე სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ, როდესაც ფაკულტეტები გაიყო ხელახალი არჩევნების წესით დავინიშნე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარედ. მსგავსი სახის ნდობის გამოცხადება ჩემთვის საამაყო და ამავე დროს მეტად საპასუხისმგებლოა. ვიცი, რომ ზოგიერთს არასტანდარტული დამოკიდებულება აქვს თვითმმართველობების მიმართ, მიაჩნიათ რომ ჩვენს მიერ არ კეთდება არაფერი სტუდენტების სასიკეთოდ, თუმცა, ვინც შეისწავლის ჩვენს საქმიანობას მიხვდება რომ არასწორი შეხედულება აქვთ. მე როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე, სრულად ვაცნობიერებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ფაკულტეტის განვითარების საქმეში, მერწმუნეთ, ამისთვის დაუღალავად ვშრომობთ თითოეული ჩვენგანი.
4. რა საქმიანობას ეწევა ფაკულტეტის თვითმმართველობა?
დავიწყოთ იქიდან რომ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა არც თუ ისე მწირია და საკმაოდ ბევრ შრომას და ამავდროულად დროს მოითხოვს. პირველ რიგში, სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია სტუდენტს შეუქმნას აქტიური სტუდენტური ცხოვრება. აღნიშნულში იგულისხმება ის, რომ ისინი დატვირთულნი უნდა იყვნენ სპორტული, კულტურული და, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო ღონისძიებებით. თითოეულმა სტუდენტმა უნდა წარმოაჩინოს თავისი თავი და შესაძლებლობების მაქსიმუმი, ამის საშუალებას კი სტუდენტური თვითმმართველობა ნამდვილად აძლევს.
მოდით ყველაზე მასშტაბურ პროექტზე ვისაუბროთ, რაც კი თვითმმართველობას განუხორციელებია. ეს გახლავთ, სტუ-ს სტუდენტური დღეები, რომელშიც ჩართული იყო ტექნიკური უნივერსიტეტის 10 000-მდე სტუდენტი. ღონისძიება შედგებოდა დაახლოებით 65-ი სახეობის შეჯიბრისგან. ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ყველაზე დიდი მიღწევა, სწორედ სტუდენტური დღეების მოგებაა, რადგან მოგეხსენებათ ფაკულტეტი სულ რაღაც ერთი წლის შექმნილია. ჩვენმა გუნდმა შეძლო და მართლაც ყველას დაუმტკიცა ჩვენი შესაძლებლობები.
5. რა სახის პროექტებს სთავაზობთ სტუდენტებს?
პირველი მასშტაბური პროექტი, რაც სტუდენტებისთვის განხორციელდა ეს არის ექსკურსიები, რომელზედაც სტუდენტები აქტიურად ატარებენ მთელ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას. ასევე, გაიცნონ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები და რაც ყველაზე მთავარია შეისწავლონ საქართველოს ღირსშესანიშნაობები. პროექტს აქვს ყოველკვირეული სახე და ფინანსდება ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან, რომელშიც თავისი წვლილი ასევე შეაქვს ფაკულტეტს. ექსკურსიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საფეხურის სტუდენტს.
ჩვენს ასევე, ვახორციელებთ შემდეგი სახის კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს: რა? სად? როდის?, დებატები, ესეების კონკურსი, იმიტირებული პროცესები, საუკეთესო ორატორი, მხატრული კითხვა, პროფესიული გამოფენა, ფოტო კონკურსი, თანამედროვე ცეკვები, ხალხური სიმღერები და სხვა. რა თქმა უნდა, სპორტითაც აქტიურად ვართ დაკავებულები და ყველას ვთავაზობთ ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ბოულინგის, ბილიარდის, რაგბის, ჭადრაკის, ტენისის, კარტინგის, მკავჭიდის, მძლეოსნობის შეჯიბრებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.
6. ვის შეუძლია თვითმმართველობის წევრობა და რა არის ამისთვის საჭირო?
სტუდენტური თვითმმართველობის წევრობა შეუძლია ჩვენი ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტს, რომელსაც უნდა წარმოაჩინოს თავი ამა თუ იმ სფეროში. ამისთვის საჭიროა შემოიტანოს განაცხადი, მოვიდეს გასაუბრებაზე და კანდიდატების ინტერესების შესაბამისად მოხდება მათი დაჯგუფება ჩვენს დეპარტამენტებში, რომელიც არსი შემდეგი სახის: სპორტის, პიარის, კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა. ვისარგებლებ შესაძლებლობით და აქვე დავაანონსებ, რომ 15 ნოემბერიდან ვიწყებთ ახალი წევრების მიღებას. ასევე, გაიმართება ღია კარის დღე. ვისურვებდი ბევრმა სტუდენტმა გამოთქვას სურვილი ჩვენს დიდ ოჯახში გაწევრიანების.
7. როგორ ახერხებთ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეობა შეუთავსოთ თქვენი როგორც სტუდენტის ცხოვრებას?
უნდა ვაღიარო, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩემგან. ერთის მხრივ, არის ჩემი პასუხისმგებლობა და მეორეს მხრივ მეც ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ. ვცდილობ, წარმატებული ვიყო, რამდენად გამომდის ამას დრო გვიჩვენებს.
8. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში და გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?
მომავალში ჩემს თავს ვხედავ პოლიტიკაში, რაც შეეხება ოცნების თანამდებობას, ნებისმიერ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას შევიფერებდი (იცინის).
9. რას გვეტყვით ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზე?
პირველ რიგში, მინდა გითხრათ ჩვენი დეკანის შესახებ, ბატონი ირაკლი გაბისონია ფაკულტეტისთვის აკეთებს შესაძლებლობის მაქსიმუმს, იგი არ იშურებს ძალ-ღონეს ფაკულტეტის განვითარებისთვის, განუხრელად იცავს სტუდენტის უფლებებს და მათთან ამყარებს უშუალო ურთიერთობას, გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით ყველას მიმართ. ფაკულტეტზე ასევე არსებობს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი კალანდაძე, მისი აქტიური ჩართულობით და თვითმმართველობასთან თანამშრომლობით უამრავი რამ კეთდება. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ ამ პლატფორმით და დეკანს ირაკლი გაბისონიას და გიორგი კალანდაძეს მადლობას ვეტყვი.
10. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?
გარდა სტუდენტური დღეებისა გამოვყოფდი მეოთხე კურსელთა გამოსამშვიდობებელ საღამოს, რომელიც ზემოთჩამოთვლილი პირების დახმარებით და თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა.
11. რის შეცვლას ისურვებდით უნივერსიტეტში?
ერთადერთი რაც არ მომწონს ეს არის ინტერიერი, უფრო ლამაზი გარემო მოუხდებოდა ჩვენს ფაკულტეტს.
12. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?
პირველკურსელებს ვურჩევდი იმას, რომ არ გამოტოვონ არცერთი შესაძლებლობა, რომელსაც თვითმმართველობა სთავაზობს. იაქტიურონ, ჩაერთონ ყველაფერში და ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ მათთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *