კურსდამთავრებული გვანცა ძნელაძე

ამჟამად წარმოგიდგენთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულ გვანცა ძნელაძეს.

  1. გვანცა, მოგესალმებით, ჩვენი რუბრიკისთვის მეტად საინტერესო რესპოდენტი ბრძანდებით, რა არის ის რაც გამოგარჩევთ სხვა სტუდენტებისაგან?

მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ საშუალება მომეცით გავმხდარიყავი თქვენი მეტად საინტერესო რუბრიკის სტუმარი. მე არ ვთვლი რომ სხვა სტუდენტებისგან რამით გამოვირჩევი , მე ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ, ვისაც უყვარს თავისი პროფესია, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული.

  1. თქვენ დაამთავრეთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, კერძო სამართლის მიმართულებით, რამ განაპირობა თქვენთვის სტუ-ს არჩევამ მით უფრო მაშინ, როდესაც სხვა უნივერსიტეტის ბაკალავრი ხართ?

თქვენ სწორად აღნიშნეთ, მე თსუ-ს ბაკალავრი ვარ, ხოლო როდესაც გადავწყვიტე, რომ სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში მსურდა დავიწყე სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის-პროფესორების ძებნა და ჩემთვის ყველაზე სასურველი სტუ აღმოჩნდა, რადგან თამამად მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო ლექტორები კითხულობენ ლექციებს მაგალითად ბატონი ირაკლი გაბისონია, ზვიად გაბისონია, რომან შენგელია. ზაზა რუხაძე, ქეთევან ჯინჭარაძე და სხვანი…ხოლო მოგეხსენებათ პროფესორების ცოდნის და კვალიფიკაციის დონე განაპირობებს ხარისხიან სწავლებას, რასაც ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სტუ-ს არჩევისას.

  1. რით გამოარჩევდით ჩვენს ფაკულტეტს? რა მოგცათ აქ სწავლებამ? 

კიდევ განვმეორდები და ვიტყვი რომ ჩვენი ფაკულტეტი გამოირჩევა საუკეთესო, მაღალი კვალიფიკაციის და ცოდნის მქონე პროფესორებით. გარდა ამისა,  ფაკულტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის ეხმარება სტუდენტებს დასახული მიზნის მიღწევაში, მე არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩვენი დეკანის ბატონი ირაკლი გაბისონიას დიდი წვლილი ჩემი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში, სწორედ მისი ხელშეწყობით და რეკომენდააციით შევძელი დამემთავრებინა ეკონომიკის მაგისტრატურა რენმინის უნივერსიტეტში და შემდგომ სამართლის სადოქტორი პროგრამაზე შანხაი ძიაო ტონგის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა  გადავუხადო მას და მის მთელ მის გუნდს გაწეული დახმარებისთვის.

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს ფაკულტეტზე სწავლისას იძენ არამარტო ცოდნას, არამედ ხდები ერთი დიდი ოჯახის წევრი, რომელიც ყოველთვის გვერდში გიდგას და შენი წარმატების მონაწილე ხდება.

  1. რატომ გადაწყვიტეთ გესწავლათ ჩინეთში და არა მაგალითად რომელიმე ევროპის ქვეყანაში?

როდესაც გადავწყვიტე რომ სამართლის გარდა ეკონომიკაც ძალზედ მაინტერესებდა დავიწყე ტოპ პროგრამების და უნივერსიტეტების მოძებნა, აღმოჩნდა რომ ჩინეთის უნივერსიტეტები მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ რეიტინგებში, მოგეხსენებათ ჩინეთი ეკონომიკის სასწაულებრივი ზრდით  მსოფლიო ეკონომიკაში მეორე ადგილზეა და აღნიშნულ სფეროს,  შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ჩინეთში წასვლა, რადგან სწავლის მაღალ დონეს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელიბა აქვს . გარდა ამისა, ჩინური უძველესი კულტურაც ყოველთვის მიზიდავდა. პეკინში რენმინის უნივერსიტეტში სწავლებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გარდა მაღალი დონის სწავლებისა, უნივერსიტეტი ყველანაირად ორიენტირებული იყო  სტუდენტისთვის ღირსეული პირობების შეექმნაზე, როგორც სამეცნიერო საქმიანობის ისე საცხოვრებლის მხრივ, სპეციალურად სტუდენტებისთვის აშენებული და ყველანაირად კეთილმოწყობილია საცხოვრებელი კამპუსები, რათა სტუდენტს არ აწუხებდეს ყოველდღიური საზრუნავი და მთლიანად ორიენტირებული იყოს სწავლაზე. ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა წითელ დიპლომზე დავამთავრე, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი, მითუმეტეს, რომ  ახალი დარგი იყო ჩემთვის, მაგრამ დაუღალავი შრომა ყოველთვის ფასდება. სამართლის სადოქტორო პროგრამაზე, რომ გადავწყვიტე სწავლა, სხვა ქვეყანაზე აღარც მიფიქრია და ჩავაბარე გამოცდები ერთ-ერთ ტოპ უნივერსიტეტში შანხაი ძიაო ტონგში.

 

  1. გვიამბეთ თქვენი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ?

სტუ-ში სამაგისტრო თემა დავიცავი თემაზე “ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი “, რადგან ჩინეთში ვსწავლობდი მინდოდა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე კერძოდ, ინვესტიციებზე დამეწერა და დავიცავი თემა “China’s outward foreign direct investment in Georgia ”  და ავიღე წითელი დიპლომი. ამჟამად ვსწავლობ სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და დაინტერესებული ვარ საინვესტიციო სამართლით, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ახალი დარგია და სათანადოდ შესწავლილი არ არის, ვმუშაობ თემაზე “The impact of international investment law on the legal framework of Georgia and foreign investors’ right “.

  1. რით ხართ ამჟამად დაკავებული ჩინეთში, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენი საქმიანობის შესახებ?

როგორც ავღნიშნე, ამჟამად ვსწავლობ სამართლის სადოქტორო პროგრამაზე შანხაი ძიაო ტონგის უნივერსიტეტში და ვმუშაობ თემაზე “The impact of international investment law on the legal framework of Georgia and foreign investors’ right “.  გარდა ამისა, ვწერ სხვადასხვა სამეცნიერო სტატიებს ინვესტიციებთან დაკავშირებით. აგრეთვე, მიწევს კონფერენციებში მონაწილეობა, ერთი სიტყვით ამჟამად მთლიანად სამეცნიერო საქმიანობით ვარ დაკავებული.

 

  1. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში?

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დანამდვილებით გეტყვით, რომ კვლავ სამეცნიერო საქმიანობით ვიქნები დაკავებული, რადგან აღნიშნული სადოქტორო პროგრამა  4 წლიანია. ხოლო რა იქნება მას შემდგომ არ ვიცი, ცხოვრებაში არასდროს არაფერი დამიგეგმავს, ყოველთვის თვითონ მიჩვენებს გზას..

  1. მოგვიყევით, იმ ტრენინგებზე, სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის ღონისძიებებზე, რომ ელშიც მიგიღიათ მონაწილეობა ?

ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ავღნიშნავდი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გამარათულ საერთაშორისო არბიტაჟისადმი მიძღვნილ კონფერენციას აგრეთვე, მათ მიერვე ორგანიზებულ სასერტიფიკატო პროგრომას საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში, რომელშიც მინაწილეობამაც როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდილება მომცა. პეკინში ყოფნისას სტაჟირებას გავდიოდი უმსხვილეს კომპანიაში China International Economic Cooperation and Investment Inc. საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში,სადაც მომიწია აგრეთვე კვლევის ჩატარება ინგლისურ ენაზე თემაზე “international trade process and risk control “რომელიც გენერალური მენეჯერის დავალებით ჩინურად თარგმნეს და ფირმის პუბლიკაციის სახით დაბეჭდეს. აგრეთვე  ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლისას მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებში მაგალითად,  საქართველოს წარმოვადგენდი “one belt one road ”  პროექტის ფარგლებში გამართულ ეკონომიკის სკოლის კონფერენციაზე, სადაც მოხსენება გავაკეთე საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე და აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე საქართველოში, ასევე მოხსენებით ანუ პრეზენტაციით გამოვედი ინვესტორებისთვის გამართულ სემინარზე “International Technology transfer & the Belt and Road investment opportunity ” რომელიც გაიმართა china council for the promotion of international trade. კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას იგივე ჩვენი საქართველოს საელჩოს ჩინეთში ორგანიზებულ ღონისძიებებში ეს კულტურული საღამები იქნებოდა თუ ეკონომიკური.

  1. როგორია საქართველოსთან დაკავშირებით თქვენი გეგმები?

ჩემი ქვეყნის დიდი პატრიოტი ვარ, სადაც საშუალება მომეცემა სულ ჩვენს კულტურაზე, ისტორიაზე, ხალხზე ვსაუბრობ, როდესაც თემის არჩევის თავისუფლება მაქვს სულ ვცდილობ ვწერო საქართველოს საინვესტიციო თუ სხვა შესაძლებლობებზე. როგორ უკვე ავღნიშნე ჩემი ეკონომიკის სამაგისტრო თემაც ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ეხებოდა საქართველოში, რათა ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და სტარტეგიული მნივნელობა წარმომეჩინა,  სადოქტორო თემასაც ქართულ საინვესტიციო სამართალზე ვწერ, რადგან როგორც უკვე ვახსენე საქართველოში ახალი დარგია და სათანადოდ შესწავლილი არ არის. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში და მსოფლიო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა შეიქმნას ამ სფეროში ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, როგორც ხედავთ ჩემი გეგმები მხოლოდ საქართველოსკენ არის მიმართული. სწავლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები და სადაც საჭირო ვიქნები იქ გავაგრძელებ საქმიანობას, მიმაჩნია, რომ თითოეული ქართველი ვინც საზღვარგარეთ სწავლობს-მოღვაწეობს უნდა დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში  და ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიღებული აქვს უცხოეთში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას უნდა მოახმაროს.

  1.  რას ურჩევთ ჩვენი ფაკულტეტის პირველკურსელებს?

პირველკურსელებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მიზანსწრაფულები. ამისთვის,  კი დაუღალავი შრომა და სწავლაა საჭირო,  მერწმუნეთ ეს ყოველთვის დაგიფასდებათ და დასახულ მიზანს მიაღწევთ აუცილებლად. შეგხვდებათ ასევე   ბევრი წინააღმდეგობა, სირთულეც, მაგრამ არ დანებდეთ „ესეც გაივლის“, გახსოვდეთ „რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“ .

 

 

 

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე

21 სექტემბერს 15:00 და 17:00 საათზე  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრირებული  კანდიდატებისათვის  ღია კარის დღე გაიმართა.

კანდიდატებს შეხვდნენ  სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯემალ ჯანაშია, კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ციალა გლოველი, საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ჯიქია.    შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც უშუალოდ შეადგინეს საგამოცდო ტესტები. პროფესორებმა გააცნეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია, სასწავლო პირობები და უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე

 

20 სექტემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე მაგისტრატურაზე რეგისტრირებული  კანდიდატებისათვის  ღია კარის დღე გაიმართა.

დარეგისტრირებულ კანდიდატებს შეხვდნენ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები: მანანა დარჩაშვილი და გიორგი კალანდაძე,  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ გვენეტაძე და პროფესორი  ჰენრი კუპრაშვილი, რომლებმაც მათ გააცნეს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია, სასწავლო პირობები და უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.

მესამე კურსის სტუდენტი ნათია ჩილაჩავა

ამჟამად წარმოგიდგენთ ნათია ჩილაჩავას, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსზე.

  1. მოგესალმებით, ნათია, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს ბავშვობაზე ?

მოგესალმებით, მე ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, საკმაოდ მრავალფეროვანი ბავშობა მქონდა,  ვინაიდან, ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობით ვიყავი დაკავებული: სამოქალაქო კლუბები, საზაფხულო ბანაკები, შემეცნებით-გასართობი ტრენინგ კურსები  და  ა.შ.  ვფიქრობ, სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა შემდგომ ჩემი სამომავლო ცხოვრებისეული რიტმიც.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე?

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ ინტერესი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა სახის მოდელირებებში. შესაბამისად, გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ ჩემი სამომავლო საქმიანობა უნდა დამეკავშირებინა საერთაშორისო ურთიერთობებთან, სტუ-ში ჩაბარება ჩემთვის ძალიან კომპეტენტურმა პიროვნებამ მირჩია ვინაიდან, ერთ-ერთი  ძლიერი  ფაკულტეტი იქ გახლდათ სწორედ რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

  1. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?

ვფიქრობ, პასუხი სიმარტივეშია, ვგულისხმობ მარტივ, უშუალო ურთიერთობებს ლექტორსა და სტუდენტს შორის, მითუმეტეს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან მიმართებაში. მხიბლავს უშუალო დამოკიდებულებები, თავს კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ, ყოველივე უსამართლო შეზღუდვების გარეშე.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტოვობის შესახებ?

სტუ ყოველთვის გამოირჩეოდა სტუდენტური აქტივობების მრავალფეროვნებით და სიხშირით , შესაბამისად, ეს შესაძლებლობა მეც გამოვიყენე. აქ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია საკუთარი ინტერესის სფეროს შესაბამისად მოახდინოს თავისი სურვილების რეალიზება იქნება ეს სპორტული თუ შემეცნებითი ღონისძიებები, პირადად მე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში, ინტელექტუალურ აქტივობებში, საჯარო ლექციებსა და სემინარებში. ასევე, ფაკულტეტის სტუდენტებმა დავაფუძნეთ საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი, რამაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი რეზულტატი მოგვცა ამ ძალიან მცირე დროში.

 

  1. საიდან გაჩნდა იდეა ფაკულტეტის ბაზაზე დაგეარსებინათ  საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი, და რას აკეთებთ კლუბის ფორმატში ?

იდეაზე დიდხანს ვფიქრობდით, გვინდოდა დაგვეარსებინა  კლუბი, რომელიც  კიდევ უფრო მეტად შეუწყობდა ხელს თვითრეალიზაციას პროფესიული კუთხით, ერთგვარად მეტი  პრაქტიკის და მიღებული ცოდის გამოყენების საშაულებას ვეძებდით. ვინაიდან, საერთაშორისო ურთიერთობების ცნება  მრავალსპექტრიანია და აუცილებელია მუდმივად დაკვირვება, კლუბს აქვს წესდება, სადაც დეტალურად არის ჩამოყალიბებული მიზნები და  ამოცანები. თითქმის ნახევარი წელია, რაც კლუბი აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებს და ატარებს მოდელირებებს, საჯარო ლექციებს, დისკუსიებს, დებატებს და სხვა სახის ღონისძიებებს.

  1. რა არის კლუბის სამომავლო გეგმები და იქნებ პირადი გეგმებიც გაგვიმხილოთ?

კლუბი ახალი სასწავლო წლიდან გეგმავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან აქტივობას. ამაზე უკვე ვმუშაობთ და გვაქვს რამდენიმე პროექტი. რაც შეეხება პირად გეგმებს, ვაპირებ კვლავ განვაგრძო აქტიური სამოქალაქო ცხოვრება.

  1. სად ხედავთ თქვენს თავს მომავალში?

რთული შეკითხვაა… ნაპოლეონ ჰილი ამბობს, „წარმატების მოპოვებისათვის საჭირო თვისებებს შორის მიზნის სიცხადე და ამოცანის შესრულების მწველი სურვილია“-ო აუცილებელი შესაბამისად, ჩემი მიზანი სწორედ საგარეო სტრუქტურებში დასაქმებაა.

  1. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?

მჯერა ოცნება ადრე თუ გვიან  რეალობად იქცევა, ყოველთვის მომწონს ერთი ფრაზა, ,,იქ სადაც დიდი სურვილია დიდი სიძნელეები არ არსებობს“ ასე რომ ხმამაღლა ვიტყვი ვოცნებობ რომ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გავხდე ცოტა თამამი ნათქვამია თუმცა …

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

ფაკულტეტს ჰყავს ძალიან  კომპეტენტური ხელმძღვანელობა, რომელთაც ზუსტად იციან რა სჭირდება სტუდენტს, ადამიანები, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნებისმიერ საქმინობას, წამოწყებას და ზრუნავენ იმ გარემოს, სივრცის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, რომელიც  სტუდენტებს გვჭირდება.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

სტუდენტობა, უმაღლესი განათლების მიღება ცხოვრებისეული კიბის კიდევ ერთი საფეხურია, გაზრდილი პასუხისმგებლობით, მეტი დამოუკიდებელი აზროვნებით, სიახლეებით. მინდა ყველა პირველკურსელს მოგილოცოთ სტუდენტობა !!! გისურვოთ წარმატებები თქვენს მიერ შერჩეულ გზაზე.

 

ფაკულტეტის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელების დამტკიცება

 

2017 წლის 19 სექტემბერს სტუ-ს რექტორმა აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა  და სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება ფაკულტეტზე შექმნილიყო სამართლის სამი აკადემიური დეპარტამენტი: სისხლის, საჯარო და კერძო სამართლის.

ფაკულტეტის დეკანის მიერ ახლად შექმნილი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელებად წარდგენილ იქნენ: სისხლის სამართლის მიმართულებით იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ ჯანაშია; საჯარო სამართლის მიმართულებით სამართლის დოქტორი, პროფესორი მარიამ ჯიქია; კერძო სამართლის მიმართულებით სამართლის დოქტორი, პროფესორი ციალა გლოველი. აღნიშნულ კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირეს  მხარი, რექტორმა და აკადემიური საბჭოს წევრებმა.

ფაკულტეტის დეკანმა  პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა იმ ნდობაზე და მხარდაჭერაზე, რასაც იჩენს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ს აკადემიური საბჭო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიმართ.   სტუ-ს რექტორს არჩილ ფრანგიშვილს დიდ მადლობას ვუხდით ამ მხარდაჭერისთვის, ფაკულტეტი იმედებს ნამდვილად გაამართლებს.