ფაკულტეტის დეკანი შეხვდა ახალგაზრდა მეცნიერ-თ​​ანამშრომლებს

2017 წლის 7 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი  ირაკლი გაბისონია   შეხვდა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებს.

თავდაპირველად,  დეკანმა მადლობა გადაუხადა პროფესორ-მასწავლებლებს პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაზე ორიენტირებული, აკადემიური, უმაღლესი განათლების მქონე პირების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.  გამოთქვა მზადყოფნა  სამეცნიერო-კვლევითი,  საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობის წარმართვის მიზნით მათი ინიციატივის  უფრო მეტად მხარდაჭერისათვის. ხაზგასმით გამოხატა  სურვილი რომ თითოეულ ახალგაზრდა-პროფესორს ხელი შეუწყოს კარიერულ წინსვლაში და აღმოუჩინოს დახმარება სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში. მოიყვანა  არაერთი მაგალითი თუ რამდენად წარმატებულები არიან მისი ყოფილი სტუდენტები, მათ შორის, დაასახელა დღევანდელი ღონისძიების მონაწილე ასოცირებული პროფესორი ნინო ხოლუაშვილი, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, დღეს კი გამორჩეული პედაგოგია, რომლისგანაც  თვითონ იღებს რჩევებს და კონსულტაციებს. სწორედ ასეთი ახალგაზრდობა სჭირდება  ჩვენს ფაკულტეტს. ვინაიდან, ასეთი თაობა არის უკეთესი მომავლის შექმნის საწინდარი.

შეხვედრაზე მოსაზრება გამოთქვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ლექტორებმა, მათ შორის, სამართლის დოქტორმა იოსებ  ხუციშვილმა, რომელმაც   მადლობა გადაუხადა დეკანს ამ უპრეცედენტო წამოწყებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერისათვის. აღნიშნა, რომ მან დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტის დოქტორანტურა  და აქვე დაიცვა  სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “პროკურორი და გამოძიების პროცესუალურ-ორგანიზაციული თავისებურებანი“. განსაკუთრებული  პატივია  მისთვის ამ გამოწვევის მიღება და იგი მზად არის  თავისი წვლილი შეიტანოს ფაკულტეტის აღმშენებლობის საქმეში.

აღნიშნული შეხვედრა ემსახურებოდა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ამაღლებას. მათი მოსაზრებებისა და წინადადებების გაზიარებას. სტუ-ს სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ახალგაზრდა მეცნიერების წამოწყების, სამეცნიერო აქტივობების მხარდაჭერის იდეას,  დეტალურად გააცნო კონკურსის პირობები და მოუწოდა მათ აქტიურად ჩაერთონ დაგეგმილ ღონისძიებებში და  მეტად გამოიჩინონ ინიციატივა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის“ ისტორია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წელს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ მაია ყიფიანის თაოსნობით დაარსდა გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრი. 2012, 2013 და 2015 წლებში ცენტრის ორგანიზებით სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციები ,,მსოფლიო და გენდერი“, გამოიცა კონფერენციის ნაშრომების კრებულები. აღნიშნულ კონფერენციებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების პროფესორებმა. ცენტრის ინიციატივით  გენდერულ თემატიკასთან დაკავშირებით განხორციელდა არაერთი კვლევა და პროექტი.

2016 წლის 17-20 აპრილს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ხელძღვანელი მაია ყიფიანი კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა შვეიცარიაში, გაეროს ევროპულ ოფისში ქ. ჟენევაში, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც გამოვიდა მოხსენებით თემაზე: ,,საქართველოს ადამიანური რესურსების მიგრაციის გენდერული ასპექტები“.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ოჯახური ძალადობის ფაქტების  ზრდის ტენდენცია აღინიშნება, ამ მიმართულებით კვლევების ჩატარება ძალზე აქტიურია. 2017 წელს მოხდა სამეცნიერო კვლევითი პროექტის „ოჯახური ძალადობის პრობლემები“-ს დაფინანსების მოძიება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან, რამაც შესაძლებლობა მისცა ცენტრს სამომავლოდ განახორციელოს არაერთი ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილია რიგით მეოთხე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის ,,მსოფლიო და გენდერის“  ჩატარება.

 

 

 

 

მარიამ ჯიქია, სამართლის დოქტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი.

მარიამ ჯიქიას 2004 წელს დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2005 წელს დაასრულა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსების სპეციალობით. 2005 წელს ასევე დაასრულა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მართვის სამაგსიტრო პროგრამა, ხოლო 2008 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დოქტორანტურის წარმატებით დასრულების შემდგომ მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.

 

2009 წლიდან დღემდე მარიამ ჯიქია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. 2011-2012 წლებში მიწვეული იყო მკვლევარად რეგენსბურგის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც მუშაობდა ერის თვითგამორკვევის უფლების საკითხზე, რომელიც გამოქვეყნდა მონოგრაფიის სახით 2012 წელს. 2013 წელს მიწვეული იყო მაქს პლანკის შედარებითი საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის კვლევით ინსტიტუტში მკვლევარად. 2014-2015 წლებში მიწვეულ იყო ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ესპანეთი) მკვლევარად.  2016 წელს მიწვეული იქნა სალერნოს უნივერსიტეტში (იტალია) საერთო სამართლის  სადოქტორო პროგრამის კოორდინატორად.

მარიამ ჯიქიას სამეცნიერო ნაშრომთა სია

  • სულ გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო;
  • 6 საკონფერენციო მოხსენება (4 საერთაშორისო);
  • განხორციელებული აქვს 5 სამეცნიერო გრანტის სახის კვლევა;
  • მიღებული აქვს 13 საერთაშორისო სტიპენდია (7 სასწავლო და 6 სამეცნიერო);
  • მონაწილეობა აქვს მიღებული 17 პროგრამაში (14 საერთაშორისო);
  • ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს სრულყოფილად; გერმანულ და პორტუგალიურ ენებს – საშუალო დონეზე.
  • პუბლიკაციები:
    1. ინდივიდუალური განაცხადის მნიშვნელობა ფიზიკური პირის საერთაშორისო სამართალსუბიექტობის განსაზღვრისათვის, მონოგრაფია (227 გვერდი), 2017
    2. Time Spent online as a factor in usage and awareness of drawbacks in social media, International Peer-reviwed Journal of Information Systems, 2017
    3. დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, სტატიათა კრებული „ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“ (რედ. კონსტანტინე კორკელია), 2016, გვ. 202-215
    4. The role of knowledge management of organizational culture, International Peer-reviewed Journal of Applied Knowledge Management, Volume 5, Issue 2, 2017, pp. 29-44
    5. ევროკავშირის საგადასახადო სამართალი და ვიშეგრადის ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკა (განახლებული მეორე გამოცემა), სახელმძღვანელო (164 გვერდი), 2016
    6. ინდივიდის სამართალსუბიექტობის საკითხი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში, ჟ. „მართლმსაჯულება და კანონი“, N2/3 (45/46), 2015, გვ. 76-84
    7. LegalandPoliticalAspectsofConstitutionalChangesinGeorgia, Internationalpeer-reviewedjournalof Constitutional Law, Istanbul, Turkey, Volume 4, 2015, pp. 15-64
    8. ევროკავშირის საგადასახადო სამართალი და ვიშეგრადის ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკა, სახელმძღვანელო (147 გვერდი), 2014
    9. საარჩევნო სისტემების შედარებითი ანალიზი, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N2 (41), 2014, გვ. 43-51
    10. ადამიანის უფლებათა დაცვის აფრიკული სისტემა, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N1 (36), 2013, გვ. 55-60
    11. RighttoSelf-determinationvs. TerritorialIntegrity, მონოგრაფია (140 გვერდი), 2011
    12. ინდივიდის სამართლებრივი სტატუსი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში, მონოგრაფია (170 გვერდი), 2011
    13. ადამიანის უფლებათა დაცვის ამერიკის სახელმწიფოთაშორისი სისტემა, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N2 (25), 2010, გვ. 40-46
    14. ბავშვთა უფლებების დაცვა ჟენევის კონვენციების მიხედვით, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N1(24), 2010, გვ. 140-151
    15. სამედიცინო პერსონალის დაცვა ჟენევის კონვენციების მიხედვით, ჟ. ,,მართლმსაჯულება და კანონი“, N2 (21), 2009, გვ. 125-131
    16. ინდივიდუალური განაცხადების როლი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში, სამეცნიერო შრომათა კრებული, 2008, გვ. 336-337
    17. ინდივიდუალური პეტიციები საერთაშორისო სასამართლო დაწესებულებებში, საერთაშორისო კონფერენციის კრებული, 2008, გვ. 117-134
    18. ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუანდის ტრიბუნალის მიხედვით, ჟ. „კულტურათაშორისი კომუნიკაციები“, N5, 2008, გვ. 128-133
    19. საერთაშორისო არასასამართლო დაწესებულებათა როლი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, ჟ.  „მართლმსაჯულება და კანონი“, N4 (19), 2008, გვ. 44-53
    20. ინდივიდუალური განაცხადები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ჟ. „მართლმსაჯულება და კანონი“, N3 (18), 2008, გვ. 40-50
    21. ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი რომის სტატუტის მიხედვით, ჟ. „მართლმსაჯულება“, N3, 2008, გვ. 90-104
    22. განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირები ჰუმანიტარულ სამართალში, ჟ.  „მართლმსაჯულება“, N3, 2007, გვ. 172-190

     

     

     

     

შეხვედრა სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”-ის წარმომადგენელ გიორგი ცქიტიშვილთან

განცხადება !

15 ივნისს 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ”-ის წარმომადგენელ გიორგი ცქიტიშვილთან,რომელიც საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „საქართველოში მიმდინარე სასამართლო და სამართლებრივი სისტემის რეფორმა, ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით“.
საკითხები:
1. სასამართლო სისტემის რეფორმა;
2.არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა;
3. ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირის ქვეყნებთან მიგრაციის სფეროში;
4. სამართლებრივი რეფორმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.

დასწრება თავისუფალია !

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით  სტუ-ს პროფესორებს გადაეცათ მადლობის სიგელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილისა და სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით  სტუ-ს დამსახურებულ პროფესორებს გადაეცათ მადლობის სიგელი.

სტუ-ს  რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველს-გენერალს, საქართველოს ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,  ღირსების ორდენის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და სხვა მრავალი მედლის მფლობელს, 200- მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს შოთა ფაფიაშვილს მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი, ნაყოფიერი სამეცნიერო  პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. უსახსოვრა მადლობის სიგელი და პრემიად ერთი თვის ხელფასი. პროფესორი შოთა ფაფიაშვილი არის საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „იურისტი“-ს მთავარი რედაქტორი.

არჩილ ფრანგიშვილმა  მადლობის სიგელითა და პრემიის სახით ერთი თვის ხელფასის ოდენობით დააჯილდოვა სტუ-ს პროფესორი გივი ლობჟანიძე, ბატონი გივი არის 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის კათედრის გამგე. პოლიციის გენერალ-მაიორი, ვახტანგ გორგასლის  მესამე ხარისხისა და  ღირსების ორდენების კავალერი.  არის საერთაშორისო და მეცნიერულ-პრაქტიკულ ჟურნალის „ცხოვრება და კანონი“-ს რედაქტორი. ინფორმატიზაციის საერთაშორისო, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა და რამდენიმე დარგობრივი აკადემიის წევრი.

სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მადლობის სიგელი და პრემია ერთი თვის ოდენობით გადასცა სტუ-ს პროფესორს, ისტორიკოსს, ჟურნალისტს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, I კლასის  სახელმწიფო მრჩეველს, ვიცე-პოლკოვნიკს ჰენრი კუპრაშვილს, რომელიც  დაჯილდოვებულია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის თავისუფლების მსოფლიო მედლით, ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს, მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ სახელმწიფო მედლით, არის ვახტანგ გორგასლის  ორდენის კავალერი, უკრაინის შინაგანი ძალების პირველი ხარისხის მედალოსანი. გახლავთ ავტორი 4 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 90 სამეცნიერო ნაშრომის და პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ულოცავს ამ კიდევ ერთ წარმატებას შოთა ფაფიაშვილის, გივი ლობჟანიძესა და ჰენრი კუპრაშვილს.  მოხარულია რომ მათი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა დაკავშირებულია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან. იმედოვნებს,  რომ მათი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გასტანს და არაერთ სტუდენტს გაზრდიან.

 

საქართველოს იურიდიულ მენციერებათა აკადემიამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის ზოგიერთი პრობლემა“

 

2017 წლის 24 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში საქართველოს იურიდიულ მენციერებათა აკადემიამ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის ზოგიერთი პრობლემა“.

აღნიშნული კონფერენციის უმთავრესი მიზანი იყო დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა და სათანადო სამეცნიერო პრაქტიკული რეკომენდაციების ჩამოყალიბება, კანონშემოქმედებითი საქმიანობის, საგამოძიებო-სასამართლო რეფორმის სწორად წარმართვისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული იურისდიქციის აღდგენის რამოდენიმე შესაძლო რეკომენდაციის განხილვა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მთავრობის, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და, საზოგადოების წარმომადგენლები.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა, რომელმაც  კონფერენციის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგი, ისაუბრა ახლად დაარსებული აკადემიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე  და აღნიშნა, რომ აკადემიის წევრთა შორის არიან სამართლის ყველა დარგის უმაღლესი სამეცნიერო ხარისხისა და წოდების მქონე პირები, რომლებსაც ამავე დროს აქვთ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება.

ამასთან, ხაზი გაუსვა განსახილველი თემატიკის აქტუალობასა და მნიშვნელობას კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა  საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელმაც  დადებითად შეაფასა ახლად დაარსებული აკადემიის საქმიანობა, აღნიშნა, რომ  აკადემიას ნამდვილად შესწევს უნარი გარკვეული წვლილი შეიტანოს საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობაში. განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა აკადემიის მიერ საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „იურისტი“ -ს დაფუძნებას და მისი პირველი ნომრის გამოცემას დადებითად შეაფასა ჟურნალში განთავსებული სტატიები, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიისა და ნინო გოგნიაშვილის წიგნზე “კრიმინალისტიკა“ კრიტიკული რეცენზიის დროულ და დასაბუთებულ გამოქვეყნებაზე. აგრეთვე, სტუდენტთა დასახმარებლად პროფესორ შოთა ფაფიაშვილის საინტერესო ლექციაზე. მისი აზრით, აკადემიის საქმიანობა ჟურნალში კარგად არის გაშუქებული და მჯერა, რომ აკადემის წევრთა ძალისხმევა უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლის მეცნიერბისა და პრაქტიკის განვითარებას.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა აფხაზეთის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე და აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი იგორ კოპალიანი, რომლებმაც გამოთქვეს სრული მზადყოფნა, ითანამშრომლონ იურიდიული მეცნიერების აკადემიასთან, რაც მათი აზრით, დიდად შეუწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპიკერმა იურიდიულ  და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა,  გენერალ ლეიტენანტმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ გააკეთა მოხსენება თემაზე, “აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს სახელმწიფოში“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტთა დარეგულირებაში. ამასთანავე, ხაზი გაუსვა სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობას. შეეხო რა დღევანდელ სიტუაციას ცხინვალსა და სოხუმში აღნიშნა, რომ თავიდანვე მოხდა კონფლიქტის ეთნიზირება, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ მას უფრო პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე-ეთნიკური, რადგან აღნიშნულით პოლიტიკური ძალები იყვნენ დაინტერესებულნი. დასასრულს, ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მოგვარების მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე.

მოხსენების შემდეგ გაიმართა ცხარე კამათი. თემის ირგვლივ დაისვა მრავალი შეკითხვა, გამოითქვა მოსაზრებები და კამათში აქტიურად ჩაება კონფერენციის ყველა მონაწილე, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე მოხსენებით თემაზე: „კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ერთი საკითხის შესახებ“ წარდგა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ზაურ ჯინჯოლავა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის შემდგომი სრულყოფის საკითხებზე. აღნიშნა, რომ პარლამენტი იღებს არა კანონპროექტს, არამედ კანონს. ეს საკითხი მან არაერთხელ დასვა საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, მაგრამ დღემდე საუბარია კვლავ არა კანონზე, არამედ კანონპროექტზე. რაც მისი აზრით, არასწორია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი კატეგორიული მოსაზრება.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა გურამ ნაჭყებიამ, რომან შენგელიამ, ავთანდილ ხაზალიამ და მიხეილ მამნიაშვილმა.

„საქართველოში ნარკომანიისა და ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკის შედარებითი ანალიზი“- მოხსენებით გამოვიდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებზე. წარმოადგინა სურათი თუ რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს ნარკოტიკების ლეგალიზებამ. „ჩვენ არ გვაქვს წინასწარ განსაზღვრული რეცეპტები“- განაცხადა მან. საჭიროა შემუშავდეს სიცოცხლისუნარიანი რეკომენდაციები. აღნიშნული საკითხისადმი მიდგომა უნდა იყოს პრაგმატული. მომხსენებლის მიმართ კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან  ადგილი ჰქონდა  კრიტიკულ შეკითხვებს და წინააღმდეგობრივი შეხედულებების ჩამოყალიბებას.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა დურმიშხან ჩიტაშვილმა ისაუბრა მეცნიერთა როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში და ამ მიმართებით წამოაყენა კონკრეტული  წინადადებები.

დასასრულს, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა შეაჯამა კონფერენციის მუშაობის შედეგები. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიისა და სახელმწიფოს სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას კონფლიქტების დარეგულირების, საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფისა და ნარკომანიასთან ბრძოლის გაძლიერების საქმეში.

გამჭვირვალე საგამოცდო პროცესი

2017 წლის 5-10 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ტარდება მეორე შუალედური გამოცდები. აღნიშნული პროცესი მეტად გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანია. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილების თანახმად, შექმნილია დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად მკაცრად გამოცდების ჩატარებას, ამავე დროს, სრულიად არის დაცული ყველა სტუდენტის უფლება.
აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ სტუდენტმა შეძლოს მშვიდ გარემოში, თანაბარ პირობებში დაწეროს საგამოცდო საკითხი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას და ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტზე დამტკიცებულია გამოცდის მსვლელობისას სტუდენტთა ქცევის წესები:
1. სტუდენტი ვალდებულია ცხრილში მითითებული განრიგის მიხედვით, გამოცხადდეს საგამოცდო ოთახში. დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. სტუდენტის დაგვიანების ფაქტი ფიქსირდება სტუდენტის მიერ საგამოცდო წესების დარღვევის უწყისში;
2. სტუდენტი ვალდებულია, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან /და სტუდენტის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
3. აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა;
4. წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, გამოცდის დაწყების შემდეგ ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან, გადალაპარაკებისა და გადაწერის მცდელობის დაფიქსირებისთანავე სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან;
5. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აკრძალულია აუდიტორიიდან გასვლა წერის სრულად დამთავრებამდე;
6. საგამოცდო წესების დამრღვევი სტუდნეტისათვის გამოცხადებული თითოეული ზეპირი გაფრთხილება ფორმდება საგამოცდო წესების დარღვევის შესაბამის უწყისში, ხოლო სტუდენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება შესაბამისი ოქმით.
მკაცრი წესების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას პრეტენზია, დამკვირვებლის, საგამოცდო საკითხის და გამოცდის მსვლელობის მიმართ, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტის საჩივარს განიხილავს შესაბამისი საგამოცდო კომისია და გამოიტანს გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სტუდენტს მიეცემა შესაძლობლობა დამატებით დაწეროს გამოცდა.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას დამოკიდებულება მკაფიო და ცალსახაა. დაცული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების უფლებები. აუცილებელია ყველა სტუდენტი იმყოფებოდეს თანაბარ და სამართლიან გარემოში. ლექტორის შეფასება პირდაპირპროპორციული უნდა იყოს სტუდენტის ნაშრომისა.

აკადემიკოს რევაზ მიშველაძის წიგნის „სჯანი კულტურასა და პოლიტიკაზე“ და სამეცნიერო ნაშრომთა ოცდახუთტომეულის პრეზენტაცია

 

2017 წლის 2 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ნობელის პრემიის დომინანტთან, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან, რუსთაველის პრემიის ლაურეატთან, აკადემიკოს რევაზ მიშველაძესთან, მისი ახალი წიგნის „სჯანი კულტურასა და პოლიტიკაზე“ და სამეცნიერო ნაშრომთა ოცდახუთტომეულის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

პრეზენტაცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონამ, რომელმაც რევაზ მიშველაძე დაასახელა, როგორც ცოცხალი ლეგენდა, იგი სტუ-ს კულტუროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ.   პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ სიტყვა გადასცა რევაზ მიშველაძეს, რომელმაც უდიდესი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ასეთი დაინტერესებისათვის. მან მცირედ მოახსენა მისი მიღწევების შესახებ. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოახერხა ოცდახუთტომეული სახელმძღვანელოს გამოცემა.

სიტყვა გადაეცა სტუ-ს სპიკერს, პროფესორ ჯემალ გახოკიძეს, რომელმაც მადლობა გადაუხადა რევაზ მიშველაძეს მისი შემოქმედებისა და ღვაწლისათვის. მან აღნიშნა, რომ ბევრი რამ წაუკითხავს მისი ნაშრომებიდან და ვერ დამალა კმაყოფილება თითოეულზე. სიტყვის დასასრულს მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ბატონი რევაზ მიშველაძე არის პასუხისმგებლობითა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე პიროვნება.

სიტყვით გამოვიდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროფესორი იგორ კვესელავა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რევაზ მიშველაძის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე. გაიხსენა უნივერსიტეტის პერიოდი. აღნიშნა, მისი წვლილი ვეფხისტყაოსნის გადაწერის საქმეში. 

ცნობილი მეცნიერი, პროფესორი სოსო სიგუა გამოვიდა სიტყვით და რევაზ მიშველაძეს შემოქმედებითი გმირი უწოდა, ისაუბრა მის მიერ შექმნილ ნოველებზე და განსაკუთრებით გამოყო  ბოლო წლებში გამოცემული რამდენიმე მათგანი. ყურადღებაა გაამახვილა ნაშრომზე „ციყვი ბორბალში“ , რომელიც  ამ ეტაპზე წარდგენილია ნობელის პრემიაზე. დასასრულს რევაზ მიშველაძის ახლებული სიუჟეტები და ეროვნული სულისკვეთება შეაქო.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, პროფესორმა ვაჟა აბაკელიამ ავტორი შეაფასა, როგორც ცოცხალი კლასიკოსი, პიროვნება რომელსაც ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება გააჩნია და  მის მიერ არჩეული ლიტერატურული ჟანრი და წერის სტილი შეადარა მსოფლიოში ცნობილი მწერალის ჩეხოვის ხელწერას. 

ავტორს კიდევ ერთი ნაშრომის გამოცემა მიულოცეს მურმან თავდიშვილმა, ავთანდილ სონღულაშვილმა, ასევემ მისმა სტუდენტმა გვანცა წახნაგიამ, დეტალურად გააცნო საზოგადოებას ავტორის ბიოგრაფია, შეეხო მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს, მადლობა გადაუხადა სტუ-ს რომ მისცა საშუალება მსგავსი ლექტორისგან მიეღო დაუვიწყარი გამოცდილება, როგორც პროფესიული , ასევე ცხოვრებისეული თვალსაზრისით.

რევაზ მიშველაძემ ყურადღება გაამახვილა ახლად შექმნილი ფაკულტეტის წინსვლაზე, გადადგმულ ნაბიჯებსა და სამეცნიერო კუთხით დაგეგმილ თუ ჩატარებულ  ღონისძიებებზე, მათ შორის, კულტუროლოგიის კვლევითი ცენტრის შექმნის მნიშვნელობა გააცნო სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

უდიდესი მადლობა გადაუხადა სტუ-ს რექტორს არჩილ ფრანგიშვილს, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს იგორ კვესელავას,  ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს პროფესორ ჯემალ გაბელიას,  სიტყვით გამომსვლელებსა და დამსწრე საზოგადოებას, რომლებსაც ავტორმა უსახსოვრა ოცდახუთტომეული. 

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქ. ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 20-22 მაისს უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვევით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია იმყოფებოდა. იგი მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე მისი ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აღნიშნულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. მიღწეულ იქნა შეთანხმება იურიდიულ ფაკულტეტსა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულეტეტს შორის მჭირდო თანამშრომლობის თაობაზე და დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო სასწავლო ღონისძიებები.
თანამშრომლობის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოხდება უახლესი თანამედროვე, მაღალი დონის კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოს შექმნა უკრაინელი კოლეგების მონაწილეობით. ასევე, დაგეგმილია ქართულ იურიდიულ სივრცეში შემოტანილ იქნეს უახლესი კრიმინოლოგიური დარგის „საკრალური კრიმინოლოგიის სწავლება“. შესაბამისი სილაბუსისა და სახელმღვანელოს შექმნა ამ საგანში უკრაინელ პროფესორებთან ერთად დასრულებულია. მივლინების ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მიხეილ გაბუნია გაეცნო აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, კონსტიტუციური, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის კათედრების მუშაობის სპეციფიკას.
უკრაინის ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ვალენტინა ზაიცევამ გამოთქვა სურვილი, მიხეილ გაბუნიამ წაუკითხოს აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს 1 თვიანი სალექციო კურსი ქართული კრიმინოლოგიის მიღწევების შესახებ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ხელმძღანელობასთან შეთანხმებით.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას და ასოცირებული პროფესორის მიხეილ გაბუნიას მიერ მომზადებული სამეცნიერო სტატია „კრიმინოლოგიური შეხედულებანი სამართალსა და სამართლიანობაზე“ გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა კრებულში.
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლოდ დაგეგმილია უკრაინელ პროფესორთა ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას შეხედულებით აღნიშნული მემორანდუმი მისცემს სტუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამატებით შესაძლებლობებს, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით.
ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.