საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა სამჭიდელმა ლევან აბესაძემ IPF–ის ვერსიით 100 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
ლევანს ამ წარმატებამდე რთული გზა აქვს გავლილი, იგი დაიბადა 1995 წლის 22 ივლისს ქ, თბილისში. 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა ინგლისურენოვანი კოლეჯი და იმავე წელს ჩაირიცხა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
Ipsu-ს ფედერაციის მიერ ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კილოგრამი წონით კატეგორიაში (ასაკობრივი) პირველი ადგილი დაიკავა ლევან აბესაძემ, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იღებდა მონაწილეობას. ეს მისი მეორე ჩემპიონატია, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. იგი კვლავ იასპარეზებს ჩვენი სახელით ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ძალიან მალე გაიმართება.
Author Archives: gabela23
სამეცნიერო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს განხილვა.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სათათბირო სხდომაზე პროფესორ მაია ყიფიანმა სამეცნიერო პროექტის „ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია ჩაატარა. განხილვა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის.
პრეზენტაციის დასაწყისში პროფესორმა წარმოადგინა უკვე შესრულებული სამუშაოს სრული ანალიზი, წარმოუდგინა დამსწრე საზოგადოებას წერილობითი სამეცნიერო კვლევის შედეგი, ასევე, მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. როგორც პრეზენტაციის შედეგად დადგინდა თემაზე მომუშავე სამეცნიერო ჯგუფის მიერ შესრულებულია დასახული მიზნის 75 %-ი. აღნიშნული პროექტი 2018 წლის აპრილის თვეში მიიღებს დასრულებულ სახეს, რის შედეგადაც ფაკულტეტის მხარდაჭერით გამოიცემა სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო, რომელშიც ჩამოყალიბებული იქნება რეკომენდაციები, პრობლემის გადაჭრის გზები და სამომავლოდ განსახორციელებელი ქმედებების ანალიზი. გაანალიზდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა, შეისწავლიან სტატისტიკას, ძალადობის ხასიათს, კრიტერიუმებს, მაპროვოცირებელ და სხვა ნიშნებს.
პროფესორ მაია ყიფიანის პრეზენტაციის შემდგომ სამეცნიერო დისკუსი გაიმართა სათათბიროს წევრებს შორის. ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ კრიტიკული მსჯელობა წამოაყენა როგორც პროექტის, ასევე ნაშრომის მიმართ. მისი შეხედულებით, ვინაიდან, ფაკულტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის უმაღლეს დონეზე განხორციელება, სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებულმა ნაშრომმა უნდა იქონიოს სამეცნიერო, მაღალი ხარისხი. სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორ ჯემალ ჯანაშიამ რამდენიმე რეკომენდაცია მისცა სამუშაო ჯგუფის წევრებს, რათა მათ მიერ შესრულებულმა კვლევამ უფრო სრულყოფილი, ამომწურავი და სამართლის ჩარჩოებში მოქცეული სახე მიიღოს. პროექტის წევრებმა გაიზიარეს ყველა წამოყენებული შენიშვნა, მოსაზრება და რჩევები, მათ გამოთქვეს სურვილი პროექტის ფარგლებში უფრო მეტი კვლევის განხორციელების.
შეხვედრის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად დაუჭირა მხარი პროექტის განხორციელებას, აღნიშნული თემატიკა დღევანდელ რეალობაში მეტად სენსიტიური და პრობლემურია, ამიტომაც სიღრმისეული კვლევის შედეგად ფაკულტეტი შეძლებს ისეთი ნაშრომი წარუდგინოს საზოგადოებას, რომელიც იქნება სახელმწიფო უწყებებისა და ცალკეული პირებისთვის მრავლისმომცემი. მადლობა გადაუხადეს სამუშაო ჯგუფის წევრებს უკვე შესრულებული საქმისთვის და იმედოვნეს, რომ მომავალი განხილვისთვის მეტად დაკონკრეტებულ, სრულყოფილ სახეს მიიღებს სამეცნიერო კვლევა.
განახლებულ საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროფესორ თეო კობუშის საჯარო ლექცია გაიმართა
1 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის განახლებულ საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა გერმანელი პროფესორის თეო კობუშის საჯარო ლექცია თემაზე: „შესაქმე არარასგან“.
პროფესორმა თეო კობუშმა განავრცო აღნიშნული თემატიკა, პიროვნებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები. განმარტა ადამიანის როლი სოციუმში.
მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია სტუმარსა და სტუდენტებს შორის, რაშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოწვეული პროფესორები, მათ შორის, დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ კვესელავა, ცნობილი კონსტიტუციონალისტი ემერიტუს-პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი და სხვები. აღნიშნული შეხვედრა დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან. ფაკულტეტის ადმინისტრაცია კვლავ აქტიურად განაგრძობს მსოფლიოს სხვადასხვა პროფესორების მოწვევას
სამართლის კლინიკის უფასო იურიდიული კონსულტაცია აცხადებს საბუთების მიღებას პრაქტიკის გასავლელად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის უფასო იურიდიული კონსულტაცია აცხადებს საბუთების მიღებას პრაქტკის გასავლელად. საბუთების მიღება იწარმოებს 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 აგრეთვე სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტებს.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
კონკურსის გზით შერჩეული სტუდენტები გაივლიან სამ თვიან პრაქტიკას სამართლის კლინიკაში.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირები: მაკა აბულაძე -595961900; თინათინ ბარაქაძე- 577375441