ფაკულტეტზე არჩევნების კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა.

2017 წლის 20 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დეკანის ირაკლი გაბისონიას ინიციატივით  განიხილეს საკითხი ფაკულტეტზე „არჩევნების კვლევისა და ხელშეწყობის ცენტრი“-ს  შექმნის შესახებ.

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე შეიქმნას ახალი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ არჩევნების განვითარებისათვის  დაკვეთილი კვლევების დაფინანსებით მიღებული ფულადი სახსრებით.

ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: არჩევნებთან დაკავშირებულ საკიხებზე სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე მუშაობა, საკანონმდებლო ხარვეზების კვლევა, მათი აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების და საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება და სხვა.

პირველკურსელი თამთა მაისურაძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ თამთა მაისურაძეს,  რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის პირველ კურსზე.

  1. გთხოვთ, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.

პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ ვარ თქვენი რუბრიკის სტუმარი. მე ვარ თამთა მაისურაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენდი, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მიმართულებით.

  1. გვიამბეთ სკოლის წლების შესახებ

2005 წელს დავიწყე ჩემი სასკოლო მოღვაწეობა. პირველივე დღიდან ენთუზიაზმით და დიდი მოლოდინებით ჩავერთე სასწავლო პროცესში. უნდა ავღნიშნო, რომ N149 სკოლა ჩემთვის იყო არა მხოლოდ განათლების მიღების დაწესებულება, არამედ პიროვნული ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი საწყისი.  მოსწავლეობის პერიოდი დატვირთული იყო არა ერთი აქტივობით, რადგან სკოლაში თეორიული სწავლების გარდა დიდ ყურადღებას უთმობდნენ სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ ღონისძიებებს, რომლებშიც, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყავი ჩართული და საკმაო დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა. არაერთხელ მივიღე მონაწილეობა ისეთ ინტელექტუალურ თამაშში, როგორიცაა „რა? სად? როდის?“, აგრეთვე აქტიურად ვეუფლებოდი სადებატო ხელოვნებას და არა მხოლოდ ჩემი სკოლის ინიციატივით გამართულ დებატებში ვიღებდი მონაწილეობას, არამედ სკოლათა შორის შეჯიბრებებშიც.

  1. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

პირველ რიგში ვიტყვი იმას,  რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე. საერთოდ ვთვლი, რომ ყველა ადამიანს თავის მოწოდება აქვს, ჩემი მოწოდება კი იყო ვყოფილიყავი სამართლის სტუდენტი, მომავალი იურისტი და სამართალდამცავი, რის ახდენაშიც მეხმარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩემი მეგობრებისგან საკმაოდ ხშირად მესმოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის შესახებ, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და იძლეოდა სამართლის განხრით განათლების და განვითარების საკმაოდ კარგ საშუალებას. ასევე გაგონილი მქონდა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის შესახებ, რამაც სიმართლე გითხრათ ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვარ დღეს სტუ-ს სტუდენტი ესეც არის.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. პროფესიონალებით სავსე გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან ცოდნით, კვალიფიკაციით და სტუდენტებთან მიდგომით. მათ ნამდვილად იციან როგორ დააინტერესონ და სწავლის სურვილი გაუჩინონ სტუდენტს.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

გამომდინარე იქიდან, რომ სულ  2 (ორი) თვეა მქვია სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი უარყოფითი მხარის დანახვა ალბათ თქვენც დამეთანხმებით ცოტა რთულია, მაგრამ მაინც შევცვლიდი სასწავლო ცხრილებს. ვისურვებდი ლექციებს და სემინარებს შორის არსებული ფანჯრები არ არსებობდეს.

  1. მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩავირიცხე სტუ-ში და გავხდი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დიდი ოჯახის წევრი, ბევრი მსმენია  იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს, ეს იქნება სამეცნიერო კონფერენციები, გაცვლითი თუ სასტაჟიორო პროგრამები, საზაფხულო სკოლები, ვორქშოფები და კიდევ უამრავი რამ. მე პირადად უკვე მივიღე მონაწილეობა ფაკულტეტის მიერ მოწყობილ სტუდენტურ ვორქშოფში „მსოფლიო და გენდერი“, ასე ვთქვათ ჩემი დებიუტი იყო და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

არ დამავიწყდება ჩემი პირველი შთაბეჭდილება ბატონ ირაკლისთან პირველი შეხვედრისას. უშუალო, კომუნიკაბელური, მეგობრული და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული. ვამაყობ, რომ მყავს ისეთი დეკანი, როგორიც ბატონი ირაკლია.

  1. დაბოლოს, რა ურჩევ შენს კურსელებს?

მეც პირველკურსელი ვარ, აქედან გამომდინარე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ შეგეშინდეთ პირველივე შესაძლებლობისთანავე თქვენი თავის გამოვლენის. არ შეგეშინდეთ და არ იფიქროთ იმაზე რომ პირველკურსელობა არის ბარიერი და არ შეგიძლიათ აკეთოთ ის რაც სხვებს შეუძლიათ. ვეტყვი იმას, რომ არ გამოტოვონ არც ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მათ ნამდვილად ანიჭებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. იყავით მოტივირებულები, მიზანმიმართულები და იფიქრეთ იმაზე, რომ არ არსებობს ბარიერები, რომლის გადალახვაც შეუძლებელია.

 

დაიწყო სტატიების მიღება სამეცნიერო ჟურნალში “სახელმწიფო და სამართალი”.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა დაარსა სამეცნიერო ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“ .

მზადდება ჟურნალის პირველი ნომერი, გთხოვთ მოგვაწოდოთ სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე, მოცულობით არაუმეტეს 18 ნაბეჭდი გვერდი A4; შრიფტი აკადნუსხური -12, ინტერვალი – 2. ნაშრომს უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

სტატიები გთხოვთ მიაწოდოთ 914 ოთახში ქალბატონ სალომე ღურწკაიას.

ჟურნალის ელექტორნული ფოსტის მისამართია: stateandlaw1@gmail.com

 

ფაკულტეტზე სამეცნიერო ჟურნალი “სახელმწიფო და სამართალი” დაფუძნდა.  

2017  წლის  20  ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განიხილეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო  რეფერირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული  ჟურნალის „სახელმწიფო და სამართალი“-ს  დაფუძნება.

აღნიშნულთან  დაკავშირებით  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ირაკლი გაბისონიამ წარუდგინა საბჭოს წევრებს დებულება და ჟურნალის დაარსების მიზნებზე გაამახვილა ყურადღება. გააცნო  ჟურნალის რედაქტორისა და რედკოლეგიის წევრების შესახებ ინფორმაცია.

ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“-ს  მთავარ რედაქტორს წარმოადგენს პროფესორი იოსებ ბაჩიაშვილი და  პასუხისმგებელი მდივანი პროფესორი ქეთევან ჯინჭარაძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები იქნებიან პროფესორები: ირაკლი გაბისონია, ჯემალ გაბელია, ჯემალ გახოკიძე, ქეთევან ქოქრაშვილი, ალექსანდრე ტალიაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი, თეოდორე ნინიძე, ზაზა რუხაძე, ალფრედ კურატაშვილი და  უცხოელი პროფესორები: ვალტერ იეშკე (გერმანია), ელიკო წიკლაური-ლამიხი, ელენე გრაჩოვა, მიხეილ მოკეტლიშვილი, ვალერი ბაკუმენკო.

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს შემოთავაზებულ წინადადებაზე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ერთხმად დაუჭირეს მხარი ფაკულტეტზე დაფუძნდეს საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“.

 

 

ნესტან კირთაძის საჯარო ლექცია

20 დეკემბერს 14:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორ ნესტან კირთაძე წაიკითხავს საჯარო  ლექციას თემაზე: „საქართველოს გეოპოლიტიკური ალგორითმები“ .

ვაჟა აბაკელიას საჯარო ლექცია

2017 წლის 18 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროფესორ ვაჟა აბაკელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მესამე ათასწლეულში“.

შეხვედრა გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც სტუდენტებს კიდევ ერთხელ აცნობა ფაკულტეტის ხელმძღვანელობის მიზნებზე და ამოცანებზე. წარუდგინა სტუდენტებს სტუმარი და წარმატებები უსურვა მათ.

პროფესორ ვაჟა აბაკელიამ  სტუდენტებს გააცნო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის მახასიათებლები. ესაუბრა ისტორიისა და მომავალთან დაკავშირებულ ასპექტებზე. მიმოხილა მსოფლიო ასპარეზი და საქართველოს როლი.

სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები და დასასრულს მცირედი დისკუსი გაიმართა.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობა კვლავ აგრძელებს უცხოელ თუ ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა მოწვევას, რადგან სტუდენტებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია საჯარო ლექციის სახით.

გადაცემა დუბლი 1

✔️ რას სთავაზობს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი პირველკურსელებს?
✔️ ლაბორატორიები,კვლევითი ცენტრები და სამართლის კლინიკა.როგორია სტუდენტთა დაინტერესება და ჩართულობა?
✔️ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ უკვე გახორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

ნახეთ ეს და სხვა საინტერესო დეტალები გადაცემაში „დუბლი I”

ვაჟა აბაკელიას საჯარო ლექცია

2017 წლის 18 ნოემბერს 13:00 საათზე, საჯარო სამართლის ლაბორატორიაში მოწვეული პროფესორი  ვაჟა აბაკელია  ჩაატარებს საჯარო ლექციას  თემაზე:  საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები  მესამე ათასწლეულში“.

 

სტუდენტური ვორქშოფი „მსოფლიო და გენდერი“

 

 2017 წლის 17 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში გაიმართა სტუდენტური ვორქშოფი  თემაზე: „მსოფლიო და გენდერი“.  ვორქშოფს ორგანიზება გაუწია  სტუ-ს გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა პროფესორ მაია ყიფიანმა.

სტუდენტური ვორქშოფის მონაწილეებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, პროფესორი მაია ყიფიანი, ახლადარჩეული სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი პროფესორი ნინო ნიშნიანიძე და პროფესორი ციალა გლოველი.

სტუდენტებმა წამოაყენეს ისეთი საკითხები როგორიცაა: „ძალადობა გენდერის ნიშნით“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და საზოგადოება“, „ქალთა უფლებების განვითარების ისტორიული ასპექტები“, „ქალი და პოლიტიკა“, „გენდერული თანასწორობა“, „ფემინიზმის განვითარება საქართველოში“ და სხვა.

ვორქშოფის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, დასასრულს პროფესორ მაია ყიფიანმა შეაჯამა მოხსენებები, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს.

მაქსიმ ლეონენკოს საჯარო ლექცია

 

2017 წლის მაისში  უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტსა და   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 16-17 ნოემბერს ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  სისხლის, სამართლის კათედრის ხელმძღვანელი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, უკრაინის დამსახურებული იურისტი ქალბატონი ტატიანა ლეონენკო  და უკრაინის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, კრიმინალისტიკისა და სისხლის სამართლის პროცესის სპეციალისტი, უკრაინის კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი მაქსიმ ლეონენკო.

17 ნოემბერს უკრაინის კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრმა მაქსიმ ლეონენკომ საჯარო ლექცია ჩაატარა უკრაინის სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესახებ. სტუდენტებს ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: პროკურორის, გამომძიებლის ინსტიტუტები. შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები უკრაინისა და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთო მახასიათებლებზე, ექსტრადაციის განხორციელებაზე, საპროცესო მოქმედებებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ.