თეიმურაზ დარსანიას მონოგრაფია „ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის”

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თეიმურაზ დარსანიამ  გამოსცა მონოგრაფია სახელწოდებით „ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მცდელობისათვის“.

წინამდებარე წიგნში მოცემულია იმ ძირითადი და სადავო საკითხების კვლევა, რომლებიც დანაშაულის მცდელობის დასჯადობასთანაა დაკავშირებული. განხილულია დანაშაულის მცდელობის სამსაფეხურიანი სისტემა, როგორიცაა ქმედების შემადგენლობა, მართლწინააღმდეგობა და ბრალი.

წიგნი განკუთვნილია როგორც უმაღლესი სკოლის სისხლის სამართლის სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ისე სამართლის პრობლემატიკით დაინტერესებული სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

ნაშრომი შედგება ოთხი თავისაგან და თხუთმეტი ქვეთავისაგან. ავტორს გამოყენებული აქვს სულ 113, მათ შორის, 70-მდე უცხოური სამეცნიერო სახის ლიტერატურა, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს როგორც ინტერნეტ რესურს ასევე, ნორმატიულ მასალას.

ავტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად  შემუშავებულია რეკომენდაციები დანაშაულის მცდელობის დასჯადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის ერთიანი მოდელის შექმნისათვის.  საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების შედეგად გაანალიზებულია სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული და მნიშვნელოვანი ასპექტები. აღნიშნული მონოგრაფიის რედაქტორები არიან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და დეკანის მოადგილე, პროფესორი  ჯემალ გაბელია. რედაქტორების შეფასებით  თეიმურაზ დარსანიას ნაშრომი არის პირველი ცდა ქართულ რეალობაში, რომელიც იძლევა მცდელობის საკითხის განმარტებას. მათივე აზრით, აღნიშნული ნაშრომი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ სასწავლო იურიდიულ ლიტერატურაში.

ამა წლის 28 სექტემბერს იგეგმა აღნიშნული მონოგრაფის საზოგადოებისათვის გაცნობა, გაიმართება ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუ-ს მეცნიერ-პროფესორები. მიმოხილული იქნება ავტორის დამოკიდებულება წიგნში განხილული არაერთი საკითხისადმი.   მონოგრაფიის განხილვა გაიმართება სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. დასწრება თავისუფალია.

კურსდამთავრებული ლორენა შამათავა

ამჟამად წარმოგიდგენთ, ლორენა შამათავას, რომელმაც  წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

 

მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა,  მინდა მოგილოცოთ ჩარიცხვა ვილნიუსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

მეც მინდა მოგილოცოთ ახალი რუბრიკის შექმნა. ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის ეს რუბრიკა იქნება არამარტო საინტერესო, არამედ შეიძლება ერთგვარი „ბუკლეტი“ იყოს, თუ როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად უნივერსიტეტში არსებული ყველა რესურსი და მივაღწიოთ წარმატებას. დიდი მადლობა, დიახ, ვილნიუსის უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ევროკავშირის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით.

  1. რამ შეუწყო ხელი თქვენს ესოდენ წარმატებას?

შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვიყავი და ვცდილობდი ჩემი სტუდენტობა მრავალფეროვანი ყოფილიყო. ძალიან ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო დიდი მონდომებაა საჭირო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოც. მე ამ მხრივ გამიმართლა, ფაკულტეტი ყოველთვის მხარს მიჭერდა ყველა წამოწყებაში და ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა. ასე, რომ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ წარმატების ფორმულა შეიცავს: მონდომებას, დაუღალავ შრომას და დადებით გარემოს.

  1. რატომ ჩააბარეთ სტუ-ში?
    გულახდილად ვიტყვი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და მობილობის საშუალებით გადმოვედი სტუ-ში. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.
  2. როგორი ურთიერთობა გაქვთ ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან, ლექტორებთან?
    უზომოდ მადლიერი ვარ, რომ სტუ-დენტი ვიყავი და მქონდა პატივი გამეცნო სტუ-ს ხელმძღვანელობა და ლექტორები. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ძალიან მენატრებიან. ფაკულტეტი ყოველთვის მხარს მიჭერდა და ენთუზიაზმით უყურებდა ჩემს ახალ წამოწყებებს, მაგრამ ბოლო წელს განსაკუთრებულად დამეხმარა ხელმძღვანელობაც და ლექტორებიც. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ლიტვაში გავაგზავნე საბუთები, ორი გასაუბრება გავიარე, უნივერსიტეტში ჩავირიცხე და დაფინანსების კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. დედლანების მეშინოდა ყველაზე მეტად, ვაი და ვერ მოვასწრებდი და ამდენი შრომა წყალში ჩამეყრებოდი. ყველაზე მეტად მხარს მიჭერდა უშუალოდ დეკანი, ბ-ნი ირაკლი გაბისონია, ამისთვის დიდი მადლობა მას. ფაკულტეტის ხელმძღვანელობა და ლექტორები, რომ არა შეიძლება ლიტვის საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტიც არ ვყოფილიყავი. ყველა საბუთი დროულად გამიმზადეს და ყველაფერი მოვასწარი. ეს დიდი შვება იყო ჩემთვის.
  3. რა არის ის განსაკუთრებული რაც სხვა უნივერსიტეტს არ აქვს ?

აქ აუცილებლად ავღნიშნავდი ურთიერთობას სტუდენტსა და ფაკულტეტის დეკანს შორის. ადამიანური ურთიერთობა და მოსმენის უნარი. მახსოვს პირველად ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით უნდა შევსულიყავი დეკანთან ბ-ნ ირაკლისთან და ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცი როგორ დამეწყო, რას მეტყოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა, მე ხომ რიგითი სტუდენტი ვიყავი. მაგრამ როგორც კი შევედი, ბ-ნმა ირაკლიმ ყურადღებით მომისმინა, რჩევებიც კი მომცა და მაშინ მივხდი, რომ სტუ უპირველეს ყოვლისა არსებობს სტუდენტებისთვის, არამარტო იმისთვის, რომ ცოდნა მისცეს, არამედ მოუსმინოს სტუდენტს, გაიგოს მისი აზრი და გაითვალისწინოს ის. საზღვარგარეთ სტუდენტის აზრი და სურვილი უპირველესია, მიხარია, რომ სტუ-ში იგივე მიდგომა დავინახე.

  1. რომელ პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა?

სტუდენტობის დროს ძალიან ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. 2014 წელს ლიტვაში ახალგაზრდა ელჩების სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი, ვიზიტის ფარგლებში, პირადად შევხვდი ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარეს. სამჯერ (2014,2015,2016 წწ.) მოვიპოვე ლიტვის სახელმწიფო დაფინანსება და გავემგზავრე ლიტვაში საზაფხულო სკოლებში. 2016 წელს გავხდი გერმანული ასოციაციის START Stiftung კონკურსის გამარჯვებული, ვიმყოფებოდი გერმანიაში სტაჟირებით 2 თვით. ვიყავი ბერლინში “მრავალფეროვნების სკოლის” ტრენერ-ფასილიტატორი. 2015 წელს გავხდი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის MitOst-ის სტიპენდიანტი და პროექტის “აქტიური მოქალაქეობა” ავტორი და კოორდინატორი. 2016 წელს, მე-2 ადგილი დაიკავა ჩემს მიერ დაწერილმა სიმღერამ “Lietuva-širdis mana”, მუსიკალურ ფესტივალზე. 2014 წელს Theodor Hauss KOleg-გერმანული ორგანიზაციის მიერ კავკასიის რეგიონში განხორციელებული პროგრამის კურსდამთავრებული ვარ.2016 წელს სტუ-ს სახელით დებატების ჩემპიონატში ვიღებდი მონაწილეობას, 2017-ში კი აშშ-ს პროექტი საერთაშორისო კლიენტთა კონსულტაცია ადვოკატებისთვის. 2017 წელს მივიღე მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში “კონსტიტუცია და ცვლილებები“ , პოლონეთში. გარდა ამისა თარჯიმნობით ვარ დაინტერესებული და 29 სექტემბერს მიწვეული თარჯიმანთა საერთაშორისო სემინარზე საფრანგეთში.

  1. რა მოგცათ უნივერსიტეტმა?

სტუ ჩემი წარმატების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გახდა. სწორედ სტუ-ში არსებული ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში დავიწყე სიარული 3 წლის წინ, შევისწავლე ლიტვური ენა და ჩემი ცხოვრება დაუკავშირდა ლიტვას. ახლა ვარ ვილნიუსის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, მოვიპოვე ლიტვის რესპუბლიკის სწავლების სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდიაც. სწავლების ენა – ლიტვური. და ყველაფერი ეს დაიწყო სწორედ სტუ-ში. უნივერსიტეტი იმაზე მეტს გვაძლევს ვიდრე გვგონია, უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი.

  1. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულრომელ ღონისძიებას გამოყოფდით?

ფაკულტეტი ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებს, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ვიქტორ დოლიძესთან შეხვედრა და სტუ-ში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიის გახსნა. ამით უნივერსიტეტმა დაამტკიცა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და მჯერა, რომ საკმაოდ მალე ჩვენ გავხდებით ევროკავშირისა და ნატოს ღირსეული წევრები.

 

  1. დაბოლოს, ჩვეული კითხვა რას ურჩევთ პირველკურსელებს?

პირველკურსელებს მინდა ვუსურვო იყვნენ აქტიური და ყოველთვის გამოიჩინონ ინიციატივა, ხოლო ფაკულტეტი მათ არამარტო მოუსმენს, არამედ გაიზიარებს მათ იდეებს და ხელს შეუწყობს მათ სამომავლო პროფესიულ კარიერას. ყველაფერი თქვენს ხელშია, პირველკურსელებო. წარმატებები ყველა წამოწყებაში.

 

მესამე კურსის სტუდენტი ანა ტაკაშვილი

წარმოგიდგენთ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს ანა ტაკაშვილს.

  1. გაეცანით, ჩვენს მკითხველს.

       მოგესალმებით, მე გახლავართ ანა ტაკაშვილი. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენდი, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მიმართულებით. მივესალმები, ყოველ ახალ ინიციატივას და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება თქვენი რუბრიკის მეშვეობით გავაცნო ჩვენს სტუდენტებსა, თუ აბიტურიენტებს ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი  და უშუალოდ ფაკულტეტი გვთავაზობს და გავუზიარო მათ ჩემი გამოცდილება.

  1. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

ადრეული ასაკიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩემი მომავალი პროფესია სწორედ იურისპრუდენციასთან ყოფილიყო დაკავშირებული, თუმცა უნივერსიტეტი ზუსტად არ განმისაზღვრავს. აბიტურიენტობის პერიოდში აქტიური შეხება მომიწია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, დეტალურად გავეცანი მის სტრუქტურას, სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გრაფიკს, მომხიბლა აქტიურმა სამოქალაქო აქტივიზმმა, სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება მეც გავმხდარიყავი ამ დიდი ოჯახის წევრი. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენი ფაკულტეტი კიდევ უფრო განვითარდა და მეტ პერსპექტივას აძლევს ყველა სტუდენტს.

  1. როგორც ვიცი, თქვენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ხართ, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით ?

ფაკულტეტის თვითმმართველობის წევრობა ყველაზე საამაყო სტატუსია ჩემთვის, მითუმეტეს, როცა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის თვითმმართველობის წევრი ხარ.  თვითმმართველობა ყოველთვის უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობას სამოქალაქო აქტივიზმში. მაგალითად, წელს ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია, სადაც უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ, ასევე შევუერთდით აქციას „გზა დაუთმე ქვეითს“. ვფიქრობ, მსგავის სახის ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტის სამოქალაქო განვითარების  დონის ამაღლებას.

 

  1. რომელ ღონისძიებას გამოყოფდით ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულს?

მინდა გითხრათ, პირველი კურსიდან აქტიურად ჩავერთე სტუდენტურ ცხოვრებაში, უამრავი ღონისძიება მახსენდება. მაგრამ გამოვყოფდი ,,სტუს სტუდენტურ დღეებს 2017“, რომელიც ფაკულტეტთაშორის სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ შეჯიბრს წარმოადგენდა და გამარჯვება სწორედ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა მოიპოვა. არ მახსენდება არცერთი პროექტი, რომელშიც მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომაც მუდამ დაკავებული ვარ.

  1. დაგვისახელეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდა?

ფაკულტეტი არაერთ საინტერესო ღონისძიებას გვთვაზობს, თუმცა გამოვყოფდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიის გახსნას, ეს იყო  ჩემთვის  გამორჩეული იმდენად, რამდენადაც აღნიშნული დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს,უფრო ემტიც დეკანის ინიციატივით  ფაკულტეტის სამი წარმატებული სტუდენტი ამავე სახელობის სტიპენდიის მფლობელი გახდა, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი, მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება დიდი მადლობა გადავუხადო,  ჩვენს დეკანსა და მთელს უნივერსიტეტს ასეთი დაფასებითვის.  ასევე, მინდა  გითხრათ, ჩვენი ფაკულტეტი გამორჩეულია  და იგი საჯარო ლექციებზე იწვევს არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ პროფესორებსაც, რომლებიც გვიზიარებენ, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ცოდნას. გავიხსენებდი, ამერიკელი მოსამართლეებისა და პროკურორის სტუმრობას, მათთან შეხვედრა ნამდვილად მრავლის მომცემი იყო ჩემთვის. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ასეთი კონპონენტის არსებობა, ვინაიდან იგი ძალიან გვეხმარება განვითარებაში.

 

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

მე პირადად ნამდვილად ძალინ კმაყოფილი ვარ ჩემი თითოეული ლექტორით, ვინაიდან, ისინი უბრალოდ ლექციებს კი არ მიხსნიან მეხმარებიან პროფესიულ განვითარებში და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ასევე, უნდა ითქვას, რომ დღიდან დღემდე ვითარდება ფაკულტეტი, გათვალისწინებულია თითოეული სტუდენტის აზრი, ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს  და ვფიქრობ სწორედ გახსნილი და უშუალო ურთიერთობაა, ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ვახერხებთ არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს. მე, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი გაბისონიას, იმისთვის, რომ ცდილობს სიახლეების დანერგვით და თავისი უშუალო დამოკიდებულებით  ხელი შეუწყოს თითოეულ სტუდენტს, განვითარებაში.  ჩემი დამოკიდებულებისა და პატივისცემის გამოხატვა მხოლოდ სიტყვებით საკმაოდ რთულია. დიდი მადლობა ჩემს ლექტორებს იმისთვის, რომ ასეთ კარგ გარემოს გვიქმნიან.

  1. მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

ფაკულტეტი უამრავ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, იქნება ეს სამეცნიერო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები თუ გაცვლითი პროგრამები. პირადად მე გავიხსენებ სამართლის კლინიკის სტაჟირებას, სადაც საშუალება გეძლევა შენი თეორიული ცონდა პრაქტიკაში განახორციელო კონსულტაციის გაცემის მეშვეობით. კვალიფიციური კადრები, კეთილგანწყობილი გარემო, გიწყობს ხელს წარმატების მიღწევაში.

  1. დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით წლევანდელ პირველკურსელებს?

ქვენ ხართ სტუელები, ეს სტატუსი დიდ შესაძლებლობას განიჭებთ, ეცადეთ ბოლომდე გამოიყენოთ იგი და გახდით აქტიური ,,სტუ“დენტები!

 

 

ფაკულტეტის კურსდამთავრებული  ჩინეთის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული გვანცა ძნელაძე 2017 წლის სექტემბერში ჩაირიცხა ჩინეთის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე “Doctor of Juridical Science S.J.D Program” მოიპოვა უნივერსიტეტის სრული დაფინანსება.  აღნიშნული დაფინანსება მსოფლიოს მაშტაბით სულ სამმა სტუდენტმა მიპოვა. სადოქტორო თემას წერს თემაზე “The impact of international investment law on the legal framework of Georgia and foreign investors’ rights.

გვანცა ასევე, სწავლობდა ჩინეთის, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში Renmin University of China სამაგისტრო პროგრამაზე-Master of National Economics of China. მონაწილეობა აქვს მიღებული  არაერთ სასერთიფიკატო სალექციო კურსში, რომელიც ორგანიზებული იყო თავისუფალ უნივერსიტეტში, მათ შორის, National Centre for Commercial law “International Business Transactions” მოპოვებული აქვს ჩინეთის მთავრობის სრული სტეპენდია, კერძოდ კომერციის სამინისტროსი MOFCOM scholarship, იგი წარმოადგენდა ერთადერთ დაფინანსებულ სტუდენტს საქართველოდან.  სამაგისტრო თემა დაიცვა თემაზე “chinas outward foreign direct investment in Georgia ” და აიღო წითელი დიპლომი; პეკინში ყოფნისას სტაჟირებას გადიოდა უმსხვილეს კომპანიაში China International Economic Cooperation and Investment Inc. საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში, სადაც  აგრეთვე ჩაატარა სამეცნიერო კვლევა ინგლისურ ენაზე: “international trade process and risk control“, რომელიც ითარგმნა ჩინურად და დაიბეჭდა პუბლიკაციის სახით.

აგრეთვე, ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლისას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში. მაგალითად, საქართველოს წარმოადგენდა “one belt one road” პროექტის ფარგლებში გამართულ ეკონომიკის სკოლის კონფერენციაზე, სადაც მოხსენება გააკეთა საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე საქართველოში, ასევე მოხსენებით გამოვიდა ინვესტორებისთვის გამართულ სემინარზე “International Technology transfer & the Belt and Road investment opportunity ” რომელიც გაიმართა china council for the promotion of international trade .

კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს საელჩოს ჩინეთში ორგანიზებულ ღონისძიებებში ეს კულტურული საღამები იქნებოდა თუ ეკონომიკური. გვანცა ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულს ენებს, ასევე, ჩინურს.

მაგისტრანტი თამარ ბარამია

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

  1. გთხოვთ, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.

პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ  რუბრიკის შექმნა, ვფიქრობ, ეს დამატებით მოტივაციას მისცემს სტუდენტებს და, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, რომ ჩამთვალეთ ღირსად მე ვყოფილიყავი თქვენი პირველი რესპოდენტი.  მე ვარ თამარ ბარამია, ამჟამად ვსწავლობ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

  1. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი?

გულწრფელად გითხრათ, აბიტურიენტობის პერიოდში დიდად არ მიფიქრია იმაზე, თუ რომელი უნივერსიტეტი უნდა ამერჩია, ჩემთვის პრიორიტეტი იყო  ჩამებარებინა სახელმწიფო უნივერსიტეტში და რაც მთავარია სამართალის სპეციალობაზე. მაგრამ, უნდა ვაღიარო სტუ პირველ ადგილს იკავებდა ჩემს მიერ არჩეულ უნივერსიტეტებს შორის, შესაბამისად, აქ ჩარიცხვა ძალიან გამიხარდა.

 

  1. რით იყო საინტერესო სტუ-ს სტუდენტური ცხოვრება ?

2012 წელს ჩავირიცხე სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე- ბაკალავრიატში, 2016  წელს ჩავაბარე სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის  მაგისტრატურაში. მართალი გითხრათ, ჩემთვის სტუ-ს კედლები უფრო თბილი აღმოჩნდა. პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, რასაც ხელი შეუწყო ფაკულტეტზე მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლებმა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან იმაზე, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიეცათ სტუდენტებისთვის. ასევე, სასწავლო პროცესიდან გამომდინარე ფაკულტეტის მხარდაჭერით გავიარე პრაქტიკა ქ. თბილისის მერიაში, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.

  1. ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ რომელ ღონისძიებას გამოყოფდით?

ფაკულტეტის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა არაერთი სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ღონისძიება, მათ შორის, ჩემთვის მეტად საინტერესო იყო ამერიკის შეერთებული შტატების  მოქმედი მოსამართლეების მიერ ჩატარებული საჯარო ლექციები, ასევე, ძალიან ეფექტური და მრავლის მომცემი იყო გერმანული დელეგაციის ვიზიტი, როდესაც ჩატარდა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია.

  1. უნივერსიტეტი ახორციელებს საჯარო ლექციათა ციკლს, რამდენად ასრულებს თავის მიზანს ეს ლექციები?

როგორც ვიცი, აღნიშნული ხორციელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით და მხარდაჭერით.  აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საჯარო ლექციები ძალიან საინტერესოა სტუდენტებისათვის, ვინაიდან, ხდება მათი თვალსაწიერის გაფართოება, ახალი ინფორმაციის მიღება-დამუშავება, სტუდენტები ყოველთვის აქტიურად ესწრებიან ამ ლექციებს, ინტერესდებიან მოწვეული პროფესორების მიერ  შემოთავაზებული თემებით.  მოხარული ვიქნები, თუკი მსგავსი ხასიათის ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება,

  1. როგორც ვიცით, ერთი წელი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და ძალისხმევით ჩამოყალიბდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, იგი შეიქმნა სამართლის სკოლის ბაზაზე, რომელმაც თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ადრე არსებობდა ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელიც თავის მხრივ გარკვეულ  გაუგებრობას ქმნიდა, ვინაიდან, ამ სახელწოდებას არაფერი ჰქონდა საერთო სამართალთან.

მახსოვს, სტუდენტებისათვის ფაკულტეტის შექმნას როგორი ემოციური დატვირთვა ჰქონდა, ყველა სტუდენტი ერთხმად უჭერდა მხარს პროფესორ ირაკლი გაბისონიას და მის თანამოაზრეებს. ვფიქრობ, ეს  საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

 

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესახებ?

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არიან ისეთი პროფესორები, რომლებიც ცნობილნი არიან სამეცნიერო საზოგადოებაში და პრაქტიკულ მოღვაწეობაში, მათ მიერ აღზრდილია არაერთი თაობის სტუდენტი. ასევე, ფაკულტეტზე არიან ახალგაზრდა მეცნიერ-პროფესორები, რომლებიც თავიანთი ენთუზიაზმით და შემართებით ცდილობენ სტუდენტს მაქსიმალურად მიაწოდონ ცოდნა.  ყველა ლექტორთან, სემინარის ხელმღვანელთან ჩემი სასწავლო საქმიანობა ყალიბდებოდა ერთობლივი სურვილით, პატივისცემით და სამომავლო მეცნიერული თანამშრომლობის იმედით.

  1. წარმოიდგინეთ, რომ ახლა ხართ აბიტურიენტი, აირჩევდით თუ არა სტუ-ს და რითი იქნებოდა ეს განპირობებული?

გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩემი არჩევანი უცვლელად დარჩებოდა. ერთადერთი რამ რასაც შევცვლიდი უფრო აქტიური სტუდენტი ვიქნებოდი, რადგან დღეს ფაკულტეტი სტუდენტს ათას შესაძლებლობას სთავაზობს.  წავიდოდი გაცვლითი პროგრამით ევროპის რომელიმე ქვეყანაში, რადგან ფაკულტეტს აქვს ეს შესაძლებლობა, უფრო მეტ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას. ორი სიტყვით რომ გითხრათ, გამოვიყენებდი ყველა შესაძლებლობას და ახლა უფრო მეტად წარმატებული ვიქნებოდი ვიდრე ვარ.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

გეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ ფაკულტეტზე ყველაფერი კეთდება სტუდენტის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო მეტის გაკეთება.ამას ალბათ დროც სჭირდება, სასწავლო თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ ვიტყვი უარყოფითს, მაგრამ  ტექნიკურ მხარეზე თუ ვისაუბროთ, მაგალითად, ჩვენს სასწავლო კორსპუსთან არ არის შესაბამისი აბრა გამოკრული თუ რა ფაკულტეტებია განთავსებული მე-6 კორპუსში, მახსოვს,  გაკეთდა ძალზედ კარგი წარწერა, თუმცა მალევე ჩამოხსნეს, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია სტუდენტებს შორის, არაერთხელ მივედით დეკანთან, მან გვითხრა, რომ ამაზე განგაში არ აგვეტახა და შეგვპირდა რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებოდა.

  1. მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

ძალიან ძნელია, მოკლედ გიამბოთ ის, რასაც ფაკულტეტის ხელმძღვანელობა და უშუალოდ დეკანი და სხვები აკეთებენ.  სტუდენტს აქვს შესაძლებლობა სასწავლო ხასიათის ლექცია-სემინარების გარდა, სამეცნიერო საქმიანობაში ჩაერთოს, სხვადასხვა ღონისძიებებში, საზაფხულო სკოლებსა და იმიტირებულ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. ასევე, ფაკულტეტი აქტიურად აფინანსებს იმ სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ხასიათის ტრენინგებში, კონფერენციებში. ჩემი ინფორმაციით, ათეულობით სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ ფაკულტეტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით.

  1. რამდენად დიდია თქვენს წარმატებაში ფაკულტეტის როლი?

როგორც იტყვიან, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ფაკულტეტზე განხორციელებული რეფორმების ტალღას მოვყევი, რამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში ორჯერ მოვიპოვე პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია, მაგისტრატურაში სწავლისას კი ქ. ბათუმის მერიის მიერ დაწესებული ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია და  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია, რომელზეც ასევე უნივერსიტეტმა წარმადგინა.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

რასაკვირველია, პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ტექნიკურ უნივერისტეტში. ფასდაუდებელია მისი როლი, ფაკულტეტის ჩამოყალიბების საქმეში. ასევე, მადლობას გამოვთქვამ ჩემი და სხვა სტუდენტების მხარდაჭერისთვის.

  1. დაბოლოს, რა რჩევას მისცემდით წლევანდელ პირველკურსელებს?

მათ უბრალოდ ვეტყვი, რომ შეაღონ ყველა კარი, გამოიყენონ მაქსიმალურად შესაძლებლობა, მოითხოვონ ის რაც ეკუთვნით, ბოლომდე დაიხარჯონ და მიიღონ სასურველი.  ფაკულტეტზე ყველა სტუდენტს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაესაუბრონ დეკანს, გაუზიარონ მას საკუთარი შეხედულებები, რაც ძალიან მომწონს, ეს უშუალო, ადამიანური დამოკიდებულებები ხელს უწყობს სტუდენტებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლობ სოციალური პროექტებით, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება დაფარონ სწავლის საფასური.

კურსდამთავრებული ბორენა ყურაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუბრიკა  „გაიცანი სტუ-დენტი“,  ამჟამად წარმოგიდგენთ,  ბორენა ყურაშვილს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

 

-მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ რუბრიკაში მონაწილეობა, ვინაიდან, ვთვლი, რომ სათქმელი ბევრი მაქვს.

  1. თავდაპირველად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ასოციაციას იწვევს თქვენში სტუ და უფრო მეტიც ფაკულტეტი?

სიმართლე გითხრათ, როდესაც გავიგე რომ სტუ-ში ჩავაბარე ერთგვარი დაბნეულობის გრძნობა გამიჩნდა რადგან არ ვიცოდი თუ რამდენად კარგი უნივერსიტეტი იყო, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და იმაზე მეტი მომცა ფაკულტეტმა ვიდრე შემეძლო ეს წარმომედგინა ან მომეთხოვა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით და ვფიქრობ,  ეს საუკეთესო არჩევანი იყო. სტუდენტური წლები ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს ხდები დამოუკიდებელი, იწყებ ახალ პერიოდს ცხოვრებაში, რომელიც არც ისე მარტივი არ არის მაგრამ სასიამოვნო თავგადასავლებით სავსეა.

  1. როგორ აღწერდით თქვენს სტუდენტურ წლებს?

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა  მაჩუქა ბევრი ძვირფასი მოგონება. პირველ რიგში შევიძინე დიდი სანაცნობო წრე, გავიცანი  ბევრი ჭკვიანი, საკუთარი საქმის მცოდნე და კარგი ადამიანი. შევიძინე ახალი მეგობრები, თეორიული ცოდნის გარდა მივიღე პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციებში პრაქტიკისა და სტაჟირების კურსების გავლის გზით, რომელსაც ჩვენი  ფაკულტეტის იურიდიული კლინიკა გვთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უნივერსიტეტის სახელით  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას და ლექტორების თანადგომით მონაწილეობა მივიღე ბევრ პროექტში, კონფერენციასა და ტრენინგ-კურსებში. 2014 წელს ვმონაწილეობდი საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში, სადაც გავეცანით საკონტიტუციო სამართალწარმოებას.

2016 წელს უნივერისტეტის სახელით მონაწილეობა მივიღე  პროექტში „ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი”, რომელიც განხორციელდა ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ. საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 60- მდე გუნდმა, წერილობითი განაცხადების გაგზავნის შემდგომ პროექტში მონაწილეობა განაგრძო ათმა საუკეთესო გუნდმა და მათ მოიპოვეს უფლება მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ პროცესებში (ზეპირ რაუნდებში).  პროექტში მონაწილეობის დროს ჩვენი ფაკულტეტის დეკანი და ლექტორები  გვიჭერდნენ მხარს და გვეხმარებოდნენ. ურთულეს შეჯიბრში  ტექნიკური უნივრისტეტის გუნდმა დაიკავა მესამე ადგილი.

  1. როგორც ვიცი, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ სტუდენტებს შორის რომელიც ფაკულტეტმა დააფინანსა საზღვარგარეთ მიგეღოთ პრაქტიკული გამოცდილება ?

დიახ, ეს ძალიან სასიამოვნო მოვლენა იყო. 2017 წელს მონაწილეობა მივიღე ICC -ს (საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს) იმიტირებულ პროცესში, შიდა ტურებში. ხოლო შემდეგ წავედით ნიდერლანდების სახელმწიფოში, სადაც ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ უტრეხტში გამართულ გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში. ვიყავით ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC ) და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICTJ). არაჩვეულებრივი პრაქტიკა შემძინა ამ ერთობ სათავგადასავლო მოგზაურობამ, რომელშიც ასევფე ფაკულტეტის მიერ დაფინანსებული სხვა სტუდენტების იღებდნენ მონაწილეობას.

  1. რომელია ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელშიც მიგიღიათ მონაწილეობა

ფაკულტეტის ორგანიზებული ყველა ღონისძიება იყო საინტერესო და გათვლილი სტუდენტების ინტერესებზე. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პროექტი „მომავლის იურისტი“. ალბათ იმიტომ, რომ ის  იყო ჩემი პირველი გამარჯვება. პირველი კურსის დასასრულს გამოცხადდა  კონკურსი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყველა კურსზე თითო გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო. უნდა აგერჩია წარმოდგენილი თემებიდან რომელიმე, დაგემუშავებინა და წარგვედგინა. თემის მოწონების და მეორე ტურში გადასვლის შეთხვევაში, კი შექმნილი კომისიის წინ მონაწილეებს უნდა წარედგინათ თემა და ეპასუხათ დასმულ კითხვებზე. პირველი კურსის გამარჯვებული გავხდი მე და გამიშვეს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში. ეს პირველკურსელისთვის საოცარი სტარტი იყო, მივხვდი რომ სასწავლო წლის ბოლოს ჩემი შრომა დაფასდა.

  1. ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს სტუ-ს შესახებ, როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

უდავოა, რომ ცუდს მხოლოდ ის სტუდენტები ამბობენ რომლებმაც საგნები ვერ ჩააბარეს, სტიპენდიები ვერ მოიპოვეს და ა.შ. როცა რაღაც არ გამოგდის ცდილობ დამნაშავე მოძებნო და ძალიან მარტივია უნივერსიტეტი დაადანაშაულო შენს წარუმატებლობაში. მესმის, რომ ყველა ფაკულტეტზე ერთნაირი სწავლების დონე არ არის თუმცა, სამაართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ბოროტი ადამიანის გარდა ვერავინ იტყვის რომ არ/ვერ სწავლობენ. აქ ყველა სტუდენტი მაქსიმალურად იღებს უმაღლეს ცოდნას უბრალოდ ამას დანახვა და შეფასება უნდა, დანახვის ნიჭი კი მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს გააჩნიათ.

დადებითი და უარყოფითი მხარეები ყველგან და ყველაფერში არსებობს. არ მახსოვს რაღაც ისეთი უარყოფითი მხარე რომელზეც შეიძლება საუბარი ღირდეს. თუ არსებობდა პრობლემა დეპარტამენტის უფროსთან, რომელიც ახლა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანია პროფესორ ირაკლი გაბისონიასთან განხილვის შემდეგ მისი მოგვარება ხდებოდა.

  1. თუ გყავთ გამორჩეული ლექტორი ?

 

ბევრი რამ შემიძლია ვთქვა ჩემს უსაყვარლეს ლექტორებზე. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ჩემგან იურისტი და დამეხმარნენ ცხოვრებაში დასახული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის განხორციელებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ყავს ძალიან კარგი აკადემიური  გუნდი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ უსაყვარლეს და მისაბაძ ლექტორებს, რომლებმაც ძალიან შემაყვარეს ჩემი პროფესია, მომცეს დიდი შემართება და ძალა, რომ უფრო მეტს მივაღწიო. ცალკეული მათგანის გამოყოფა გულწრფელად არ შემიძლია, რადგან არა ერთი, არამედ ათეულობით ლექტორი იმსახურებს ჩემგან უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს.

  1. რაში მდგომარეობს თქვენი სამომავლო გეგმები?

მე უკვე ავირჩიე სტუ ისე, რომ არ ვიცოდი არაფერი მის შესახებ, და ახლა  როდესაც ამდენი დადებითი ემოცია მაკავშირებს მასთან, იგივე გადაწყვეტილება მივიღე და მაგისტრატურაში ჩასაბარებლად მხოლოდ ამ უნივერსიტეტს მივაშურე.  ახლა უკვე სტუს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.

  1. რამ გამოიწვია თქვენი წარმატება?

ჩემს  წარმატებაში წვლილი შეიტანა და შეაქვს ჩემს ოჯახს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს, სამართლისა და საერთასორისო უერთიერთობების ფაკულტეტს.  ტყუილი  იქნება რომელიმეს გამოკლებით თუ ვისაუბრო წარმატებაზე. ვინაიდან, ფაკულტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გახდეს არა მარტო დარგის კვალიფიციური სპეციალისტი, არამედ შეიძინოს და აიმაღლოს სოციალური და ინდივიდუალური კომპეტენციები, რაც აუცილებელია თანამედროვე პირობებში მრავალმხრივი და სრულყოფილი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის. მიიღოს პრაქტიკული უნარჩვევები და რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს საქმის პროფესიონალად.ყოველივედან გამომდინარე მინდა  დიდი მადლობა გადავუხადო სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ყველაფრისთვის. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ნამდვილად დიდ ამაგს სწევს თითოეულ სტუდენტზე.

ბატონ ირაკლის, ვუსურვებ კიდევ დიდხანს ემსახუროს თავის საქმეს ისეთი ენერგიით, შემართებით და ენთუზიაზმით როგორიც ახლა აქვ  მას და ჩვენს ფაკულტეტს დიდ წარმატებას ვუსურვებ.

  1. დაბოლოს, ჩვენი უცვლელი კითხვა, რა რჩევას მისცემდით პირველკურსელებს?

პირველ რიგში, ვულოცავ სტუ-დენტობას და ვუსურვებ ძალიან უყვარდეთ ის რასაც აკეთებენ, მუდმივად ჰქონდეთ ენთუზიამი.  ვურჩევ სწავლას მოეკიდონ სრული პასუხისმგებლობით. დაესწრონ ყველა ლექციას, მოუსმინონ ლექტორებს, დასვან ბევრი კითხვები, იმსჯელონ მათთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე, ჩამოიყალიბონ  და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები. იყვნენ აქტიურები, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო პროექტებსა და კონფერენციებში. არ დაეზაროთ, იშრომონ ბევრი  და მუდმივად ეცადონ განავითარონ საკუთარი თავი,  ვინაიდან ჩვენი პროფესია მუდმივად განვითარებადია და ფეხი უნდა აუწყო ნოვაციებს.

 

უშენობის ორმოცი დღე…

დრო ჩქარი ტემპით მიდის, დროში განფენილი ტკივილი კი არ გვავიწყდება, არადა ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, რაღაც არ გვჯერა, ან კი როგორ უნდა დაგვავიწყდეს სახელოვანი ქართველი მეცნიერის, იურისტის, ბატონ გურამ ნაჭყებიას გარდაცვალება. ულმობელმა დრომ თქვენი მეორმოცე დღეც გაგვითენა. პატიოსნების ეტალონად მიიჩნევდნენ, მაგრამ მაინც სხვაგვარი დავინახეთ როცა მის პატარა, მყუდრო ბინაში გამოსათხოვრად მივედით. მართლაც როგორ პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ცხოვრობდა ლამაზად, შინაარსაიანად! შთამბეჭდავად! დააფასეს და მოუწყევს საოცარი გაცილება, იყო ნელი სვლა საბურთალოს სასაფლაოსკენ. სინდისს, პატიოსნებას, ქართული მეცნიერების ღირსებას და ნამუსს სევდით მიყვებოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულნი… იშვიათად მინახავს ისეთი მწარე გამოთხოვების ცერემონიალი, საყოველთაო აღიარება და ამდენი გულწრფელი ცრემლი, როგორიც ახლდა ბატონი გურამ ნაჭყებიას უკანასკნელ გზაზე გაცილებას. მას ღირსეულად მიაგეს პატივი კოლეგებმა, მთავრობამ და ხალხმა. მორიდებული, მოწამეობრივი სიცოცხლით იცხოვრა ამ განათლებულმა კაცმა. მთლიანად დაიხარჯა მშობლიური ქვეყნისათვის, თავისი საქმისათვის. თავის ოჯახს და ახლობლებს დაუტოვა დიდი ავტორიტეტი და ტკივილი. მატერიალური კი არაფერი, მის პიროვნებაში მუდამ სულიერება სჭარბობდა მატერიალურს.

არიან ადამიანები რომლებიც ჯერ სამყაროს უკვდებიან და მერე საკუთარ თავს, გურამ ნაჭყებია ერთ-ერთი იყო მათ შორის, კაცი აუწონავი ღიმილით, სავსე, იმედიანი კაცი, მის გვერდით ყოველთვის სხვა იყო დედამიწა, უღალატო, ძლიერი, კეთილი, მუდამ მომღიმარი და მაინც ღრმად სევდიანი, ფარულად რომ ილანდებოდა მის თბილ თვალებში.. რა იყო ეს სედვა, ადამიანად ყოფნისა თუ არყოფნის სევდა. უფრო ალბათ სევდა და ტვირთი იყო ადამიანად ყოფნისა… ადამიანობისა რაზეც უარი არასდროს უთქვამს და ბოლომდე კაცად, ადამიანად დარჩა… ის უკვე აღარ არის… ბატონი გურამის თბილი ღიმილით აღარ აივსება არც თბილისის ხმაურიანი ქუჩები, არც მეგობრების ერთგული გარემო და არც ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კედლები, ასე რუდუნებითა და სიყვარულით რომ ეფერებოდა, სადაც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იყო მოსული, სტატია მოიტანა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „იურისტ“-ში გამოსაქვეყნებლად, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი აღმოჩნდა..

ყოველთვის აღელვებდა საზოგადოება და საქვეყნო სატკივარი, მუდამ იქ იყო სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა. იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ნაღდი კაცი, ასე მოგმართავდნენ მეგობრები და ეს გიხაროდა…. ჩვენც შემოგხაროდით, ახლა კი… შენი საფლავი გახდა ჩვენი შეხვედრის ადგილი.. ჩვენო მეგობარო არასოდეს მიეცემი დავიწყებას სანამ თქვენი მეგობრები, თქვენი აღზრდილი ახალგაზრდები ამქვეყნად დადიან… შენ იყავი სულგრძელი, ყველას შემწყნარებელი და მიმტევებელი. მტრობა, ჯავრი, შურისძიება შორს იყო შენგან.

სიხარულს ვერ მალავდი, როდესაც ამა წლის 31 მარტს, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მე-6 სართულზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას აუდიტორია გაიხსნა, სიტყვითაც გამოხვედი, ლექსიც კი მიუძღვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ამავე აუდიტორიაში ლითონის ფირფიტაზე ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელები. მათ შორის პირველ ადგილს იკავებს გურამ ნაჭყებია. დღეს ამ წარწერას ტკივილი მოაქვს, თითქოს მასში თავმყორილია სიკვდილის ფასიც, ტკივილიც, გარდაუვალობაც, ეს წარწერა მუდამ შეგვახსენებს რომ ჩვენმა ფაკულტეტმა დაკარგა ძალა, იმედი, სიკეთე და რაც მთავარია გულიანი და კარგი კაცი, რომლისთვის ადამიანად ყოფნა ბოლომდე უფრო დიდ სევდად დარჩა, ვიდრე არ ყოფნა.

რა დასანანია, რომ ყოველივე ამას წარსული დროის ელფერი დაჰკრავს, მომავალში კი საიმედოდ რჩება თქვენი ბრძნული რჩევა-დარიგება, არაერთი სახელმძღვანელო, იურიდიულ ლიტერატურაში გამოქვეყნებული უამრავი სტატია თუ ესსე.

„ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს ოდესმე ის შეწყდებაო“ ფრანც კაფკა წერდა, თუმცა მთავარია არა ის, რომ ცხოვრება ზოგადად წყდება, არამედ ის თუ ვისი სიცოცხლე სრულდება, ბატონი გურამის სიკვდილი ვერასოდეს ასოცირდება ცხოვრების აზრთან, რადგან ის ჩვენ აქ დარჩენილებს მოგვიკვდა, ჩვენ დაგვაკლდა, ჩვენ წაგვერთვა, ერთ-ერთი უშვიათესად კეთილშობილი კაცი ამ ცივსა და მიუსაფარ სამყაროში.  სწორედაც შენზე შეიძლება ითქვას, რომ მიაღწიე მეცნიერების მნიშვნელოვან მწვერვალებს, ბოლომდე დაიხარჯე ყველასათვის და ყველაფრისათვის.

შენ განვლე შენი ცხოვრების გზა, აღბეჭდე ნავალი და არაფერი შეედრება იმ ხელთუქმნელ ძეგლს, რომელიც შენ დაგვიტოვე ყველას შენს მიერ გავლილ გზაზე. წარუშლელი იქნება შენთან ერთად გატარებული წლები,  უშენობის ორმოცი დღე ცრემლიანი და ტკივილიანი იყო შენი დიდი სამეგობროსთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ამაყი სული,  ჩვენო მეგობარო…

 

ირაკლი გაბისონია, ჯემალ გახოკიძე, შოთა ფაფიაშვილი, რომან შენგელია, ლევან იზორია, ნუკრი გელაშვილი, ივანე ჯაგოდნიშვილი, ჯემალ გაბელია, იგორ კვესელავა, მალხაზ ბაძაღუა, ქეთი ქოქრაშვილი, ქეთი ჯინჭარაძე, ნონა თოდუა, ირინა აქუბარდია, ზაზა რუხაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, მიხეილ მამნიაშვილი, ავთო ხაზალია, ვეფხვია გვარამია, გიმზერ ალანია, ვაჟა აბაკელია, ციალა გლოველი, კარლო ბზიშვილი, ალექსანდრე ტალიაშვილი, გიორგი გორაძე, დავით სოლომნიშვილი.

პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა წახალისება

2016-2017 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ხორციელდებოდა სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა. საბაკალავრო პროგრამა დაასრულა 200-ზე მეტმა სტუდენტმა, სამაგისტრო პროგრამა 200-ზე მეტმა სტუდენტმა, სადოქტორო პროგრამის ჩვიდმეტმა სტუდენტმა დაიცვა დისერტაცია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული გამოცდების ჩატარების გამო გადასული იყო I და ადმინისტრაციულ კორპუსებში, სადაც ჩატარდა ფინალური გამოცდები, კოლოქვიუმების, სემინარების დაცვები. ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა დოქტორის აკადემიური ხარისხის მისანიჭებელი დაცვები. მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, ფაკულტეტის პროფესურამ და დამხმარე პერსონალმა იმუშავა ჯეროვნად ამიტომაც, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და შუამდგომლობით, ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა პრემია თანამშრომლებზე.

პრემია სულ გაიცა 29 თანამშრომელზე და მათი ჯამური ოდენობა შეადგენს 10000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ადმინისტრაცია თანაბრად ზრუნავს როგორც სტუდენტებზე, ასევე პროფესორებსა და თანამშრომლებზე. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ ყველა თანამშრომელი თავს გრძნობდეს დაფასებულად და მათი შრომა დანახულ იქნეს ადმინისტრაციის მიერ. აღნიშნული წაახალისებს მათ და კიდევ უფრო მეტად მოტივირებულ და საქმეზე ორიენტირებულ თანამშრომლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შეფასება

სტუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით ჩამოყალიბებულია პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შეფასების  ბონუს ქულათა სისტემა.  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობით ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოხდა ბონუს ქულათა კოეფიციენტის განსაზღვრა გასული წლის პედაგოგიურ-სამეცნიერო მიღწევების შეჯამებისა და წახალისების მიზნით. აღნიშნულის განხორციელებისათვის კი ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 70 000 ლარი.

ბონუს ქულათა სისტემა ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს პროფესორ-მასწავლებელთა წახალისება მათი პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობის შესაბამისად.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მზადდება კრებული „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“, რომელშიც გამოქვეყნდება ევროპული და ქართველი მეცნიერების ნაშრომები თანამედროვეობის აქტუალურ და რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ევროპელმა და ქართველმა პროფესორებმა წაიკითხეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით 2016 წელს განხორციელებული პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -ს ფარგლებში, როგორც საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტაციაში. იმავდროულად კრებულში შეტანილია 2017 წელს ზუგდიდში ჩატარებული საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“ ფარგლებში წაკითხული მოხსენებები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საზაფხულო სკოლა ჩატარდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ასევე  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით. კრებულში გამოსაქვეყნებელ ნაშრომთა გარკვეული ნაწილის ქართულ ენაზე თარგმნა დაფინანსებულ იქნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

ამასთანავე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით დაფინანსდება უცხოენოვანი მოხსენების თარგმნა, რომელიც შესრულებულია კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტის ქეთევან რჩეულიშვილის, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის ირაკლი თაბორიძისა და მაგისტრანტის მარიამ ხაზარაძის მიერ. ამავდროულად მარიამ ხაზარაძემ კრებულის რუბრიკისათვის თარგმნა იმანუელ კანტის ცნობილი ტექსტი „ადამიანთა მოდგმის სავარაუდო დასაწყისი“.

ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიზანს წარმოადგენს ისეთი სამეცნიერო ნაშრომების მომზადება, რომელთაც გარდა სამეცნიერო ხასიათისა, გააჩნია სასწავლო ღირებულება.  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება მოხდება  ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან