პრაქტიკული სამართლის კლინიკის განახლებული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული ,,პრაქტიკული სამართლის კლინიკის“ განახლებული პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია და დეკანის მოადგილე პროფესორი ჯემალ გაბელია, ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად. სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა მარიამ აბულაძემ თავდაპირველად მადლობა გადაუხადა პროფესორებს ირაკლი გაბისონიას და ჯემალ გაბელიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის.
მარიამ აბულაძემ ისაუბრა პრაქტიკული სამართლის კლინიკის შესახებ, რომელიც წარმოადგენს საუნივერსიტეტო ბაზაზე შექმნილ სივრცეს, სასწავლო დისციპლინას, სადაც ხდება სტუდენტის ცოდნის ადაპტირება პრაქტიკასთან. კლინიკის მიზანია დაეხმაროს, სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში; შეისწავლონ ადვოკატირების უნარ-ჩვევები. სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით ეუფლებიან პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის.
2008 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პრაქტიკული სამართლის კლინიკა. ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული კლინიკის მიერ განხორციელებული იქნა უამრავი პროექტი, კერძოდ:
- უფასო იურიდიული კონსულტაცია;
- იმიტირებული სასამართლო პროცესები;
- სწავლების კურსი თბილისის სხვადასხვა სკოლებში და სხვა.
ასევე, პრაქტიკული სამართლის კლინიკის მიერ გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს პრაქტიკები საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სასამართლო სისტემაში. წლების განმავლობაში პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელებმა გაწიეს უზარმაზარი სამუშაო.
ზემოაღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისათვის განახლებული სამართლის კლინიკის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, განახლებული მიზნებისა და პროექტების გაცნობა.
სამართლის კლინიკის ხელმძღვანელობა სტუდენტებს სთავაზობს, როგორც პრაქტიკულ საქმიანობას ასევე მოკლევადიან სასწავლო კურსებს, კერძოდ:
- იმიტირებულ სასამართლო პროცესებს/ სასამართლოში გამოსვლის ხელოვნებას;
- საპარლამენტო დებატებს/ პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკას;
- იურიდიული ინგლისურის კურსებს;
- პროფესიული უნარ-ჩვევების კურსებს, როგორიცაა სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები იურიდიული დოკუმენტების შედგენის ტექნიკა.
- და სხვა კურსები მაგალითისთვის, კონფლიქტების კურსი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ლტოლვილთა და დევნილთა სამართალი და სხვა.

ასევე პრაქტიკული სამართლის კლინიკის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, საჯარო დისკუსიები და შეხვედრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პირებთან აგრეთვე ექსკურსიები საჯარო დაწესებულებებში. ამასთანავე, ტრადიციულად პრაქტიკული სამართლის კლინიკის საქმიანობაში ჩართული სტუდენტები გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას მოქალაქეებს და ასევე წაიკითხავენ სალექციო კურსებს თბილისის სკოლებში. პრაქტიკული სამართლის კლინიკა სამომავლოდ გეგმავს საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე მიავლინოს სტუდენტთა ჯგუფი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC),
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ატარებს იმიტირებულ სასამართლო პროცესს მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე, პროექტის „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიება ნაწილია იმ საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანიის, რომელიც წლებია ხორციელდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მოიცავს: ტრეინინგებს, კონფერენციებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ტელე-რადიო გადაცემებს და სხვა. პროექტის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფია სტუდენტები, რომელთა დროულად და სწორად ინფორმირება მოქალაქეობის უფლებაზე, მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, მოქალაქეობის არმქონედ დარჩენის საფრთხეებზე, ხელს შეუწყობს როგორც მათი ცნობიერების ამაღლებას, ისე საკითხის აქტუალიზაციას და პრობლემის პრევენციას.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანია:
აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო; სტუდენტების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობის უფლებაზე, მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის საფრთხეებზე, მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებზე; ასევე, მონაწილეთა სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ–ჩვევების განვითარების და სტუდენტთა შორის კავშირების განვითარების ხელშეწყობა.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III-IV კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მსურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრისაგან; შესაბამისად, გუნდის რეგისტრაციისას მიუთითეთ ინფორმაცია გუნდის თითოეული წევრის შესახებ;
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე გუნდის ყველა წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთი და იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;
დასაშვებია ერთი უნივერსიტეტიდან ერთზე მეტი გუნდის მონაწილეობა.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მინაწილეობის მსურველმა გუნდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: HTTPS://WWW.SURVEYMONKEY.COM/R/GJXYRPG; რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 6 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნინო რთველაძეს

მობ.: (+995) 577 61 41 99
ტელ.: (+995 32) 2 55 20 01
ელ-ფოსტა: N.RTVELADZE@IRC.GE

POSTER_MOOT COURT _2017

ცხადდება პრაქტიკა სტუდენტებისთვის “ჩემი ადვოკატი”-ს ფარგლებში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი თბილისის მერიასთან ერთად პროექტ – “ჩემი ადვოკატის” ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 და სამაგისტრო პროგრამის I, II კურსის სტუდენტებისთვის აცხადებს შესარჩევ კონკურსს 4 თვიანი პრაქტიკული კურსის გასავლელად თბილისის მერიასა და თბილისის რაიონულ გამგეობებში. კურსი მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებას.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 30 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია გაიარეთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერის აპარატში. (მე-9 სარ. 906ა)
გისურვებთ წარმატებას!

პროფესორ თეო კობუშის საჯარო ლექციები სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ფინანსური მხარდაჭერით კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო-სამართალი-პოლიტიკა-კულტურა“-ს წარდგინებით მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გერმანელი პროფესორი-თეო კობუში, რომელიც არის ემერიტუს პროფესორი ბონის ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ინსტიტუტში საჯარო ლექცია-სემინარებს წაიკითხავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
აღნიშნული პროფესორი წაიკითხავს ლექციებს და გამართავს დისკუსიებს თემაზე: „სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც სოციალური სახელმწიფო“.
31 ოქტომბერს საჯარო ლექცია გაიმართება სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 13:00სთ-ზე.
1 ნოემბერს საჯარო ლექცია/დისკუსია გაიმართება სტუ-ს მე-6 კორპუსში, საჯარო ლაბორატორიაში 13:00 სთ-ზე.
აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრება შეუძლიათ, როგორც სამართლის მეცნიერებათა, ისე ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების სტუდენტებს

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე სამართლის კლინიკა სიანფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 915 ა-აუდიტორიაში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან კლინიკის საქმიანობას და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას. დასწრება თავისუფალია.

სამართლის კლინიკა საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს

30 ოქტომბერს, 13:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 915 ა-აუდიტორიაში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან კლინიკის საქმიანობას და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას. დასწრება თავისუფალია.