კურსდამთავრებული ბორენა ყურაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუბრიკა  „გაიცანი სტუ-დენტი“,  ამჟამად წარმოგიდგენთ,  ბორენა ყურაშვილს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

 

-მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ რუბრიკაში მონაწილეობა, ვინაიდან, ვთვლი, რომ სათქმელი ბევრი მაქვს.

  1. თავდაპირველად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ასოციაციას იწვევს თქვენში სტუ და უფრო მეტიც ფაკულტეტი?

სიმართლე გითხრათ, როდესაც გავიგე რომ სტუ-ში ჩავაბარე ერთგვარი დაბნეულობის გრძნობა გამიჩნდა რადგან არ ვიცოდი თუ რამდენად კარგი უნივერსიტეტი იყო, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და იმაზე მეტი მომცა ფაკულტეტმა ვიდრე შემეძლო ეს წარმომედგინა ან მომეთხოვა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით და ვფიქრობ,  ეს საუკეთესო არჩევანი იყო. სტუდენტური წლები ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს ხდები დამოუკიდებელი, იწყებ ახალ პერიოდს ცხოვრებაში, რომელიც არც ისე მარტივი არ არის მაგრამ სასიამოვნო თავგადასავლებით სავსეა.

  1. როგორ აღწერდით თქვენს სტუდენტურ წლებს?

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა  მაჩუქა ბევრი ძვირფასი მოგონება. პირველ რიგში შევიძინე დიდი სანაცნობო წრე, გავიცანი  ბევრი ჭკვიანი, საკუთარი საქმის მცოდნე და კარგი ადამიანი. შევიძინე ახალი მეგობრები, თეორიული ცოდნის გარდა მივიღე პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციებში პრაქტიკისა და სტაჟირების კურსების გავლის გზით, რომელსაც ჩვენი  ფაკულტეტის იურიდიული კლინიკა გვთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უნივერსიტეტის სახელით  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას და ლექტორების თანადგომით მონაწილეობა მივიღე ბევრ პროექტში, კონფერენციასა და ტრენინგ-კურსებში. 2014 წელს ვმონაწილეობდი საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში, სადაც გავეცანით საკონტიტუციო სამართალწარმოებას.

2016 წელს უნივერისტეტის სახელით მონაწილეობა მივიღე  პროექტში „ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი”, რომელიც განხორციელდა ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ. საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 60- მდე გუნდმა, წერილობითი განაცხადების გაგზავნის შემდგომ პროექტში მონაწილეობა განაგრძო ათმა საუკეთესო გუნდმა და მათ მოიპოვეს უფლება მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ პროცესებში (ზეპირ რაუნდებში).  პროექტში მონაწილეობის დროს ჩვენი ფაკულტეტის დეკანი და ლექტორები  გვიჭერდნენ მხარს და გვეხმარებოდნენ. ურთულეს შეჯიბრში  ტექნიკური უნივრისტეტის გუნდმა დაიკავა მესამე ადგილი.

  1. როგორც ვიცი, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ სტუდენტებს შორის რომელიც ფაკულტეტმა დააფინანსა საზღვარგარეთ მიგეღოთ პრაქტიკული გამოცდილება ?

დიახ, ეს ძალიან სასიამოვნო მოვლენა იყო. 2017 წელს მონაწილეობა მივიღე ICC -ს (საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს) იმიტირებულ პროცესში, შიდა ტურებში. ხოლო შემდეგ წავედით ნიდერლანდების სახელმწიფოში, სადაც ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ უტრეხტში გამართულ გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში. ვიყავით ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC ) და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICTJ). არაჩვეულებრივი პრაქტიკა შემძინა ამ ერთობ სათავგადასავლო მოგზაურობამ, რომელშიც ასევფე ფაკულტეტის მიერ დაფინანსებული სხვა სტუდენტების იღებდნენ მონაწილეობას.

  1. რომელია ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელშიც მიგიღიათ მონაწილეობა

ფაკულტეტის ორგანიზებული ყველა ღონისძიება იყო საინტერესო და გათვლილი სტუდენტების ინტერესებზე. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პროექტი „მომავლის იურისტი“. ალბათ იმიტომ, რომ ის  იყო ჩემი პირველი გამარჯვება. პირველი კურსის დასასრულს გამოცხადდა  კონკურსი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყველა კურსზე თითო გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო. უნდა აგერჩია წარმოდგენილი თემებიდან რომელიმე, დაგემუშავებინა და წარგვედგინა. თემის მოწონების და მეორე ტურში გადასვლის შეთხვევაში, კი შექმნილი კომისიის წინ მონაწილეებს უნდა წარედგინათ თემა და ეპასუხათ დასმულ კითხვებზე. პირველი კურსის გამარჯვებული გავხდი მე და გამიშვეს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში. ეს პირველკურსელისთვის საოცარი სტარტი იყო, მივხვდი რომ სასწავლო წლის ბოლოს ჩემი შრომა დაფასდა.

  1. ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს სტუ-ს შესახებ, როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

უდავოა, რომ ცუდს მხოლოდ ის სტუდენტები ამბობენ რომლებმაც საგნები ვერ ჩააბარეს, სტიპენდიები ვერ მოიპოვეს და ა.შ. როცა რაღაც არ გამოგდის ცდილობ დამნაშავე მოძებნო და ძალიან მარტივია უნივერსიტეტი დაადანაშაულო შენს წარუმატებლობაში. მესმის, რომ ყველა ფაკულტეტზე ერთნაირი სწავლების დონე არ არის თუმცა, სამაართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ბოროტი ადამიანის გარდა ვერავინ იტყვის რომ არ/ვერ სწავლობენ. აქ ყველა სტუდენტი მაქსიმალურად იღებს უმაღლეს ცოდნას უბრალოდ ამას დანახვა და შეფასება უნდა, დანახვის ნიჭი კი მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს გააჩნიათ.

დადებითი და უარყოფითი მხარეები ყველგან და ყველაფერში არსებობს. არ მახსოვს რაღაც ისეთი უარყოფითი მხარე რომელზეც შეიძლება საუბარი ღირდეს. თუ არსებობდა პრობლემა დეპარტამენტის უფროსთან, რომელიც ახლა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანია პროფესორ ირაკლი გაბისონიასთან განხილვის შემდეგ მისი მოგვარება ხდებოდა.

  1. თუ გყავთ გამორჩეული ლექტორი ?

 

ბევრი რამ შემიძლია ვთქვა ჩემს უსაყვარლეს ლექტორებზე. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ჩემგან იურისტი და დამეხმარნენ ცხოვრებაში დასახული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის განხორციელებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ყავს ძალიან კარგი აკადემიური  გუნდი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ უსაყვარლეს და მისაბაძ ლექტორებს, რომლებმაც ძალიან შემაყვარეს ჩემი პროფესია, მომცეს დიდი შემართება და ძალა, რომ უფრო მეტს მივაღწიო. ცალკეული მათგანის გამოყოფა გულწრფელად არ შემიძლია, რადგან არა ერთი, არამედ ათეულობით ლექტორი იმსახურებს ჩემგან უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს.

  1. რაში მდგომარეობს თქვენი სამომავლო გეგმები?

მე უკვე ავირჩიე სტუ ისე, რომ არ ვიცოდი არაფერი მის შესახებ, და ახლა  როდესაც ამდენი დადებითი ემოცია მაკავშირებს მასთან, იგივე გადაწყვეტილება მივიღე და მაგისტრატურაში ჩასაბარებლად მხოლოდ ამ უნივერსიტეტს მივაშურე.  ახლა უკვე სტუს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.

  1. რამ გამოიწვია თქვენი წარმატება?

ჩემს  წარმატებაში წვლილი შეიტანა და შეაქვს ჩემს ოჯახს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს, სამართლისა და საერთასორისო უერთიერთობების ფაკულტეტს.  ტყუილი  იქნება რომელიმეს გამოკლებით თუ ვისაუბრო წარმატებაზე. ვინაიდან, ფაკულტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გახდეს არა მარტო დარგის კვალიფიციური სპეციალისტი, არამედ შეიძინოს და აიმაღლოს სოციალური და ინდივიდუალური კომპეტენციები, რაც აუცილებელია თანამედროვე პირობებში მრავალმხრივი და სრულყოფილი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის. მიიღოს პრაქტიკული უნარჩვევები და რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს საქმის პროფესიონალად.ყოველივედან გამომდინარე მინდა  დიდი მადლობა გადავუხადო სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ყველაფრისთვის. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ნამდვილად დიდ ამაგს სწევს თითოეულ სტუდენტზე.

ბატონ ირაკლის, ვუსურვებ კიდევ დიდხანს ემსახუროს თავის საქმეს ისეთი ენერგიით, შემართებით და ენთუზიაზმით როგორიც ახლა აქვ  მას და ჩვენს ფაკულტეტს დიდ წარმატებას ვუსურვებ.

  1. დაბოლოს, ჩვენი უცვლელი კითხვა, რა რჩევას მისცემდით პირველკურსელებს?

პირველ რიგში, ვულოცავ სტუ-დენტობას და ვუსურვებ ძალიან უყვარდეთ ის რასაც აკეთებენ, მუდმივად ჰქონდეთ ენთუზიამი.  ვურჩევ სწავლას მოეკიდონ სრული პასუხისმგებლობით. დაესწრონ ყველა ლექციას, მოუსმინონ ლექტორებს, დასვან ბევრი კითხვები, იმსჯელონ მათთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე, ჩამოიყალიბონ  და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები. იყვნენ აქტიურები, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო პროექტებსა და კონფერენციებში. არ დაეზაროთ, იშრომონ ბევრი  და მუდმივად ეცადონ განავითარონ საკუთარი თავი,  ვინაიდან ჩვენი პროფესია მუდმივად განვითარებადია და ფეხი უნდა აუწყო ნოვაციებს.

 

უშენობის ორმოცი დღე…

დრო ჩქარი ტემპით მიდის, დროში განფენილი ტკივილი კი არ გვავიწყდება, არადა ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, რაღაც არ გვჯერა, ან კი როგორ უნდა დაგვავიწყდეს სახელოვანი ქართველი მეცნიერის, იურისტის, ბატონ გურამ ნაჭყებიას გარდაცვალება. ულმობელმა დრომ თქვენი მეორმოცე დღეც გაგვითენა. პატიოსნების ეტალონად მიიჩნევდნენ, მაგრამ მაინც სხვაგვარი დავინახეთ როცა მის პატარა, მყუდრო ბინაში გამოსათხოვრად მივედით. მართლაც როგორ პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ცხოვრობდა ლამაზად, შინაარსაიანად! შთამბეჭდავად! დააფასეს და მოუწყევს საოცარი გაცილება, იყო ნელი სვლა საბურთალოს სასაფლაოსკენ. სინდისს, პატიოსნებას, ქართული მეცნიერების ღირსებას და ნამუსს სევდით მიყვებოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულნი… იშვიათად მინახავს ისეთი მწარე გამოთხოვების ცერემონიალი, საყოველთაო აღიარება და ამდენი გულწრფელი ცრემლი, როგორიც ახლდა ბატონი გურამ ნაჭყებიას უკანასკნელ გზაზე გაცილებას. მას ღირსეულად მიაგეს პატივი კოლეგებმა, მთავრობამ და ხალხმა. მორიდებული, მოწამეობრივი სიცოცხლით იცხოვრა ამ განათლებულმა კაცმა. მთლიანად დაიხარჯა მშობლიური ქვეყნისათვის, თავისი საქმისათვის. თავის ოჯახს და ახლობლებს დაუტოვა დიდი ავტორიტეტი და ტკივილი. მატერიალური კი არაფერი, მის პიროვნებაში მუდამ სულიერება სჭარბობდა მატერიალურს.

არიან ადამიანები რომლებიც ჯერ სამყაროს უკვდებიან და მერე საკუთარ თავს, გურამ ნაჭყებია ერთ-ერთი იყო მათ შორის, კაცი აუწონავი ღიმილით, სავსე, იმედიანი კაცი, მის გვერდით ყოველთვის სხვა იყო დედამიწა, უღალატო, ძლიერი, კეთილი, მუდამ მომღიმარი და მაინც ღრმად სევდიანი, ფარულად რომ ილანდებოდა მის თბილ თვალებში.. რა იყო ეს სედვა, ადამიანად ყოფნისა თუ არყოფნის სევდა. უფრო ალბათ სევდა და ტვირთი იყო ადამიანად ყოფნისა… ადამიანობისა რაზეც უარი არასდროს უთქვამს და ბოლომდე კაცად, ადამიანად დარჩა… ის უკვე აღარ არის… ბატონი გურამის თბილი ღიმილით აღარ აივსება არც თბილისის ხმაურიანი ქუჩები, არც მეგობრების ერთგული გარემო და არც ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კედლები, ასე რუდუნებითა და სიყვარულით რომ ეფერებოდა, სადაც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იყო მოსული, სტატია მოიტანა საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „იურისტ“-ში გამოსაქვეყნებლად, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი აღმოჩნდა..

ყოველთვის აღელვებდა საზოგადოება და საქვეყნო სატკივარი, მუდამ იქ იყო სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა. იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ნაღდი კაცი, ასე მოგმართავდნენ მეგობრები და ეს გიხაროდა…. ჩვენც შემოგხაროდით, ახლა კი… შენი საფლავი გახდა ჩვენი შეხვედრის ადგილი.. ჩვენო მეგობარო არასოდეს მიეცემი დავიწყებას სანამ თქვენი მეგობრები, თქვენი აღზრდილი ახალგაზრდები ამქვეყნად დადიან… შენ იყავი სულგრძელი, ყველას შემწყნარებელი და მიმტევებელი. მტრობა, ჯავრი, შურისძიება შორს იყო შენგან.

სიხარულს ვერ მალავდი, როდესაც ამა წლის 31 მარტს, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მე-6 სართულზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას აუდიტორია გაიხსნა, სიტყვითაც გამოხვედი, ლექსიც კი მიუძღვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. ამავე აუდიტორიაში ლითონის ფირფიტაზე ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელები. მათ შორის პირველ ადგილს იკავებს გურამ ნაჭყებია. დღეს ამ წარწერას ტკივილი მოაქვს, თითქოს მასში თავმყორილია სიკვდილის ფასიც, ტკივილიც, გარდაუვალობაც, ეს წარწერა მუდამ შეგვახსენებს რომ ჩვენმა ფაკულტეტმა დაკარგა ძალა, იმედი, სიკეთე და რაც მთავარია გულიანი და კარგი კაცი, რომლისთვის ადამიანად ყოფნა ბოლომდე უფრო დიდ სევდად დარჩა, ვიდრე არ ყოფნა.

რა დასანანია, რომ ყოველივე ამას წარსული დროის ელფერი დაჰკრავს, მომავალში კი საიმედოდ რჩება თქვენი ბრძნული რჩევა-დარიგება, არაერთი სახელმძღვანელო, იურიდიულ ლიტერატურაში გამოქვეყნებული უამრავი სტატია თუ ესსე.

„ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს ოდესმე ის შეწყდებაო“ ფრანც კაფკა წერდა, თუმცა მთავარია არა ის, რომ ცხოვრება ზოგადად წყდება, არამედ ის თუ ვისი სიცოცხლე სრულდება, ბატონი გურამის სიკვდილი ვერასოდეს ასოცირდება ცხოვრების აზრთან, რადგან ის ჩვენ აქ დარჩენილებს მოგვიკვდა, ჩვენ დაგვაკლდა, ჩვენ წაგვერთვა, ერთ-ერთი უშვიათესად კეთილშობილი კაცი ამ ცივსა და მიუსაფარ სამყაროში.  სწორედაც შენზე შეიძლება ითქვას, რომ მიაღწიე მეცნიერების მნიშვნელოვან მწვერვალებს, ბოლომდე დაიხარჯე ყველასათვის და ყველაფრისათვის.

შენ განვლე შენი ცხოვრების გზა, აღბეჭდე ნავალი და არაფერი შეედრება იმ ხელთუქმნელ ძეგლს, რომელიც შენ დაგვიტოვე ყველას შენს მიერ გავლილ გზაზე. წარუშლელი იქნება შენთან ერთად გატარებული წლები,  უშენობის ორმოცი დღე ცრემლიანი და ტკივილიანი იყო შენი დიდი სამეგობროსთვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ამაყი სული,  ჩვენო მეგობარო…

 

ირაკლი გაბისონია, ჯემალ გახოკიძე, შოთა ფაფიაშვილი, რომან შენგელია, ლევან იზორია, ნუკრი გელაშვილი, ივანე ჯაგოდნიშვილი, ჯემალ გაბელია, იგორ კვესელავა, მალხაზ ბაძაღუა, ქეთი ქოქრაშვილი, ქეთი ჯინჭარაძე, ნონა თოდუა, ირინა აქუბარდია, ზაზა რუხაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი, მიხეილ მამნიაშვილი, ავთო ხაზალია, ვეფხვია გვარამია, გიმზერ ალანია, ვაჟა აბაკელია, ციალა გლოველი, კარლო ბზიშვილი, ალექსანდრე ტალიაშვილი, გიორგი გორაძე, დავით სოლომნიშვილი.

პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა წახალისება

2016-2017 წელს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ხორციელდებოდა სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა. საბაკალავრო პროგრამა დაასრულა 200-ზე მეტმა სტუდენტმა, სამაგისტრო პროგრამა 200-ზე მეტმა სტუდენტმა, სადოქტორო პროგრამის ჩვიდმეტმა სტუდენტმა დაიცვა დისერტაცია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული გამოცდების ჩატარების გამო გადასული იყო I და ადმინისტრაციულ კორპუსებში, სადაც ჩატარდა ფინალური გამოცდები, კოლოქვიუმების, სემინარების დაცვები. ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა დოქტორის აკადემიური ხარისხის მისანიჭებელი დაცვები. მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, ფაკულტეტის პროფესურამ და დამხმარე პერსონალმა იმუშავა ჯეროვნად ამიტომაც, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და შუამდგომლობით, ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა პრემია თანამშრომლებზე.

პრემია სულ გაიცა 29 თანამშრომელზე და მათი ჯამური ოდენობა შეადგენს 10000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ადმინისტრაცია თანაბრად ზრუნავს როგორც სტუდენტებზე, ასევე პროფესორებსა და თანამშრომლებზე. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ ყველა თანამშრომელი თავს გრძნობდეს დაფასებულად და მათი შრომა დანახულ იქნეს ადმინისტრაციის მიერ. აღნიშნული წაახალისებს მათ და კიდევ უფრო მეტად მოტივირებულ და საქმეზე ორიენტირებულ თანამშრომლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შეფასება

სტუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით ჩამოყალიბებულია პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის შეფასების  ბონუს ქულათა სისტემა.  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობით ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოხდა ბონუს ქულათა კოეფიციენტის განსაზღვრა გასული წლის პედაგოგიურ-სამეცნიერო მიღწევების შეჯამებისა და წახალისების მიზნით. აღნიშნულის განხორციელებისათვის კი ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 70 000 ლარი.

ბონუს ქულათა სისტემა ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს პროფესორ-მასწავლებელთა წახალისება მათი პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობის შესაბამისად.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მზადდება კრებული „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“, რომელშიც გამოქვეყნდება ევროპული და ქართველი მეცნიერების ნაშრომები თანამედროვეობის აქტუალურ და რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით. ამ კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ევროპელმა და ქართველმა პროფესორებმა წაიკითხეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით 2016 წელს განხორციელებული პროექტის „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -ს ფარგლებში, როგორც საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე პრეზიდენტის ადმინისტაციაში. იმავდროულად კრებულში შეტანილია 2017 წელს ზუგდიდში ჩატარებული საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“ ფარგლებში წაკითხული მოხსენებები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საზაფხულო სკოლა ჩატარდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ასევე  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით. კრებულში გამოსაქვეყნებელ ნაშრომთა გარკვეული ნაწილის ქართულ ენაზე თარგმნა დაფინანსებულ იქნა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

ამასთანავე, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით დაფინანსდება უცხოენოვანი მოხსენების თარგმნა, რომელიც შესრულებულია კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტის ქეთევან რჩეულიშვილის, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის ირაკლი თაბორიძისა და მაგისტრანტის მარიამ ხაზარაძის მიერ. ამავდროულად მარიამ ხაზარაძემ კრებულის რუბრიკისათვის თარგმნა იმანუელ კანტის ცნობილი ტექსტი „ადამიანთა მოდგმის სავარაუდო დასაწყისი“.

ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიზანს წარმოადგენს ისეთი სამეცნიერო ნაშრომების მომზადება, რომელთაც გარდა სამეცნიერო ხასიათისა, გააჩნია სასწავლო ღირებულება.  სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება მოხდება  ფაკულტეტის შესაბამისი ბიუჯეტიდან

ერთობლივი სამეცნიერო პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებით დამტკიცდა სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ლინგვოკრიმინალისტიკა“.

აღნიშნული პროექტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან ორივე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც მოამზადებენ არაერთ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც  მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას გაირღმავონ თვალსაწიერი.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოხატავს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა მეცნიერ-თანამშრომელთან აღნიშნული პროექტის სრულყოფილად განხორციელების მიზნით.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერა

THE PHILOSOPHY OF LAW

ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ ინიციატივით დაიგეგმა ჰეგელის „სამართლის ფილოსოფიის“ თარგმნა ქართულ ენაზე აღნიშნული ნაშრომის თარგმნას შეასრულებენ ფილოსოფიის პროფესორი გიორგი ბარამიძე, ხოლო მის სამეცნიერო რედაქტირებასა და კომენტირებას-პროფესორი მამუკა ბერიაშვილი უხელმძღვანელებს. ამავე დროს, პროექტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას მიიღებენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ირაკლი გაბისონია და პროფესორი მინდია ოკუჯავა, რომლებიც თარგმნის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას გაუწევენ, როგორც სარედაქციო სამუშაობს, ისე ნაშრომში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინოლოგიის ზუსტი ქართული შესატყვისების შემუშავებას.

აღნიშნული პროექტიც დაფინანსდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან, ისევე როგორც სხვა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც განხორციელდა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით

სამეცნიერო კრებული „მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებაში“.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას მხარდაჭერით ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში მომზადდება კრებული „მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია სოციალ-თეორიულ მიმართებაში“, რომლის ავტორები არიან : პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და პროფესორი ოიჰანეს ვაისი.

კრებულში გამოქვეყნებული ნაშრომები ხელს შეუწყობს ფილოსოფიით, კულტურის, სოციალური და სამართლის მეცნიერებებით დაინტერესებულ სტუდენტებს მიიღონ  ინფორმაცია თანამედროვე კვლევის მდგომარეობის შესახებ.

ნაშრომის გამოქვეყნებასთან, თარგმნასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსებული იქნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება და  ფაკულტეტის დეკანი გამოხატავს მზადყოფნას მომავალშიც განხორციელდეს არაერთი კვლევითი, შემეცნებითი ხასიათი პროექტები.

პროფესორ ალფრედ კურატაშვილის ახალი მონოგრაფიის გამოხმაურება


2017 წელს ქ. თბილისში გამოიცა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, სოციალურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტის, პოლიტიკური მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენიტისა და იურიდიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტის, ნიუ-იურკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, აშშ პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ პროგრესი“-ს და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „იურისპრუდენციის პრობლემები“-ს დამაარსებელის და მთავარი რედაქტორის, ეკონომიკურ, ფილოსოფიურ და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, ალფრედ კურატაშვილის ახალი მონოგრაფია „ჰომანოსიცალური სახელმწიფოს და მისი სამართლებრივი სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების თეორიული საფუძვლები“.
აღნიშნულ მონოგრაფიას გამოხმაურება მოყვა ნიუ-ორკის მეცნიერებათა დოქტორის დავით კურტანიძის, გაზეთ „Shield of David”-ის მთავარი რედაქტორის სიმონ კრიხელის და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას მიერ.
ზემოხსენებულმა პირებმა გაზეთ „Shield of David”-გამოაქვეყნეს თავიანთი შეხედულება ნაშრომთან დაკავშირებით, სახელწოდებით „პროფესორ ალფრედ კურატაშვილის პრინციპულად ახალი სამეცნიერო თეორიები“ ავტორებმა განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ პროფესორი ალფრედ კურატაშვილი თავის სამეცნიერო მოღვაწეობაში ეფუძნება სწორედ მის მიერვე შექმნილ რევოლუციურად ახალ მეცნიერულ მიმართულებებს და ახალ მეცნიერულ თეორიებს.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მოხარულია პროფესორ ალფრედ კურატაშვილთან თანამშრომლობის და უსურვებს მას კიდევ არაერთი სამეცნიერო მონოგრაფიისა თუ სტატიის გამოქვეყნებას.