მეოთხე კურსის სტუდენტი თორნიკე ლიპარტაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის ის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ თორნიკე ლიპარტაშვილს,  რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსზე.

მოგესალმებით, თორნიკე, გაცანით მკითხველს.

პირველ რიგში, მოგესალმებით. მადლობას გიხდით რომ ვარ თქვენი რესპოდენტი. მე ვარ თორნიკე ლიპარტაშვილი ვსწავლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?

სკოლაში სწავლის პერიოდიდან გადაწყვეტილი მქონდა ჩამებარებინა სამართალზე. რადგან საკუთარ თავს სწორედ აღნიშნულ პროფესიაში ვხედავდი და ვხედავ. ვაცნობიერებდი რაოდენ დიდი იყო კონკურენცია, მაგრამ არასდროს მეშინოდა გამოწვევების, პირიქით გამოწვევები მაძლევს სტიმულს გავხდე უფრო მოტივირებული და ვაკეთო საკუთარი საქმე მეტი შემართებით. რაც შეეხება უნივერსიტეტს, მიუხედავად იმისა რომ ჩემი პირვანდელი მიზანი არ იყო სტუ_ში ჩაბარება, ახლა ვფიქრობ რომ სწორედ იმ ადგილას მოვხდი სადაც უნდა მოვხვედრილიყავი. ახლა რომ მომეცეს არჩევანი თუ რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ეს აუცილებლად იქნებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

  1. რა განასხვავებს ამ ფაკულტეტს სხვა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამიდან?

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ბევრი ინოვაციური პროექტი, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს განვითარდნენ პროფესიულად. ასევე უპირატესობად მიმაჩნია სწავლების ჯგუფური მეთოდი, ვფიქრობ, აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტებს უშუალო კომუნიკაცია იქონიონ ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან. ასევე ვფიქრობ რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საგნები სწავლების კურსის მიხედვით ზუსტი თანმიმდევრობით არის გადანაწილებული, რაც მნიშვნელოვანია კვალიფიციური განათლების მიღებისთვის.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტვობის შესახებ?

ჩემი სტუდენტური აქტივობები იწყება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან (ISIE-აიესაი, LSG-ლსგ), რომლებიც არაფორმალურ განათლებას სთავაზობდნენ სტუდენტებს. აღნიშნულ ორგანიზაციებში შესაძლებლობა მომეცა როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა მიმეღო. ასევე სტუ_ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტებში ხშირად ვმონაწილეობ. მათგან გამოვყოფ საზაფხულო სკოლას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, თემაზე: ”საკონსტიტუციო სამართალწარმოება”. ასევე გამოვყოფ სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებულ იურიდიული კონსულტაციების  პრაქტიკას. ამ ეტაპზე ვარ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სტაჟიორი.

  1. გვითხარით, ისეთი თანამდებობა რომელზეც ოცნებობთ?

საოცნებო თანამდებობა ჯერ  არ მაქვს. ამ ეტაპზე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მოვახდინო საკუთარი თავის განვითარება, რაც ვფიქრობ წარმატების მომტანი იქნება ჩემთვის.

  1. ცოტა რამ ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზეც მოგვიყევით.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის დეკანი და მთელი ადმინისტრაცია მომართულია,  სტუდენტებს შეგვიქმნან გარემო, სადაც შევძლებთ მივიღოთ მაღალკვალიფიციური განათლება და განვითარდეთ პროფესიულად.  გარდა ამისა ადმინისტრაცია ყოველთვის იზიარებს სტუდენტის ზოგად თუ ინდივიდუალურ პრობლემებს და ცდილობს დაეხმაროს მათ.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ “სრულყოფილება” არარსებობს. ერთადერთი რაც ხარვეზად მიმაჩნია და პრობლემას ქმნის სტუდენტებში ეს არის ცხრილები. ყველა სტუ_ს სტუდენტმა იცის თუ როგორ ხდება აღნიშნული ცხრილების შედგენა. ვფიქრობ რომ, ფაკულტეტის ადმინისტრაციამ თავად უნდა შეადგინოს სასწავლო ცხრილები.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

პირველკურსელებს ვურჩევ რომ იყვნენ მაქსიმალურად მოტივირებულნი, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი თავის განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის, რაც აუცილებლად წარმატების მომტანი იქნება მათთვის.

 

 

 

 

მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გელაშვილი

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ გიორგი გელაშვილს, რომელიც სწავლობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის  სამართლის  სპეციალობის  მეოთხე   კურსზე.

 მოგესალმებით, გიორგი,  გვიამბეთ   ცოტა  რამ   თქვენს   შესახებ

მოგესალმებით,  პირველ  რიგში  მადლობა  ინტერვიუსთვის,  რაც  შემეხება მე როგორც იცით ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის სპეციალობით და ვარ მეოთხე კურსზე.

  1. რატომ გადაწყვიტეთ სტუ-ში ჩაბარება, თან სამართალზე?

სამართალზე  სწავლა,  ჯერ  კიდევ  ადრეულ  ასაკში  მქონდა  გადაწყვეტილი.  ბავშობიდან  ვერ  ვიტან  უსამართლობას,  ამიტომ  საკუთარ  თავს  სამართალს  ვუკავშირებ.  რაც  შეეხება  სტუ-ში  ჩაბარებას,  გაგონილი  მქონდა,  რომ  ძლიერი  სამართლის  სკოლა  ჰქონდა  და ამიტომაც  გადავწყვიტე  აქ ჩაბარება,  საბედნიეროდ  იმედები  გამიმართლდა  და  დარწმუნებით  შემიძლია  ვთქვა,  რომ დღეს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ძლიერი  ფაკულტეტია ,  რომელიც  ასევე  ძლიერი  და  პროფესიონალი  პროფესორ-მასწავლებლებით  არის  დაკომპლექტებული.   ბევრმა  ლექტორმა  დიდი  გავლენა  იქონია  ჩემზე  და  დიდი  წვლილი  შეიტანა  ჩემს  პროფესიულ  განვითარებაში ,  მინდა  განსაკუთრებული  მადლობა  მოვუხადო  ქალბატონებს:  მარინა  გლოველს, ნინო  ხოლუაშვილს,   ციალა  გლოველს,  ბატონებს ირაკლი  მინაშვილს,  ლევან  ოსიძეს  და  თემურ  დარსანიას.

  1. მოგვიყევით თქვენი სტუდენტური აქტივობის შესახებ?

საკმაოდ  აქტიური  სტუდენტური  ცხოვრება  მაქვს,  შეძლებისდაგვარად  ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომელიც დამეხმარება საკუთარი თავის ზრდაში როგორც პროფესიულად, ასევე ზოგადად.  ვარ  თვითმმართველობის  წევრი,  ასევე  საბჭოს  წევრი,  გარდა  უნივერსიტეტისა  ვარ  მსოფლიოში   ერთ- ერთი  უმსხვილესი,  საერთაშორისო,    სტუდენტური  ორგანიზაციის   “აისეკის”  (Aiesec)  წევრი,  რომელსაც   საქართველოში  ბევრი  პროექტი  განუხორციელებია  და  მიხარია,  რომ  მეც  ვყოფილვარ  ერთ-ერთი  მასშტაბური  პროექტის  მენეჯერი, რომელიც  ემსახურებოდა  ქართველ  სტუდენტებში  ინგლისური  ენის  შესწავლასა  და  გაღრმავებას.   ამ  წელს  ასევე  ვიმყოფებოდი  იტალიაში,  სტუდენტური  გაცვლითი  პროგრამით.   შარშან  გავხდი  გამარჯვებული  პროექტში  “საქართველოს  ჩემპიონატი  სისხლის  სამართლის  იმიტირებულ  პროცესში ” .  ამჟამად  ვარ  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  აპარატის,  სისხლის  სამართლის  საქმეთა  საგამოძიებო,   წინასასამართლო  სხდომისა  და  არსებითი  განხილვის  კოლეგიის  სტაჟიორი. ამჟამინდელ პოზიციას ვიკავებ ჩემი შრომის შედეგად, კონკურსის ეტაპები წარმატებით გავიარე სასამართლოში, რაშიც უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ფაკულტეტმა.

  1. რას გვეტყვით ფაკულტეტის ხელმძღვანელობაზე?

აუცილებლად  უნდა  აღინიშნოს,  რომ  ფაკულტეტის  დეკანი,  ბატონი  ირაკლი  გაბისონია , საკუთარი   საქმის  უბადლო  შემსრულებელია,   მას  აქვს  ყველა  ის  თვისება  რაც  ნამდვილ  ლიდერს  უნდა  გააჩნდეს .  ძალიან  კარგია ,  როდესაც  იცი , რომ  გყავს  ისეთი  დეკანი ,  რომელიც  ყოველთვის  მზად  არის  მეგობრულად  მიგიღოს  და  დახმარების  ხელი  გამოგიწოდოს.

  1. რას ურჩევთ სტუ-ს პირველკურსელებს ?

ვურჩევ  დასაწყისიდანვე  დაისახონ  მიზნები , იყვნენ  მოტივირებულები  და  ყოველ  დღე  მცირე  წვლილი  მაინც  შეიტანონ  მიზნის  მიღწევისკენ ,  მიიღონ  ცოდნა ,  ვინაიდან  ეს  ყველაზე  ძლიერი  იარაღია

 

ჩვენმა სტუდენტებმა ნაფიც მსაჯულთა როლი მოირგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში „ნაფიც მსაჯულები სასამართლო პროცესისთვის“, სადაც არჩეული იქნა ჩვენი სამი სტუდენტი  ანა ტაკაშვილი, მანანა სალთხუციშვილი და თათია ხაჭვანი.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო შემდგომ დაესწრნენ  სასამართლო პროცესებს  უზენაეს სასამართლოში. სტუდენტმა მოირგეს ნაფიც მსაჯულთა როლი. პროექტის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

 

 

 ვალტერ იეშკეს ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით  მიმდინარე წლის 13 ნოემბერს დაგეგმილია უცხოელი პროფესორის  ვალტერ იეშკეს (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ინსტიტუტი. გერმანია)   ვიზიტი საქართველოში.

პროფესორი – ვალტერ იეშკე 14 და 15 ნოემბერს ჩაატარებს  საჯარო ლექცია-სემინარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტთათვის კერძოდ:

14 ნოემბერს 13:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროფესორი ვალტერ იეშკე წაიკითხავს ლექციებს და გამართავს დისკუსიებს – თემაზე -სახელმწიფოსა და სამართლის სწავლება პუფენდორფთან, ტომაზიუსთან და კრისტიან ვოლფთან;

15 ნოემბერს 13:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხავს ლექციებს და გამართავს დისკუსიებს თემაზე -რელიგიის ფილოსოფია, ადამიანის ძირითადი უფლებები.

აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრება სასურველია როგორც სამართლის, ისე ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.

 

ირაკლი მინაშვილის წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაცია

 გა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2017 წლის 16 ნოემბერს  16:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  გაიმართება ირაკლი მინაშვილის წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების“  პრეზენტაცია.

 

პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის საჯარო ლექცია პირველკურსელთათვის

2017 წლის 11 ნოემბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის პირველკურსელთათვის გაიმართა  საჯარო ლექცია  სტუ-ს პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის მიერ  თემაზე: „სამართლის არსი და მნიშვნელობა“ .

საჯარო ლექცია გახსნა და პროფესორი წარადგინა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ. პირველ რიგში, მიესალმა პირველკურსელებს და წარმატებები უსურვა მათ. დეკანმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის  დამსახურებანი ფილოსოფიის განხრით.

შეხვედრას ესწრებოდა ბაკალავრიატის 70-მდე სტუდენტი, მათ შორის, ღონისძიებით დაინტერესდნენ მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც.

პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილმა მარტივად აღსაქმელად ისაუბრა სამართლის არსსა და მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა სამართლის ფილოსოფიურ შეხედულებებს. სტუდენტებთან აქტიური დისკუსიით გასცა პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.

ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით საჯარო ლექციები კვლავ გაგრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ პირველკურსელებს, რათა საჯარო ლექციის სახით მოისმინონ მათთვის საინტერესო საკითხები.

 

პროფესორ ჯემალ ჯანაშიას კვლევა საქართველოს პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის საქმიანობის განხილვის მიზნით თბილისში, საქართველოს პარლამენტის ძველ შენობაში გაიმართა შეხვედრა კვლევითი ნაშრომის „ნარკოტიკების მოხმარებაზე სასჯელი საზღვარგარეთის ქვეყნებში (ევროპის კანონმდებლობის მიხედვით)“ შეფასებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული მიზნით შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული ექსპერტები, რომლებმაც წამოაყენეს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორ ჯემალ ჯანაშიამ კვლევის შეფასების მიზნით წარმოადგინა მოხსენება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენმა პროფესორმა წარმოადგინა ნარკოგანვითარების და ნარკოლოგიური სერვისების განვითარების ტენდენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, მათ შორის, პორტუგალია, შვედეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ფინეთი, დიდ ბრიტანეთი.
შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები და შეფასებები.

კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი მოხალისეები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში    

 

 8 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს სტუმრობდნენ  კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი მოხალისეები და ქართველი ჩინური ენის პედაგოგები,რომლებიც მომავალი კვირიდან ჩინურ ენას შეასწავლიან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის 30 სტუდენტს. აღსანიშნავია, რომ ჩინელი მოხალისეები ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობის პროგრამის ფარგლებში. დაიგეგმა მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. ერთობლივი პროექტი ხორციელდება ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას ინიციატივით და მხარდაჭერით. ჩინელმა სტუმრებმა თავიანთი გემოვნებით მოაწყვეს ჩინური ენის კაბინეტი, სადაც ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები. ჩინელ მოხალისეებს შეხვდა და თანამშრომლობის პირობები და მომავლის გეგმები გააცნო ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ.

 

სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები

სტუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) ვაკანტურ ადგილებზე  დარჩენილი უფლებამოსილების ვადით  ასარჩევ წევრთა არჩევნები დაინიშნა 2017 წლის 14 ნოემბერს.

სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, მათ შორის დოქტორანტსაც.

კანდიდატთა  რეგისტრაცია დაიწყო 2017 წლის 1 ნოემბერს და დამთავრდება 7 ნოემბერს.

რეგისტრაციისთვის მიმართეთ საარჩევნო კომისიის მდივან ქალბატონ მაია ყიფიანს, ოთახი 913ა.

 

სტუ-ს  აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნები .

სტუ-ს  აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილებზე  4 (ოთხი)წლის უფლებამოსილების ვადით წარმომადგენლების ასარჩევად არჩევნები დაინიშნა 2017 წლის 14 ნოემბერს.

აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უკავია პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2017 წლის 1 ნოემბერს და დამთავრდება 7 ნოემბერს.

რეგისტრაციისთვის მიმართეთ საარჩევნო კომისიის მდივან ქალბატონ მაია ყიფიანს, ოთახი 913ა.