მესამე კურსის სტუდენტი ნინო ხულუზაური

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს ნინო ხულუზაურს.

  1. მოგესალმებით ნინო, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

ყოველთვის მქონდა სურვილი, ვყოფილიყავი იურისტი, ამიტომაც, ადრეული ასაკიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც კიდევ უფრო დამაახლოვებდა ამ პროფესიასთან. აბიტურიენტობისას ჩემს მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენდა, ვყოფილიყავი სტუ-ს სტუდენტი, თუმცა ახლა ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმ იღბლიან ადამიანთა სიას მივეკუთვნები, ვინც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. დღეს კი ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ვარ ამ დიდი ისტორიის და მომავლის მქონე უნივერსიტეტის სტუდენტი.

  1. რით იყო საინტერესო სტუ-ს სტუდენტური ცხოვრება ?

მესამე კურსზე ვარ, ჯერ მხოლოდ ორი წელია, რაც სტუ-დენტი მქვია და ეს წლები მართლაც ძალიან პროდუქტიული გამოდგა ჩემთვის, იმ ცოდნის და გამოცდილების მიღების მხრივ რაც, სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა მომცა. შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები, ჩემი ჯგუფელების, კურსელების და ლექტორების სახით. უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევს მსურველებს, გავიარე 6 თვიანი სტაჟირება, რამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა, როგორც მომავალ ადვოკატს და გადამადგმევინა  ნაბიჯი კარიერული წინსვლისაკენ. .აქტიურად ვიყავი ჩართული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა თუ ტრენინგებში და მომავალშიც ამავეს ვგეგმავ.

  1. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, თუმცა ეს სრულიად არ უშლის ხელს ფაკულტეტის ხელმძღვანელობას განახორციელონ, არაერთი სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ღონისძიება, მათ შორის გამოვყოფდი ამერიკის შეერთებული შტატების, მოქმედი მოსამართლეების მიერ ჩატარებულ საჯარო ლექციებს. ასევე, ფაკულტეტის ორგანიზებით ინტენსიურად ტარდება საჯარო ლექციები, რომლებიც ყოველთვის დატვირთულია აქტუალური და საინტერესო საკითხებით. სწორედ ამ ლექციების საშუალებით იღებენ სტუდენტები მეტ ცოდნას და ინფორმაციას, კომპეტენტური ადამიანებისაგან სხვადასხვა საკითხებზე.

 

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

როგორც ზემოთ აღვნიშნე სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ერთი წლის შესრულდა, ფაკულტეტი ასეთი სახით ჩამოყალიბებამდე მოქცეული იყო ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ქვეშ, რაც დიდ გაუგებრობას და უხერხულობას ქმნიდა. ეს გადაწყვეტილება ფაკულტეტის გამოყოფის შესახებ ნამდვილად სწორი და მისასალმებელია. უპირველესად მინდა  უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი მონდომებითა და პროფესიონალიზმით უდგებიან თავიანთ საქმეს და ამით დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენ პროფესიულ განვითარებაში, მადლობას ვუხდი მათ ამ ყველაფრისათვის.

  1. წარმოიდგინეთ, რომ ახლა ხართ აბიტურიენტი, აირჩევდით ისევ სტუ-ს?

რა თქმა უნდა, კი ავირჩევდი!! ერთხელ უკვე ვუშვებდი შეცდომას, რაც განპირობებული იყო იმ მწირი და არასწორი ინფორმაციით, რაც უნივერსიტეტზე მქონდა, საბედნიეროდ ძალიან გამიმართლა.

  1. მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

ფაკულტეტი ნამდვილად გვთავაზობს მრავალფეროვან და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, მეც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და ჩავერთე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებაში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო სკოლასა და სტაჟირების პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ ფაკულტეტი ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს სტუდენტებს.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

უდიდეს მადლობას ვეტყვი დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას და აგრეთვე მთელი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, იმისთვის რომ დიდი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნებისმიერ საკითხს, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის დიდი პროგრესი, რომელსაც ფაკულტეტი განიცდის და დიდი მადლობა ყველა სტუდენტის და განსაკუთრებით ჩემ გვერდით  დგომისთვის.

  1. და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით წლევანდელ პირველკურსელებს?

მინდა ყველა პირველკურსელს მივულოცო სტუდენტობა!! ვუსურვებ ამ ოთხი შესანიშნავი წლის სწორ და რაციონალურ გამოყენებას, რადგან დრო ძალიან სწრაფად გადის.

საინჟინრო სამართალი, როგორც სასწავლო პროგრამა …

 

2017 წლის 18 ოქტომბერს სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიერ წარდგენილი პროექტი „საინჟინრო სამართალი“.

პროექტი დამტკიცდა, ვინაიდან სტუ, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი ტექნიკური უნივერსიტეტი, მუდმივად ისწრაფვის განახლებისა და სიახლეების დანერგვისაკენ. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ახალი სასწავლო პროგრამების შემოღება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბაზრის მოთხოვნებზე.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს კომბინირებულ საბაკალავრო პროგრამას, კერძოდ სამართლისა და ინჟინერიის ერთობლივი პროგრამა, რომელიც დაინერგება ცალკე სასწავლო პროგრამის „საინჟინრო ეკონომიკის“სახით.

საინჟინრო მეცნიერებისა და სამართლის ერთობლივი პროგრამა, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არ დანერგილა არცერთ პოსტსაბჭოთა სივრცის უნივერსიტეტში. მაშასადამე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კერძოდ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი იქნება პირველი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის, დანერგავს და წარმატებით განახორციელებს აღნიშნულ კომბინირებულ საგანმანათლებლო კურსს.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მოცემული კურსი წარმატებით არის დანერგილი სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვებგვერდის მიხედვით, ეს არის სამართლისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ერთობლივი კურსი, რომელიც მოიცავს სწავლებას და ტექნიკური საგნების სიღრმისეულ ცოდნას.

პროექტის განხორციელების მიზნით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც დაფინანსებულია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუჯეტიდან.

აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელს წარმოადგენს სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, პროექტის მენეჯერები იქნებიან: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე და ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე.  დაკომპლექტებულია ასევე სამუშაო ჯგუფი, ხარისხის ექსპერტი და ტექნიკური პერსონალი. მათი ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეიქმნება ისეთი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, რომლის დასრულების შემდგომ სტუდენტს ექნება ორმაგი დიპლომი, როგორც ინჟინერის ასევე, სამართლის მიმართულებით. ასევე, შედგენილია პროექტის ბიუჯეტი რომელიც სამი ხარჯვითი ნაწილისაგან შედგება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია შესაბამისი მატერიალური და ინტელექტუალური ბაზა, რათა სათანადო მომზადების შემდეგ მოხდეს „საინჟინრო სამართლის“ როგორც ცალკე სასწავლო პროგრამის დანერგვა.  კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს  როგორც: იურისტი ეკოლოგიური სამართლის, ტექნოლოგიური კანონმდებლობისა და სპეციალური სისხლის სამართლის სფეროებში, საინჟინრო კორპორაციების კონსულტანტი, იურისტკონსულტი ან მენეჯერი და ა.შ. მათ განუვითარდებათ კრიტიკული და ანალიტიკური  უნარ-ჩვევები ინდუსტრიაზე ძლიერი აქცენტებით, რაც აუცილებელია ინჟინერიასა და სამართალს შორის რთული კავშირების გასაგებად.კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ უმაღლესი პროფესიული იურიდიული განათლების სრული კურსი საინჟინრო მეცნიერებების კვალიფიკაციასთან ერთად.

კურსი მოიცავს 264 კრედიტს, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ უმაღლესი განათლება ცალკე ტექნიკური მეცნიერებების ბაკალავრის და ცალკე სამართლის ბაკალავრის ხარისხით.

აღნიშნული პროექტი ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას და აკადემიური დეპარტამენტის წარმომადგენლების მეირ შემუშავდა იურიდიულ მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის გამო ისეთ სფეროებში, რომლებშიც საჭიროა რთული ტექნიკური საკითხების ცოდნა. ასეთი სპეციალისტების დიდი მოთხოვნილებაა, როგორც კერძო იურიდიულ ფირმებში, ისე მანქანათმშენებლობაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება როგორც უშუალოდ საინჟინრო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, ასევე შეიქმნება სპეციალური ლიტერატურა ქართველის მეცნიერების მიერ, ითარგმნება უცხოური ლიტერატურა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ჩამოყალიბდება სრულყოფილი სასწავლო პროგრამა.

ჩვენ ამაყნი ვართ, რადგან საფუძველი ჩაეყარა, უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს დაუმკვიდრებს ღირსეულ სახელს საგანმანათლებლო სფეროში. ვინაიდან, აღნიშნული პროექტი ემსახურება საერთო მიზანს, ისეთი პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ არცერთ უნივერსიტეტს არ გააჩნია.

მესამე კურსის სტუდენტი მარიამ რობაქიძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ მარიამ რობაქიძეს,  რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე.

  1. მოგესალმებით მარიამ, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე .

ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ შეიძლება ითქვას რომ ყოველთვის ვიცოდი თუ რა მინდოდა, გარკვეული მიზნები და ამოცანები მქონდა დასახული.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, მაშინ როცა უკვე დამთავრებული გქონდათ სხვა უნივერსიტეტი?

ყოველთვის მინდოდა იურიდიული განათლებაც მქონოდა, რადგან მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ კარგი ბიზნესმენი იურიდიულ საკითხებშიც  უნდა ერკვეოდეს. ზოგადად ვფიქრობ რომ კომპლექსური განათლება აუცილებელია თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ადამიანისთვის წარმატების მისაღწევად.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე კონკრეტულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მისი არაერთგვაროვანი რეპუტაციიდან გამომდინარე მაინც ვფიქრობ, რომ სტუდენტების იმ კატეგორიას, რომელსაც სწავლა უნდა ეს უნივერსიტეტი და ფაკულტეტი აძლევს ამის საშუალებას. მეტიც, წარმატებული სტუდენტები მეტად დაფასებულნი არიან და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია უჩნდებათ სწავლისადმი.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტვობის შესახებ?

ნამდვილად მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება მაქვს. პირველი კურსიდან ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, იყო ეს ბიზნეს მარათონი, სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი კონკურსი, თი-ბი-სი ბანკისა და უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი პროექტი მარკეტინგსა და პიარში, სხვადასხვა სტაჟირებები და სამსახურები კერძო თუ საჯარო სექტორში. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც უცბად გამახსენდა კიდევ იყო ბევრი რამ რომლის ჩამოთვლასაც არ დავიწყებ.

  1. რა გაგიკეთებიათ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ფორმატში?

ფაკულტეტის ფორმატში ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთკვირიან ტრენინგზე. რომელიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისთვის. ასევე, გავხდი კონსტიტუციონალიზმის ცენტრის წევრი. გული მწყდება რომ ჩემი მოუცლელობის გამო კიდევ ბევრი  შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან და საინტერესო პროექტი გამოვტოვე.

  1. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამჟამად ვროცლავის უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე. საქართველოში დაბრუნებისთანავე ვაპირებ დასაქმებას და სწავლის გაგრძელებას.

  1. როგორ ხედავთ თქვენს თავს 5 წლის მერე?

5 წლის შემდეგ მინიმუმ ორი ბაკალავრის და ორი მაგისტრის დიპლომი მექნება, ეს რაც ზუსტად ვიცი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ადგილას ვიქნები დასაქმებული, სადაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შევძლებ.  უფრო შორს თუ წავალთ,  ჩემს თავს რომელიმე დიდი კომპანიის ბიზნეს იურისტად ვხედავ.

  1. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?

ოცნების თანამდებობა 8 წლიდან უცვლელი მაქვს, ბავშვობიდან პარლამენტის თავჯდომარეობაზე ვოცნებობდი და ჯერ-ჯერობით აზრი არ შემიცვლია.

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

არც ისე ცოტა უნივერსიტეტთან მქონია შეხება და მინდა გითხრათ რომ ასეთი გულისხმიერი ხელმძღვანელობა არ შემხვედრია. ნებისმიერ საკითხზე და პრობლემაზე შეგიძლია უპრობლემოდ  მიხვიდე, მოგისმენენ, ყველანაირად შეეცდებიან დაგეხმარნონ.  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღავნელობა არაა მიუწვდენელი სტუდენტებისთვის. რაც მიმაჩნია რომ უმთავრესია წარმატებული მმართველობისთვის. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ისინი არ მოგიგვარებენ.  სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით აქ ადამიანური ურთიერთობები ბევრად მაღლა დგას.

  1. 9. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

პირველ რიგში, დაივიწყონ ის ფაქტი რომ “გეპეი”-ში სწავლა არაა. გაიაზრონ ის რომ 4 წელიწადში უნდა ისწავლონ ის რითაც შემდეგ ცხოვრება მოუწევთ. გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა რასაც ფაკულტეტი სთავაზობს. იაქტიურონ,  რაც შეიძლება მეტი გამოცდილება და ცოდნა დააგროვონ ამ წლების მანძილზე, რადგან შემდეგ ამის დრო აღარ  ექნებათ. და ბოლოს გაერთეთ, ძალიან მაგარია STU-დენტი რომ ხარ 😉

 

 

 

 

 

ფაკულტეტის სტუდენტი საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდა.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის მაგისტრატურის სტუდენტი იაკო ხაინდრავა 2017 წელს მონაწილეობას იღებდა Evropa Universiti Viadrina-ს მიერ ორგანიზებულ პროექტში”  Evropean system of hummer rights protection”. 

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სამოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოდან სტუდენტი იაკო ხაინდრავა.  ორი კვირის მანძილზე გერმანიაში, კერძოდ ფრანქფურტში უტარდებოდათ ლექციები და სემინარები ადამიანის უფლებების აქტუალურ საკითხებზე. სტუდენტებს  ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ლექტორები უკითხავდნენ ლექციებს, რის შემდგომაც ერთობლივად ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც ჩვენი სტუდენტი წარმოადგენდა აპლიკანტის მხარეს. აღნიშნული პროექტის დასასრულისას უნივერსიტეტის ორგანიზებითვე სტუდენტებმა დაათვალიერეს ბერლინში პარლამენტი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

კიდევ ერთი დაფინანსებული სტუდენტი….

2017 წლის ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტი გურანდა გოლიაძე, დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით და ფაკულტეტის დაფინანსებით მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში- “Create an exchange – experience diversity”.

ჩვენს სტუდენტს პროგრამის ფარგლებში ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს 15 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, რამაც მისცა საშუალება  გაეცნო  სხვადასხვა ქვეყნის ისტორია, რაც მისი პროფესიული და პიროვნული ზრდის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პროექტი იმართებოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში  კერძოდ, დიუსელდორფში, დუისბურგში, ქანსთენში, კალაქარში, ემერიჩში, ბონში, კოლონში და ასევე  ამსტერდამში (ჰოლანდია). სტუდენტები ეცნობოდნენ გერმანიაში სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობას, მათ შორის “Hephata”, რომელთანაც პროექტის განმავლობაში თანამშრომლობდნენ. ორგანიზაციასთან მუშაობის პროცესში ეცნობოდნენ გერმანულ სისტემას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, თუ როგორ და რა პირობებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ადამიანის ცხოვრებას და სრულ დაფინანსებას.

აღნიშნული პროექტი სამ კვირას გაგრძელდა, რამაც სტუდენტს მისცა შესაძლებლობა გაეუმჯობესებინა უცხო ენა და ასევე, შეესწავლა აღნიშნული ქალაქების ტრადიციები და ა.შ.

ფაკულტეტის დეკანი პირველკურსელებს შეხვდა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ პირველკურსელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

დეკანმა  გააცნო სტუდენტებს ფაკულტეტის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები. მოუწოდა მათ დისციპლინის დაცვისკენ და წარმატებები უსურვა სწავლაში. წარუდგინა აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პირველკურსელთა კურატორები და მათთან აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. გამოხატა მზადყოფნა, რომ ყველა სტუდენტს აქტიურად დაუდგეს გვერდში  და მათგანაც ელის კარგად სწავლას და დისციპლინირებულ ქცევას.

სტუდენტებს აუდიტორიებში ასევე შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი პროფესორი მაია ყიფიანი, სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია, კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ციალა გლოველი,  საჯარო სამართლის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი პროფესორი მარიამ ჯიქია და სხვა პროფესორები, რომლებმაც უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

შეხვედრის დასასრულს ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა .

რეგისტრაცია ლიტვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე.

12-10-2017 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი სტუ-ს სტუდენტებს იწვევს ლიტვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე დასარეგისტრირებლად.

ოქტომბრიდან იხსნება ახალი ჯგუფი, სადაც სტუდენტები შეისწავლიან არა მარტო ლიტვურ ენას, არამედ გაეცნობიან ლიტვას, მის კულტურასა და ტრადიციებს. ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. პროექტების ფარგლებში ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გაემგზავრონ ლიტვაში, გაეცნონ ლიტვას, მიიღონ სტიპენდიები ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებისთვის, ასევე, საშუალება მიეცემათ ლიტვურ უნივერსიტეტებში სტიპენდიებით უფასო სწავლებისთვის.

ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი მდებარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (კოსტავას ქუჩა #77) და მას ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს.

მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ Lithuania Georgia ფეისბუქის ჯგუფში.

რეგისტრაციაზე მისვლა პირადად შეიძლება შემდეგი გრაფიკით:
სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 16:00 – 18:00 სთ.
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 16:00 – 18:00 სთ.
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 15:00 – 17:00 სთ.
პარასკევი, 20 ოქტომბერი, 15:00 – 17:00 სთ.
შაბათი, 21 ოქტომბერი, 13:00 – 15:00 სთ.

მისამართი: სტუ-ს VI კორპუსი, ეკონომიკის დეპარტამენტი (VI სართული, ოთახი #615-ბ).