სოციალური პროექტი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ 2017 წლის 5 ივნისს ფაკულტეტის საბჭოს მიმართა შუამდგომლობით ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტთა დაფინანსების შესახებ. მან ხაზი გაუსვა სოციალური პროექტის მნიშვნელობას და სთხოვა ფაკულტეტის საბჭოს გამოიჩინოს კეთილი ნება და უზრუნველყონ ფინანსური და ოჯახური პრობლემების მქონე სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გარკვეული ოდენობით დაფინანსება.
ფაკულტეტის საბჭომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ წინადადებას და გამოთქვა მზადყოფნა მსგავსი სოციალური პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
პირველ ეტაპზე დაფინანსდა 26 სტუდენტი, რომელთაც არ შეეძლოთ მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სწავლის საფასურის გადახდა, თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 16100 ლარი.
დეკანის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა მსგავსი დახმარება სტუდენტებს პირველად გაუწია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სოციალური პროექტები სამომავლოდაც დაფინანსდება.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი სტუდენტების მხარდაჭერა, რომლებიც გამოირჩევიან წარჩინებული სწავლით. თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა.

საბანკო რეკვიზიტები სწავლის საფასურის დასაფარად სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)
სახაზინო კოდი 708977259 (მაგისტრატურაში 15 ლარიანი მომსახურების ანგარიში) .

პირველკურსელთა რეგისტრაცია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელთა საყურადღებოდ!

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 4 სექტემბრიდან  27 სექტემბრამდე.

რეგისტრაციისთვის თან უნდა იქონიოთ:

  1. ატესტატი (დედანი და ასლი);
  2. პირადობის მოწმობის ასლი (დედანი და ასლი) ;
  3. ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი);
  4. 2 ფერადი ფოტოსურათი 3×4 ფორმატით (ამობეჭდილი და ელექტრონული სახით)
  5. სწავლის საფასურის 1/2 გადახდის ქვითარი (1125 ლარი)

 

 რეგისტრაცია იწარმოებს ყოველ დღე კვირის გარდა 10:00 სთდან 16:00სთმდე  მისამართზე: კოსტავას 77, VI კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი 909- და 916 .

სტუ-ს სამართლის მაგისტრატურის სტუდენტმა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის მაგისტრატურის სტუდენტმა თამარ ბარამიამ ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა. ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია დაწესდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით 2016 წელს. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჯამა სტიპენდიების მისაღებად შემოსული წარდგინებები და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიანიჭა სტუდენტებს: თამარ ბარამიას – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტს და დავით დოლიძეს – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ჟურნალისტიკის მე-3 კურსის სტუდენტს. ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები. კომისიის მიერ საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა ერთი ბაკალავრიატის სტუდენტი და ერთი მაგისტრატურის, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან და აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობენ. მათ ასევე მოეთხოვებოდათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და საზოგადოებრივი აქტიურობა. კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია (წარდგინება, რეკომენდაცია, სტუდენტის სასწავლო ბარათი, სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სიგელები, სერტიფიკატები, CV, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ) წარედგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს. სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს ამავე ფაკულტეტის სტუდენტს თამარ ბარამიას ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

პროფესორ ზვიად გაბისონიას სამეცნიერო სტაჟირება გერმანიაში

2017 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის პროფესორი, კომერციული და კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ზვიად გაბისონია, გერმანული ფონდის DAAD-ს დაფინანსებით იმყოფებოდა მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU Munich). სტუმარი-პროფესორის სტატუსით ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო სტაჟირება გაიარა გერმანულ სავაჭრო, საკორპორაციო და საბანკო სამართალში. ასევე ინტენსიური სამეცნიერო შეხვედრები და დისკუსიები გამართა საბანკო და ე.წ. ელ. კომერციის (e-commerce law) სამართლის განვითარებასთან დაკავშირებით მიუნჰენის უნივერსიტეტის პროფესორებთან მათი ჰაბერზაკსა და აკერმანთან, ასევე დოქტორ მაქს ფორსერთან, ქრისტოფ ანდრეას ვებერთან, მაქს ერლთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. გერმანულმა მხარემ გამოთქვა სურვილი სამეცნიერო პროექტების დონეზე ინტენსიური თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, განხილულ იქნა სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის კათედრასა და სტუ-ს კომერციული და კერძო სამართლის ინსტიტუტის მიერ ერთობლივ საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღების საკითხი. მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სტაბილურად ინარჩუნებს ევროპის ხუთ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის საპატიო ადგილს. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მოხარულია საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობის და გამოთქვამს მზადყოფნას მათი ხელშეწყობისათვის.

სწორუპოვარი მეცნიერი („შენებრ ვინ თქვას სამართალი“)

 

სულ ახლახანს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ბრძანდებოდა, ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ირაკლი გაბისონიას, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს თბილი ღიმილით მოგვესალმა, თვალებში სიკეთის სხივი ჩაუდგა, მუდამ საქმიანი, სამართლებრივი პრობლემებით დატვირთული, ახალ-ახალ წინადადებებს შემოგთავაზებდათ, ყოველთვის მზად იყო სტუდენტების დასახმარებლად, ლექციაზე არასდროს იგვიანებდა, სტატიაც კი მოიტანა ჟურნალ „იურისტ“-ში გამოსაქვეყნებლად „მოქმედებისა“ და „ქმედების“ თანაფარდობის პრობლემა სისხლის სამართლისა და ფილოსოფიის მიხედვით“. სკრუპოლიუზურად ასწორებდა თითოელ ფრაზას, იგი ყოველთვის დამაჯერებლად, არგუმენტირებულად მსჯელობდა სისხლის სამართლებრივი აზროვნების ურთულეს საკითხებზე. თვით არასამართალმცოდნეს ისე განუმარტავდა იურისპრუდენციის ნებისმიერ რთულ საკითხს რომ გეგონებოდათ ყველაფერი იცოდით…….

მისი კვლევის საგანი სისხლის სამართლის მეთოდოლოგია იყო, რომელსაც  არაერთი ფუნდამენტური ნაშრომი უძღვნა. მის მიერ წაკითხული ლექციები მომავალი იურისტის ჩამოყალიბების ის ქვაკუთხედია,რომელიც ძალუმად გაგრძნობინებდა იურისპრუდენციის დიდ სირთულეს და გაძლევდა საშუალებას ეს სირთულე სიმშვიდით დაგეძლია. მის მიერ აღზრდილი არაერთი თაობა დღეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტრუქტურების სათავეში დგანან. გამორჩეული იყო მისი პატიოსნება, თავმდაბლობა, თავაზიანობა, მოყვსისადმი პატივისცემა.  რა დასანანია, რომ ყოველივე ამას წარსული დროის ელფერი დაჰკრავს, მომავალში კი საიმედოდ რჩება თქვენი ბრძნული რჩევა-დარიგება, არაერთი სახელმძღვანელო, იურიდიულ ლიტერატურაში გამოქვეყნებული უამრავი სტატია თუ ესსე.

ნათელში იყოს თქვენი სპეტაკი სული….

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების სახელით დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

2016 წლის 21 ნოემბრიდან და 2017 წლის 22 მაისიდან ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ

2016 წლის 21 ნოემბრიდან  ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ.

 

სააუდიტორიო ლექციები, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს 2017 წლის 18 აპრილიდან  2017 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-7 სასწავლო კვირაში, 2017 წლის 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, მე-2 შუალედური გამოცდა მე-14 სასწავლო კვირაში, 17 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, ხოლო მე-3 შუალედური გამოცდა 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.  დასკვნითი გამოცდები ტარდება 18 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დამატებითი გამოცდები 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით.

საზაფხულო არდადაგები უნდა გამოცხადდეს 2017 წლის  30 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით.

 

 

2017 წლის 22 მაისიდან  ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ.

 

სააუდიტორიო  ლექციები, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს 2017 წლის 22 მაისიდან 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

პირველი შუალედური გამოცდა ტარდება მე-7 სასწავლო კვირაში, 2017 წლის 3 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით, მე-2 შუალედური გამოცდა მე-14 სასწავლო კვირაში, 25 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მე-3 შუალედური გამოცდა 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.  დასკვნითი გამოცდები ტარდება 26 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დამატებითი გამოცდები 2017 წლის 6 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით.

 

საზაფხულო არდადაგები უნდა გამოცხადდეს 2017 წლის  30 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით.

 

 

სტუდენტთა შიდა მობილობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს პირველი სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო  პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017 წლის 29 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

სტუდენტთა აღდგენის წესით ჩარიცხვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის და საფასურის დამკიცების შესახებ“  და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა კონტიგენტის ფორმირებისა და მობილობის შესახებ ინსტრუქციის საფუძველზე:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს პირველი სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017 წლის 24 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე 10:00სთ-დან 16:00სთ-მდე სამუშაო დღეებში.

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ სასწავლებლად. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზეwww.students.eqe.ge.

2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 25 ივლისს 12:00 საათზე და 17 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მუშაობს მობილობის ცხელი ხაზი:ტელ.:(+99532)2-200-220.

მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 59 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 14221 ვაკანტური ადგილი.

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს პორტალზე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.